Sunday 25 January 2015

ვინ მოკლა იური ვაზაგაშვილი?



ვინ მოკლა იური ვაზაგაშვილი შვილების საფლავზე?
(მისი თავგანწირვა გია აბესაძის თვითმკვლელობას ჰგავს!)

მხოლოდ ორი შესაძლო ვერსია:

1.           სახეზეა ცინიკური კრიმინალი:
ცინიკური მკვლელობა ჩაიდინა შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა, ბ-ნი იურის პირადმა მტერმა თუ შვილის მკვლელობის ფაქტის დამმალავმა, მნიშვნელობა არა აქვს: მკვლელს დაკარგული აქვს ადამიანური განსჯაც და ეროვნული ცნობიერებაც (საფლავის პატივისცემის განცდა!); ცინიკური მკვლელობა მალე იქნება გამოძიებული.

2.                  სახეზეა ცინიკური პოლიტიკური მკვლელობა:
ცინიკური პოლიტიკური მკვლელობა ჩაიდინა საქართველოს პროევროპული (პროდასავლური) კურსის მოწინააღმდეგე და საქართველოში დესტაბილიზაციის მოსურნე რუსეთის ხელისუფლების დაქირავებულმა მკვლელმა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ზონიდან შემოვიდა და უკანვე დაბრუნდა მკვლელობის შემდეგ; კერძოდ:
პუტინის რეჟიმს სურს, საქართველოს მოსახლეობის თვალში საბოლოოდ გაანადგუროს საქართველოში არსებული პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური სპექტრის ავტორიტეტი და სახმელეთო კავშირი აღადგინოს გიუმრის ბაზასთან; ამჟამად განსაკუთრებული დარტყმის ქვეშაა არსებული მთავრობა, რომელიც მიჰყვება პროდასავლურ კურსს.
თუკი არსებული ხელისუფლება ამ ცინიკურ პოლიტიკურ კრიმინალს ვერ გამოიძიებს (ასეც მოხდება, თუკი მკვლელი ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვიდა!), საქართველოს მოსახლეობის თვალში განულდება ხელისუფლებისადმი ნდობა (ან ნდობის სერიოზული რყევა დაიწყო ე.წ. სახელფასო დანამატებისა თუ არალოგიკური პრემიების გახმაურების შემდეგ).

ორივე შესაძლო შემთხვევაში არსებითია სამი ასპექტი:
1.                  იური ვაზაგაშვილის დაპირისპირება ძლიერ კრიმინალურ თუ პოლიტიკურ კლანებთან იყო გმირული თავგანწირვა (რომელიც შეკვეთილი მკვლელობით დასრულდა); ეს თავგანწირვა გია აბესაძის თვითმკვლელობას ჰგავს:
1991 წელს გია აბესაძემ თავი მოიკლა რუსთაველზე, იმელის შენობის წინ ედეპესა და ზოგი სხვა პარტიის მიერ აღმართულ ბარიკადებზე. მან თქვა: „ეგებ ჩემმა თვითმკვლელლობამ გამოაფხიზლოს პოლიტიკური სპექტრი და დაპირისპირება აღარ გაღრმავდეს“.
...ირინე ენუქიძემ და იური ვაზაგაშვილმა იცოდნენ, რომ იმ თუ ამ ხელისუფლების თავგანწირული მხილებით ვერ გააცოცხლებდნენ საკუთარ შვილებს; ისინი იბრძოდნენ ქვეყანაში უსამართლობის წინააღმდეგ და ცდილობდნენ ეხსნათ ჩვენი შვილების სიცოცხლე.
2.                  შვილების საფლავზე მამის მკვლელობა ცინიკური, უკიდეგანოდ ანტიადამიანური დანაშაულია. ამ ცინიზმმა ყველა ღირსეული ადამიანი და ადამიანურ თუ სახელმწიფოებრივ ფასეულობებზე ორიენტირებული პარტია უნდა გაგვაერთიანოს იმ დანაშაულებრივი მენტალიტეტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში გაბატონდა ყველაზე დიდი დანაშაულის - 1992 წელს ხელისუფლების დამხობისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის - შემდეგ; ეს სახელმწიფო დანაშაული ფაქტობრივად გამოძიებულია, მაგრამ დღემდე არ შეფასებულა სასაამრთლოს მიერ; მაშინ დაღვრილი სისხლიც ცას შეჰღარადებს.
 3. ცოცხალი ქართველები ვალში ვართ „კაენის“ ხელით მოკლული ყველა ჩვენი თანამედროვის მიმართ; ამ ვალს გადავიხდით, თუკი კიდევ არ გადავეშებით ქაოსის მომტან ახალ ხისტ დაპირისპირებაში და კონსტრუქციული ურთიერთობებით ავაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს (პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ყველა ვართ ვალში; გასული მძიმე საუკუნის დასასრულს გია აბესაძეს მივუძღვენი ჩემი პირველი წიგნი: „აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში“, მაგრამ მისი ვალი მცირედითაც ვერ გადავიხადე... შარშან უშუალოდ გავიცანი ბ-ნი იური ვაზაგაშვილი: ვალი უფრო დამიმძიმდა...).
p.s. პოლიტიკოსთა თუ პარტიათა დაუნდობელი ურთიერთბრალდებების გაგრძელება-გააქტურება ხელს შეუწყობს მხოლოდ საქართველოს მტრებს - საქართველოს დანაწევრების მსურველთ, როგორც ეს მოხდა 1991-93 წლებში.