Friday 31 January 2014

არბო და კიევი



არბო და კიევი

ახლახან ერთმა ქართველმა პარლამენტარმა თქვა: "კიევში რაც ხდება, ჩვენთანაც შეიძლება მოხდეს, პუტინის რუსეთი ჩვენი მიმართულებითაც გააქტიურდებაო."
ეტყობა, თბილისში, საკუთარ სახლთან რომ ნახავს მავთულხლართს, მაშინ იტყვის: "პუტინის რუსეთი ჩვენი მიმართულებითაც გააქტიურდა!.."

გორის რაიონის სოფელ არბოში სოლომონ მაისურაძის ლამაზი ეზო. ეზოს წინ, რამდენიმე მეტრში მდინარე პატარა ლიახვია; მდინარის გადაღმა - გაპარტახებული ქართული სოფლები, ცოტათი შორის - რუსი ოკუპანტების მოზრდილი ბაზა იბღვირება. სახლის მარცხნივაც და უკანაც საოკუპაციო ზოლი და გავერანებული ქართული სოფლებია - თითქოსდა ნახევარკუნძულზეა ბატონი სოლომონის სახლ-კარი.
- რუს-ოსებმა სახლების კედლებიც კი აგურ-აგურ დაშალეს და მასალად დაიტაცეს - დანანებით ამბობს სოლომონის მეზობელი. სოლომონი აგრძელებს:
- არბოში 100 სახლიდან 40 უკვე ცარიელია; თუ რაღაც არსებითად არ შეიცვალა, მალე აღარავინ დარჩება აქ; მე არბოს წმინდა გიორგის ძალა მაძლებინებს - სევდიანად იყურება იქვე მდგარი ეკლესიის მიმართულებით, თუმცა  მზერა უფრო შორს იკარგება.



მის მზერას ფიქრით მივყვები; პაუზის შემდეგ ვამბობ:
- იქით ბორჯომ-ბაკურიანია, იმის იქით კი - სომხეთის ქალაქი გიუმრი, სადაც რუსების დიდი ბაზაა - კულბითის მაცხოვრის ეკლესიის სიახლოვეს აღმართული რუსული ბაზიდან გიუმრის დიდ სამხედრო ბაზამდე სახმელეთო გზის გაყვანა უნდა რუსეთის იმპერიულ ამბიციას, რომ საბოლოოდ აკონტროლოს კავკასია - წინა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასაღები...
სოლომონი მპასუხობს:
- არქიტექტორი ვალიკო ჭილაშვილი ცხოვრობდა კულბითში; თავისი ხელით ააშენა ქართული ციხე-სიმაგრე და გაამშვენიერა, რომ კარგად წარმოჩენილიყო ქართველთა სიძლიერე და ტრადიციული კულტურა... რუს-ოსებმა მასაც გადაუწვეს სახლ-კარი, მის აგებულ ციხეს კი დაეპატრონენ. თავად გადარჩა და საგურამოში ჩაასახლეს 2008 წელს საოკუპაციო ხაზის გაფართოების შემდეგ. ახლახან გავიგე, საგურამოში დაუჭერიათ ეს დიდებული კაცი ხის გადანაჭერის(ფიცრის) სახლში წაღებისათვის...
რა გვჭირს?
უარესს გეტყვით, აგრძელებს სოლომონის მეზობელი:
- აქვე ახლოსაა სოფელი დიცი; არბოს მსგავსად, დიცზეც გადის საოკუპაციო ხაზი; გამყოფი ხაზიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს გორის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი; დედაც აქ ჰყავს და ცოლ-შვილიც; ყოველდღე სოფლიდან დადის უნივერსიტეტში; ამბობს: გორის სახლში რომ დავრჩე ღამე, რა პირით შევხედო ჩემს მეზობლებსო; ყოველ დილით რომ ჩაივლის გორისგენ, ტიძნისის, ტყვიავისა და კარალეთის მცხოვრებთ, ზოგადად, ყველა აქაურს ძალა გვემატება: ამხელა თანამდებობის კაცი დიცს რომ არ ტოვებს, ე.ი. კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსიო... სოსიაშვილის შესახებ კი ვინმე აფციაურს, ჟურნალისტს დაუწერია: დვანში რომ ვიყავით აქციაზე ჩასული თბილისელი და გორელი ჟურნალისტები, ჩვენს აქციას რექტორი არ დაესწროო და გაულანძღავს... ჩვენ აქ, საოკუპაციო ზოლთან, ყოველდღიურად სიცოცხლის რისკით ვცხოვრობთ, ზოგი კი  ერთხელ ჩამოვა და, დახმარებას ვინღა ჩივის, აქეთ გვლანძღავს.
სოლომონის ეზოში ღამდება: მარანთან დანთებულ ცეცხლს ვეფიცხებით. რამდენიმე ასეულ მეტრში, ლიახვს გაღმა გაპარტახებული სოფლები - ნასოფლარები: მერეთი, ქსუისი, დისევი, კურბითი - ბნელში ნელ-ნელა უჩინარდება; იქვე, შამბირეთის ფერდობზე კი მკაფიოდ იკვეთება რუსული ბაზა, რომელიც ღამეულ ზღვაში მდგარ მეკობრეთა გაჩახჩახებულ უზარმაზარ გემს მაგონებს...
რომც არ ციოდეს, ბნელეთში მდგარი ამ მოჩახჩახე ურჩხულის ფონზე სუფრას ვერ მივუჯდები. სახლში შევდივართ; მჭიდროდ მოხურული კარი: ფსიქოთერაპია ურთიერთმოფერებით, გმირებისა და წინაპრების  ხსოვნა სოლომონის საოცრად კარგი ღვინით და გზადაგზა სოლომონის მონათხრობის ჩემეული ჩანიშვნები.. აქ მოკლედ მოვიყვან სამ ამბავს:
12 თელა და 9 ლეკი.
მიხა პაპამ, მიხა გვიმრაძემ, ახლა 120 წლისა იქნებოდა, ჩემი ბავშვობისას მიამბო ერედველი ვაჟკაცის ამბავი, რომელიც ძალას მუდამ მმატებს (ფიქრებიდან ამოდის და მერე აგრძელებს): 
კახეთში, სოფელ ქედში წავედით ხორბლის საყიდლად; ერთმა საოცრად დამახინჯებულმა კაცმა როცა გაიგო, რომ არბოდან ვიყავით, გვკითხა:
12 თელა რომ ჰქვია, ის ადგილი იცით?
- როგორ არა, ახლოს ვცხოვრობთ - ვუთხარით, გაოცებულებმა: არც ერთი ყური არ ჰქონდა, სახეც დასერილი ჰქონდა...
- ჩემი დამახინჯებული სახე გაკვირვებთ? სწორედ 12 თელას უკავშირდება ჩემი დამახინჯება: მე ლეკი ვარ; მე და ჩემი 8 ძმაკაცი საყაჩაღოდ წავედით ცხინვალისკენ; ერედვში ბევრი ოჯახი გავძარცვეთ ერთ ღამეში; რამდენიმე ცხენით მიგვაქვს დიდძალი ნაძარცვი... თენდება, 12 თელასთან რომ მივაღწიეთ (ცხინვალიდან 7 კილომერზეა - ტ.ფ.),  ვხედავთ, უცხენო ახლაგაზრდა კაცი მოღიღინებს; ეტყობა, თავადია:  ლამაზი ჩოხა-ახალუხი აცვია. ჩვენ, 9 კაცი თოფებითა და ხმლებით ვართ, ის ერთია ერთი ხანჯლით. ჩემს ერთ ძმაკაცს მოეწონა მისი ჩოხა და უთხრა, გაეხადა; მეორემ ახალუხი მოსთხოვა; მესამემ -  ხანჯალი; მეოთხემ ჩექმას დაადგა თვალი. გაიხადა ჩოხა-ახალუხი, ხანჯალიც შეიხსნა; ჩექმაც წაიღე, ბატონო ჩემო, ოღონდ გამხადეთ, მე ჩექმას ვერ ვიხდი, თუ სხვა არ მომეხმარაო; ჩამოხტა ცხენიდან ჩემი ძმაკაცი; ჩექმას წაეტანა გასახდელად. მისკენ როცა გადაიხარა, უჩოხოდ დარჩენილმა ქართველმა ჩემს ძმაკაცს საოცარი სისწრაფით ამოუღო ქარქაშიდან ხმალი და თავი გააგდებინა, ასევე წამებში ჩამოგვიქროლა ყველას და ყველა დააწვინა იმავე ხმლით; მე მითხრა; შენ ლეკებს ამბავი წაუღე, მაგრამ უნიშნოდ არ გაგიშვებო და ერთი სწრაფი მოძრაობით ასე დამამახინჯა...
მიხა პაპამ თქვა, ის ახალგაზრდა თავადი ან ბაქრაძე იქნებოდა, ან ფავლენიშვილიო... უფრო ფავლენიშვილიო...
ასეთი ქართველი დღესაც ბევრია - ამბობს სოლომონი, მაგრამ გათითოკაცებულია ყველა; ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, რომ არ ვნახო ერთად შეკრული მართალი ქართველები; მანამდე ვერ აღდგება ვერც ერედვი, ვერც კურბიეთი, ვერც დისევი თუ ქურთა და ვერც აფხაზეთი ვერ დაგვიბრუნდება...
ჟურული და ბუღაძე.
სოლომონ მაისურაძის მიერ მოყოლილმა მეორე ამბავმა არბოელი ჟურულების გვარის ისტორია გაატარა ჩვენს თვალწინ:
მე-18 საუკუნის ბოლოს ბელოთსა და არბოში მსახურობდა დეკანოზი ანდრია ჟურული. გიორგი XII-სა და იულონ ბატონიშვილს შორის ინტრიგებში მონაწილეობდა - ორივე მხარეს ატყუებდა და აქედან მოზდოკში გაქცევა მოუწია. ანდრიამ თან წაიღო არბოს წმინდა გიორგის ბაზილიკაში დაცული წმინდა გიორგის ნაწილი, რომელიც წმინდა გიორგის ხატში ყოფილა მოთავსებული. მოზდოკში ჩასულ ანდრიას რუსი დიდვაჭარისთვის მიუყიდია სიწმინდე; მალევე თავში რაღაც დასცემია და მომკვდარა. იქაურ ქართველებს გამოუსყიდიათ წმინდა ნაწილი და არბოში დაუბრუნებიათ. ანდრია ჟურულის ერთ-ერთ მემვიდრემ - დურმიშხან ჟურულმა - ბაზილიკის გვერდით დიდებული ეკლესია ააგო, ისევ წმინდა გიორგის სახელობისა... 

აქაური ჟურულების გვარი მაინც გადაშენდა: მათ სახლში - სიძე მაკარაშვილი ცხოვრობდა; ეს მაკარაშვილებიც რუსეთში გადასულან; სწორედ ამ გვარის წარმომადგენელს ეკუთვნის პისტოლეტ "მაკაროვის" გამოგონება... ჟურულების ნაფუძარზე კიზირია მოსულა, მისი მემკვიდრეა ცნობილი არბოჰესის ამშენებელი ანატოლი კიზირია. 
მაკაროვისა თუ არბოჰესის ისტორია ახლა არ მაინტერესებს: დარდი მკლავს: ზუსტად ვიცი: ქართველები გადავრჩებით იმ შემთხვევაში, თუკი ტელესივრცეს ვეღარ მოწამლავენ ჩვენი წმინდანების მლანძღველი ბუღაძისნაირი ლაწირაკები და როცა ეკლესიაში გულწრფელად ილოცებს ქართველთა ნახევარი მაინც; ეს დრო კი გვიანდება და გვიანდება...
8 ხარი და მისისხლხორცება.
ჩემს ბავშვობაში მეკალოეს მეძახდნენ: მიყვარდა პურის ლეწვისას კევრზე ჯდომა; ახლაც მახსოვს ყველა იმ 8 ხარის სახელი, მაშინ კევრში რომ გვება: საძირეში (პირველ რიგში) გვება ღვინია და ნაპოვნელა; შემდეგ - ბუღრია და კუდა; შემდეგ - წიკარტა და ტოროლა, ბოლოს კი -  თაფლა და ნაცარა...  მახსოვს, ბუღრია გადაგვეჩეხა და დაიმტვრა; ვეხვეწებოდი, არ დაეკლათ: ცოხალი იყო, მაგრამ ვერ დგებოდა. თვალები ისეთი სევდიანი ჰქონდა, ვტიროდი; ვტიროდი და ვეხვეწებოდი, არ დაეკლათ...
დღეს რელსებიდან გადავარდნილი მატარებელივით მიხოხავს ჩვენი ქვეყანა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ... ვერაფერს ვშველი; ასე მგონია, ბუღრიას თვალებით მიყურებს ჩემი ქვეყანა... მეტი არაფერი შემიძლია:  მისისხლხორცებული ვარ ჩემს არბოს და ვიტანჯები, როგორც ჩემი ბავშვობის ბუღრია.. მეც და ჩემი ქვეყანაც დამტვრეულ ბუღრიასავით ვართ, მაგრამ ბუღრიასგან განსხვავებით, საქართველო უნდა წამოდგეს!

საოცარად თბილრიტუალური ქართული პურობა ყველა ტკივილს გვაძლევინებს... გათენდა. გარეთ გამოვდივართ: წუხანდელი სუფრული "მოგზაურობიდან" ისევ ოკუპირებულ რეალობაში ვბრუნდები. დილით უფრო ცივა;  წვიმს; თოვლსაც ურევს. მე მოვდივარ თბილისში, სადაც თბილი სახლი მელოდება, რომელიც ნამდვილად ვერ გაათბობს არბოში ყოფნისას ჩემში შემოჭრილ დიდ სიცივეს.
სოფელი არბო:
სოფლის ცენტრში წმინდა გიორგის ორი ეკლესია დგას: X საუკუნეებში აგებული ბაზილიკა და იქვე  XIX საუკუნის 20-იან წლებში აღმართული ლამაზი ტაძარი, ტაძარი, რომლის აგება იმ ჟურულის ერთ-ერთმა შთამომავალმა - დურმიშხან ჟურულმა ითავა... იქვე ახლოს დგას ანტონ ფურცელაძის დაქცეული სახლის ერთი კედელი, შორიახლოს კი ნიკო ლომოურის ცივად გამოკეტილი სახლ-კარი.


სოფელი ნელ-ნელა იღვიძებს... იღვიძებს მეზობელი ქორდიც, დიციც... დიცში ერთ სახლზე მიმითითა ჩემმა მეგობარმა და მითხრა: "იქ ერთი ოსი ქალი ცხოვრობს; 2008 წლის აგვისტოში, მთელი ეს უბანი გაძარცვას გადაარჩინა..."
თბილისსა თუ რუსთავში, ასევე, საქართველოს სხვა შიდა რაიონებში ბევრი ისეთი ოსი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოს ერთგულნი არიან; ზუსტად ვიცი: საქართველოში არ გვაქვს ქართულ-აფხაზური თუ ქართულ-ოსური კონფლიქტი; ოსთა, აფხაზთა, სომეხთა თუ ქართველთა ნაწილს დღესაც საზარბაზნე ხორცად იყენებს კავკასიაზე კონტროლის შენარჩუნების მოსურნე კრემლი.
ამას როცა ვწერ, თბილისის შუაღამეა, მაგრამ ნათლად ვხედავ  ჩემთვის სახე-სიმბოლოდ ქცეულ სოლომონის ეზოს, ეზოს რომელიც ნახევარკუნძულივითაა შეჭრილი ოკუპირებულ ზოლში: სოლომონის სახლ-კარი არბოში მდგარ ციხე-სიმაგრედ მოჩანს.
როდემდე გაძლებს?
ყურში ჩამესმის ამაყად მდგარი ჭარმაგი ახალი მეგობრის სიტყვები:
- ჩემო ტარიელ, არბოს ცენტრში მდგარი წმინდა გიორგის ეკლესიებიდან ჩემს სახლამდე მომავალ ამ ტალახიან გზას მე დავით აღმაშებელის ქუჩა ვუწოდე!
მე ჩემი სახლიდან ვპასუხობ (და მას ესმის, ასე მგონია):
- ბატონო სოლომონ, არ მიყვარს მშვიდობის სადღეგრძელო; არ მიყვარს იმიტომ, რომ საშინელებაა დამარცხებული კაცის მშვიდობა; თუკი სუფრასთან ასეთ სადღეგრძელოს იტყვიან, მე ვამატებ: "მშვიდობას კი არა, გამარჯვებული კაცის მშვიდობას გაუმარჯოს"... ახლა მით უმეტეს არ მინდა ეს სადღეგრძელო: ერედვიდან არბომდე სულ 3 კილომეტრია; რამდენიმე წლის წინ ამ მანძილს რამდენიმე წუთში გაივლიდა ქართველი კაცი...

და ბოლოს, იმ პარლამენტარის (ზოგადად, ქაფის პოლიტიკოსების) გასაგონად:
სოფელ არბოში წინაპრების დედომიწას მისისხლხორცებული სოლომონ მაისურაძის ციხე-სიმაგრე საქართველოს გრუშევსკია, გრუშევსკი, რომელზეც რუსულ-ევროპული გეოპოლიტიკური საზღვარი წლების წინ გავიდა, საზღვარი, სადაც არბოელები, დიცელები, ქორდელები...  ისევ ღირსეულად დგანან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და დგანან გაცილებით უფრო დიდი ხანია, ვიდრე გრუშევსკის გმირები.

ტარიელ ფუტკარაძე
31.01.2014