Friday 19 June 2015

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ავტორიტეტი და ამერიკელი ექსპერტის, თომას დე ვაალის შეცდომა


XX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა გამოკითხვის მიხედვით,  უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  ილია II საქართველოს მოსახლეობისთვის  უალტერნატივო რჩეულია: საქართველოს მოქალაქეებისათვის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყველაზე რეიტინგული  და სანდო პიროვნებაა; მაგ., 2014 წლის 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოს პატრიარქის მოწონების მაჩვენებელი 91%-ით განისაზღვრა.
 მომდევნო სამი ადგილი პოლიტიკოსებს უჭირავთ[1].
მეტიც, ამერიკელთა კვლევების მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობა ცნობილ პიროვნებათა შორის პროცენტულად ყველაზე მეტ ნდობას უცხადებს  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს[2].
პირადად მე ინტენსიური ურთიერთობა მაქვს ირანში, თურქეთსა და რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან და შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, სხვა სახელმწიფოს ველში დარჩენილი ავტოქთონი ქართველების, შაჰ-აბასისა და გიორგი სააკაძის მიერ ირანში გადასახლებული ქართველების შთამომავლების, მუჰაჯირთა მემკვიდრეებისა თუ ახალი მიგრანტები აბსოლუტური უმრავლესება სრულ ნდობას უცხადებს საქართველოს ამჟამინდელ კათოლიკოს-პატრიარქს და მას  ქართველი ერის მზრუნველ მამად თვლის.
ვფიქრობ, პატრიარქის პიროვნული თვისებების (სიკეთის, სითბოს, დადებითი ენერგიის მუდმივი გამოსხივება; მიმტევებლობა, სიდინჯე და სიღრმისეული განსჯა;   საოცარი სიმშვიდე...) გარდა, ასეთ მაღალ ნდობას აპირობებს სხვა რამდენიმე გარემოება; კერძოდ:
1. არსებულ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მოსახლეობის უნდობლობა უიდეოლოგო პოლიტიკური სუბიექტების მიმართ; პოლიტიკოსთა უმრავლესობამ არაერთხელ გამოიცვალა ლიდერი თუ მსოფლმხედველობა, შესაბამისად, არჩევნების დროს ხალხს აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის; უფრო და უფრო იზრდება ეს უნდობლობა;
2.  ბოლო 25 წლის მანძილზე ინტელექტუალური წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი გადაქცეული იყო ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ლობისტად თუ „ლეღვის ფოთლად“; შესაბამისად, ხალხი ნაკლებად ენდობა ე.წ. ცნობად სახეებს;
3.  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორისადმი ნდობას უთუოდ აძლიერებს შემდეგი ფაქტიც:
საქართველოს ამჟამინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა უმძიმესი თავდასხმების პერიოდში შეძლო არამხოლოდ საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, არამედ სწრაფი აღორძინებაც;
4. საქართველოს ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულ სითბოს იჩენს მუსლიმანი ქართველების მიმართ; მისთვის ეროვნულობა ადამიანის არსებითი მახასიათებელია!
ამგვარი მიდგომა და პატრიარქის  საოცრად ტოლერანტული ბუნება პატრიოტი მუსლიმანი ქართველებისათვისაც წინა პლანზე აყენებს პატრიარქის ქართველობას, და არა - მის განსხვავებულ აღმსარებლობას; სწორედ ამგვარი გააზრების შედეგია საოცარი ფაქტი: ბოლო პერიოდში ირანში რამდენიმე ქართველმა საკუთარ შვილს სახელად დაარქვა ილია.
5.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მაქსიმალური მიმტევებლობით და სრული გულწრფელად ცდილობს, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან თუ  ხელისუფლებასთან, თუმცა, ძალიან კრიტიკულ სიტაციაში არც საყვედურს ერიდება. პარალელურად, პატრიარქი სრულად გამოხატავს რა ქართველი ხალხის (საქართველოს მოსახლეობის) უმრავლესობის სურვილს, ასევე, საქართველოს ეკლესიის ისტორიულ არჩევანს[3], ოფიციალურად აცხადებს, რომ საქართველოს ბუნებრივი გზაა ევროპული ოჯახი; მაგ., საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ 2015 წლის 19 მაისს ავსტრიის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან შეხვედრაზე განაცხადა: „საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა: საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი და მისი წევრი. საქართველოს ევროპული არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას“[4]. სამწუხაროდ, დასავლეთში ბევრს არასწორი ინფორმაცია აქვს  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ევროპული არჩევანის შესახებ; იხ., მაგ., კავკასიის საკითხების ცნობილი ექსპერტის, თომას დე ვაალის მცდარი თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დასავლეთთან დაახლოება არ სურს და ძველი საქართველოს სიმბოლოა[5]. სინამდვილეში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ითხოვს, დაჩქარდეს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი; მაგ., ევროკავშირის უმაღლეს კომისართან, შტეფან ფულესთან შეხვედრაში მან განაცხადა:
"მე იმედი მაქვს, რომ ის პროცესები, რომლებიც დღეს ვითარდება ევროპაში, უკრაინაში, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი გადადებული იყოს შორეულ მომავალში“[6].
6. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღენიადაგ ცდილობს, უცხოეთში წარმოაჩინოს საქართველო და ქართველი ადამიანის ნიჭიერება; ის ერთნაირი სითბოთი ხვდება სხვა ქვეყნების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც შეუძლიათ დახმარების ხელი გაუწოდონ გეოპოლიტიკური გადანაწილების ეპიცენტრში მძიმე დღეში მყოფ საქართველოს.
7. პატრიარქისადმი ქართველი ერის უსაზღვრო ნდობას აპირობებს მის მიერ ყოველ ეპისტოლესა თუ ქადაგებაში ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარდაუვლობა და  ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის თემა; ამ მიმართულებით გადაიდგა საინტერესო ნაბიჯიც: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შექმნა იბერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი (2011); ამგვარი აქტიურობა აუცილებელია, რამდენადაც დღეს საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომის პირობებში დიდი დარტყმის ქვეშაა ქართველთა ეროვნული (ენობრივ-ეთნიკური) ერთიანობა.
ქვემოთ შედარებით ვრცლად დავიმოწმებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რამდენიმე მოსაზრებას:
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აზრით, ადამიანს გამორჩეულად ოთხი რამ უნდა უყვარდეს: შემოქმედი, მოყვასი, მამული და ენა; კერძოდ, ჩვენი უწმინდესი ასე მიმართავს წმიდა გიორგის:
“დიდმოწამეო გიორგი, აღგვავსე ღვთაებრივი სიბრძნითა, რათა ყოვლითა არსებითა შევიყვაროთ: შემოქმედი, მოყვასი, მამული და ენა...”[7]

ჰუმბოლდტმა თქვა: „ენა არის ერის სული“;
ასევე ცნობილია გამოთქმები: „რა ენა წახდეს, ერი დაეცეს“; „ენა დედაა ერისა“...
 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახალ ფორმულას აყალიბებს:
ენა - ერის შინაგანი ენერგია:
“საქართველო სულ ბრძოლაში იყო; ამ ბრძოლაში შევინარჩუნეთ ჩვენი რწმენა, ჩვენი მიწა (თუმცა მთლიანად ვერა) და ჩვენი საყვარელი ენა - ის შინაგანი ენერგია, რომლითაც შემოქმედმა დაგვაჯილდოვა...”[8]

შდრ., ასევე:
„ერთი მთავარი წყაროთაგანი, საიდანაც ქართველები იღებდნენ თავიანთ სულიერ ძალებს - ესაა უძველესი და მადლიანი ქართული ენა, რომელზეც საოცრად მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, ესაა ენა, რომლის შესახებ ღირსმა მამამ თქვა: “ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს” (1982)[9].
საქართველოს მტრები დღესაც ცდილობენ, ქართველთა ნაწილს წაართვანე ეროვნული ენერგია - ისტორიული დედაენა. კათოლიკო-პატრიარქი ღიად ამხელს ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრების მოსურნეთ; მაგ., 2006 წლის 19 ივნისის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიმართა სვანეთისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეებს; კერძოდ მან ბრძანა:
"კარგად მოგეხსენებათ, რომ, სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც სურთ გაჰყონ ქართველი ერი და აქვთ სურვილი, წარმოაჩინონ სვანეთი და სვანური დიალექტი, როგორც ქართველი ერისაგან დამოუკიდებელი, განსხვავებული კულტურა. ეს ასევე შეეხება სამეგრელოს და სხვა კუთხეებსაც. ჩვენ კარგად ვიცით, საიდან მომდინარეობს ეს.
 ეს ჯერ კიდევ 200 წლის წინ დაიწყო, როცა რუსეთი ცდილობდა, გაეყო ქართველი ერი. ვფიქრობ, რომ ის ადამიანი, რომელიც ცდილობს წარმოადგინოს სვანური კულტურა, როგორც დამოუკიდებელი ქართული კულტურისაგან, _ არის მტერი არა მარტო სვანებისა, არამედ მთელი ქართველი ერისა“.
ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაში ჩვენი პატრიარქი ასე წარმოადგენს ქარტველურ ენობრივ სამყაროს:
„მე მეცნიერებს შევთავაზე, იქნებ ვთქვათ ასე - ქართული ენა თავისი განშტოებებით. მსგავსად იმისა, როგორც შტო ამოუვა ხეს, - ასეა დიალექტებიც, მაგრამ მათი საერთო ძირი და ფუძე არის ქართული ენა. უძველესი დროიდან არც ერთ მეგრელს ან სვანს თავში აზრად არ მოსვლია, რომ თავისი დიალექტისთვის ცალკე დამწერლობა შეექმნა, რადგან თავს მუდამ ქართველად მოიაზრებდა და მისი მშობლიური ენა ქართული იყო. განა დღეს რამე შეიცვალა?..“[10]
პატრიარქისადმი დიდ სიყვარულს აპირობებს ისიც, რომ თავის ეპისტოლეებში იგი ერთნაირი ყურადღებით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოდან წასულ თანამემამულეებს:
„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!“[11]
პატრიარქი ბრძანებს:
"მინდა გამოვთქვა ჩემი, და საერთოდ, ყველას გულისტკივილი იმის გამო, რომ ბოლო დროს მრავალი ქართველი ახალგაზრდა წავიდა უცხოეთში. უმეტესობა გაჭირვებამ წაიყვანა... რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ზოგიერთი ვერ ან არ დაბრუნდება სამშობლოში. ეს იმას ნიშნავს, რომ მას დაეკარგება ენა, ეროვნება, ყველაფერი ის, რითაც ამაყობდა ქართველი"... "ფაქტიურად, ისინი დაკარგული შვილები შეიძლება გახდნენ ჩვენთვის...“[12]

ქართველთა დიდ ნაწილს მოსწონს პატრიარქის პოზიცია ე.წ. ფსევდოლიბერალიზმის შესახებაც:
"თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არ აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას.... უგნური ლიბერალიზმი, როგორც წესი, სათავეა მრავალი ნეგატიური მოვლენისა“[13]. ე.წ. უგნური ლიბერალიზმის წარმომადგენლებს საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი სხვაგან უფრო მწვავედ აკრიტიკებს; კერძოდ, სტეფან ფულესთან შეხვედრისას მან ბრძანა:
"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტრუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს... მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს"[14]...

 ზემოთ წარმოდგენილი ფაქტები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პროდასავლური და დაბალანსებული, ქართველი ერისა და ერთიანი საქართველოს გადარჩენაზე ორიენტირებული პოზიცია ბუნებრივად აპირობებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის, ზოგადად, ქართველი ერისათვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს არის ქართველი ერისა და საქართველოს ერთიანობის სიმბოლო.
         














[1] http://www.geotimes.ge/archive/index.php?m=home&newsid=61266&lang=geo.
[2] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/213475-ilia-meore-gamokithkhvebis-mikhedvith-yofil-sabtcotha-qveynebs-shoris-saqarthvelos-marthlmadidebel-eklesias-da-patriarqs-yvelaze-metad-endobian.html?ar=A.
[3] საქართველოს ეკლესიის ისტორიული არჩევანის შესახებ მსჯელობისათვის ვრცლად იხ.: ტარიელ ფუტკარაძე, საქართველოს ეკლესია ისტორიულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში /დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ძველი და ახალი შეცდომები საქართველოში/ http://orientacia.blogspot.com/2013/10/blog-post_2571.html?spref=bl.
[7] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი, წიგნი I, თბ., 1997, გვ. 8
[8] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი, წიგნი I, თბ., 1998, გვ. 66
[9] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი, წიგნი I, თბ., 1997, გვ. 200 
[10] 2007 წლის 13 მაისის საკვირაო ქადაგება წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში; საპატრიარქოს უწყებანი, 16 (416), 17-23 მაისი, 2007 წ.
[11] საპატრიარქოს უწყებანი, # 1, 10-16  იანვარი, 2008
[12] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საკვირაო ქადაგება, 5 იანვარი, 2003 წ; საპატრიარქოს უწყებანი, # 1, 10-16 იანვარი, 2003 წ..  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე 19 იანვარი, 2003 წ; საპატრიარქოს უწყებანი, # 3, 24-30 იანვარი, 2003 წ.
[13] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლე; საპატრიარქოს უწყებანი, # 16, 21-27 აპრილი, 2001 წ.
[14] http://www.tabula.ge/ge/story/80773-margvelashvili-umnishvnelovanesi-iko-shtefan-fules-ilia-meorestan-shexvedra