Wednesday 30 November 2016



ვალტერ შურღაია - ტრაგიკული გმირი

ბატონ ვალტერს მე კარგად ვიცნობდი; ძალიან მოკლედ ასე შემიძლია შევაფასო მისი მოღვაწეობა: ვალტერ გრიგოლის ძე შურღაია არის ტრაგიკული გმირი, რომელიც არალოგიკურად - ბუნებრივი სიკვდილით - გარდაიცვალა 2016 წლის 28 ნოემბერს.

ვალტერ შურღაია დაიბადა 1944 წლის 20 მაისს ნაკის რაიონის სოფელ ზანაში.
1958 წელს, VIII კლასელმა მოსწავლემ, მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ორგანიზაცია”. ვალტერ შურღაია და ზაურ ქობალია მე გავიცანი 1990 წელს; ვალტერი ამ ორგანიზაციის შესახებ როცა მიყვებოდა, გაოცებული ვიყავი მისი და მისი მეგობრების გაბედულებით: მძვინვარე საბჭოთა პერიოდში ეს პატარა ბიჭები ჩემს დაბადებამდეც ავრცელებდნენ პროკლამაციებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოწოდებით; ამიტომაც მათ მიმართ მქონდა განსაკუთრებული პატივისცემა.
... გასული საუკუნის 60-იან წლების დასაწყისში ისინი მალევე დააპატიმრეს და ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით (მუხლები: 71-73) გაასამართლეს; კერძოდ: ანრიდ (ბუჭა) სანაიას - 4 წელი; სერგო სორდიას - 2 წელი; არასრულწლოვანებს: რუსლან ქირიას და ვალტერ შურღაიას  - თითო წელი. ზაურ ქობალიამ კი 1963-1968 წლები გაატარა პოტმაში - ფაქტობრივ პოლიტპატიმართათვის განკუთვნილ სასტიკ ციხეში. ზუგდიდელი პატარა გმირები დროებით შეაჩერეს.
უკვე დაკაცებულნი, 1987 წელს, ეროვნული გმირების - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას  - თაოსნობით ორგანიზებულ ეროვნულ მოძრაობას შეუერთდნენ და ბავშვობისდროინდელი ოცნება - საქართველოს დამოუკიდებლობა - სხვა პატრიოტ ქართველებთან ერთად, იურიდიულ ფაქტად აქციეს.  ვალტერ შურღაია საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი გახდა ზუგდიდის #93 რუხის საარჩევნო ოლქიდან; იგი ამ დროს იყო საარჩევნო ბლოკის - "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს ჰელსინკის კავშირიდან.
დეპუტატობის პერიოდის მშვიდობიანი ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა; მალევე დაიწყო კრემლიდან ორგანიზებული ანტისახელმწიფოებრივი აქციები და ჩვენ ხან სად ვცდილობდით ხელოვნურად აბრიალებული ცეცხლის ჩაქრობას და ხან - სად... კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილი:
ვალტერი და მე გვერდიგვედ ვისხედით ხოლმე; დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის შემდეგ რომ დავჯექი, მისეული სევდიან-მხიარული სიცილით მითხრა: "ამ ხელმოწერებისათვის ჩვენ სასტიკად დავისჯებით, ჩვენ ჩვენივე დევნილობას მოვაწერეთ ხელი..."
სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია მისი "ცუდი წინასწარმეტყველება": ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი ასე იოლად არ შეეგუებოდა კავკასიის დაკარგვას და წინ მრავალწლიანი დაძაბული ცხოვრება გველოდა, მით უმეტეს, 1989 წლის 2 დეკემბერის ამერიკა-რუსეთის მალტის მოლაპარაკების შემდეგ; ხშირად ვმსჯელობდით ამ თემაზე:
მალტის გარიგების კვალად, 1989 წლის 24 დეკემბერს, საბჭოთა კავშირმა უკანონოდ ცნო მხოლოდ 1940 წელს ბალტიის რეპუბლიკების (ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის) ოკუპაცია და ანქსია... გამომდინარე ამ ფაქტიდან, საქართველოს ძალიან მცირე შანსი ჰქონდა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა; ეს მიღწევადი იყო მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნების გამოვლენისა და ერთიანობის შემთხვევაში (ამის შესახებ მაშინაც ვწერდი; კერძოდ, 1991 წლის 28 სექტემბრის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდა სტატია: "რაცა ღმერთსა არა სწადდეს").
მსოფლიოსათვის საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატვისა და ერთიანობის ჩვენების მიზნით ზვიად გამსახურდიამ დაგეგმა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი; რეფერენდუმში ბრწყინვალე შედეგი მივიღეთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა რუსეთის საინფორმაციო ომის, კერძო საკუთრების აღდგენის პროცესში "პრივატიზაციის" მსურველთა დანაშაულებრივი ქმედებისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს:
მიუხედავად იმისა, რომ გავლილი გვქონდა 1989 წლის 9 აპრილი, ჩვენ მაინც ვერ დავუშვით, რომ რეფერენდუმის საფუძველზე დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგაც კი საქართველო მარტო დარჩებოდა აგრესიული რუსეთის პირისპირ;  რომ თანამედროვე მსოფლიოში რუსეთი ბეპაევისა თუ ბალტინის სამხედრო შენაერთებით დაამხობდა საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და დაღვრიდა ამდენ სისხლის; განახორციელებდა ქართველთა გენოციდს აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში და თანამედროვე მსოფლიოს ცინიკურად დასცინებდა დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხედის ოკუპაცია-ანექსიით. ჩვენდა საუბედუროდ, რუსეთმა ეს "იკადრა" და შერჩა კიდეც (ამიტომაც გაბედა შემდგომ უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაცია):
დსთ-დ ტრანსფორმირებულმა რუსეთის იმპერიამ ქართველთა ერთი ნაწილის გამოყენებითა და კანონიერი ხელისუფლების დამხობისათვის ე.წ. "სამოქალაქო ომის" სახელდებით შეძლო, ზერელედ მაინც "შეეფუთა" საქართველოში თავისი აგრესია.
სახელმწიფო გადატრიალების (1991-92, დეკემბერ-იანვარი) წინ ჩვენ - ვალტერ შურღაია, ზაურ ქობალია, ზვიად ძიძიგური და მე - აქტიურად ვცდილობდით მოლაპარაკებას თბილისის ზღვაზე "გამაგრებულ" თენგიზ კიტოვანთან და თენგიზ სიგუასთან, რომ თავიდან აგვეცილებინა მოსალოდნელი სისხლისღვრა, მაგრამ თენგიზ სიგუა ყოველ დღეს ცვლიდა მოთხოვნებს; ჩვენთან მოლაპარაკებით მან დრო გაწელა 1991 წლის 21 დეკემბერამდე, ალმა-ატაში დსთ-ს შექმნის ხელმოწერამდე:
ბალტიის ქვეყნების გარდა მხოლოდ საქართველო რომ არ აწერდა ხელს დსთ-ს შექმნას, ბუნებრივია, ეს იცოდა თენგიზ სიგუამ და შეარაღებული ამბოხის დაწყების სანქციას კრემლიდან ელოდა სწორედ 21 დეკემბერს. 22 დეკემბერსვე დაიწყო სისხლიანი გადატრიალება საქართველოში.
1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე ჩვენ (ვალტერი და მე) ერთად ვიყავით უზენაესი საბჭოს VI სართულზე ჩვენსავე სამუშაო ოთახებში, სადაც ამ დროს განლაგებულნი იყვნენ ზუგდიდის ბატალიონის მებრძოლებიც, რომლებიც რუსული აგრესიისაგან (ეს მაშინვე კარგად გვქონდა ყველას გააზრებული!) იცავდნენ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასა და, ზოგადად, საქართველოს დამოუკიდებლობას.
საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, 1992-93 წლებში ვალტერ შურღაია იყო საქართველოდან განდევნილი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას - რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ფაქტობრივად ვალტერ შურღაია ზაურ ქობალიასთან ერთად ხელმძღვანელობდა ზუგდიდში მოქმედ "საქართველოს ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტს" (თავმჯდომარე - ვალტერ შურღაია). ეს ძლიერი ორგანიზაცია დიდ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პუტჩისტების არაკანონიერ სამხედრო ფორმირებებს, რომლებიც მთელ საქართველოში თარეშობდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდნენ სამეგრელოში, სადაც არსებობდა "საქართველოს ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტი" და თავს ვაფარებდით თბილისიდან და საქართველოს სხვა მხარეებიდან განდევნილი კანონიერი ხელისუფლების წევრები. საბოლოო ჯამში პუტჩისტებმა სამეგრელო საქართველოს "ვანდეად" აქციეს.
 აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ - ვალტერ შურღაია, ზაურ ქობალია  და მე - შევეცადეთ, მორიგი სისხლისღვრა აგვეცილებინა თავიდან და 1992 წლის თებერვალსა თუ მარტში მერაბ გაბუნიასა და აკაკი ბობოხიძის შუამავლობით ხონში შევხვდით ჯაბა იოსელიანს; ჩვენი ეს ცდაც უშედეგოდ დასრულდა; ამ შეხვედრის ერთ მძაფრ ეპიზოდს გავიხსენებ:
შეხვედრის წინ ვალტერმა მითხრა: მხოლოდ ერთი გახსნილი ყუმბარით შემოვალ მოლაპარაკებაზე; თუ კაკომ მოგვატყუა და "მხედრიონი" ჩვენს დაპატიმრებას შეეცდება, გავხსნი ყუმბარს და ყველა ჰაერში ავიწევით: ჩვენც და ისინიც. სიკვდილის რისკით დაწყებული მოლაპარაკება მშვიდობიანად და შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ 5 დღეში ისევ სიგუასა და "მხედრიონის" მხრიდან დაირღვა... 
შემდეგ იყო დევნილობის პერიოდში იატაკქვეშა მოღვაწეობა და  1992 წლის 24 ივნისს საქართველოს ტელევიზიაში შესვლით კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მცდელობა; სწორედ ამ ბოლო შემთხვევას თვლიდა ვალტერი თავის გამოუსწორებელ შეცდომად; კერძოდ:
ვალტერი ენდო საქართველოს შინაგანი ჯარების ოფიცრებს (ზურაბ ირემაძე და სხვ.), რომლებიც საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენაში თანადგომას ჰპირდებოდნენ; კერძოდ, სამხედროებმა ვალტერი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენეს:
- ჩვენ მზად ვართ, დავიჭიროთ ე. შევარდნაძე და სამხედრო ხუნტის მეთაურები და ძალაუფლება დაგიბრუნოთ კანონიერ ხელისუფლებას! თუკი დეპუტატები უარს იტყვით, თქვენ იქნებით საქართველოს მოღალატეები... თითქოსდა, საჭირო იყო მხოლოდ დეპუტატების მიერ ტელევიზიით გაცხადება, რომ კანონიერი ხელისუფლება აღდგა... ამგვარი პროვოცირებით ვალტერ შურღაია რამდენიმე კაცთან ერთად ტელევიზიაში შევიდა. კარგად მახსოვს ის დილა:
ადრე დილით დამირეკა თავად ვალტერ შურღაიამ:
- ტარიელ, ჩართე რადიო, ჩვენ უკვე ტელევიზიის შენობაში ვართ; სასწრაფოდ მოდი ტელევიზიაში, ყველა დეპუტატი მოვიდეს; საქართველოს ახლა აქ სჭირდები!
მე არ მჯეროდა ასე იოლად კანონიერი ხელისუფლების აღდგენა - ასე უბრალოდ რუსეთი უკან არ დაიხევს-მეთქი, ვუთხარი ჩემს მეუღლეს... და ტელევიზიაში მაინც წავედი; ოღონდ, მანამდე ჩემი წვრილ-შვილი სიმამრის ბინაში გადავიყვანე მოსალოდნელი რეპრესიების გამო. ტელევიზიაში რომ მივედი, უკვე სროლები იყო გარშემო და აღარ თუ ვეღარ შევედი (გმირთა მოედანზე რამდენიმე დეპუტატს შევხვდი; ბეჟან ჯავახიას გაფითრებული სახე დღემდე მახსოვს).
ტელევიზიის "აღება" შევარდნაძის სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო; ვალტერი მოატყუეს; იმ დილით მას გულწრფელად სჯეროდა, რომ კანონიერ ხელისუფლებას აღადგენდა სამხედროებთან ერთად; ამაში დარმუნებული ვარ, რადგან სხვა შემთხვევაში ის მე სასკვდილოდ არ გამწირავდა და არ დამირეკავდა, რომ სასწრაფოდ მივსულიყავი ტელევიზიაში.
მაშინ, ტელევიზიის "აღების" პროვოცირებით, შევარდნაძემ გადაფარა 1992 წლის 24 ივნის დაგომისის შეხვედრა, როდესაც, საქართველოს პუტჩისტური ხელისუფლების მიერ რუსეთის საოკუპაციო ჯარს მიენიჭა "საქართველოში სამშვიდობო ჯარის სტატუსი". ეშმაკისეული გეგმის ნაწილი იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინაშე უფრო ტრაგიკული ალტერნატივის შექმნაც:
გროზნოში თავშეფარებულ პრეზიდენტს უთხრეს: "საქართველო მზადაა, აღდგეს კანონიერი ხელისუფლება და გადარჩეს აფხაზეთი; მხოლოდ თქვენი ჩასვლაა საჭირო ზუგდიდში"... პრეზიდენტმა იცოდა, რომ სიცოცხლეს რისკავდა, მაგრამ რომ არ ეთქვათ:  "საქართველოს რომ უჭირდა, საფრთხეს გაერიდა"-ო, ჩამოვიდა რუსებისგან მართული ქართველი პუტჩისტებისა და პრორუსი აფხაზების მიერ ცეცხლის ალში გახვეულ საქართველოში.
საქართველოში დაბრუნებული პრეზიდენტის მკვლელობაც და აფხაზეთიდან (შემდეგ კი ცხინვალის მხარიდან) ქართველობის გამოდევნა, ქართველთა გენოციდი და ამ ძირძველი ქართული მხარეების ოკუპაცია-ანექსია რუსეთის საინფორმაციო მანქანამ "სამოქალაქო ომად" მონათლა და ჩადენილი დანაშაული საქართველოს, ქართველებს დააბრალა.
...საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობისა და პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ იყო ისევ დევნილობა და პატიმრობა:
ბედის ირონიით გამარჯვებულმა პუტჩისტებმა ვალტერ შურღაია  დააპატიმრეს; იგი, პოლიტპატიმარი, სასჯელს იხდიდა სამშობლოს ღალატის მუხლით (1994-2000).  სწორედ ვალტერისა და ზაურის პოლიტპატიმრობის პერიოდში გადავწყვიტე, რევაზ შეროზიასთან ერთად, სწორედ მათ მოენათლათ ჩემი შვილი ცოტნე. პოლიტპატიმრობის პერიოდში კიდევ უფრო ინტენსიურ დევნას განიცდიდა ვალტერის ოჯახი: მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან, შვილები გარიცხეს უმაღლესი სასწავლებლებიდან...

ტრაგიკული ბედის გმირი ციხიდან გამოვიდა, მაგრამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო:


დღეს ვალტერ შურღაიას მეუღლე ქალბატონი ლიანა ჭითანავა და მისი შვილები: ორენა და მედეა ჭირისუფლები არიან ყველა ღირსეულ ქართველთან ერთად.

30.11.2016

Monday 28 November 2016




პოლიტოლოგიის დოქტორ, პროფესორ სტივენ ჯონსი:

„დღეს რთულია საუბარი იმაზე, 
თუ საქართველო როდის გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში 2016 წლის 24 ნოემბერს შედგა საინტერესო შეხვედრა ამერიკელ პოლიტოლოგთან, ისტორიის დოქტორთან, სტივენ ჯონსთან. სტუმრის საჯარო ლექციისა და დისკუსიის თემა იყო: "2016 წლის 8 ნოემბრის არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს პერსპექტივები".
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ,  რომელმაც ისაუბრა ბ-ნი სტივენ ჯონსის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. შემდეგ სტუმარს მივესალმე ქართველოლოგიის ცენტეის სახელით და დაგეგმილი ლექციის კონტექსტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე თემა გავააქტუალურე; კერძოდ, ვთქვი:
„რთულ გეოპოლიტიკურ ველში არსებული საქართველოს ბედი დიდწილადაა დამოკიდებული არამხოლოდ მეზობელთა ღირსებასა თუ აგრესიაზე, არამედ მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებზე, რამდენადაც დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ქმედებანი, არაიშვიათად, გავლენას ახდენს მცირე ტერიტორიის მქონე სახელმწიფოების ბედზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მსოფლიო ცვლილებების მოლოდინშია, თუმცა, ყველასათვის ბუნდოვანია, რა იქნება; ვფიქრობ, ბევრი რამ ბუნდოვანია თავად დონალდ ტრამპისთვისაც.
საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) მოლოდინის დასაბალანსებლად აუცილებელია მეტი დროული ინფორმაცია და შექმნილი რეალობის მრავალწახნაგოვანი ანალიზი. სწორედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინის დაბალანსების მიზნით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ დაიგეგმა ეს დისკუსიაც, რომელსაც ესწრებიან სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტების წარმომადგენლები.
ლექციისა და დისკუსიის დაწყებამდე საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ აგრესიული იმპერიების მეზობელი მცირეტერიტორიანი საქართველო ბოლო საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ იყო დასავლეთის მოიმედე, მაგრამ პროდასავლური ორიენტირების გამო არაერთხელ დაისაჯა ქართველი ერი. ბოლო პერიოდში ეს მოხდა 1991 წელს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენა გამოვაცხადეთ და პარლამეტის საგანგებო აქტით საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის უპირატესობას გავუსვით ხაზი, თუმცა, მაინც მარტონი დავრჩით აგრესიული რუსეთის წინააღმდეგ:
დამოუკიდებლობის აღდგენის გამომცხადებელი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, დასავლეთის წაყრუების ფონზე დაამხო რუსეთის იმპერიამ; დაამხო იმიტომ, რომ საქართველოზე გავლენის  დაკარგვით რუსეთი კავკასიასაც კარგავდა. ამავე მიზეზმა განაპირობა რუსეთის აგრესია 2008 წელსაც, როდესაც საქართველომ პლებისციტით მხარი დაუჭირა „ნატოში“ გაწევრიანებას:
2008 წელს დასავლეთის ნაკლებეფექტური მხარდაჭერის ფონზე, პლებისციტის საპასუხოდ, რუსეთმა მოახდინა საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაცია და აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის ანექსია...
დღეს, ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რას უნდა ელოდოს საქართველო?“ - ასეთი კითხვით დავასრულე ჩემი გამოსვლა.

პროფესორმა სტივენ ჯონსმა სიღრმისეულად მიმოიხილა ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემა და დასავლეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები; ბოლოს კი შეეხო საქართველოს თემასაც; კერძოდ, საქართველოს კონტექსტში  მან აღნიშნა:
„დღეს რთულია საუბარი იმაზე, თუ საქართველო როდის გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მაგრამ აუცილებელია, საქართველომ ამ მიმართულებით იმოძრაოს და მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს დასავლეთის ცალკეული სახელმწიფოებისაგან, რომ რუსეთმა ისევ არ გაანადგუროს საქართველოს დამოუკიდებლობა“...

დასასრულს, ბ-ნმა სიტივენ ჯონსმა უპასუხა სტუდენტთა და პროფესორთა შეკითხვებს.











Tuesday 1 November 2016

ნახევრადსიმართლე ცხინვალის კონფლიქტის მიზეზების შესახებ

რადიო "თავისუფლების" რესპოდენტთა
ნახევრადსიმართლე
ცხინვალის კონფლიქტის მიზეზების შესახებ

თბილისისთვის უკვე ჩვეულებრივ საცობში ყოფნისას ამ უდროობაში სრულად მოვისმინე რადიო "თავისუფლების" გადაცმა "გადაკვეთის წერტილი", სადაც საუბარი იყო ცხინვალის მხარეში არსებული კონფლიქტის მიზეზების შესახებ.

პროგრამაგადაკვეთის წერტილიმომზადებულიაბერგჰოფის ფონდთანთანამშრომლობით; გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაბერგჰოფის ფონდიკი კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის დამყარებისათვის მუშაობს, ამიტომ, ვფიქრობ, საქმეს წაადგება ჩვენი კომენტარი.

 გადაცემის სტუმრები იყვნენ: თაკო თოლორდავა, ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი და რუსიკო მარშანია, „ბერგჰოფის ფონდისწარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციისაპირისპირ“ – ჩამოთვლილ საკითხებზე გველაპარაკებიან. საუბარს უძღვებოდა ნინო ხარაძე.
თავისთავად საინტერესო იყო ცხინვალელი რესპოდენტების ცალმხრივი ხედვაც, მაგრამ აუცილებელი იყო მათი სუბიექტურად აღქმული ფაქტების დაბალანსება.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ შეცდომაა როგორც ცხინვალის, ასევე, აფხაზეთის კონფლიქტის სახელდება ეთნოკუნფლიქტად და ქართველებია და ოსების შერიგებაზე საუბარი.
დროა, ყველამ გაიგოს: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველებიცა და ოსებიც რუსეთისაგან მართული პროცესის მსხვერპლნი არიან!

ქართველთა და ოსთა დიდი ნაწილი არ იყო ჩართული ამ დაპირისპირებაში, რამდენადაც ბევრმა იცოდა, რომ ამ კონფლიქტის მაპროვოცირებელი იყო კრემლი, რომელმაც ოსებისა და აფხაზების ნაწილის გამოყენებით დააბრკოლა საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისათვის...
ამ ფონზე უბრალოდ, უსამართლობაა, კონფლიქტის მიზეზად ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ზვიად გამსახურდიას გაყალბებული ფრაზების წარმოჩენა...

სამწუხაროდ, გადაცემაში საერთოდ არ განიხილეს რუსეთის მთავარი როლი; ასეთი ნახევრადსიმართლით დაახლოების გზაზე ვერ გავალთ.

ასახელებული კონფლიქტების ისტორიას როცა ვაანალიზებთ, რუსეთის ფაქტორის გამორიცხვა საქმეს უფრო ართულებს და გვაშორებს შერიგებას!
აუცილებელია, ქართველებმაც, ოსებმაც და აფხაზებმაც კარგად გააცნობიერონ, რომ ორივე კონფლიქტი დაგეგმა და განახორციელა რუსეთმა კავკასიელთა ნაწილის გამოყენებით.
გადაცემის წამყვანსა და ქართველ რესპოდენტებს შევახსენებ სამ არსებით ფაქტს:

1989 წლის 10 ნოემბერი:
რუსეთის სპეცსამსახურებისგან მართული ადამონ ნიხასისაქტიური ზემოქმედებით, უხეშად დაირღვა რა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა სესიის მოწვევის წესი, ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ:
გამოცხადდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარდაქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად.
სესიამ მოუწოდა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს, რათა განეხილათ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი.
გარდა ამისა, სესიამ მიიღო გადაწყვეტილებაოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებსამხრეთ ოსეთის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1989 წლის 26 სექტემბრის XI სესიის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეცვლის შესახებ. ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა არის ოსური ენა; ოლქში ქართული და რუსული ენების თავისუფალი და თანასწორუფლებიანი ფუნქციონირება ხორციელდება სსრ კავშირის ენობრივი პოლიტიკის თანახმად (საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, . 1165, ანაწ. 8, საქ. 2852, ფურც. 62-54).

1989 წლის 16 ნოემბერი - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1989 წლის 10 ნოემბერის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიის გადაწყვეტილებათა შესახებ. დადგენილება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ გადაწყვეტილება სესიის 10 ნოემბერს მოწვევის შესახებ სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო 9 ნოემბერს, ორგანიზაციაადამონ ნიხასისწარმომადგენელთა მუქარითა და ზეგავლენით. ოლქის პროკურორის პროტესტის საფუძველზე საოლქო საბჭოს აღმასკომმა გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და სესიის მოწვევის დღედ 25 ნოემბერი დაადგინა, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, „ადამონ ნიხასისაქტიური ზემოქმედებით სესია მაინც 10 ნოემბერს გაიმართა. იმის გამო, რომ უხეშად დაირღვა სესიის მოწვევისა და ჩატარების წესი და განხილულ იქნა საკითხები, რომელიც საოლქო საბჭოს უფლებამოსილებას აღემატება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა გაეუქმებინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მეთორმეტე სესიის გადაწყვეტილებები, როგორც კანონთან შეუსაბამო ( საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1989, №11, გვ. 7-8).

ამის შემდეგ "ადამონ ნიხასი" ააქტიურებს ანტიქართულ და საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობას, რომელსაც ფაქრობრივად მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელისუფლებაც.


სწორედ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და "ადამონ ნიხასის" ანტიქართულსახელმწიფოებრივი ქმედების საპასუხოდ 1989 წლის 23 ნოემბერს  დაახლოებით 15 ათასამდე ქართველი, ეროვნული მოძრაობის ლიდერების წინამძღოლობით, მარშით დაიძრა ცხინვალისკენ; დაძაბულობა რომ არ გაემწვავებონათ, ქართველები ცხინვალში არ შევიდნენ, მაგრამ კრემლის პროპაგანდამ ეს მშვიდობიანი მარში და ქართველთა ემოცია კარგად გამოიყენა ქართულ-ოსური დაპირისპირების პროვოცირებისათვის, რათა შეენიღმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის იმპერიული აგრესია.

ფაქტია ისიც, რომ ოსური მხრიდან ეს აღქმული იქნა, როგორც ქართული საზოგადოების მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა.

კონფლიქტი უკიდურესად გაამწვავა 1990 წლის 20 სექტემბრის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მე-20 მოწვევის მე-14 სესიამ, რომელმაც მიიღო დეკლარაციასამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებრომელშიც გამოცხადებულია ოსი ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის ხელშეუხებელი უფლება. ნათქვამი იყო, რომ ოსი ხალხისშემდგომი განვითარების ბუნებრივი და აუცილებელი პირობაა სრული დამოუკიდებლობა...“; რომსამხრეთ ოსეთი ცხადდება საერთაშორისო სამართლისა და საკავშირო ხელშეკრულების სუბიექტად...“. ამავე დეკლარაციაში განცხადებული იყო, რომავტონომიური ოლქი უნდა გარდაქმნილიყო სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“. კერძოდ, სესია ადგენდა:
1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად; 2. ეთხოვოს სსრკ უმაღლეს საბჭოს სამხრეთ ოსეთის მიღება სსრკ-ში ფედერაციის დამოუკიდებელ სუბიექტად; 3. ეთხოვოს სსრკ რესპუბლიკებს სამხრეთ ოსეთთან მეგობრობის, ურთიერთთანამშრომლობისა და უერთიერთდახმარების ხელშეკრულების გაფორმება.


სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს არ ჰქონდა უფლება, მიიღო გადაწყვეტლება საქართველოს შემადგენლობიდან ფაქტობრივი გასვლის შესახებ...


კარგი იქნება, გადაცემის ოს რესპოდენტებსაც და, ზოგადად, ცხინვალის მხარის მოსახლეობასაც, ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია.


 დოკუმენტური მასალისათვის იხ.: