Saturday 28 January 2017

ტკივილიანი ფიქრი


ტარიელ ფუტკარაძე

                                         რეალობიდან რეალობამდე

ეტყობა, არასოდეს მომასვენებს 25 წლის წინანდელი ტკივილიანი ფიქრი, ამიტომ უნდა დავწერო.
ცნობილმა კავკასიოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ და მე საინგილოდან თბილისამდე დიდი დანჯღრეული ავტობუსით ჩამოვაღწიეთ და მეტროს სადგურ "სამგორში" აბრაგების სიფრთხილით სწრაფად ჩავედით: გროზნოს ცნობილი სესიის (1992 წ.) მონაწილეებს ცალკე "მხედრიონი" გვეძებდა, ცალკე ხაბულიან-გვენცაძის მიერ დასაჭურისებული ისედაც საბჭოთა პოლიცია, რომელმაც 9 აპრილს ბოლომდე დახარჯა სახელმწიფოებრივი ღირსება.
მეტროში ჩასვლისთანავე დროში მოგზაურობასავით შეიცვალა ჩვენი რეალობა, მაგრამ მაინც გამიკვირდა, რომ ვაგონში ნაცნობი არავინ იყო; არც არავის მოუქცევია რაიმე ყურადღება გარეგნულად ჩვეულებრივი ორი დამტვერილი მგზავრისათვის (სინამდვილეში თავს ძველი დროის აბრაგებად რომ აღიქვამდნენ): მეტროს მატარებელში ყველა თავისთვის იჯდა მიტოვებულივით ჩამოცხვირპირული. ხალხს ვუყურებდი და მინდოდა მათთვის მეთქვა (თითქოსდა ვაგონების ხრიალში იხშობოდა ჩემი ხმა):
o      თქვენი ინტერესების დაცვის გამო ამ ერთ წელიწადში ბევრჯერ გვესროლეს ტყვია;  ახლაც, გროზნოდან თბილისამდე გზაზე, რამდენი რამ გადავიტანეთ მე და თემურმა, სხვებმაც! ჩვენი ეს  სიმართლე არ გაგიუმჯობესებთ თქვენს დღევანდელ ყოფას, მაგრამ ჩამოტირებულ სახეს ღირსეული გამომეტყველებით ნამდვილად შეგიცვლით!

არაფერი მითქვამს: მაშინაც დამიდგა თვალწინ კატორღიდან მატარებლით წამოსული რევოლუციონერისა და ვაგონში მყოფი ახალგაზრდების კონფლიქტი მწარე რეალობის განსხვავებულად აღქმის გამო. ერთი მოვლენა მართლაც შეიძლება სხვადასხვაგვარად დაინახო /სოციუმის განწყობისა თუ მიზნის შესაბამისად/; მაგალითად:
- პატრიოტ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით არსებულ ეროვნულ მოძრაობას მინდობილი ხალხი, რომელიც 9 აპრილს საქართველოს  დამოუკიდებლობის აღდგენას გულწრფელად ზეიმობდა, ზუსტად 9 თვეში (!) სისხლიანი "გადატრიალებით" ტრაგიკულ რეალობაში გადაიყვანეს კრემლის პოლიტიკის მესვეურებმა და ჩვენი დროის "ორჯონიკიძეებმა": საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისათვის 1991 წლის 22 დეკემბერს რუსული ტყვიების გამყინავი სისინით დაიწყო მოსეს უდაბნოში ხეტილი (რომელიც ფაქტობრივად დღემდე გრძელდება).
- საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული და გროზნოს შეფარებული დევნილი პრეზიდენტი ხავსმოჭიდებულივით ცდილობდა, მიექცია ცივი(ლიზებული) მსოფლიოს ყურადღება და ამიტომ ჩეჩნეთში მოიწვია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიის ერთ-ერთი ბოლო სხდომა; ასევე, სასიკვდილოდ თავგადადებული დუდაევის უიმედოდ დარჩენილ ჩეჩნეთს ჟანგბადად ესაჭიროებოდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მიერ იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარება (რუსეთი თავისი ნებით არასოდეს დატოვებს დაპყრობილ კავკასიას და შეეცდება, კავკასიელთა ცნობიერებისა თუ დემოგრაფიის რადიკალური შეცვლით მართოს პროცესი).
- გროზნოს სესიაზე ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ცნობისას ყველამ გავაცნობიერეთ, რომ საქართველოს დევნილი კანონიერი ხელისუფლების წარომადგენლებს რუსების მიერ მართულ საქართველოში მტრული დახვედრა გველოდა; ამიტომაც ზოგი დეპუტატი უცხოეთში წავიდა, ნაწილმა კი, 1921 წლის ხელისუფლების წევრთა მსგავსად, გახიზვნას ვარჩიეთ, სიცოცხლის რისკით შინ დავბრუნებულიყავით. მე და თემო ერთ კვირა საინგილოს ვაფარებდით თავს და ვასიკო კუზიბაბაშვილის ყანის ღობეებს ვაახლებდით (წლების შემდეგ ამიტომაც მეწყინა ამ მიწის გაყიდვა); დაჭერების მორიგი "ტალღის" გადავლის შემდეგ კი თბილისში დაბრუნება გადავწყვიტეთ.
- საქართველოს ერთგული კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობის შემდეგ კრემლის ფავორიტ ქართველთა მღვრიე ჯგუფი მხოლოდ ხორციელი იმპულსებით აღიქვამდა გარესამყაროს:  ადამიანის სისხლნაგემის აღტკინებით  "გენშერის ძაღლების" წიოკში ინაწილებდა თანამდებობებს, მიწებს, შენობებს, ფულსა და სხვა სახელმწიფო თუ ხალხის რესურსებს; 1992 წელს ძირითადად მათგან შეივსო ე.წ. "იმედის პარლამენტიც" და  ცენტრალური თუ ადგილობრივი არაკანონიერი მთავრობებიც  (მათ შორის, ალბათ, იყო რამდენიმე გულუბრყვილო პატიოსანიც, ჩეხოვის "ბოროტმოქმედის" მსგავსი, რკინიგზის რელსებს ჭანჭიკებს რომ  ხსნიდა სათევზაო ბადისათვის)... ნიშანდობლივია: მათთვის თუ მათი შთამომავლებისათვის დღემდე უცნობია მიწისქვეშა ტრანსპორის მძიმე ჰაერის სუნი (მეტრო თუ არსებობს, არც კი მახსოვსო, სულ ტაქსებით დავდივარო, თქვა ერთხელ ერთ-ერთმა).
25 წლის წინანდელი მეტროს მატარებელის რეალობა სხვა წახნაგითაც მძაფრად მახსოვს:
 მეტროში ჩასვლისთანავე ჩვენი (ჩემი და თემოს) ჰეროიკული გზა მექანიკურად მიედუღაბა ეკალ-ბარდებიან "უღრანში" ალალბედზე წვალებით მიმავალი დაღვრემილი ადამიანების ნაკადს და ჩვენ ორ რეალობაში განვაგრძეთ ცხოვრება; არადა, გაუსაძლისობაში მყოფი ხალხი ჩვენგან ელოდა ხსნას.

ამ ყველაფრის წინაისტორია კი ასეთი იყო:
გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ცივილიზებულმა დასავლეთმა (მალტის გარიგების კვალად) რუსეთს დაათმობინა აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიის რესპუბლიკები; უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, ასევე, კავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკები რუსეთს დარჩა. 1990 წელს არჩეული საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა რეფერენდუმის საფუძველზე გამოაცხადა, მარტო აღმოჩნდა აღა-მაჰმად-ხანივით გამძვინვარებული რუსეთის წინაშე და შინაგამცემლების გამოც დამარცხდა: ჩვენმა ხელისუფლებამ ვეღარ დაიცვა საქართველოს ხალხი, რომელიც 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნებისას ალალად გვენდო.
...მაშინ მეტროს ვაგონში მინდოდა, ხალხს გაეგო, რომ მათთვის არაერთხელ გავწირეთ ამქვერნიური სიცოცხლე მათ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმაც და დეპუტატებმაც! მინდოდა მეთქვა იმიტომ, რომ მათ სევდიან სახეებზე დამცირების ნაცვლად, ღირსება აღბეჭდილიყო. ვერაფერი ვთქვი: ჩემი ტკივილიანი სათქმელი წალეკა პარალელურმა სამყარომ, სხვა რეალობამ, რომელიც მიწისქვეშა მატარებლის ცივ კივილად შემოიჭრა ჩემშიც; ჩვენდა სავალალოდ, ნახევრად სავსე ვაგონის გათითოკაცებული გაყინული სახეები ვეღარ ქმნიდნენ იმ საზოგადოებას, რომელიც ეროვნულ მოძრაობას მიენდო დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში; ეს ხალხი უკვე უკუნ ღამეში მხოლოდ სახლში მიღწევაზეღა ფიქრობდა.

მას შემდეგ 25 წელი გავიდა:
- წინაპრების მსგავსად, ზოგი ქართველი ღირსეულად მოკვდა საქართველოსათვის ბრძოლაში;
- ზოგი ახლაც იმ ვაგონის რეალობაშია გამარტოსულებული, თავი მართალი ჰგონია და სხვებზე იბოღმება (არადა, დროის გარდა, მოცემულობებიც არსებითად შეიცვალა: დღეს რეალურია საქართველოს სრული გამოსვლა რუსული იმპერიული სივრციდან);
- ზოგმა სწორი ორიენტირი შეიცვალა და მედროვეთ შეუერთდა;
- ზოგმა თვალი გაახილა და შეცდომა აღიარა;
- ზოგი იმთავითვე პრივატიზაცია-"პრიხვატიზაციაზე" იყო ორიენტირებული;
- ზოგმა არსებამ ზოგი წინაპარივით გაყიდა დედასამშობლო და ფიზიკური ცხოვრება მოიწყო; თუმცა, ზოგადად, ყველა გარეწარმა იცის, რა არის რეალობა, მაგრამ მაინც ცდილობს, სარფიანი ვითარება შეიქმნას სხვების ხარჯზე; ასეთს სიყვარული არ შეუძლია: შვილსაც კი იყენებს, სანამ არგია, მერე კი ლანძღავს; შთამომავლობასაც კი /გა/უმწარებს სიცოცხლეს;
 - ზოგმა თავადვე ზღო იუდას მსგავსად;
- ზოგი სუბიექტი დღემდე უცხოეთშია გარიდებული;
- ბევრი დროის დინებას გამოჰყვა და ახლა 2017 წლის საქართველოში არსებობს;
 - ზოგმა პიროვნებამ სწორად დააბალანსა მოლოდინები და გრძელვადიან პერსპექტივაში აგრძელებს ბრძოლას ღირსების დაცვით;
- ბევრიც ახალი დაიბადა მას შემდეგ.

ახლა ვფიქრობ:
1992 წელს თბილისის მეტროს მატარებლის ვაგონში ჩემი ფიქრები ხმამაღლა რომ მეთქვა, მეტროს მგზავრთ შეიძლება გაეგოთ ჩემთვის; დღეს კი მათი შთამომავლებისათვის ეს ყველაფერი მხოლოდ ბუნდოვანი მრუმე წარსულია.
მაინც გადავწყვიტე, დავწერო და წაგაკითხო მაშინდელი ჩემი ფიქრი იმიტომ, რომ სინამდვილე ერთია და ორიენტირები დღენიადაგ უნდა ამოწმო, რომ აკონტროლო, სად დგახარ მოცემულ მომენტში.
სინამდვილე ერთია, მაგრამ რეალობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, რამდენადაც ძალიან განსხვავებულია ადამიანთა ხედვა-აღქმის სისტემა თუ განცდის პერსპექტივა. შოთა რუსთველის ცნობილ ფრაზას ("კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის") ვაჟა თავის "ქებათა-ქებაში" ასე ეხმიანება: მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა: კაცით კაცამდე შორია!”; მსგავსი სხვაობაა რეალობასა და რეალობას შორისაც (რაც უფრო ილუზიურია სამყარო, მით უფრო მტკივნეულად იმსხვრევა სინამდვილესთან შეჯახებისას).
ყველაფერს თავისი გაგრძელება აქვს, მათ შორის, პარალელურ რეალობებსაც; შესაბამისად,  მინდა, რომ ჩვენი (საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგულებისათვის დევნილი დეპუტატების) სიმართლე ყველა დროში იცოდე. მართალი კაცის მიერ აღქმულ-განცდილი რეალობაც შეიძლება არ იყოს სრული სინამდვილე (ობიექტური რეალობა ხომ მხოლოდ ღმერთმა იცის), თუმც, იქნება, გამოგადგეს სწორი ორიენტირებისათვის.

p.s. თუ არის განცდები, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, ისინი სხვებისთვისაც აღქმადი უნდა გახადო; ჩემთის ასეთია 25 წლის წინანდელი დამოწმებული ფიქრი, რომელმაც შენი დღევანდელი ყოფითი, კულტურული თუ პოლიტიკური მოცემულობა შეიძლება ვერ შეცვალოს, მაგრამ, ვფიქრობ, ღირსების გამომსახავი ნაკვთები უთუოდ გამკვეთრდება შენს სახეზე.
2017 წელი.