Sunday 30 April 2017

ნოდარ იმნაძე - ვაჟკაცის ტრაგიკული ისტორია



30 აპრილი ნოდარ იმნაძის გარდაცვალების დღეა; კაცის, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას; არაფერს ვამბობ ზედმეტს - მისი სიკვდილი პოლიტიკური ხასიათის მიზეზებმა განაპირობა:
ბატონი ნოდარი იყო ეროვნული მოძრობის აქტიური წევრი ბათუმში. ის გვერდით ედგა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. შემდგომში ნოდარი იყო აჭარის  "მრგვალი მაგიდის" ხელმძღვანელი, საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი და საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი; ნოდარს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.
ახლა კი მოკლედ მისი გარდაცვალების პოლიტიკური გარემოებების შესახებ:
ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით არსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაც "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" სახელით გაიმარჯვეს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, იმთავითვე აცხადებდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება კონსტიტუციურ გარაინტიას აძლევს აფხაზ ხალხს, ჰქონდეს "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა".
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ აქვე იყო ნათქვამი, რომ 1921 წელს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გვერდის ავლით ბოლშევიკებისა და ათათურქის გარიგებით შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - საქართველოში ქართველთა ავტონომიის - შემდგომი არსებობის საკითხს რეფერენდუმის გზით გადაწყვეტს აჭარის მოსახლეობა (იხ., მაგ., მისი გამოსვლა უზენეასი საბჭოს სესიაზე 9 აპრილს; ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტის ხელნაწერებში ბატონი ზვიადის ხელით გაკეთებული დამატებები; ხელნაწერები მოგვაწოდა ბ-ნმა ჯონი ხეცურიანმა; დოკუმენტური მასალა დავბეჭდეთ კრებულში: "საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი"):





მე, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს "საქართველოს ჰელსინკის კავშირიდან" და, ასევე, როგორც ქალაქ ბათუმის პრეფექტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასგან მქონდა სრული უფლებამოსილება, ჯერ მეხელმძღვანელა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ორგანიზებისათვის, შემდგომში კი აჭარის ავტონომიის თემაზე აჭარაში ჩასატარებელი რეფერენდუმის ორგანიზებისათვის.

1991 წლის გაზაფხულზე აჭარაში პრეფექტურების პარალელურად არსებობდა სრულიად ფუნქციადაკარგული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომლის თავმჯდომარე იყო ბატონი თენგიზ ხახვა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშნული იყო კომუნისტების დროს; პარალელურად, ის იყო საბჭოთა კგბ- მაღალჩინოსანი (ოფიციალურად მუშაობდა კგბ-ში); რის გამოც მას, ბუნებრივია, არ ენდობოდა ბატონი ზვიადი.
ჩემი პოზიცია გარკვეულწილად განსხვავებული იყო:
მე ვუთხარი ბატონ ზვიადს, რომ ყავლგასული კომუნისტური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თენგიზ ხახვა პრობლემებს ვერ შექმნიდა: არსებული აჭარის უმაღლესი საბჭო იოლად მიიღემდა რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილებას; შესაბამისად, საკადრო ცვლილებების გარეშე, მით უმეტეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნების დანიშვნამდე, ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი, რამდენადაც კომუნისტების დროს არჩეულ უმაღლეს საბჭოს არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონდა; არც დამარცხებული პარტიის წევრი თენგიზ ხახვა შეეცდებოდა, წინააღმდეგობა გაეწია ერვნული ხელისუფლებისათვის (გუმბარიძის მსგავსად).
 იყო სხვა აზრიც; კერძოდ, ნოდარ იმნაძე ფიქრობდა, რომ უმჯობესი იყო, ჯერ ჩატარებულიყო ახალი არჩევნები და მერე - რეფერენდუმი, რომ არჩევნებამდე რეფერენდუმის ჩატარებას პროვოკაციები არ მოჰყოლოდა.

მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ასე მგონია, რომ ასლანის თავმჯდომარეობით ახალარჩეული აჭარის უმაღლესი საბჭო პროცესს არასოდეს მიიყვანდა რეფერენდუმამდე - მეტიც - უფრო გაამყარებდა ავტონომიის სტრუქტურებს (როგორც მოხდა კიდეც!).
ნოდარისა და ჩემს მოსაზრებებს შორის პრინციპული სხვაობა არ იყო:
რეფერნდუმის გზას ორივე ვუჭერდით მხარს; რეფერენდუმის ჩატარების დროს შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებები კი ფაქტობრივად არც განხილულა ნოდარ იმნაძის მკვლელობის გამო.
ახლა კი რა პირობებში და როგორ მოხდა ეს მკვლლობა:

ბატონმა ზვიადმა მაინც გადაწყვიტა, შეეცვალა თენგიზ ხახვა; განიხილებოდა ორი ძირითადი კანდიდატურა - ჩემი და ასლან აბაშიძისა.
პირადად, მე საკადრო ცვლილების მომხრე არ ვიყავი და, როგორც უკვე ვთქვი, პირადაპირ რეფერენდუმის ორგანიზებას ვუჭერდი მხარს, მაგრამ გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის გურამ ჩიგოგიძემ - აჭარის მინისტრთა საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ და მისმა ჯგუფმა, ასევე, საქართველოს უზენაესი საბჭოს რამდენიმე მაშინ გავლენიანმა წევრმა დაარწმუნ ბატონი ზვიადი, რომ ავტონომიის თემაზე რეფერენდუმის იდეას მხარს თენგიზ ხახვაზე მეტად დაუჭერდა მემედ აბაშიძის შვილიშვილი ასლან აბაშიძე.
ბატონი ზვიდის გადაწყვეტილების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ, ასლან აბაშიძე - არადეპუტატი, თავის თავმჯდომრედ აირჩია საბჭოთა პერიოდში ჩეულმა აჭარის არ უმაღლესმა საბჭომ (ასეთი უპრინციპო უმაღლესი საბჭო რეფერენდუმს რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, ამითაც დასტურდება); ამავე უმაღლესმა საბჭომ თავმჯდომარის (ასლანის) მოადგილედ ნოდარ იმნაძე აირჩია; აქვე განვმარტავ:
კონსტიტუციის შესაბამის მუხლს დაემატა ფრაზა: "როგორც წესი" და გამოვიდა ასეთი შინაარსი: აჭარის უმაღლესი საბჭო თავის თავმჯდომარეს, როგორც წესი, ირჩევს თავისი შემადგენლობიდან" (სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას: ჩემგან განსხვავებით, ნოდარ იმნაძე უჭერდა მხარს ამგვარ ცვლილებას).

დღესაც მიმაჩნია, რომ ასლან აბაშიძის არჩევა ამგვარი გზით იყო ეროვნული ხელისუფლების პირველი სერიოზული შეცდომა. ეს დანიშვნა (და არა - არჩევა) ჩემთან როგორც კერძო, ასევე, მოგვიანებით, აჭარის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან საუბარში, ასე გაამართლა ბატონმა ზვიადმა:
- ბატონი ასლანი არის მამაჩემის მეგობრის - მემედ აბაშიძის - შთამომავალი, შესაბამისად, არ გვიღალატებს და მხარს დაუჭერს რეფერენდუმის იდეას.

მე ეჭვი მეპარებოდა ამ დანიშვნის სისწორეში; პრეზიდენტისთვის მანამდეც მქონდა ნათქვამი და ჩვენი კერძო საუბრის დროსაც ვუთხარი ჩემი არგუმენტები; თუმცა, პატივი ვეცი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ოღონდ ვთხოვე, ყველა ერთად შევკრებილიყავით და ყველასათვის ეთქვა პრეზიდენტს რეფერენდუმის ორგანიზების შესახებმართლაც, მალევე პრეზიდენტთან შევიკრიბეთ აჭარის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, სადაც შევთანხმდით, რომ 31 მარტის რეფერენდუმისა და 26 მაისს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ დავიწყებდით მუშაობას აჭარაში რეფერენდუმის ორგანიზებისათვის.
რეფერენდუმის იდეას აქტიურად უჭერდნენ მხარს და სათანადო ნაბიჯებს დგამდნენ კიდეც სხვა პრეფექტებიც: ბეჟან გობაძე, სანდრო ბერიძე, შოთა ფუტკარაძე, ბესო ბიბინეიშვილი და ანზორ თხილაიშვილი.

1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ მე მითხრეს, რომ ასლან აბაშიძის ორგანიზებით ხულოდან, ადიგენიდან და გურიიდან მოჰყავდათ მუსლიმანი მოხუცები, რომელთა მიზანი იყო ავტონომიის დაცვა.
მე არ გამკვირვებია ეს მუხანათობა და დავურეკე პრეზიდენტს. მან მითხრა, რომ ჩემთან ერთად დაელაპარაკებოდა ასლანს. მე მივედი ასლანის კაბინეტში და მისი სამთავრობო ტელეფონით ველაპარაკე პრეზიდენტს და ტელეფონი გადავეცი ასლანს. არაფერი პრობლემა არ იქნებაო; უთხრა ასლანმა ბატონ ზვიადს.
მაგრამ 2 თუ 3 დღეში, 22 აპრილს (თარიღი შემთხვევით არ ემთხვევა ლენინის დაბადების დღეს), რამდენიმე ავტობუსით მართლაც ჩამოიყვანეს სრულიად გაუთვითცნობიერებელი ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციებით დაამუშავეს და მოათხოვნინეს აჭარის ავტონომიის დაცვა; ეს ჯგუფი პირველ რიგში ითხოვდა რეფერენდუმის დასჯას - არც მეტი, არც ნაკლები: ვინ არის რეფერენდუმი, უნდა დაისაჯოსო!
ამ აქციას შეუერთდნენ ძმები ასანიძეების ჯგუფის წევრები, ასევე, ბადრი მელაძე და სხვა რამდენიმე პირი, რომლებმაც შემდეგ ასლანისაგან მიიღეს თანამდებობები.
ფაქტობრივად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ორგანიზებით პატარა, მაგრამ აგრესიულმა ბრბომ გაილაშქრა რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ. შეიქმნა დაპირისპირების პერსპექტივაც, რომელიც განმუხტა ნოდარ იმნაძის ჭკვიანურმა საქციელმა: ნოდარს ემორჩილებოდა აჭარაში არსებული ეროვნული გვარდია, რომლის წევრებსაც ნოდარმა მოთხოვა, ყველა პროვოკაციას სიმშვიდით და უიარაღოდ შეხვედროდნენ.
22 აპრილს მე მივედი მიტინგზე; ვნახე, რაც იქ ხდებოდა:
მე როცა მივედი, იმ დროს სიტყვით გამოდიოდა ასლანი და მის მიერ მოკრებილ ხალხს (მომიტინგენი რომ ასლანმა შეკრიბა, ეს ახლახან კიდევ დაადასტურა ლევან ხოზრევანიძემ, მიტინგის შემდეგ აჭარის შსს ხელმძღანლად დანიშნულმა პირმა) ჰპირდებოდა რეფერენდუმზე უარის თქმას, ასევე, გერბს, დროშას..
მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ასლანი თავის თანამდებობრივ მდგომარეობას იმყარებდა; მართლაც, მან მალევე, ფაქტობრივად უფუნქციო .. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ძლიერ სახელისუფლებო ბერკეტად აქცია (პირველ ეტაპზე მას ამაში ხელს უწყობდა გურამ ჩიგოგიძის ჯგუფიც). 

22-შივე გადავწყვიტე, პირდაპირ წასულიყავი თბილისში, რომ პრეზიდენტისათვის რეალური ვითარება ამეხსნა.
მე ავუხსენი პრეზიდენტს, რომ რეფერენდუმის იდეას მოწინააღმდეგე ისევ ჩვენს შორის გამოუჩნდა ასლან აბაშიძის სახით და მოსალოდნელი იყო სერიოზული დაპირისპირების პროვოცირება, რამდენადაც აჭარაში ჯერ კიდევ მყარად იდგა საბჭოთა კავშირის ჯარი, რომელიც მაშინვე გაქტიურდებოდა, თუკი სიტუაცია დაიძაბებოდაჩემი ინფორმაციით, სწორედ საბჭოთა ჯარის იმედი ჰქონდა ასლან აბაშიძეს (შემთხევითი არც ის არის, რომ მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, სწორედ რუსეთის ხელისუფლებამ მისცა სიტყვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ მშვიდობიანად წაიყვანდა ასლან აბაშიძეს, თუკი თავს დაანებებდა აფხაზეთსა და ცხივალის მხარე).
ახლა ამ გადასახედიდან - 27 წლის შემდეგ - ცივი გონებით განსჯის შემდეგაც, ვამბობ:
1991 წელს ზაფხულში იყო იდეალური შესაძლებლობა, რეფერენდუმის გზით გაგვეუქმებინა რუსებისა და თურქების შეთანხმებით - საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ - შექმნილი აჭარის უკანონო ავტონომიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - ნონსესია ქართველთა ავტონომია საქართველოში (მით უმეეს, დღეს აჭარელთა დიდი ნაწილი ქრისტიანია).

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ავტონომიურ წარმონაქმნს არაფერი სიკეთე არ მოუტანია არც აჭარის პატიოსანი მკვიდრებისათვის და არც სრულიად საქართველოსათვის; ეს ავტონომი იყო, არის და იქნება უკანონო ლუკმა მხოლოდ ჩინოვნიკთა ვიწრო წრისათვის.
აჭარის ავტონომიას არც აფხაზეთის გამო აქვს გამართლება:
გულუბრყვილობაა ფიქრი, რომ ქართველთა ავტონომიის არსებობით რაღაც ილუზიებს შევუქმნით რუსებისაგან მართულ აგრესიულ აფხაზებს (აფხაზთა დიდი ნაწილი ისედაც დარწმუნებული იყო /არის ზვიად გამსახურდიასა და მისი შემდგომი ხელისუფლებების მიერ მიცემული გარანტიების სიმყარეში).
აქვე აღვნიშნავ:
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიების მიმართებას სულ სხვა თვალით ხედავს რუსული პოლიტელიტა; ასლანის მიერ აჭარის ავტონომიის გამყარება სწორედ .. "სუსლოვის გეგმის" გარეალურება იყო; შდრ., რა უნდოდა სუსლოვს და რა უნდა დღევანდელი რუსული პოლიტელიტის დიდ ნაწილს:
"აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. დასავლეთი საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის ფუნქცია უნდა შევასრულოთ. პარალელურად ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულნი, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც საქართველოს ტერიტორიიდან მათი საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს(ვრცლად იხ.: http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2014&art=1576).
 
ზოგი დღესაც, აყალბებს რა სიტუაციას, ამბობს, რომ აჭარის ავტონომია გათვალისწინებული იყო ნოე ჟორდანიას მთავრობის კონსტიტუციაშიო; მათ გასაგონად ვამბობ:
პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაში სულ სხვა რეალობაზეა საუბარი; კერძოდ, ავტონომია გათვალისწინებულია მთლიანად .. მუსლიმანურ საქართველოსათვის და მოიცავდა: აჭარას, მაჭახელს, ლივანას, ლაზეთის დიდ ნაწილს, შავშეთს, ტაოს, ერუშეთს... თუმცა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა...

დავუბრუნდეთ ისევ 1991 წლის აპრილის მოვლენებს:
1991 წლის 23 აპრილს მიტინგის მონაწილეებმა მოითხოვეს საკადრო ცვლილებებიცპროვოციებული აგრესია მიზანმიმართულად განვითარდა .. არააჭარელი კადრების მიმართულებით (შდრ., სუსლოვის გეგმა: კუთხეების დაპირისპირების პროვოცრება!), ბრბო განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდა ნოდარ იმნაძის წინააღმდეგ, რამდენადაც, ნოდარი ხელმძღვანელობდა გვარდიას; მიტინგის დამგეგმავები, იყენებდნენ რა გაუთვითცნობიერებელი ჯგუფის აგრესიას, ცდილობდნენ გვარდიელებთან დაპირისპირებით სისხლიანი შეტაკების პროვოცირებას (ასლან აბაშიძემ არ დაინდო მისი მეგობარი გურამ ჩიგოგიძეც კი).

23 აპრილს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ მე მეორე დღესვე დავბრუნდი ბათუმში და შევხვდი ნოდარს (როგორც მახსოვს, მისივე თხოვნით); ნოდარმა მითხრა, რომ ასლანმა გვიღალატა და, რეფერენდუმისთვის მხარდაჭერის ნაცვლად, მოაწყო ეს მიტინგი. ჩვენი აზრები ემთხვეოდა.
შექმნილ სიტუაციაში პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო გარკვეული დათმობა კადრების მიმართულებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჭარაში პრობლემები არ წარმოშობილიყო; შესაბამისად, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მითხრა, დროებით მეთანამშრომლა ასლანთან, ნოდარი კი თბილისში დაიბარა გვარდიის ნაწილთან ერთად.
 ნოდარ იმნაძემ ბათუმიდან  თბილისში წასვლის წინ გადაწყვიტა, შეევლო ასლან აბაშიძის კაბინეტში და პირში ეთქვა თავისი აზრი მისი (ასლანის) არასწორი ქმედების გამო.
ნოდარმა გვარდია გაიყვანა ბათუმის გარეთ, თავად კი რამდენიმე კაცთან ერთად მიბრუნდა ქალაქში; მივიდა უმაღლესი საბჭოს შენობასთან; გარეთ დატოვა თანმხლები ორიოდე გვარდიელიც და შენობაში შევიდა მხოლოდ ქალიშვილთან - ნატო იმნაძესთან - ერთად.

ახლაც ისევე ვფიქრობ, როგორც მაშინ:
ნოდარი ასლანთან იარაღით შევიდა მის დასაშინებლად, თუმცაიარაღის სროლით არ უნდა შესულიყო შენობაში. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ  ნოდარი იქ არ მისულა ასლანის მოსაკლავად: ასლანის მოკვლა რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, გვარდიას გარეთ არ დატოვებდა და კაბინეტში თავის ქალიშვილს არ შეიყვანდა... ეს არ დაუშვია - ზორ ჯაიანს, აჭარის უშიშროების უფროსს, რომელიც ასლანის კაბინეტში დახვედრია მურმან ომანიძესთან ერთად (მაშინ მგონი მინისტრის მოადგილ იყო): აჭარის უშიშროების უფროსმა - ანზორ ჯაიანმა მკლავში დაჭრა ნოდარი, რომელსაც ხელიდან დავარდნია ავტომატი.
თვითმხილველთა მონაყოლით, დაჭრილი ნოდარი გამოსულა კანიბეტიდან, მაგრამ  მას დერეფანში დაწევია ასლან აბაშიძე და ნოდარისვე ავტომატით ზურგიდან ჩაუცხრილავს. ეს მოხდა 1991 წლის 30 აპრილს... ამის შემდეგ დიდ საფრთხეს გადაურჩნენ ნოდარ იმნაძის ოჯახის წევრებიც: ისინი თბილისისაკენ მიმავალ გზაზე დაკავეს (და როგორც თავად ნატო იმნაძე - ნოდარის ქალიშვილი - ჰყვება, სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ).
ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, ნოდარ იმნაძე დიდი პატივით დაიკრძალა თბილისში. ის ამას იმსახურებდა, რამდენადაცმიუხედავად აღწერილი ფაქტების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობისა, ფაქტია, რომ ბატონი ნოდარ იმნაძე საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის რძოლის პროცესში დაიღუპა

p.s.
რომელიმე სუბიექტურმა პარტიულგრანტიანმა ისტორიკოსმა რომ არ დაამახინჯოს თანამდევი სხვა ფაქტებიც, სხვა დროს მოგიყვებით შემდგომ განვითარებულ მოვლენების შესახებ; დღეს კი, ნოდარის მკვლელობის დღეს, ნოდარის ტრაგიკული ცხოვრების გახსენებით შემოვიფარგლები.


ტარიელ ფუტკარაძე, 2017 წლის 30 აპრილი


p.p.s.