პროფესორი
ტარიელ ფუტკარაძე,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი 1990 წლის 28 ოქტომბრიდან[1].
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი. ბათუმის პრეფექტი 1991
წლის მარტიდან ივლისამდე.
აჭარაში 1991 წლის აპრილში განვითარებული
მოვლენების შესახებ [2]
აჭარაში
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის, ასევე, აჭარის ავტონომიის მიზანშეწონილობის
შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების უზრუნველყოფისათვის 1991 წლის მარტის დასაწყისში
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილების შესაბამისად,
ბათუმის პრეფექტად დავინიშნე. თავდაპირველად ჩემი კანდიდატურა არ განიხილებოდა;
ბათუმის პრეფექტის ორი
ოფიციალური კანდიდატი იყო წამოყენებული: აჭარის „მრგვალმა მაგიდამ“ ნოდარ იმნაძის
ხელმძღვანელობით კანდიდატად დააყენა ექიმი გია ბაჯელიძე; აჭარის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარემ, თენგიზ ხახვამ კი - ბათუმის აღმასკომის თავმჯდომარე როსტომ დოლიძე.
აჭარის ავტონომიის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზება იმდენად არსებითი იყო ზვიად
გამსახურდიასთვის, რომ ვერ ენდო ვერც ერთ წამოყენებულ კანდიდატურას. მთხოვა, მე
წავსულიყავი პრეფექტად რეფერენდუმის ჩატარებამდე. პრეფექტობა არ იყო ჩემი ინტერესი:
იმხანად ვიყავი პარლამენტის ქართული ენის ქვეკომისიის თავმჯდომარე და მეტი
სიახლოვე მქონდა ჩემს სპეციალობასთან - ენათმეცნიერებასთან; გარდა ამისა, მამაჩემი
წინააღმდეგი იყო, ასეთ რთულ დროს ამეღო პასუხისმგებლობა. საინტერესოა იმის
აღნიშვნაც, რომ ჯერ კიდევ თებერვალში ბევრი ეუბნებოდა მამაჩემს, რომ მე
ვინიშნებოდი აჭარის პირველ პირად თუ ბათუმის პრეფექტად, არადა, ამ დროს არც მე და
არც ბატონ ზვიადს ამ მიმართულებით დანიშვნაზე საერთოდ არ გვქონდა ნაფიქრი; თუმცა,
ალბათ ბევრმა იცოდა, რომ აჭარიდან ზვიად
გამსახურდიას სახელზე გამოგზავნილ პრობლემურ წერილებს ბატონი ზვიადი ჩემთან
ამისამართებდა, რომ მომემზადებინა პასუხებისა თუ გადაწყვეტილებების
პროექტები.
ოჯახში წინააღმდეგობის მიუხედავად, ბ-ნ ზვიადს
მარტის დასაწყისში პრეფექტობაზე დავთანხმდი, ვინაიდან ჩემთვისაც სისხლხორცეული იყო
ქართველების გამმიჯნავი ულოგიკო ავტონომიის გაუქმება; დავთანხმდი, მაგრამ ვთხოვე,
მიზანი რომ განგვეხორციელებინა, რაიონების პრეფექტების რამდენიმე კანდიდატთაგან
შეერჩია ისინი, რომელთაც მე ვენდობოდი და
რომლებიც მხარს დამიჭერდნენ რეფერენდუმის ორგანიზებაში. შევთანხმდით;
შესაბამისად, პირადად, ჩემი მხარდაჭერით,
პრეფექტები გახდნენ: ბ-ნი ბეჟან გობაძე - ხულოს რაიონში; ბ-ნი შოთა ფუტკარაძე -
შუახევის რაიონში, ბ-ნი სანდრო ბერიძე - ქედის რაიონში და ბ-ნი ანზორ თხილაიშვილი
- ქობულეთის რაიონში. ხელვაჩაურში არჩევანი არ მქონდა; ხელვაჩაურში დაინიშნა ბ-ნი
ბესარიონ ბიბინეიშვილი.
ხაზგასმით ვამბობ:
ბ-ნ ზვიადთან შეთანხმებით, ჩვენი უპირველესი ფუნქცია
იყო საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო
რეფერენდუმის ორგანიზება და შემდეგ, აჭარის ავტონომიის სამართლებრივი გზით
გასაუქმებლად, აჭარის მასშტაბით, რეფერენდუმის ორგანიზება (პირადად, მე დამევალა
აჭარაში რეფერენდუმის კოორდინირება).
1991 წლის მარტის დასაწყისშივე უზენაესი საბჭოს
თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ მითხრა, რომ რეფერენდუმის იდეას ხელს შეუშლის კგბ-ს
გენერალი, ავღანეთის ომის მონაწილე, საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის
პირველი მდივანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის
თავმჯდომარე, თენგიზ ხახვა, ამიტომ აპირებს მის გადაყენებას და მის ნაცვლად ჩემს
დანიშვნას, ბათუმის პრეფექტობის შეთავსებით. მე
ვუთხარი, რომ არ ვარ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, შესაბამისად, წესით,
ვერც თავმჯდომარედ ამირჩევდნენ... მან თქვა, რომ კანონში შესწორებას შესთავაზებდა
აჭარის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებს.
რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს უზენაესი საბჭოს მორიგი
სხდომის დროს, ბ-ნი ზვიადი მეუბნება, რომ ჩემი სამი თანამდებობის (უზენაესი საბჭოს
წევრი, პრეფექტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე) შეთავსების თვალსაზრისით,
არის წინააღმდეგობა და ცოტა მოვიცადოთო.
რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარა და მითხრა:
-
ხომ იცი, თენგიზ ხახვას არ ვენდობი; ის
შენ ხელს გიშლის; თუ იცნობ ასლან
აბაშიძეს? აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მის კანდიდატურას
მთავაზობენ: თემურ ქორიძე, ნოდარ იმნაძე, აკაკი ასათიანი, დილარ ხაბულიანი[3]...
ასლანს შევხვდი; იგი დამპირდა, რომ გვერდით დაგიდგება არა მხოლოდ 31 მარტის
რეფერენდუმის, არამედ ავტონომიის საკითხის მოსაგვარებელ რეფერენდუმშიც; ასლანი
მამაჩემის მეგობრის შვილია და არ გვიღალატებს [4].
-
მე
ვკითხე:
-
რამდენად
ენდობით კაცს, რომელსაც არ იცნობთ და არც არასოდეს ყოფილა ჩვენს სიახლოვეს;
ამბობენ, რომ ნასამართლევიც არის კაცის მკვლელობის თემით... გარდა ამისა, ორივე
რეფერენდუმის საკითხი კარგად მიდის და ახალი დანიშვნა არ იქცეს ხელისშემშლელ
ფაქტორად...
დაფიქრდა; ბოლოს მითხრა:
-
კიდევ ვიფიქრებ.
მალევე ვიგებ, რომ გადაწყდა აჭარის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ასლან აბაშიძის, ხოლო მის მოადგილედ - ნოდარ
იმნაძის დანიშვნა.
1991 წლის მარტში ასლან აბაშიძისა და ნოდარ იმნაძის
დანიშვნა სრულიად „უცნაურად“ მოხდა: ნოდარ იმნაძის ნათქვამს თუ დავეყრდნობით, არჩევითი
ორგანოს თავმჯდომარედ არადეპუტატების არჩევა გააიოლა კანონში „ერთმა პატარა
ჩასწორებამ“ (მე უშუალოდ არ ვესწრებოდი ამ თანამდებობებზე მათ „არჩევას“); კერძოდ,
ნოდარმა მითხრა:
„აჭარის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალობის შემსრულებლისა და თავმჯდომარის მოადგილის
არჩევის დებულებაში, ჩემი წინადადებით, შევიდა ერთი შესწორება; კანონში იყო: აჭარის უმაღლესი საბჭო
თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევს უმაღლესი საბჭოს წევრებიდან...
ჩემი ინიციატივით, ამ ჩანაწერს დაემატა ფრაზა: „როგორც წესი“. ეს დამატება
დაამტკიცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა (საუბარია კომუნისტების დროს თენგიზ
ხახვას დროინდელ უმაღლეს საბჭოს წევრებზე - ტ.ფ.). ამ დამატებამ საშუალება მისცა
უმაღლეს საბჭოს, თავის თავმჯდომარედ აერჩია არადეპუტატი ასლან აბაშიძე; მის
მოადგილედ კი - მე, ასევე არადეპუტატი - ნოდარ იმნაძე“.
ნოდარ იმნაძის ეს თვალსაზრისი ჩემში ეჭვს არ
იწვევს. მე მაშინ არ გამიპროტესტებია ასეთი მანიპულაცია იმიტომ, რომ ჩემთვის ეს „უმაღლესი
საბჭო“ ისედაც უკანონო, არალეგიტიმური ორგანო იყო და მისი გაუქმება ისედაც
გვინდოდა. ამ დანიშვნის წინ კიდევ ერთხელ მითხრა ბატონმა ზვიადმა:
-
თუ ასლანი
იქნება ამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, იოლად მიიღებს კანონს რეფერენდუმის
შესახებ და აჭარის მოსახლეობის ნება თუ იქნება, ეს უკანონო ავტონომიაც იოლად
გაუქმდება![5]
ასლანის ამ პირველი დანიშვნის მერეც ვესაუბრე ბ-ნ
ზვიადს. ბ-ნი ზვიადი ფიქრობდა, რომ ეროვნული მოძრაობისათვის უცხო ასლანს
გააკონტროლებდა აჭარაში ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, აჭარის მრგვალი
მაგიდის სპიკერის, ნოდარ იმნაძის საშუალებით, მით უმეტეს, ნოდარ იმნაძესთან ახლო
ურთიერთობა ჰქონდათ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს - გურამ ჩიგოგიძეს და
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს უფროსს - მამუკა კობახიძეს.
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მთელი მოსამზადებელი
სამუშაოები, სააგიტაციო შეხვედრები დაგეგმილი და განხორციელებული იყო პრეფექტების
მიერ (რაიონებში - ჩემი, როგორც უზენაესი საბჭოს წევრის, აქტიური ჩართულობით).
ასლან აბაშიძე, რომელიც რეფერენდუმამდე დაინიშნა, ახლოსაც არ გაგვკარებია. მის
მიმართ ჩემი უნდობლობა უფრო და უფრო სარწმუნო ხდებოდა. ბოლოს ჩემთვის ცნობილი
გახდა ისიც, რომ მასთან კომუნიკაცია ჰქონდა ავტონომიის შემარჩუნების მომხრე
მცირერიცხოვან ჯგუფს - „აჭარის ხსნის კომიტეტის“ წევრებს.
აქვე საინტერესოა ერთი ნიუანსიც:
1991
წლის 31 მარტის რეფერენდუმამდე ზემო აჭარაში დაძრწოდნენ ე.წ. აჭარის ხსნის
კომიტეტის წევრები და რამდენიმე ადგილობრივი კომუნისტი ლიდერი (მათ ხალხმა
„სავარძლების ხსნის კომიტეტი“ დაარქვა), რომლებიც ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ
მიეცათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, იმიტომ რომ 1918 წელს არ იყო
აჭარის ავტონომია; შესაბამისად,
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე მხარდაჭერით მხარს დაუჭერდნენ აჭარის
ავტონომიის გაუქმებას.
ამგვარი
დემაგოგიის მიუხედავად, ხალხმა - აჭარის მოსახლეობამ - ხმა მისცა უავტონომიო
საქართველოს დამოუკიდებლობას: აჭარის
მკვიდრნი მზად იყვნენ, მოეშორებინათ უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომია (1991
წლის 31 მარტს აჭარაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი: აჭარის მოსახლეობის 98%-მა
მისცა ხმა უავტონომიო საქართველოს დამოუკიდებლობას).
საქართველოში,
კერძოდ, აჭარაში ხალხში ეროვნული მუხტი უფრო გაძლიერდა და ეროვნული ღირსება უფრო
ამაღლდა 1991 წელის 9 აპრილის შემდეგ; 1991 წლის 9 აპრილიდან 22 აპრილამდე აჭარაში
იყო დიდებული განწყობა, ხალხი სრულად იყო
მობილიზებული ქართველთა დამანაწევრებელი აჭარის ავტონომიის გასაუქმებლადაც.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც, კრემლის ინსტრუქციების შესაბამისად, წინა წლებშიც
აქტიურობდნენ საქართველოში აღორძინებული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ და
ავტონომიისა და, თითქოსდა საფრთხის ქვეშ მყოფი მუსლიმური თემის დასაცავად[6],
თუმცა ამ უკანასკნელთ არავინ უსმენდა: 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ აჭარაში დიდი
ეროვნული ზეიმი იყო; ზვიად გამსახურდიას არაერთი მიმართვის პასუხად, აჭარის
მოსახლეობა მზად იყო გაეუქმებინა უკანონო და მხოლოდ მაფიისათვის სასარგებლო
ავტონომია. ეშმაკს არ ეძინა, ამიტომ ჩვენ (მე, ნოდარ იმნაძე და სხვა პრეფექტები) ხშირად
ვხვდებოდით მუსლიმი თემის წარმომადგენლებს და საქართველოს მტრების
დეზინფორმაციების პასუხად ვეუბნებოდით, რომ მათ რწმენას საფრთხე არ შეექმნება
თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოში.
ცოტა უფრო ვრცლად აჭარაში
მუსლიმანობის შესახებ:
საქართველოს
ერთ-ერთი ცენტრალური კუთხე -აჭარა - არის ქრისტიანობის უპირველესი კერა: ქართული
ისტორიული წყაოების მიხედვით, აქ აიგო მსოფლიოში პირველი ეკლესია. საქართველოში
ოსმალური აგრესიის პერიოდში ცოცხლად გადარჩენილი ის მოსახლეობა, რომელიც არ
გაიხიზნა საქართველოს სხვა მხარეებში, გამუსლიმანდა ეკონომიკური და სხვა
ბერკეტების ზემოქმედებით.
რუსეთის
ბოლშევიკური იმპერიის აგრესიის პერიოდში აჭარაშიც მაქსიმალურად შეიზღუდა რელიგია; შესაბამისად, XX საუკუნის
80-იან წლებში აჭარაში ფაქტობრივად ქრებოდა საქართველოს ამ ნაწილში შემოსული არაბულენოვანი
რელიგია.
კომუნისტების
დროს საქართველოს სასკოლო განათლება მოიცავდა „ძველი ქართული ლიტერატურის“
სწავლებასაც. „ძველი ქართული ლიტერატურის“
დიდ ნაწილს ქართული საეკლესიო მწერლობა (აგიოგრაფია) წარმოადგენდა;
შესაბამისად, აჭარაში აღზრდილი ქართველისათვის საკუთარი თავის იდენტიფიკაცია
ხდებოდა ქართულენოვან ქრისტიანობასთან. სწორედ ამით უნდა აიხსნას ჩემი 1977 წლის
გადაწყვეტილება, დამებრუნებინა ჩემი წინაპრების რელიგია - ქრისტიანობა. მართლაც,
1978 წელს, კომუნისტური იდეოლოგიის ზეობის
ხანაში (აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ დროს მამაჩემი იყო რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი
პირი), მოვინათლე თბილისის სიონში. აჭარაში დაბადებული და აღზრდილი სხვა პირებიც
უბრუნდებოდნენ წინაპრების რელიგიას. ეს პროცესი არ გამორჩებოდა არც რუსეთის
იმპერიისა და არც მეზობელი თურქეთის ხელისუფლებას.
ქართველთა ენობრივი და რელიგიური, საბოლოო
ჯამში, ეროვნული კონსოლიდაცია ხელს არ აძლევდა კრემლს;
შესაბამისად, 80-იანი წლების ბოლოს აჭარაში მუსლიმანობის თემას ააქტიურებდა, ერთი
მხრივ, რუსული აგენტურა, მეორე მხრივ კი - თურქული ფული, რომლითაც ფინანსდებოდნენ
ახალგამოჩეკილი მოლები (პირველ ეტაპზე მათი დიდი ნაწილი სულაც ათეისტი იყო, მაგრამ
ხელფასის გამო თანხმდებოდნენ „მოლის“ როლს)[7].
რუსეთის მთავარი მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ხელის შეშლა
საქართველოს ავტონომიებში პრობლემების შექმნით; თურქეთის გარკვეული წრეების მიზანი
იყო, მუსლიმანობის აღორძინებით, საქართველოში (ზოგადად, კავკასიაში) თურქეთის
პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური ინტერესების ლობისტების რაოდენობის გაზრდა.
ამ ყოველივეს
გათვალისწინებით, 80-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძაობის მიზანი იყო, რელიგიური თუ
ეთნიკური უმცირესობების პატივისცემით, საქართველოს სახელმწიფოს ერთგული
მოქალაქეების აღზრდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩემი, როგორც საქართველოს
პარლამენტის წევრისა და ბათუმის პრეფექტის, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა დავგეგმე
ღორჯომის თემში, რამდენადაც ვიცოდი, რომ მუსლიმანებით დასახლებულ ამ ძირძველ
ქართულ სოფელში ბევრი პროვოკატორი მუშაობდა ჩვენს წინააღმდეგ. ღორჯომის საოცრად
თბილი და ურთიერთგაგებითი შეხვედრა დღემდე მახსოვს. ამ სულისკვეთებით რომ
გაგრძელებულიყო ხელისუფლების დამოკიდებულება აჭარაში მუსლიმური თემის
წარმომადგენლებთან, ასევე, საქართველოს სხვა რელგიურ უმცირესობებთან, გარეშე
მტრები დასაყრდენს ვერასოდეს ნახავდნენ საქართველოს მოქალაქეებში[8].
პარალელურად, ამ პერიოდში (1991 წლის გაზაფხული) ათეისტობიდან
გამოსულ აჭარაში იწყება მასობრივი ნათლობები - მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე დემონსტრირებულად
უბრუნდებოდა წინაპართა რელიგიას - მართლმადიდებელ
ქრისტიანობას.
ხალხის
ასეთი ამაღლებული განწყობის შესახებ ყოველმხრივი ინფორმაცია ჰქონდა ეროვნული ხელისუფლების
მეთაურს, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას. ავტონომიის გასაუქმებლად რეფერენდუმის ჩატარებას
თითქოსდა ხელს არაფერი უშლიდა. პრეზიდენტი თავისი არაერთგზის დეკლარირებული იდეის
ერთგული იყო და ხალხის განწყობის შესაბამისადაც, გადაწყვიტა, ყველა ახალდანიშნულ ხელმძღვანელ პირს კოორდინირებულად გვემუშავა
აჭარაში რეფერენდუმის ჩასატარებლად.
მალე
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ასლან აბაშიძე ცდილობდა, ხელი შეეშალა რეფერენდუმის
ჩატარებისათვის და, პარალელურად, ცენტრალურ
სახელისუფლებო კულისებში თემურ ქორიძის დახმარებით ცდილობდა, აჭარაში, ჩვენს
ნაცვლად, დაენიშნათ მისთვის სასურველი პრეფექტები და პოზიციების გასამყარებლად
ფორსირებულად ჩაეტარებინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
არჩევნები (ამ მიზნით, ბ-ნ ზვიადთან შეხვედრაზეც აგზავნიდა საგანგებოდ დამოძღვრილ
ჯგუფებს). ასლანმა, ეს რომ ვერ მოახერხა, დაადგა ავანტიურის გზას: ბათუმში
დისლოცირებულ რუს სამხედროებთან თანამშრობლობით, აჭარა-გურიისა და ადიგენის
სოფლებში მონახა რამდენიმე ათეული ადამიანი და დაგეგმა აჭარაში არეულობის
პროვოცირება. ბუნებრივია, კრემლის გეგმა იყო აჭარის ავტონომიის შენარჩუნება,
მაგრამ იმხანად მოსკოვი ამას ვერ შეძლებდა, დასაყრდენი რომ არ ეპოვა აჭარის
ხელისუფლების მაღალ ეშელონებში... 1991
წლის აპრილში ბათუმში განვითარებულ მოვლენებში კრემლის აქტიურ ჩართულობას ცხადყოფს
შემდეგი ფაქტიც:
1991 წლის 11 და 12 აპრილს სსრ კავშირის
ცენტრალურმა ტელევიზიამ რამდენიმეგზის პროვოკაციულად გაიმეორა ინფორმაცია, რომ,
თითქოსდა, ზვიად გამსახურდია აჭარის ავტონომიას აუქმებს და ამიტომაც აჭარაში
არეულობააო! არადა, ზუსტად იმ პერიოდში აჭარაში
აბსოლუტური სიმშვიდე და დიდი ეროვნული ზეიმი იყო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის
გამოცხადების გამო.
როგორც
შემდგომ გამოჩნდა, 11-12 აპრილის სატელევიზიო დეზინფორმაციები იყო მოსკოვის
ნიშანი, გააქტიურებულიყო მისი აგენტურა საქართველოში ამ მიმართულებით (ეს იმპერიის
გამოცდილი „სვლა“ იყო: ცენტრალური ტელევიზიით გამოცხადდებოდა „გამოსვლებიაო"
და რამდენიმე დღეში აქციის პროვოცირება მართლაც ხდებოდა მინიშნებულ ქალაქში)...
ჩვენდა მოულოდნელად, 1991 წლის აპრილის პირველ
ნახევარშივე მერაბ კოსტავას საზოგადოების ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქ-ნმა სვეტლანა კუდბამ ბათუმის ბულვარში
დადგა კარავი და ბ-ნ ზვიადთან და ჩვენთან შეთანხმების გარეშე დაიწყო აქცია აჭარის
ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით. ხელს ბევრი აწედა, მაგრამ ამ
ფაქტმა ნეგატიური პროცესის ფორსირება გამოიწვია (გააქტიურებამ საბაბი მისცა
კრემლის მიერ მართულ ძალებს, რომლებიც კონსოლიდირდნენ ასლანის გარშემო). ჩვენი
კატეგორიული პოზიცია იყო მშვიდი დინამიკით მიღებულიყო კანონი რეფერენდუმის შესახებ
და შემდეგ ჩატარებულიყო რეფერენდუმი აჭარის მასშტაბით აჭარის ავტონომიის
მიზანშეწონილობის თემაზე. ავტონომიის გაუქმების მოთხოვნის გადატანა ქუჩაში
ხელმოწერების შეგროვების ფორმატში კრემლს საფუძველს აძლევდა, შეტევა
განეხორციელებინა აჭარაში რეფერენდუმის იდეაზე. სხვადასხვა არგუმენტაციით, ქუჩაში კარვის დადგმის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით ნოდარ იმნაძეც და
მეც. მე ვთვლიდი, რომ მერაბ კოსტავას საზოგადოების ქმედება ხელს უწყობდა ე.წ. მუსლიმანთა
საზოგადოებისა“ და „აჭარის ხსნის კომიტეტის წევრებს“, ხელისუფლებისათვის
დაებრალებინათ ავტონომიის „ზემოდან“
გაუქმების მცდელობა, რამდენადაც მერაბ კოსტავას საზოგადოება მმართველი ბლოკის: „მრგვალი მაგიდა
- თავისუფალი საქართველოს“ წევრი იყო
(მოგვიანებით, ქ-ნი ს. კუდმა მჭიდროდ თანამშრომლობდა ასლან აბაშიძესთან, ახლა კი არის საქართველოს პარლამენტის წევრი).
13
აპრილს ჩემთვის ცნობილი გახდა, მერაბ
კოსტავას საზოგადოების მიერ ორგანიზებული კარვის აქციით გაღიზიანებული ჯგუფი
შეხვდა ასლანს, რომელთანაც ერთად დაიგეგმა აქცია ავტონომიის დასაცავად. ამ ფაქტებით დავრწმუნდი, რომ არც ასლანი და არც
მერაბ კოსტავას საზოგადოება არ იყვნენ ჩვენი გულწრფელი პარტნიორები; გარდა ამისა, საქართველოს
სპეცსამსახურები სათანადო სიფრთხილეს ვერ იჩენდნენ.
სათანადო დოკუმენტური მასალით წავედი თბილისში და შევხვდი
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას. მან
დამამშვიდა:
-
ერთად ვიმუშავოთ
რეფერენდუმის ორგანიზებისათვის! ამ დღეებში დავიბარებ ასლანს, ყველას და ერთიან
გეგმაზე შევთანხმდებით!
მთხოვა, კრემლის პროვოკაციის პასუხად, თავიანთი
პოზიცია დაეფიქსირებინათ ზემო აჭარაში არჩეულ საკრებულოებს, რამდენადაც, რამდენიმე
წლის წინ სწორედ ზემო აჭარლების გამოყენებით დაარბიეს ეროვნული მოძრაობის მიტინგი
ჩაქვში.
მეორე დღეს მე დავწერე ოფიციალური წერილი პრეზიდენტის
სახელზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით (წერილის ასლი იხ. დანართში),
რომელიც ოფიციალურად შევიტანე კანცელარიაში 15 აპრილს (14 აპრილს საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ პრეზიდენტად აირჩია ზვიად გამსახურდია).
აჭარაში დაბრუნებისთანავე ხულოს, ქედისა და შუახევის
პრეფექტებთან განვიხილე საკითხი. ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების ახალარჩეული
საკრებულოების დეპუტატებმა მზაობა გამოთქვეს, ემუშავათ ავტონომიის გაუქმების
მიმართულებით; მათ დააფიქსირეს მოთხოვნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები,
საქართველოს სხვა რაიონების ხელისუფლების მსგავსად, პირდაპირ დაქვემდებარებოდნენ
არა აჭარის ავტონომიის ხელისუფლებას, არამედ - საქართველოს ცენტრალურ
ხელისუფლებას.
ანალოგიური განწყობა იყო ქალაქ ბათუმშიც და ქვემო აჭარის
რაიონებშიც.
საკრებულოების გადაწყვეტილებებზე ხელმოწერილი
დოკუმენტებით, ზემო აჭარის პრეფექტები და მე წარვდექით პრეზიდენტ ზვიად
გამსახურდიას წინაშე. ზვიად გამსახურდიამ თავისთან დაიბარა, ასევე: ასლან აბაშიძე,
გურამ ჩიგოგიძე, ნოდარ იმნაძე, აკაკი ასათიანი, დილარ ხაბულიანი, თემურ ქორიძე, ჯონი
ხეცურიანი და ჩვენი თანდასწრებით მოითხოვა, შევჯერებულიყავით ერთ სტრატეგიაზე -
ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი აჭარაში.
რეფერენდუმის
ჩატარებაზე თავს იკავებდნენ ნოდარ იმნაძე, გურამ ჩიქოგიძე და მამუკა კობახიძე; ერთი-ორი
წელი მოვიცადოთ, ნუ ავჩქარდებითო - ასეთი იყო მათი პოზიცია. პრეზიდენტმა მხარი
დაუჭირა რეფერენდუმის ჩატარებას. ყველა დაეთანხმა. ასლან აბაშიძემ დადო პირობა, დაგვეხმარებოდა რეფერენდუმის ორგანიზებაში. არასოდეს
დამავიწყდება ასლან აბაშიძის პასუხი ზვიად გამსახურდიას მოთხოვნაზე, ერთად
გვემუშავა რეფერენდუმის ორგანიზებისათვის; კერძოდ, ფეხზე წამომდგარმა ასლან
აბაძიძემ ტკეპნით წარმოთქვა:
-
პრეზიდენტი რასაც ბრძანებს,
შევასრულებთ; თუნდაც კაცის თავის მოტანა გახდეს საჭირო...[9]
ამ საშინელი დაპირების მიუხედავად, ასლან აბაშიძემ
ბათუმში დისლოცირებული სსრ კავშირის ჯარის ხელმძღვანელობასა და საქართველოში
რუსეთის იმპერიის სხვა მხარდამჭერებთან ალიანსით 1991 წლის 22-23 აპრილს დაგეგმა
პროვოკაციული მიტინგი რეფერენდუმისა და რეფერენდუმის მომხრე პრეფექტების, ასევე, როგორც
არააჭარლების - ნოდარ იმნაძის, გურამ ჩიგოგიძისა და მამუკა კობახიძის - წინააღმდეგ (ასლანის მიერ შეკრებილ ბრბოში
ასეთი მოთხოვნებიც იყო: დაგვანახეთ რეფერენდუმი! თანამდებობიდან მოხსენით
რეფერენდუმი! ვინ არის რეფერენდუმი?)[10].
შემთხვევითი არ არის, რომ ამ ბრბოს ჰქონდა აჭარის ავტონომიის „დასაცავი“
რუსულენოვანი (და არა - თურქულენოვანი!) ლოზუნგები.
მიტინგის ამბავი რომ გავიგე, მაშინვე მივედი ასლანთან
და მოვითხოვე პასუხი მისი სატელევიზიო გამოსვლის გამო, როდესაც მან, ფაქტობრივად,
მოუწოდა ხალხს, მოსულიყვნენ მიტინგზე.
მიპასუხა, რომ ხალხს იმიტომ მოუწოდა, რომ აგრესიულ
ბრბო მცირერიცხოვანია და ბევრ ხალხში ისინი ჩაიკარგებიანო; მითხრა, რომ თავად
დაამშვიდებს სიტუაციას. ბოლოს მთხოვა, დავრჩენილყავი მის კაბინეტში, რადგან
მომიტინგენი ჩემს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი.
რა თქმა უნდა, მის კაბინეტში არ
დავრჩენილვარ; ჩემს ათამდე ახლობელთან ერთად (ჩემი ძმა - თემურ ფუტკარაძე; მეგობრები:
მემედ ბერიძე, დავით ფუტკარაძე...) გავედი მიტინგზე. გაოცებული ვუყურებდი საშინელ
მოვლენას: 9 აპრილის გამო მოზეიმე აჭარაში გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც სრულიად საპირისპიროს
ითხოვდა: აჭარის გერბს, დროშას... ასლანი ჩემს თვალწინ ჰპირდებოდა, რომ აჭარას ექნებოდა
გერბი, დროშა... მიტინგს ლიდერობდნენ ჩემი „ძველი ნაცნობები“ - საქართველოს
გარედან მართული „აჭარის ხსნის კომიტეტის წევრები“. მიტინგზე ბევრი შემთხვევით
მისული ადამიანი იდგა; ზოგი მივიდა ასლანის სატელევიზიო მოწოდების გამოც; მათ არ
იცოდნენ, რა გეგმა ჰქონდა აბაშიძეს. რეფერენდუმის წინააღმდეგ აქტიურობდა,
მაქსიმუმ, 50-100 ეგზალტირებული ადამიანი (ერთმა გარეწარმა წერილობით გაავრცელა
ჭორი, რომ მე 22 აპრილს მიტინგს გავერიდე, თბილისში გავიპარე და მას შემდეგ თითქოსდა ბათუმში აღარ დავბრუნებულვარ).
მიტინგიდან მივედი პრეფექტურაში, სადაც მელოდებოდნენ
ბადრი ცეცხლაძე, გურამ აბაშიძე, ავთანდილ აბაშიძე და სხვები[11]. თანამშრომლებთან და ზოგ ახლო მეგობართან თათბირის შემდეგ
გადავწყვიტეთ, მე წავსულიყავი თბილისში და ასლანის ღალატის შესახებ დეტალურად მესაუბრა
პრეზიდენტთან. ამავე დღეს ერთ-ერთმა სპეცსამსახურმა მითხრა, რომ მოსალოდნელი იყო დაქირავებული
ქილერის ჩემზე თავდასხმაც... თავდასხმის თავიდან ასაცილებლად შუადღის შემდეგ ჩემმა
ძმამ (თემურ ფუტკარაძე), გურამ აბაშიძემ, ბადრი ცეცხლაძემ, ავთანდილ აბაშიძემ და სხვა
ბიჭებმა ჩოლოქამდე გამაცილეს[12],
რომ პრეზიდენტს დროულად სცოდნოდა ზუსტი ინფორმაცია. 22 აპრილს, საღამოს, ყველაფერი
ვუამბე პრეზიდენტს და ვთხოვე, გადაეყენებინა ასლან აბაშიძე და პასუხისგებაში მიეცა
მიტინგის ორგანიზატორები; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბათუმში მოსალოდნელი იყო
სისხლისღვრა. პრეზიდენტი დამპირდა, რომ ასლან აბაშიძეს გადააყენებდა 26 მაისს
დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ... სამწუხაროდ, ასლანის ავანტიურამ
გაჭრა:
ასლანმა პრეზიდენტს „აჩვენა“, რომ ავტონომიის
გაუქმების იდეა სახიფათოა; „ხალხი“ „ღელავს“, მაგრამ მას შეუძლია ამ „ბნელების“
დაშოშმინება; რომ ეს აგრესიული ბრბო მან
დაშალა და არა - პრეფექტებმა თუ მრგვალი მაგიდის აჭარის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა ნოდარ იმნაძემ.
არადა,
ფაქტია: ასლან აბაშიძემ თავად
შექმნა დაძაბულობა და თავადვე „მოაგვარა“: მსოფლიოს თვალში აჭარლები ბნელებად
წარმოაჩინა, სტიმულირება მისცა ბათუმში გურულებისა და აჭარლების დაპირისპირებას (რომელსაც არც მანამდე და არც მას შემდეგ ადგილი არასდროს არ
ჰქონია). მთლიანობაში, გაწირა საქართველოს ინტერესები
და ასეთი გაუმართლებელი მანიპულაციით თანამდებობა შეინარჩუნა, შედეგად, ჰაერში
„დენთის სუნი“ დატრიალდა.
მე მეორე დღეს, 1991 წლის 23 აპრილს, დავბრუნდი
ბათუმში და პრეფექტურაში ყოველდღიურად ვსაქმიანობდი 30 მაისამდე - ვიდრე ასლან
აბაშიძემ არ მოკლა ნოდარ იმნაძე. ნოდარის მკვლელობის
შემდეგ კი მე სხვებთან ერთად ბათუმიდან თბილისამდე
ჩამოვაცილე ნოდარის ცხედარი.
მოკლედ,
30 აპრილს ასლან აბაშიძის კაბინეტში შეჭრილი ნოდარ იმნაძის მკვლელობის შესახებ:
22-23 აპრილის მიტინგის შემდეგ ასლანთან
დაპირისპირებული ნოდარ იმნაძე თბილისში დაიბარა ზვიად გამსახურდიამ; ფაქტობრივად,
ზვიად გამსახურდია დაძაბულობის მოხსნას ცდილობდა ასლანთან დათმობით, რამდენადაც
უკვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ასლანი ყველაფერს იკადრებდა თავისი
პოზიციების გასამყარებლად.
პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ნოდარს და მის მიერ
დაფუძნებულ აჭარის გვარდიას დაეტოვებინა აჭარის ტერიტორია. ნოდარმა გვარდია
ქალაქიდან გაიყვანა. თავად კი ქალიშვილთან და ორ გვარდიელთან ერთად მობრუნდა
ქალაქში.
ჩემი აზრით, მისი უკან მობრუნების მიზანი იყო, გაელანძღა ასლანი და დაეშინებინა. მას ასლანის
მკვლელობის მიზანი რომ ჰქონოდა, გვარდიას არ დატოვებდა ქალაქგარეთ, იმ ორ
გვარდიელს არ დატოვებდა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გარეთ და მხოლოდ
ქალიშვილის თანხლებით არ შევიდოდა ასლანის კაბინეტში, სადაც დახვდნენ ასლანის
მსგავსი მოვლენა მურმან ომანიძე და აჭარის უშიშროების შეფი ანზორ ჯაიანი.
ასლანის კაბინეტში შესვლისთანავე ნოდარმა მოღალატე უწოდა ასლანს და, შეშინების
მიზნით, კედელზე მიუშვა ავტომატის ჯერი. საპასუხოდ, ისროლა ანზორ ჯაიანმა და
ნოდარი მკლავში დაჭრა; დაჭრილი ნოდარი გარეთ გამოვიდა, მაგრამ უკან დაედევნა ასლან
აბაშიძე და ზურგში ესროლა; წაქცეულს კიდევ მრავალი ტყვია დაახალა ნოდარის
ავტომატითვე, რომელიც ნოდარს იქვე დაუვარდა...
თვითმხილველთა მონაყოლით, 30 აპრილის ტრაგიკული ამბის
ასეთი სურათი აღდგება (მკვლელობის თვითმხილველები არიან ნოდარ იმნაძის ქალიშვილი -
ნატო იმნაძე, ანზორ ჯაიანი და მურმან ომანიძე).
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო:
ნოდარ იმნაძე ასლან აბაშიძის მოსაკლავად არ შეჭრილა
მის კაბინეტში; ასეთი მიზნის შემთხვევაში გვარდიელებს არ დატოვებდა შენობის გარეთ
და საკუთარ ერთადერთ ქალიშვილს არ შეიყვანდა შენობაში (ვრცლად იხ.:
ტ. ფუტკარაძე, ნოდარ იმნაძე - ვაჟკაცის ტრაგიკული ისტორია http://putkaradze1.blogspot.com/2017/04/blog-post_30.html).
პირველ მაისს ასლან აბაშიძემ მთხოვა, სახლში
მომენახულებინა, ვინაიდან დაჭრილი იყო. ვინახულე მისსავე ბინაში (ბათუმში, გოგებაშვილის
ქუჩაზე). ყელი ჰქონდა შეხვეული; დამჭრაო, ნოდარს ლანძღავდა. ბოლოს მითხრა:
-
პრესა და
ტელევიზია შენია; უთხარი მათ, რომ იმნაძე მოსაკლავად შემოვარდა ჩემს კაბინეტში;
თავს დამესხა და მე თავი დავიცავი... დაიცავი ჩემი ინტერესები და ბათუმში მუშაობა
თანასწორი უფლებებით გავაგრძელოთ...
ცივად ვუპასუხე:
-
ნოდარი
მოსაკლავად რომ შემოსულიყო, გვარდიელებს ქუჩაში არ დატოვებდა და ქალიშვილთან ერთად
არ შემოვიდოდა; მას შენი სიკვდილი არ უნდოდა; მან შეცდომა დაუშვა, შენს
დასაშინებლად რომ ისროლა, მაგრამ ერთი ტყვიაც არ მოგხვედრია; ასე ნაზად ყელს არ
კაწრავს გადაჭრილი ავტომატის ტყვია![13].
ამ დიალოგით სამუდამოდ დაშორდა ჩვენი გზები.
1991 წლის 22-23 აპრილის ბათუმის არეულობებს ასლან
აბაშიძესთან ერთად ორგანიზებას უწევდნენ: ძმები
ასანიძეები (შემდგომში დიდი თანამდებობის პირები), შალვა ვარშანიძე, იუსუფ ბერიძე,
ნაზი თებიძე, ბადრი მელაძე და ე.წ. „აჭარის ხსნის კომიტეტის“ სხვა წევრები. 1991 წლის 22-23 აპრილის პროვოკაციის არსი და
30 აპრილს ნოდარ იმნაძის მკვლელობის ფაქტი დეტალურად იცოდა პრეზიდენტმა,
რომელმაც პრეფექტებს, ასევე, პრეზიდენტის საგანგებო კომისიის წევრებს: ზაურ
ქობალიასა და ვახტანგ ჭითავას[14],
მოგვცა პირობა, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადააყენებდა ასლან
აბაშიძეს და გამოძიებულ იქნებოდა 22-23 აპრილის მოვლენებიც და ნოდარ იმნაძის
სადისტური მკვლელობაც.
მართალია,
ასლან აბაშიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ვერ ჩაატარა 28 აპრილს, მაგრამ
ხელი შეგვიშალა რეფერენდუმის ჩატარებაშიც და, რაც მთავარია, აჭარაში საბედისწეროდ
დაძაბა ვითარება. 1991 წლის 8 მაისს, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იძულებული
გახდა, აჭარის თემაზე საგანგებო მიმართვით გამოსულიყო ტელევიზიით; სადაც მან დაგმო
ავტონომიის საკითხის ქუჩაში გადატანა (მიანიშნა მერაბ კოსტავას საზოგადოების
აქციის მიუღებლობაზე) და საპირისპირო
მხარეს პირობა მისცა, რომ დროულად ჩატარდებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; მან
ასევე განაცხადა:
„აჭარაში გავრცელდა ინფორმაცია,
რასაკვირველია, მტრული წყაროებიდან გამომდინარე, თითქოს მე მსურს აჭარის
ავტონომიის გაუქმება და დაუყოვნებლივ მსურს მივიღო ამისთვის ზომები. ეს გახლავთ
სიცრუე, მეგობრებო, ეს გახლავთ დეზინფორმაცია. სინამდვილეში, დაწყებული პირველი
სესიიდან, როგორც კი გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“ და საქართველოში შეიცვალა
კომუნისტური წყობილება, მე ვქადაგებ, რომ
ავტონომიის საკითხი, ეს არის სათუთი საკითხი, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი
საკითხი, ეს არის მოსახლეობის ნების გათვალისწინებით გადასაწყვეტი საკითხი,
კერძოდ, რეფერენდუმით (ხაზი ჩემია - ტ.ფ.). თანაც ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა, კერძოდ
აჭარის მოსახლეობამ მხოლოდ და მხოლოდ, და აქ არავითარი დაძალება, არავითარი
დიქტატი არ იქნება, არავითარი თავს მოხვევა ცალკეული შეხედულებებისა, ცალკეული
პირების პოზიციებისა, თუნდაც პრეზიდენტის პოზიციისა...“[15]
ნოდარ იმნაძის მკვლელობის შემდეგ ასლან აბაშიძემ გზა
მოიჭრა:
ის აჭარის ავტონომიის პირველი პირის თანამდებობას თუ
ვერ შეინარჩუნებდა, ციხეში აღმოჩნდებოდა; შესაბამისად, მკვლელობის შემდეგ უფრო
თავგანწირვით ცდილობდა ზვიად გამსახურდია დაერწმუნებინა, რომ მას თუ გადააყენებდა,
აჭარაში ქაოსს მიიღებდა. ეს იყო ფაქტობრივი შანტაჟი. პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
ნათლად ხედავდა, რომ ასლანს პრორუსული ძალების ხელშეწყობით მართლაც შეეძლო
სიტუაციის დაძაბვა, რაც ნამდვილად დიდ საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს.
რეალური საფრთხის შესახებ ბატონმა ზვიადმა დეტალურად
მითხრა 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც. მოსალოდნელი
საფრთხისაგან თავის დასაზღვევად, პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც, ზვიად
გამსახურდიამ არ გადააყენა ასლან აბაშიძე და ჩვენ, პრეფექტებს, გვთხოვა, უკეთესი დროისათვის გადაგვედო რეფერენდუმის
ჩატარება და გვეთანამშრომლა ასლან აბაშიძესთან.
მე
ასლან აბაშიძესთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი და 1991 წლის ივნისში ჩემი ნებით
გადავდექი ქალაქ ბათუმის პრეფექტობიდან. პრეზიდენტმა ჩემი გადადგომა მხოლოდ ერთი
თვის შემდეგ დაადასტურა: 1991 წლის ივლისიდან ბატონი ზვიადის შემოთავაზებითვე,
საქმიანობა გავაგრძელე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის
უფლებათა დაცვის კომიტეტის პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე.
ნოდარ იმნაძის მკვლელობისა და
პრეფექტობიდან ჩემი გადადგომის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა აჭარის ხელისუფლების
ორიენტირები: ჩაკვდა საქართველოში
ქართველთა უკანონო ავტონომიის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების
იდეა; შემცირდა მასობრივი ქრისტიანული ნათლობები, გახშირდა მუსლიმანური
სამლოცველოების (ჯამეების
გახსნა), მმართველი კლანის მთავარ ინტერესად იქცა ფულად კაპიტალის დაგროვება და
პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად, ფულს დახარბებული ე.წ. ინტელიგენციის
წარმომადგენლების გარდაქმნა ახალი ტიპის (არასაბჭოურ) „ლეღვის ფოთლებად“... საბოლოო
ჯამში, აჭარაში ჩამოყალიბდა ფინანსურად ძლიერი ასლანის ფეოდალური კლანი, რომელმაც
ერთიანი საქართველოს სივრცეში შექმნა გაცილებით დამოუკიდებელი ავტონომია, ვიდრე
იყო საბჭოთა პერიოდში. ამით ძალიან სახიფათო ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დასანაწევრებლად.
არსებითი ისაა, რომ ამ მიზნისათვის ასლანმა გამოიყენა როგორც თავისი ნათესავები
(მაგ., ძმები ასანიძეები, რომლებიც შემდეგ ასლანმა
სასიკვდილოდ გაწირა), ე.წ. მუსლიმანთა საზოგადოება, „გარდაქმნის მხარდამჭერი
აქტივისტი კომუნისტები, ასევე, თბილისელი ლობისტები, რომელთა მხოლოდ გვარებს
ჩამოვთვლი: ქორიძე,
ხაბულიანი, ომანიძე... პუტჩის შემდეგ: ბოლოთაშვილი, მიშველაძე, გელბახიანი,
გურული, თარგამაძე, ჯაველიძე... შემდეგ - შევარდნაძის კლანიც.
საგანგებოდ აღვნიშნავ:
1991 წლის 22-23 აპრილის აქცია, ზოგადად, ასლან აბაშიძის
მიერ აჭარის ავტონომიის შენარჩუნება და აჭარა-გურიის
საზღვარზე ბლოკ-პოსტების აღმართვა არ იყო აჭარის მოსახლეობის ნება-სურვილი. აჭარის
მოსახლეობის რეალური განწყობა და ნება დაფიქსირდა ზემო აჭარის რაიონების საკრებულოების
დეპუტატთა ხელმოწერებით ავტონომიის გაუქმების შესახებ. ასლან აბაშიძე, როგორც „აჭარის
ავტონომიის მეთაური“ კი შექმნა კრემლმა თბილისში მოღვაწე დასახელებული თუ სხვა გვარების
თანამონაწილეობით; სისხლში გასვრილი ხელი კი შეეწმინდა იმ გაუცნობიერებელ ჯგუფს, რომელიც
გამოყენებულ იქნა 1991 წლის 22-23 აპრილს ასლან აბაშიძის მიერ (ასეთი პირები ყველა კუთხეში შეიძლება იპოვოს დაინტერესებულმა ძალამ). ასლან აბაშიძის „ფეოდალურ“ თავგასულობას,
სინამდვილეში, კრემლის მცდელობას, საქართველოს უნიტარული სახელმწიფოს ნაცვლად გარდამავალ
ეტაპზე სუსტი ფედერაციული სახელმწიფო წარმოქმნილიყო, წერტილი დაესვა „ვარდების რევოლუციით“[16].
დასასრულ, აღვნიშნავ:
მე, როგორც საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს წევრს, 1991
წლის მარტიდან ქალაქ ბათუმის პრეფექტს, საკმარისი ინფორმაცია მქონდა
აჭარაში არსებულ ვითარებაზეც, ხალხის განწყობაზეც და საგარეო თუ საშინაო
საფრთხეებზეც; ყოველივეს გათვალისწინებით, ახლაც ვფიქრობ, რომ 1991 წლის
მაის-ივნის-ივლისი იყო შესანიშნავი დრო, რეფერენდუმის გზით გაუქმებულიყო
ბოლშევიკური რუსეთისა და ოსმალეთის რევოლუციური მთავრობის უკანონო გარიგებით
შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ხალხისათვის არასოდეს არ იყო და
არც იქნება აუცილებელი სახელისუფლებო რგოლი; ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის
მუნიციპალიტეტებს ისეთივე ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, როგორიც საქართველოს სხვა
მუნიციპალიტეტებს. ახლაც, 27 წლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ, რომ არა რუსეთისაგან
მართული ასლან აბაშიძის კლანის დესტრუქციული ქმედება[17],
1991 წლის ზაფხულში რეალური შესაძლებლობა იყო, წარმატებით ჩატარებულიყო
რეფერენდუმი უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიის მიზანშეუწონლობის შესახებ (აჭარის ავტონომიის შექმნის კანონიერების
შესახებ იხ.: ტ. ფუტკარაძე, ტერმინოლოგიური შეცდომები და არსგაყალბებული სიმბოლური
თარიღები (ბათუმის მხარის შესახებ 1918-1921 წლებში შექმნილი ოფიციალური დოკუმენტების
ზოგი ტერმინიის ანალიზი საინფორმაციო ომის კონტექსტში); Terminological Errors and
Fraudulent Symbolic Dates (Analysis of official
documents concerning Batumi created in 1918-1921 in the context of news war) საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა ანდრია პირველწოდებულს სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
და სამართლის ფაკულტეტის შრომები, VIII, 2018, გვ. 151-170; იხ., ასევე: ტ. ფუტკარაძე, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ და 1991 წლის
აპრილ-მაისში აჭარაში განვითარებული მოვლენები
(იბეჭდება).
[1]
1990
წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო 1992-93 წლებში
განდევნილ იქნა ხელისუფლებიდან რუსეთის ჯარის მიერ. უზენაეს საბჭოს თავისი
სამართალმემკვიდრეობა დღედე არ გადაუცია პუტჩით ხელისუფლებაში მოსული არაკანონიერი
ხელისუფლებისა თუ მისი მემკვიდრე მთავრობებისათვის. გარდა ამისა, მე როგორც
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, დღემდე არ ამიღია ე.წ. სადეპუტატო
პენსია, რომელსაც, როგორც წესი, იღებს ყველა ყოფილი პარლამენტარი; შესაბამისად,
უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრეობა დე იურე დღემდე არსებობს.
[2] 1991 წლის
აპრილში აჭარაში მიმდინარე პროცესების შესახებ იხ., ასევე: ტ. ფუტკარაძე, ნოდარ იმნაძე - ვაჟკაცის ტრაგიკული ისტორია:
http://putkaradze1.blogspot.com/2017/04/blog-post_30.html;
წარმოდგენილი ფაქტების შესახებ შედარებით ვრცლად პირველად დავწერე 2001 წელს
მამაჩემისადმი მიძღვილ წიგნში; იხ.: ალექსანდრე ფუტკარაძე, ლექსები, აჭარის
ამბები, მოგონებები, დღიურები; 2001 https://www.facebook.com/putkaradze/media_set?set=a.4640366723893&type=3..
[3] დასახელებულ
პირთაგან მხოლოდ ნოდარ იმნაძემ უერთგულა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ
კურსს.
[4] გამოქვეყნებული
დოკუმენტური წყარობის, მაგ., თემურ ქორიძის ინტერვიუს, საფუძველზე იგივეს წერს
ქ-ნი ლ. ცომაია წიგნში: „პრეზიდენტ ზვიად
გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა“, თბ., 2018, გვ. 141-157. აჭარაში 1991 წლის
31 მარტის რეფერენდუმისა და 1991-93 წლებში აჭარაში მიმდინარე პროცესების შესახებ
იხ. ასევე: ალექსანდრე ფუტკარაძე, ლექსები, აჭარის ამბები,
მოგონებები, დღიურები; 2001, გვ. 209-274. https://www.facebook.com/putkaradze/media_set?set=a.4640366723893&type=3.
[5] როგორც შემდეგ გამოჩნდა, ასე არ ფიქრობდა ასლან
აბაშიძე; პირიქით: მისი მიზანი იყო ამ უკანონო სტრუქტურის გაძლიერება თავისი
ფინანსური ინტერესისა თუ მისი ლობისტი სხვა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.
ამიტომ ასლან აბაშიძემ თავიდანვე მიზნად დაისახა, 1991 წლის 28 აპრილს ჩაეტარებინა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნები და იგი დაეკომპლექტებინა თავისი ერთგული
ადამიანებით... 28 აპრილს ვერ, მაგრამ მოგვიანებით მან ეს შეძლო ნოდარ იმნაძის
მკვლელობისა და პრეფექტობიდან ჩემი გადადგომის შემდეგ. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ
ახალ არჩეულ აჭარის უმაღლეს საბჭოში ზვიად გამსახურდიას ძალიან გაუჭირდა ასლან
აბაშიძის ხელახლა დანიშვნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ (რა თქმა უნდა, ეს არ იყო თავმჯდომარის
არჩევნები), რადგან ხალხიც, ახალარჩეული აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც
დაწმუნებული იყვნენ, რომ ასლანს არ ჰქონდა ის ორიენტირები, რაც ესაჭიროებოდა
ერთიან საქართველოს. სამართლიანობისათვის აქვე აღვნიშნავ, რომ ასლანის ხელახლა
დანიშვნას პრეფექტებთაგან კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით მე და ბეჟან გობაძე.
ბეჟან გობაძე უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც იყო; ზვიად გამსახურდიას
თხოვნის მიუხედავად, ბეჟანმა ხმა არ მისცა ალანის არჩევას აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
[6] ასეთი პირები ჯერ გაერთიანებული იყვნენ
ზემოხსენებულ „აჭარის ხსნის კომიტეტში“; შემდეგ ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი 1987-1988
წლებში ტრანსფორმირდა „გარდაქმნის მხარდამჭერ ჯგუფად“ (ფაქტობრივად, პრორუსულ მე-5
კოლონად). ამავე პერიოდში კრემლის მიერ მსგავსი პრორუსულ-კოლაბორაციონისტული (და
არა - სეპარატისტული) ორგანიზაციები შეიქმნა აფხაზეთსა („აფხაზეთის სახალხო
ფორუმი“ და „აიდგილარა“) და ცხინვალის მხარეში („ადამონ ნიხასი“).
დაწვრილებით, იხ. სერგი საჯაია, დივერსიული ეთნოფაბრიკაციების ახალი ტალღა
ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში /აფხაზეთში/ (1972-1992 წლები), თბ., 2011, გვ.
92-100.
[7] თურქეთიდან მუსლიმანების დაფინანსება და მუსლიმანური
ლიტერატურის შემოტანის მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა ასლანის დროს. ასლანის დროსვე
დაიწყო აჭარიდან ახალგაზრდების გაყვანა თურქეთში და იქიდან თურქეთში
განათლებამიღებული მოლების სახით შემოსვლა აჭარაში. პროცესი გაგრძელდა ასლანის
შემდეგაც (და გრძელდება დღემდე) - საქართველოში
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში. საქართველოში დღესაც
თავისუფლად ხორციელდება სხვა რელიგიების
პროპაგანდა, რომელიც, არაიშვითად, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებშიც გადადის.
[8] დღესაც დანაშაულად
მიმაჩნია, საარჩევნო ხმების გამო ანტისახელმწიფოებრივი რელიგიური და
ანტისახელმწიფოებრივი ენობრივი პოლიტიკის წარმოება. ასეთი რელიგიური პოლიტიკა
დაიწყო აჭარაში ასლანის დროს. ენობრივი პოლიტიკის მიმართულებით, ზოგი პოლიტიკური
სუბიექტი დღემდე მანიპულირებს სრულიად საქართველოს მასშტაბით.
[9] ამ შეხვედრასაც
და კონკრეტულად ამ ფრაზასაც ასე იხსენებს სანდრო ბერიძეც (იხ. მისი ტექსტი
წიგნიდან: "პრეფექტობის აზღარბული წელიწადი“,
რომელიც 7 2019 წლის 7 ივნისს გამოაქვეყნა თავისი ფეისბუქის გვერდზე.
[10] ნოდარ იმნაძე, გურამ
ჩიგოგიძე და მამუკა კობახიძე თავდაპირველად ასლანის დანიშვნას უჭერდნენ
მხარს, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მან ყველა წითელი ხაზი გადალახა და ღიად
გამოვიდა აჭარის ავტონომიის დასაცავად, ისინიც დაუპირისპირდნენ აბაშიძეს. ამის
შემდეგ აბაშიძის მიერ მართული დესტრუქციული ბრბო შეეცადა გურულ-აჭარული
დაპირისპირების პროვოცირებას; ამ მიზნით, მათ გაააქტიურეს მაღალ თანამდებობებზე
მყოფი „არააჭარლების“ გადაყენების ლოზუნგი და მათ ნაცვლად იოსებ ხიმშიაშვილისა და
ლევან ხოზრევანიძის დანიშვნა. ასლანმა „მათ“ ეს სურვილი შეუსრულა და, ფატობრივად,
დააფიქსირა კუთხური დაპირისპირება, რაც მას ხელს აძლევდა, გაემყარებინა თავისი
უავტორიტეტო ავტორიტეტი. თავისი ავტორიტეტის შესაქმნელად მან გამოიყენა მუსლიმი
თემის რელიგიური გრძნობებიც.
აპრილის მეორე
ნახევარში, შუაღამისას ჩემთან, ბათუმში გურიიდან ჩამოვიდა ალექსანდრე ბასილაშვილი;
ცოცხალი რომ დამინახა, ბავშვივით გადამეხვია: გურიაში გავრცელდა ჭორი, რომ ბათუმის
პრეფექტი მოკლესო. იგივე ჭორი გავრცელდა იმერეთშიც, თბილისშიც... კაგებეშნიკური
ჭორის გავრცელება ფაქტის პროცესის მომზადებას გულისხმობს... ბათუმის პრეფექტი იმხანად შემთხვევით გადარჩა, მაგრამ,
ბედის განგებით, მოკლურ იქნა აჭარაში ეროვნული მოძრაობის ლიდერი ნოდარ იმნაძე (რომელიც
ბათუმიდან გასული უცნობი მიზეზით უკან დაბრუნდა უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც მოკლეს.
ვრცლად იხ. ქვემოთ)... მოგვიანებით, ნოდარ იმნაძის მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტმაც
მითხრა: თურმე ბეწვზე ხარ გადარჩენილი, რამდენადაც ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, ნოდარის
არა, მაგრამ შენს მოსაკლავად ავარია იგეგმებოდაო; , ამიტომ 26 მაისამდე, სანამ
ასლანს არ გადავაყენებ, თბილისში დარჩიო (1991 წლის 26 მაისის პრეზიდენტის
არჩევნების შემდეგ აპირებდა ასლანის გადაყენებას). ვფიქრობ, ჩემს წინააღმდეგ ტერორისტული
აქტი შემთხვევით ვერ განხორციელდა.
ნოდარის მკვლელობის შემდეგ თბილისში დავრჩი და ასლანმა ხელში ჩაიგდო მთელი
ძალაუფლება.
იხ, ასევე: "მკვლელობა ასლან აბაშიძის
კაბინეტში"
https://lessonsgeo.wordpress.com/1991/05/01/%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1/
[14] ძველი დისიდენტები,
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები და საქართველოს ჰელსინკის
კავშირის წევრები: ვახტანგ ჭითავა და ზაურ ქობალია პრეზიდენტმა საგანგებოდ
გამოგზავნა აჭარაში მიმდინარე პროცესების შესასწავლად. ორივე ჩემი ძალიან ახლო
მეგობარი იყო; ეს იცოდა პრეზიდენტმა და მაინც მათ მიანდო აჭარის ამბების
გამოწვლილვითი შესწავლა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი უკვე აღარ ენდობოდა
თემურ ქორიძეს ასლანის დანიშვნის შემოთავაზების გამო. საგანგებო საპრეზიდენტო
კომისიის გამოგზავნის ფაქტი ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ასევე არ ენდობოდა
სპეცსამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს. სპეცსამსახურების წარმომადგენელთა
დიდი ნაწილი რომ კრემლთან იყო კოორდინაციაში, ეს გამოჩნდა 1991-92 წლებში
განხორციელებული პუტჩის დროსაც. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოში
კრემლის მიერ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის საფუძველი იყო 1989 წლის 2
დეკემბერს მალტაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა იმპერიამ დათმო აღმოსავლეთ ევროპა
ბალტიის სახელმწიფოებითურთ და დაინარჩუნა კავკასია, შუა აზია, უკრაინა, ბელორუსია
და მოლდოვა. დავძენ: ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩი
დაიწყო არა 1991 წლის 22 დეკემბერს, ანდა, 1991 წლის 2 სექტემბერს, არამედ, სწორედ
1991 წლის 22-23 აპრილს ასლან აბაშიძის მიერ აჭარაში ორგანიზებული მიტინგით, 30
აპრილს ნოდარ იმნაძის მკვლელობით და 1991
წლის ივნისში ჩემ მიერ ბათუმის პრეფექტის პოსტის დატოვებით.
[15] საქართველოს
რესპუბლიკის
პრეზიდენტის
ბატონ
ზვიად
გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 8 მაისს
// საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 მაისი. - # 91 (111).
[16]
ვარდების
რევოლუციის შუქ-ჩრდილებზე საუბარი სხვა თემაა; მხოლოდ ერთს აღვნიშნავ: მიხეილ
სააკაშვილს ანგარიში რომ გაეწია 1991-93 წლებში დევნილი საქართველოს კანონიერი
ხლეისუფლების სამართალმემკვიდრეობისათვის, საქართველო ბევრად მოიგებდა და თავად
სააკაშვილიც გადაურჩებოდა იმ კატასტროფას, რომელიც მან განიცადა.
[17]
ედუარდ
შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის მოგონენები ცხადყოფენ, რომ ასლან აბაშიძე ზვიად
გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამდეც და შემდეგაც თანამშრომლობდა დასახელებულ
ორივე პუტჩისტთან. ფაქტია ისიც, რომ
საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ
გენერლის წოდება მიანიჭა ასლან აბაშიძეს - დე იურე სხვა ქვეყნის მოქალაქეს.
დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ ასლან აბაშიძე აქტიურად თანამშრობლობდა
საქართველოში გამორჩეულად პრორუს პოლიტიკოსთან ალექსანდრე ჭაჭიასთან, რომელთანაც
ერთად 2001 წელს ასლან აბაშიძემ შექმნა „საკოორდინაციო საბჭო“. ეს პრორუსული დუეტი
განიხილავდა სამეგრელოს ავტონომიის შექმნის საკითხსაც (დოკუმენტური მასალისათვის
იხ.: ლ. ცომაია, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, თბ., 2018,
გვ. 152).

მალე გამოქვეყნდება ვრცელი სამეცნიერო ხასიათის წერილი:
ReplyDelete"პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ და 1991 წლის აპრილ-მაისში აჭარაში განვითარებული მოვლენები"
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2760693940668592&set=a.297191303685547&type=3&theater
ReplyDeleteCasino (New Jersey) No Deposit Bonus Code - DrmCD
ReplyDeleteCasino no deposit bonus 인천광역 출장마사지 codes 2021 ✓ Get free 안성 출장마사지 spins and no deposit 제주도 출장마사지 bonuses for casino 화성 출장샵 & sports betting. 태백 출장안마 We have the newest casino bonus codes, bonus codes &