Monday 21 October 2013

საქართველოს ეკლესია ისტორიულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში



ტარიელ ფუტკარაძე

საქართველოს ეკლესია ისტორიულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში
/დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ძველი და ახალი შეცდომები საქართველოში/


1. ქართველი ერის პროდასავლური არჩევანი /დიაქრონიული ანალიზი/:

ქართველმა ერმა პროდასავლური არჩევანი გააკეთა ჯერ კიდევ IV საუკუნეში, როდესაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა; კერძოდ, I-IV საუკუნეებში საქართველოს ჰქონდა არჩევანი ორ კულტურას შორის - ირანულ (აღმოსავლურ) ზოროასტრიზმსა და ევროპულ ქრისტიანობას შორის: საქართველომ ქრისტიანული დასავლეთი აირჩია; ამ არჩევანის გამო ქართველი ერის, საქართველოს განადგურებას ცდილობდნენ: სპარსეთი (IV-VI სს), არაბეთი (VII-IX სს), სელჯუკები (X-XI სს), მონღოლები (XIII-XIV სს), ირანი და ოსმალეთი (XVI-XVIII სს)...
ქართველობამ ყველა ამ მომხდურს გაუძლო.
VII-XVII საუკუნეებში ქართველობისა და ქრისტიანობისათვის ბრძოლა სინონიმებად იქცა; ქართულ ენასთან ერთად ქრისტიანობა ქართველთა იდენტობის განმსაზღვრელ ფაქტორად მოგვევლინა; შდრ.:

ა) ჯვაროსნული ომების დროსაც დადგა საქართველო არჩევანის წინაშე; თავისი ქრისტიანობის გამო საქართველომ მაშინაც ქრისტიანული დასავლეთის მხარე დაიჭირა და არა - აგრესიული სელჩუკებისა; ამ პერიოდში საქართველოს თავისი ძლიერების ოქროს ხანა ჰქონდა.

ბ) XVI-XVIII საუკუნეების კავკასიაში ირან-ოსმალეთის აგრესიამ (იხ., მაგ., 1555 წლის ამასიის ზავი) და მათმა მცდარმა სტრატეგიამ კავკასიაში მესამე გეოპოლიტიკური მოთამაშე - რუსეთი - შემოიყვანა: ირანისა და ოსმალეთის მცდელობამ, გაენადგურებინათ ქართული სამეფოები, ასევე, საქართველოსადმი დასავლეთის გულგრილობამ (იხ., მაგ., სულხან-საბას იმედგაცრუება), ქართველები   აიძულა, სტრატეგიული პარტნიორი ჩრდილოეთშიც ეძებნათ:
მუსლიმანურ ქვეყნებთან განუწყვეტელ ომში გადაღლილმა და მოხუცებულმა ერეკლე მეორემაც ქართლ-კახეთის მეფემ/ დაუშვა შეცდომა: მას ეგონა, რომ ქრისტიანული (მართლმადიდებლური) რუსეთი, როგორც დასავლური კულტურის ნაწილი, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას გაუწევდა. ერეკლე მეორემ 1783 წელს რუსეთთან სამეგობრო ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ ერეკლეს სიკვდილის შემდეგ, 1801-1811 წლებში, რუსეთმა დაარღვია იგი და:
- საქართველოში მოსპო მეფობა;
- გაანადგურა ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვანი სამეფო დინასტია;
- გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის - ქართულენოვანი ეკლესიის - ავტოკეფალია;
- იარაღის ძალით დაიმორჩილა სხვა ქართული სამეფო-სამთავროებიც.

) პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, 1918 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე გეოპოლიტიკური მოთამაშე აქტიურობდა: თავისი პასიურობითა თუ სხვა მიზეზით დასავლეთევროპის ქვეყნებმა იმჟამად რუსეთ-ოსმალეთის კერძად დატოვა საქართველო[1]:
1921
წლის 16 მარტს მოსკოვის შეთანხმებით[2] თურქეთმა და რუსეთმა საქართველოს მთავრობის ზურგსუკან შუაზე გაიყვეს საქართველოს ტერიტორია;  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაშიც კი დიდხანს და ამაოდ ითხოვდა დასავლეთის მხარდაჭერას, ამ უკანონო აქტზე რეაგირებას და საქართველოს დეოკუპაციას... აქ დავიმოწმებ საქართველოს ეკლესიის სახელით "გენუის კონფერენციისადმი" (1922 წლის 10 აპრილი-19 მაისი) გაგზავნილ წერილს; კერძოდ, საქართველოს კათოლიკოსი ამბროსი ხელაია წერდა:
" ჯერ კიდევ წინაქრისტიანულს ხანაში, კავკასიის ძირში, შავისა და კასპი ზღვებს შორის, ქართულ მოდგმის ტომებმა შექმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და აქტუალური ნიჭით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ცნობილია ისტორიაში საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა...
...მცირე ერთა მჩაგვრელმა რუსეთმა დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში... ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში, მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას...
ამიტომ ვითხოვ: დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან...[3]
სამწუხაროდ, მაშინდელი ევროპის სახელმწიფოები ვერ აღმოჩნდნენ თანამიმდევრულნი დემოკრატიული ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით და რუსეთთან გააფორმეს ხელშეკრულებები თავიანთი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე[4].

) 1991 წელსაც საქართველომ უარი თქვა რუსეთის საბჭოთა იმპერიაში ყოფნაზე (31 მარტის რეფერენდუმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი)მაგრამ იმხანად დასავლეთმა ბალტიის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა გაიყვანა რუსული სივრციდან და კავკასია, შუა აზია, უკრაინა-ბელორუსია-მოლდოვის რეგიონი რუსეთს დაუთმო (1989 წლის მალტის მოლაპარაკების შედეგი?)...

) 2005 წელს საქართველომ ჩაატარა კიდევ ერთი რეფერენდუმი და დააფიქსირა ნატოსკენ სწრაფვა, მაგრამ რუსეთის ფაქტორის გამო დასავლეთმა 2007 წელს ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინა, საქართველოს მაპ- არ მისცა და, ფაქტობრივად, საქართველო არ დააზღვია 2008 წლის აგვისტოს ავანტიურისგან; 2008 წლის აგვისტოში მართლმადიდებლურმა რუსეთმა მართლმადიდებლური საქართველო დასაჯა პროდასავლური არჩევანის გამო: საქართველოს ორ განაპირა კუთხეში - აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში  - მოახდინა ქართველთა გენოციდი და განახორციელა ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია. ამ კონტექსტშია საინტერესო 2013 წლის 28 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებული შეფასება:
"...მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ომი და ბრძოლა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს იყო ბრძოლა მესამე ძალასთან...[5]

2007-2008 წლებში დასავლეთის არასაკმარისი დახმარების მიუხედავად, ტერიტორიებოკუპირებული საქართველო დღესაც ცდილობს, შეინარჩუნოს პროდასავლური ორიენტაცია და დასავლეთისადმი ნდობა.



2. რუსეთი ქართულენოვანი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ /მოკლე ქრონიკა/:

კონსტანტინეპოლი და რომი მეტოქეობამ დაასუსტა; მართლმადიდებლობაზე ორიენტირებული ბიზანტიის იმპერია ცდილობდა, დაეთრგუნა საქართველოც - თავისი სტრატეგიული მოკავშირე. პოტენციური პარტნიორებისადმი (რომის იმპერია, საქართველო...) ბიზანტიის მცდარი, ახლომხედველური პოლიტიკა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ 1453-1461 წლებში ოსმალებმა დაამხეს ის და დაეუფლნენ ბიზანტიის ტერიტორიასა თუ მატერიალურ მემკვიდრეობას. ოსმალეთის იმპერიამ 1555 წელს ირანთან გაფორმებული ამასიის ზავით დაისაკუთრა საქართველოს დასავლეთი და სამხრეთი ნაწილები.
ბიზანტიისა და საქართველოს განადგურების შემდგომ მართლმადიდებლური სამყაროს სულიერი მემკვიდრეობა ფორმალურად საკუთარ თავზე აიღო ახალდაარსებულმა რუსეთის სახელმწიფომ, რომელიც, ბევრი აღმოსავლური  სახელმწიფოს მსგავსად, შეეცადა, რელიგია იმპერიის იაღარად ექცია /ამ კონტექსტში განვიხილავთ რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს ეკლესიის მიმართაც/.
ბოლო საუკუნეებში რუსეთი უფრო და უფრო  დაუპირისპირდა ცივილიზებულ დასავლეთს; საბჭოთა პერიოდში კი მსოფლიოსათვის საშიშ მონსტრად ჩამოყალიბდა... დღეს რუსეთი ე.წ. "ევრაზიის კავშირის" შეკოწიწებითა და თერმობირთვული ფსიქოტერორით ცდილობს, აღადგინოს საბჭოთა პერიოდის რუსული იმპერია. ბოლშევიკური იმპერიისგან განსხვავებით, ამ მიზნით ერთ-ერთ იარაღად ისევ იყენებს მართლმადიდებლობას... შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ცივილიზებულ  დასავლეთს ლოგიკური უნდობლობა გაუჩნდა რუსული მართლმადიდებლობის მიმართ.

შდრ:
 ბოლო 200 წლის მწარე გამოცდილების გამო დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო დაბეჯითებით თვლის, რომ ამჟამინდელი ე.წ. მართლმადიდებლური რუსეთი საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ისევე საშიშია (თუ მეტად არა!), როგორც სხვა აღმოსავლური ტირანიები.
აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს დასავლური პოლიტიკური წრეების ერთი ნაწილის დიდი შეცდომაა ის, რომ საქართველოს ეკლესიას პრორუსული ორიენტაციის მქონე ორგანიზაციად თვლის (შდრ.: დასავლეთი ლოიალურია ბერძნული მართლმადიდებლობოსადმი).
მოცემულ აწმყოში ცალკეული პრორუსული პერსონები მართლაც შეიძლება იყვნენ საქართველოს ეკლესიაში (პრორუსული პერსონების არსებობა შესაძლებელია ევროპის ლიდერებს შორისაც კი)[6], მაგრამ თავისი ისტორიის მანძილზეც და დღესაც საქართველოს ეკლესია არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართველთა ენობრივ-ეთნიკური ერთიანობისათვის მებრძოლი;
შდრ.:
ყველა ინფორმირებული ქართველისათვის ნათელია, რომ ბოლო 200 წელიწადში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის მოსპობას ცდილობს რუსეთი:
რუსეთი რამდენჯერმე შეეცადა, საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობას, ოღონდ, ბიზანტიისგან განსხვავებით, ჩრდილოელმა მეზობელმა ქართულენოვან ქრისტიანობასაც შეუტია: შეეცადა, საქართველოს ეკლესიებიდან  გაედევნა ქართული ენა, გადაღება ქართული ტრადიციული ფრესკები და დაიწყო ქართული ტრადიციული გუმბათების შეცვლა "ხახვისთავიანი" გუმბათებით /საქართველოს ეკლესიის გუმბათები გუმბათოვანი ქართული ტრადიცლული სახლის არქიტექტურული მოდელის განვითარებას წარმოადგენს/...
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგაც რუსეთს საქართველოს მიმართ აქვს მცდარი სტრატეგია - ოკუპანტის აგრესიული პოლიტიკა - რის გამოც საქართველო კიდევ უფრო სწრაფად მიილტვის დასავლეთისაკენ; ქართველები, ზოგადად, საქართველოს მოქალაქენი, ქართული ეროვნული თვითმყოფადობისა და მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთ გზას დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორობაში ვხედავთ; ყველასთვის ცხადია:
 ქართველებისთვის მართლმადიდებლური რუსეთის იმპერიული აგრესია უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე მონღოლების, არაბებისა თუ სპარს-ოსმალოების შემოსევები; შესაბამისად, არასწორი განსჯის შედეგია იმ ექსპერტთა დასკვნა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო და საქართველოს სამოციქულო ეკლესია ოდესმე შეიძლება იყოს პრორუსული.
შდრ.: საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს ნაწილში რუსეთი განიხილება არა ბიზანტიის, არამედ მონღოლების მემკვიდრედ, რომელიც დღეს ჰეზბოლასა თუ ასადის რეჟიმის პარტნიორი უფროა, ვიდრე - ცივილიზებული დასავლეთისა...
1991 წელს რუსებს ბოლო შანსი ჰქონდათ, კავკასიაში კეთილმეზობლური პოლიტიკა ეწარმოებინათ:
1991 წლის 31 მარტს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩაატარა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ; რეფერენდუმის საფუძველზე საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა; პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა საერთაშორისო საკანონმდებლო აქტების პრიმატი, ქართულენოვანი მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლი ქართველი ერის ისტორიაში  და, ამავდროულად, საქართველოში მყოფ რუსულ საჯარო შენაერთებს მიანიჭა საოკუპაციო ჯარის სტატუსი[7].
სამწუხაროდ, იმხანად, დასავლეთმა რუსეთს დაათმობინა მხოლოდ ბალტიის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა; რუსეთმა დასავლეთის ირიბი თანხმობის პირობებში, გამოიყენა რა ვლადისლავ არძინბა, ედუარდ შევარდნაძე და სხვები,  იარაღის ძალით დაამხო დამოუკიდებლობის მოსურნე კავკასიელი პრეზიდენტები (ზვიად გამსახურდია, აბულფას ელჩიბეი, ჯოხარ დუდაევი) და კავკასიის სახელმწიფოები ამ გზით დააბრუნა დსთ-ში - პოსტსაბჭოურ პერიოდში აღორძინებულ რუსულ იმპერიაში (შემთხვევითი არ უნდა იყოს საუბრები, რომ ვ. არძინბაცა და ს. ბაღაფშიც რუსებმა მოკლეს, რამდენადაც აფხაზეთში დარჩენილი ეს ლიდერები მიხვდნენ, რომ კრემლმა მათი გამოყენებით ქართველებიც დაამარცხა და აფხაზებიც); შდრ.:
ქართველთა დიდი ნაწილი შეეწინააღმდეგა დსთ-ში საქართველოს დაბრუნებას, რამდენადაც ქართველობისათვის ქართულენოვანი მართლმადიდებლობა პროდასავლური არჩევანი იყო რუსეთის დაარსებამდე 1000 წლით ადრე; გარდა ამისა, ბოლო 200 წელიწადში რუსეთმა აჩვენა, რომ მას არ სურს ქართულენოვანი სახელმწიფოსა და ქართულენოვანი მართლმადიდებლობის არსებობა...
ერეკლე მეორისგან განსხვავებით, პოსტსაბჭოთა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში პრორუსული კურსი ასოცირდება ანტიდასავლურ არჩევანთან; დღესაც დიდი უმრავლესობა ფიქრობს:
რუსული საფრთხისგან საქართველოს გადაარჩენს დასავლეთთან სტრატეგიული მეგობრობა; დასავლეთთან ინტეგრირებულ საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლობაც შეუძლია, თუკი რუსეთი თავის ჯარებს გაიყვანს საქართველოს ოკუპირებული მხარეებიდან.
შენიშვნა: თანამედროვე რუსეთის ახალგაზრდობის უმრავლესობას ჰგონია, რომ ქართველები მუსლიმანები არიან... შდრ., თანამედროვე თურქეთშიც კი საქართველოდან ჩასულ ქართველებს თურქეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი რუსებად გვთვლის.
ამ ინფორმაციის ფონზე არსებითია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ფართო საზოგადოების ცოდნა/ინფორმირებულობა და ელიტარული ცოდნა; პოლიტიკა იგება ფართო საზოგადოების - ამომრჩევლის - ფსევდოცოდნაზე, რომლის მიზანია დეზორიენტირებული საზოგადოების გამოყენება პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესებისათვის:
სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკა უფრო კლანური ბიზნესპოლიტიკაა, ვიდრე სახელმწიფოებისა თუ ერების თანაცხოვრების დაგეგმარება.


3. დასავლური გრანტებით რატომ ფინანსდებიან ის ჯგუფები, რომლებიც ახდენენ საქართველოსა და დასავლეთის კულტურული დაპირისპირების პროვოცირებას?

 

ქართულენოვანი ქრისტიანობა ქართველობისთვის არის, ერთი მხრივ, პროდასავლური ისტორიული არჩევანი, მეორე მხრივ კი - ქართული ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის განმსაზღვრელი 16-საუკუნოვანი ფენომენი; შესაბამისად, წესით, საქართველოს მეგობარი ქვეყანა პატივს უნდა სცემდეს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანსა და ტრადიციულ ფასეულობას.

ამ დროს დასავლეთის გარკვეული წრეები ცდილობენ, დარტყმა მიაყენონ ქართულენოვან მართლმადიდებლობას; კერძოდ, ისინი ინტენსიურად აფინანსებენ და მხარს უჭერენ საქართველოში არსებულ იმ მცირერიცხოვან პარტიებსა თუ დაჯგუფებებს, რომლებიც ებრძვიან ტრადიციულ ქართველურ ფასეულობებს, ქართულენოვან მართლმადიდებლობას და ახდენენ საქართველოსა და დასავლეთის კულტურული დაპირისპირების პროვოცირებას; იხ., მაგ., ქართულენოვანი მართლმადიდებლობის დისკრედიტაციის მცდელობა, ტოლერანტულ საქართველოში ლგბტ პირთა და სხვა უმცირესობების ვითომდა დაცვის ე.წ. აქციები, ასევე, რელიგიური დაპირისპირების პროვოცირებები...

უკეთეს შემთხვევაში ამ ჯგუფების მიზანია "გულუბრყვილო" დასავლეთიდან საგრანტო დაფინანსების მიღება და საქართველოში პოლიტიკური კარიერის შენარჩუნება, უარეს შემთხვევაში კი:

ერთი მხრივ, საქართველოში ანტიდასავლური განწყობის გაღვივება,

მეორე მხრივ, ქართველური და ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა ფსევდოლიბერალური პოზიციებიდან,

მესამე მხრივ კი - საქართველოს მიმართ დასავლეთის გულის აცრუება... დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე კი საქართველო რუსეთს დარჩება.

რა გამოდის?

დასავლეთის ეს "წრეები" ან ვერ ხვდებიან, რომ კარიერისტებსა თუ რუსეთის სამსახურში მყოფთ აფინანსებენ, ან მიზანმიმართულად ტოვებენ საქართველოს ისევ რუსეთის გავლენის ველში - უკეტავენ საქართველოს პროდასავლურ გზას.

ქართულენოვანი მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეთა ქცევა "შეთქმულების თეორიის" გარეშეც შეიძლება აიხსნას:
რუსული მართლმადიდებლობისადმი უნდობლობის ინერციით, ზოგი დასავლეთევროპელი, ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსი უშვებს დიდ შეცდომას და ქართულენოვან მართლმადიდებლობასაც არადასავლურ კულტურად თვლის - რუსეთის იდეოლოგიური სქემის კონტექსტში განიხილავს...
თუკი ეს ასეა, ჩანს, დასავლეთში ზოგი ვერ აცნობიერებს, რომ 2005 წელს ნატოსკენ გზა აირჩია სწორედ იმ ქართველობამ, რომლისთვისაც ქართულენოვანი მართლმადიდებლობა დასავლური ორიენტაციის გამოხატულებაა.
შდრ.: ქართველობა ლოიალურია მეზობელი აღმოსავლური კულტურების მიმართ (სწორედ ეს ლოიალურობა განსაზღვრავს ქართული ტოლერანტობის არსს); პარალელურად, ფაქტია:
20 საუკუნის მანძილზე ქართულენოვანი მართლმადიდებლობა გამოკვეთილად დასავლური ორიენტაციაა.


4. საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ:
ისტორიული და გაყალბებული ორიენტირები

რუსეთს სურს, შეინარჩუნოს გუიმრის სამხედრო ბაზა და თავად აკონროლოს კავკასიის ცენტრალური ნაწილი - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი (შდრ.: ჩრდილო კავკასია რუსეთისაა, სამხრეთი კავკასია - ლაზეთი, ტაო-კლარჯეთ-ერუშეთი და კოლა-არტაანი - თურქეთისა). ამ მიზნით პრორუსული და სხვა ანტიქართული ძალები ფართომასშტაბიან საინფორმაციო ომს აწარმოებენ კავკასიის ყველაზე პროდასავლური სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ; ამ საინფორმაციო ომის წახნაგებია:
Ø საქართველოს კუთხეების: აფხაზეთის, სამეგრელოს, აჭარის, ცხინვალისა და ახალქალაქის მხარეების ისტორიის გაყალბებით ანტიქართული იდეოლოგემების ჩამოყალიბება და მთელ მსოფლიოში გავრცელება;
Ø მილიარდნახევარი მუსლიმანისა და მილიარდ-ნახევარი ქრისტიანის საზღვარზე არსებულ საქართველოში რელიგიური დაპირისპირების პროვოცირება;
Ø რუსეთთან პოლიტიკური კონფლიქტის სახელდება ე.წ. ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ეთნოკონფლიქტებად; შდრ.: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისსა თუ თბილისში მრავალ აფხაზსა და ოსს მშვიდობიანი თანაცხოვრება აქვს ქართველებთან;
Ø არაქართული ეთნიკური ჯგუფების სტიმულირება, დაუპირისპირდნენ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას;
Ø დაუსაბუთებელი ლინგვისტური თვალსაზრისის პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც ქართველური ენობრივი სამყარო ნაწევრდება რამდენიმე ქართველურ ენად; არაადეკვატური ეთნოლინგვისტური კვალიფიკაციებისა და რუკების ტირაჟირება მთელ მსოფლიოში, რომელთა მიხედვითაც დასავლეთით ქართული ენის საზღვარია სამტრედია, ჩრდილოდასავლეთით კი - ცაგერი;
Ø “რეგიონული ან უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის” არსის გაყალბებით საქართველოს ხელისუფლებისათვის 12-დან 19-მდე რეგიონული ენის აღიარების მოთხოვნა;
Ø ტრადიციული ქართული ორიენტირების დისკრედიტირება თუ შეცვლის მცდელობა და სხვ.
წარმოდგენილ წერილში ბოლო წახნაგს შევეხები[8]:
კომუნისტების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო ომით მოხდა ქართველთა, უკრაინელთა, სომეხთა და სხვ. ხალხების ისტორიული ორიენტირების გაუფასურება და ფართო საზოგადოების უპრეცენდენტო დეზორიენტირება, რომელმაც უზრუნველყო საბჭოთა იმპერიის არსებობა 70 წლის მანძილზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების პერიოდში (1990-1991 წწ) ეროვნულმა და საზოგადო მოღვაწეებმა ააღორძინეს ისტორიული ორიენტირები; გააქტიურდა ქართველი გმირებისა და წმინდანების ძეგლების აღმართვის საკითხიც, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლება შეეცადა, ისტორიული ორიენტირები ისევ გაეტანა ქალაქების ცენტრებიდან.
ისტორიული ქართველი მოღვაწეებისა თუ წმინდანების, როგორც ზნეობრივი და ეროვნული ორიენტირების ჩანაცვლების მცდელობა ამჟამადაც გრძელდება;  ორიენტირების ტრანსფორმიერების ერთ-ერთი ფორმაა ტელესერიალები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება გარკვეული იდეოლოგიური ზომბირებისათვის...
დღეს საქართველოს ტელესივრცე თურქული ტელესერიალებითაა დატვირული; მაგ., ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადის ტელესერიალი სულთან სულეიმანის შესახებ; ეს ის სულეიმანია, რომელიც საქართველოს ზურგსუკან და საქართველოს წინააღმდეგ 1555 წელს შეუთანხმდა შაჰ-თამაზ პირველს - ირანის შაჰს და საქართველო შუაზე გაინაწილეს: დასავლეთი და სამხრეთი საქართველო ერგო ოსმალეთს, აღმოსავლეთი საქართველო - ირანს...ამავე დროს ეს ტელესერიალი ეწევა ისლამის პროპაგანდას.
პარალელურად, საქართველოში ე.წ. ვაჰაბიტების თემის ტირაჟირებითა და დავითოღლუს გამონათქვამების ციტირებებით მიზანმიმართულად ხდება საზოგადოებაში ანტიისლამისტური განწყობის ჩამოყალიბება...
ანუ: საქართველოში ერთდროულად მიმდინარეობს ისლამის პროპაგანდაც და ანტიპროპაგანდაც; ამ გზით ხდება ისლამის თემის აქტივიზაცია; ეს ყოველივე კი საზოგადოების დეზორიენტირებას იწვევს და მთავარ საფრთხეს ავიწყებს - რუსულ საფრთხეს.
დღეს საქართველო ისევაა დიდი საფრთხის წინაშე:
ერთი მხრივ, რუსეთი ღიად აცხადებს პატივისცემას ქართული ფასეულობებისადმი და ამ გზით ცდილობს, კეთილგანწყობა მოიპოვოს საქართველოს ფართო საზოგადოებაში; პარალელურად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახორციელებს ქართველთა გენოციდს, ცდილობს, საქართველოში გააძლიეროს პრორუსული პოლიტიკური სეგმენტი და სახელი გაუტეხოს დასავლურ ღირებულებებს... რუსეთის მიზანი უცვლელია: დაინარჩუნოს საქართველო.
მეორე მხრივ, დასავლეთის ბევრ წამყვან ექსპერტს არ სჯერა ქართულენოვანი ქრისტიანობის პროდასავლურობისა, მეტიც, ფაქტობრივად ებრძვის მას და ზოგ სხვა ქართულ ღირებულებებსა თუ ფასეულობებს; ამის გამო ქართველებში დასავლეთისადმი გარკვეული უნდობლობა ჩნდება - თანდათანობით ლაბილური ხდება ფართო საზოგადოების პროდასავლური განწყობა (პრინციპით: "ვაის" გავეყარე, მაგრამ "ვუის" ხომ არ შევეყრები?)... 
საქართველოს ამგვარ სიტუაციაში ყოფნა დასავლეთის არაშორსგათვლილი პოლიტიკის შედეგიცაა.


5. არსებულ სიტუაციაში რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს პოლიტიკური სპექტრი?

საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს ნაკლებად აინტერესებს ექსპერტების მიერ შორსგათვლილი სტრატეგიის შემუშავება; ისინი ან დასავლეთისა თუ ჩრდილოეთის მითითებებით მოქმედებენ, ან სახელმწიფოს პირველი პირის გონიერებას ენდობიან... საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წამყვანი პერსონები უფრო საკუთარი კარიერის შენარჩუნებით არიან დაკავებულნი და არ რცხვენიათ პოლიტიკური პოზიციების წარა-მარა ცვლისა.
ფაქტია:
საქართველოს დღეს არ აქვს დეკლარირებული გრძელვადიანი სტრატეგია; არადა, ახალაღორძინებული სახელმწიფოსთვის ეს არსებითია... ახალი, მაგრამ ავტორიტეტული პოლიტიკური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აპირებს პოლიტიკიდან წასვლასა და საზოგადოების გააქტიურებას, რაც ძალიან არსებითია, მაგრამ საკმარისი არ არის: ვფიქრობ, საქართველოს უხიფათო განვითარებისთვის პირველი რიგის ამოცანებია:
- ექსპერტების მიერ მომზადდეს "საქართველოს განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიული გეგმა"; არჩევნების დროს ამ გეგმის განხორციელების ტაქტიკის მიხედვით უნდა შეფასდეს  ესა თუ ის პოლიტიკური სეგმენტი;
- სისხლის სამართლის დამნაშავენი უნდა ჩამოშორდნენ აქტიურ პოლიტიკას; კერძოდ: ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი რომ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია რამდენიმე გახმაურებული დანაშაულისა თუ მკვლელობის სამართლებრივი შეფასება (მხედველობაში მაქვს 1992-93 წლების სახელმწიფო გადატრიალება და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, ასევე, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საეჭვო პირობებში გარდაცვალება).


6. რამდენიმე რისკფაქტორი საქართველოს სახელმწიფოსთვის:

ვფიქრობ, მიმდინარე ეტაპზე საქართველოსთვის მეტად სახიფათოა:
Ø მილიარდ-ნახევარი მუსლიმანისა და მილიარდ-ნახევარი ქრისტიანის საზღვარზე არსებულ საქართველოში რელიგიური დაპირისპირების პროვოცირება;
Ø რუსეთთან არსებული პოლიტიკური კონფლიქტის სახელდება ე.წ. ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ეთნოკონფლიქტებად (ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისსა თუ თბილისში მრავალ აფხაზსა და ოსს მშვიდობიანი თანაცხოვრება აქვს ქართველებთან);
Ø არაქართული ეთნიკური ჯგუფების სუსტი ინტეგრაცია ქართულენოვან სახელმწიფოში;
Ø დაუსაბუთებელი ლინგვისტური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ქართველური ენობრივი სამყარო ნაწევრდება რამდენიმე ქართველურ ენად; არაადეკვატური ეთნოლინგვისტური კვალიფიკაციებისა და რუკების ტირაჟირება მთელ მსოფლიოში, რომელთა მიხედვით დასავლეთით ქართული ენის საზღვარია სამტრედია, ჩრდილოდასავლეთით კი - ცაგერი;
Ø “ევროპული ქარტიის” არსის გაყალბებით საქართველოს ხელისუფლებისათვის 11-დან 19-მდე რეგიონული ენის აღიარების მოთხოვნა;
Ø სახელმწიფოს მიერ არასაკმარისი ზრუნვა ქართული ენის საინტერნეტო ენად ქცევისათვის;
Ø   ქართული ენის ლინგვისტური კორპუსიდან მეგრულის, ლაზურის და სვანურის გატანა და სხვ.

სრული საფუძველი გვაქვს, ვთქვათ, რომ ყველა ამ მოსალოდნელი საფრთხის  ძირითადი ინსპირატორია გეოპოლიტიკური ამბიციების მქონე კრემლის მმართველი /ხილული თუ ფარული/ ელიტა; მისი საბოლოო მიზანია საქართველოს, როგორც უნიტარული სახელმწიფოს დანაწევრება კონფედერაციული ტიპის მყიფე სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად და ამ გზით კავკასიის სამუდამოდ დაუფლება.


7. ასეთ ვითარებაში რა შეიძლება გაკეთოს ამერიკამ? ევროპამ?

აშკარაა, რომ საქართველოში პროდასავლურ განწყობას საფრთხე ემუქრება იმიტომ, რომ ერთი მხრივ, რუსეთი ინტენსიურ საინფორმაციო ომს აწარმოებს საქართველოში მოსახლეობის განწყობის შეცვლის მიზნით, მეორე მხრივ კი დასავლეთელი პარტნიორები საქართველოში ეყრდნობიან ქართულენოვანი ქრისტიანობისადმი არალოიალურად განწყობილ ჯგუფებს; ეს ჯგუფები, ბოლშევიკების მსგავსად, დემოკრატიისა და თანასწორობის ნიღბით და, რბილად რომ ვთქვათ, არადემოკრატიულად ებრძვიან ქართველთა ისტორიულ სასიცოცხლო ფასეულობებს.

კავკასიის პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის - ამერიკის შეერთებულ შტატების - ხელისუფლებაში ამჟამად, სულ მცირე, ორი ხაზი იკვეთება:
- რუსეთისადმი აგრესიულად განწყობილი მაკ კეინის ხაზი, რომელმაც 2008 წელს სტიმული მისცა პრეზიდენტ მ. სააკაშვილს, აგრესიულად ემოქმედა ოკუპანტის წინააღმდეგ და რომელიც ახლა მეორე პლანზეა გადასული;
- რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ბარაკ ობამას ხაზი - კავკასიაში რუსეთის აგრესიისადმი პასიური წინააღმდეგობის გზა.  
მსგავსი მიდგომებია ევროპაშიც...

ვფიქრობ, აუცილებელია, ევროკავშირი და შეერთებული შტატების ხელისუფლებები გამოვიდნენ ამჟამინდელი პასიური მდგომარეობიდან და აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს პროდასავლურ კურსს, რაც უნდა გამოიხატოს ნატოში საქართველოს სწრაფ გაწვრიანებაში; არ გამოვრიცხავ მეორე შესაძლებლოსაც:
დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები ოფიციალურ შეთანხმდნენ, რომ დეოკუპირებული საქართველო იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, რომლის სუვერენიტეტის გარანტი იქნება ევროკავშირი.
გარდა ამისა:
1. დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ  ქართულენოვანი მართლმადიდებლობა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი პროდასავლური არჩევანია; პარალელურად, ამერიკელებმა თუ ევროპელებმა პატივი უნდა სცენ ქართველთა იდენტობის განმსაღზვრელ ფაქტორებს: ქართულ ენასა და ქართულენოვან ქრისტიანობას,  მთლიანობაში - ქართულენოვანი სახელმწიფოს აღორძინებას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოვა საქართველო რუსული იმპერიული სივრციდან და ევროკავშირი ბუნებრივად გაფართოვდება კავკასიის ცენტრალური ნაწილის ხარჯზე.
2. საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, აჭარაში, მრავალია შემთხვევა, რომ ერთ ოჯახში ცხოვრობენ ქრისტიანული და მუსლიმანური აღმსარებლობის ადამიანები; საქართველოს დედაქალაქშიც და სხვაგანაც გვერდიგვერდ თანაარსებობს მუსლიმანური, ქრისტიანული, იუდეური და სხვა აღმსარებლობის მრევლთა სალოცავები... ამერიკამ და ევროსაბჭომ უნდა გამოიყენოს ეს ქართული ფენომენი; ისტორიულადაც საქართველოს უნარი შესწევს, დაბალანსებული ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთანაც და მუსლიმანურ აღმოსავლეთთანაც; შესაბამისად, დასავლეთს შეუძლია საქართველოს ბაზაზე შეძლოს ისრაელისადმი შიიტური ჰეზბოლას რადიკალური დაპირისპირების ნიველირება, ზოგადად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის რადიკალიზებული ურთიერთობის დარბილება; კერძოდ, შდრ.:
დასავლეთს მუსლიმანურ სამყაროსთან ურთიერთობის სამი სახესხვაობა აქვს:
- რუსეთის გზით რთული სიტუაციის განმუხტვა /ასეთ შემთხვევაში დასავლეთი რუსეთზე დამოკიდებული ხდება/;
- ისრაელისა და მუსლიმანური სამყაროს კონფრონტაციული გზა /რომელიც ისრაელის სასიცოცხლო ინტერესების გამო ვითარებას ვერასოდეს განმუხტავს/;
- საქართველოს პერსპექტიული გზა - მუსლიმანური სამყაროსადმი საქართველოს ლოიალური, პარტნიორული დამოკიდებულების პოტენციალის გამოყენება.
დასავლეთს ნამდვილად ესაჭიროება მესამე გზის გამოყენება.
აქვე აღვნიშნავთ:
ბოლო პერიოდში არის მცდელობა, საქართველოში მოხდეს ქრისტიანულ-მუსლიმანური დაპირისპირება...  გამომდინარე ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობიდან, საქართველოში მუსლიმანურ-ქრისტიანული დაპირისპირების პროვოცირება ხელს შეიძლება აძლევდეს მხოლოდ რუსეთს /რომ დასავლეთისთვის უინტერესო გახდეს საქართველო, როგორც მშვიდობიანი გზა მუსლიმანური სამყაროსკენ/.


დასკვნის ნაცვლად:


საქართველოს ამჟამინდელ უსაფრთხოების კონცეფციაში გამოკვეთილია საქართველოს პროდასავლური კურსი, მაგრამ მასში არ არის საუბარი, ჩემი აზრით, რამდენიმე სხვა არსებით საკითხზე:
  • ქართულენოვანი მართლმადიდებლობის, როგორც, ერთი მხრივ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მეობისა და ისტორიული ქართული კულტურის განმსაზღვრელი ფაქტორის, მეორე მხრივ კი - საქართველოს პროდასავლური არჩევანის წარმოჩენაზე;
  • საქართველოს სახელმწიფო ენასა და ქართული ენის ქვესისტემების (მეგრული, ლაზური, სვანური, ტაორი, ფერეიდნული, ინგილოური, ხევსურული, ჩაღმა-თუშური, წოვა-თუშური, აჭარული, იმერხეული...), როგორც ეროვნული სიმდიდრის  დაცვის აუცილებლობაზე; 
  • აინფორმაციო ომში საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებსა და ენობრივი და რელიგიური პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიის განსაზღვრაზე;
  • რთულ გეოპოლიტიკურ ველში რეგიონალიზმის საფრთხესა და უნიტარული სახელმწიფოს განმტკიცების აუცილებლობაზე;
  • საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩენილი ქართველების ენობრივ-ეთნიკური მეობის გადარჩენაზე;
  • ქართული ენის ტექნოლოგიზების აუცილებლობაზე (ყველა ის ერი მალე გაქრება, რომლის ენაც არ იქნება ახალი ტექნოლოგიების ენა);
  • ქართველოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებაზე და სხვ.
შესაბამისად, კარგი იქნება, თუკი საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციაშიც (შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორების მიდგომებშიც) გათვალისწინებული იქნება:

I. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ქართული ენის მაკონსოლიდირებელი როლის წარმოჩენა და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირების აღდგენის სტრატეგიის შემუშავება; ყველა სახის უმცირესობებისათვის საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლების ორგანიზებით საქართველოს სახელმწიფოში მათი ინტეგრაციის  რეალური პირობების შექმნა; ქართველთა ენობრივ-ეთნიკური ერთიანობისა და უდიდესი მემკვიდრეობის - ქართველთა კუთხური მეტყველებების  (მეგრულის, ლაზურის, ხევსურულის, ტაოურის, თუშურის...) - შენარჩუნებისათვის ზრუნვა და ყველა ქართველური მეტყველებით ქართველთა საერთო სამწიგნობრო ენის/კულტურის გამდიდრება; ქართული ენის ტექნოლოგიზება /ქართულიდან და ქართულად აკადემიური ტექნიკური თარგმანის განხორციელება და სხვ./, “ქართული ენის ნაციონალური  კორპუსის შექმნა” /სადაც შევა სალიტერატურო ენისა და მისი ქვესისტემების  - მეგრულის, სვანურის, ლაზურის, ტაოურის, ხევსურულის, იმერულის, ქართლურის...მონაცემები/ და ქართველოლოგიური კვლევების ორგანიზება;

II. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ქართულენოვანი მართლმადიდებლობის /საქართველოს ეკლესიის/ განსაკუთრებული როლის აღიარება; ქართული კულტურის ჩამოძერწვისა და ქართველთა ეთნიკური მეობის გადარჩენის კუთხით ქართულენოვანი მართლმადიდებლობის ისტორიული როლის გამოკვეთა სხვა კონფესიის ქართველთა, ზოგადად, სხვა კონფესიათა პატივისცემის ფონზე; ასევე, ქართულენოვანი მართლმადიდებლობის, როგორც ქართველი ერის საუკუნეებისწინანდელი პროდასავლური არჩევანის წარმოჩინება;

III. საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები ავტოქთონი ქართველების (საინგილოს, ლორე-ტაშირის, ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის მკვიდრი ქართველობის) ეთნიკური იდენტობისა და ქართველური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისათვის ზრუნვა /ამ რეგიონებში ძალიან დიდია ქართული ენისა და ქართველთა ეთნიკური მეობის გაქრობის საფრთხე/;

IV.   განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ დოკუმენტში: არა ზოგადად მოქალაქის, არამედ საქართველოს მოქალაქის აღზრდაზე ორიენტირება;  სწორი სახელმწიფოებრივი (ნაციონალური) პრიორიტეტების ჩამოყალიბება და ერთიან სახელმწიფოში მოქალაქეთა ინტეგრაციის პროცესის ინტენსიურად წარმართვა;

V. მსოფლიო საზოგადოებისათვის საქართველოს ისტორიული პროდასავლური არჩევანის წარმოჩენა  (შდრ., ტრადიციული ქართული ორიენტირები: წმინდა მეფე მირიანი და წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი).




[1] მაგ., 1920 წლის ბოლოს ბრიტანეთის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა საბჭოთა ელჩს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კავკასიას რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა...
 http://expertclub.ge/portal/cnid__12872/alias__Expertclub/lang__ka-GE/tabid__2546/default.aspx
[2] http://www.amsi.ge/istoria/sab/moskovi.html
[3]http://tinyurl.com/q98bxvf
[4] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებისათვის იხ.:
 http://abkhazeti.info/history/20051113591974666290.php; სხვა საინტერესო დოკუმენტები იხ.:
http://expertclub.ge/portal/alias__Expertclub/tabid__2555/default.aspx.
[5] http://tinyurl.com/q3dtm7x
[6] არ შეიძლება ცუდი უმცირესობა განვაზოგადოდ მოცემული ერისა თუ საზოგადოების სახედ; შდრ.: ადამიანთა საზოგადოების სიმბოლო ერთდროულადაა ყველა მოციქული და არა - მხოლოდ იუდა.
[7] გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ვსაუბრობდით საქართველოს აქტიურ ნეიტრალიტეტზე... ეს იყო რიტორიკა, რომლის საფუძველზეც საბუთდებოდა რუსეთის იმპერიული ველიდან გამოსვლის აუცილებლობა.
[8] სხვა საკითხები განხილული გვაქვს ადრე გამოქვეყნებულ ნაშრომებში; იხ., მაგ.:
ქართველოლოგიის ორგვარი დაგეგმვა 1917-1935 წლებში, თბილისი, 2011. თანავტორი .ვაშაკიძე. გამომცემლობაუნივერსალი“. Two Types of Planning of Kartvelology in 1917-1935 /Comparative Analysis of Positions of Ivane Javakhishvili and Nicholas Marr/, Tb., 2011; co-author Ia Vashakidze, Tbilisi,  2011
 "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ" და საქართველო", ქუთაისი, 2010; თანაავტორები: . დადიანი, . შეროზია; "European Charter for Regional or Minority Languages" and Georgia", Kutaisi, 2010; E.Dadiani, R. Serozia; http://www.scribd.com/doc/35702700/Tariel-Putkaradze-Eka-Dadiani-Revaz-Seroozia-2010
ქართველთა დედაენა და დიალექტები, ქუთაისი, 2008; "ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა"; The national language and the dialects of Kartvels (Georgians), Kutaisi, 2008 http://www.scribd.com/doc/8727375/T-Putkaradze-Kartvelta-Dedaena-Da-Dialeqtebi-2008;
9.    mesxeTidan deportirebulTa TviTaRqma. gamomcemloba `artanuji", 2005; The Identity of Repatriates from Meskheti,  2005; "Artanuji" press  http://www.scribd.com/doc/2158698/The-Identity-of-Repatriates-of-Meskheti;
ქართველები (ისტორიული საცხოვრისი, სამწიგნობრო ენა, დიალექტები, 2005, 624 გვ.;  ინგლ. 395-394 გვ.; თურქ. 395-492გვ.; The Georgians  The Kartvels (Historical Home, Mother Tongue Dialects); English version pg. 395-492; Turkish version pg. 331-394; გამომცემლობა "ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი"; Publishing house "Akaki Tsereteli State University"; http://www.scribd.com/doc/2158690/The-Georgians-the-Kartvels; http://www.scribd.com/doc/2158759/Kartveller-Gurculer...