Saturday 25 February 2017

სისხლიანი 25 თებერვალი ერთი ნათელი სხივით



25 თებერვალი: 
თეთრ-წითელი რუსული ოკუპაცია 
საქართველოს მმართველი ელიტის სისუსტის ფონზე

იმედია ეს აღარ განმეორდება არც უახლოეს და არც შორეულ მომავალში!

1. ირან-ოსმალეთის მიერ გამწარებული და დასუსტებული ქართველი მეფე-მთავრების უმრავლესობა მოტყუვდა რუსეთის შეთეთრებულ-შენიღბული ბინძური პოლიტიკით და 1801-1885 წლებში კავკასიაში დაამკვიდრდა სისხლიანი რუსული იმპერია.

2. 1918 წელს კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ქაოსის დროს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ, მალევე, ნოე ჟორდანიას ხელისუფლების მიერ გამოცხადებული თვითიზოლაციური "ნეოტრალიტეტით" საქართველოს განაწილებისათვის გზა გაეხსნათ თურქეთსა და რუსეთს; დედაქალაქი კი დაიპყრო ლენინ-სტალინის წითელმა რუსეთმა, რომელმაც, დეზორიენტირებული სერგო ორჯონიკიძეების დახმარებით, 1921 წლის 25 თებერვალს სისხლიანი გზით დაამხეს ნოე ჟორდანიას მთავრობა და საქართველო სსრ კავშირის სახელით აღორძინებულ რუსულ იმპერიაში დააბრუნეს სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ.

3. არასოდეს შეწყვეტილა საქართველოში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა; გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნულმა მოძრაობამ დიდ წარმატებას მიაღწია და ამერიკასთან ცივ ომში დასუსტებული საბჭოთა კავშირის დაშლაში გარკვეული წვლილი შეიტანა 1989 წლის 9 აპრილის დიდგორით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".
1992-93 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობა ისევ გეოპოლიტიკურ გარიგეგებს შეეწირა:
იმხანად რუსეთმა დასავლეთს დაუთმო რა აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთა რესპუბლიკები, დასავლეთისაგან მიიღო ირიბი უფლემა, ნაწილობრივ აღედგინა სსრ კავშირი და შექმნა დსთ, რომლის წევრობაზე უარი განაცხადა საქართველომ, ამიტომ 1992-93 წლებში რუსეთმა ახალი ორჯონიკიძეების (შევარდნაძე, კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი, ყარყარაშვილი...) გამოყენებით  დაამყო დამოუკიდებლობის გამომცხადებელი საქართველოს ხელისუფლება და 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებისათვის დასაჯა ქართველი ერი აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში ქართველთა გენოციდით, ეროვნული მოძრაობის საყრდენი კუთხის - სამეგრელოს - აოხრებითა და და ეროვნული მოძრაობის განადგურებით. ახალმა ორჯონიკიძეებმა საქართველო დსთ-ში შეყვანილად გამოაცხადეს.

4. 2005-2008 წლებში საქართველომ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა ნატოს წევრობისაკენ, ამიტომაც, უიდეოლოგიო (უფერო!) რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომით შეეცადა, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიების ოკუპაციასაც, მაგრამ ცივილიზებულმა დასავლეთმა ამჯერად რუსეთი შეაჩერა.

5. დღეს საქართველოს ტერიტორიის მეოთხედი ისევ ოკუპირებულია რუსეთისაგან, თუმცა რუსეთს არა აქვს პირდაპირი სახმელეთო კავშირი გუიმრის ბაზასთან, რომელიც რუსული იმპერიული ინტერესების მთავარი საყრდენია; შესაბამისად, რუსეთს სურს საქართველოს ხელახალი სრული ოკუპაცია, რომ სომხეთის ტერიტორიამდე დაუბრკოლებლად ჰქონდეს სახმელეთო/სარკინიგზო მისასვლელი, რომ სრულად აკონტროლოს კავკასია. ამიერკავკასიის გზაჯვარედინის, ენერგომატარებლების... სრულად კონტროლს დასავლეთი უკვე აღარც დაუშვებსდღეს, საბედნეროდ, ცივილიზებული დასავლეთი თავისი ინტერესებიდან გამომდინარეც საქართველოს ღია მოკავშირეა და გვეხმარება რუსული ოკუპაციისაგან თავის დაღწევაში.

იმედია, საქართველოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, ზოგადად, ქართველი ერი (საქართველოს მოქალაქეთა ერთობა!) აღარ დაუშვებს ახალ რუსულ სრულ ოკუპაციას; რუსეთი საქართველოზე სრულ კონტროლს თუკი დაამყარებს, დიდი ალბათობით, საბოლოოდ მოსპობს საქართველოს სახელმწიფოსაც და ქართველ ეთნოსსაც.
ეს ბევრს გააზრებული არა აქვს, თუნდაც, ზოგი დეზორიენტირებული (ისტორიკოსიც კი )1992-93 წლებში რუსულ ოკუპაციას დღემდე "სამოქალაქო ომს" ეძახის!   ამიტომაც, აუცილებელია, 1992-93 წლებსა და 2008 წელს განხორციელებული რუსული აგრესია სამართლებრივად (სასამართლოს წესით!) შეფასდეს.

25 თებერვალი საქართველოსათვის რუსული ოკუპაციის დღეა.


p.s. 1921 წლიდან შავ 25 თებერვალს 1984 წელს ჩემთვის ერთი გამოკვეთილი ნათელი სხივიც დაეცა: ამ დღეს დაიბადა ჩემი ნათია. 

Thursday 23 February 2017

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრების მიმართვა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას

1921 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია; შესაბამისად, 21 დეკემბერი საქართველოსათვის სიმბოლური თარიღია. ამ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამომცხადებელი დეპუტატები - საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები. დეპუტატებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას; მიმართვის მოკლე შინაარსი ასეთია:
I.
 სახელმწიფო „საქართველოს“ კონსტიტუციის (1995 წლის 24 აგვისტოს რედაქცია)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტით „საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით“.
აღნიშნული ნორმა წინააღმდეგობაშია ამავე კონსტიტუციის 1.1 მუხლთან; კერძოდ, ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სულისკვეთებასა და სამართლებრივ შინაარს; შესაბამისად, კონსტიტუციის 2.1.მუხლი „საქართველოს სახელწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით“ შეიცვალოს შემდეგი ჩანაწერით:
„საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები განისაზღვრება 1991 წლის 9 აპრილის მდგომარეობით“.

პატივცემულ მკითხველს შევახსენებთ, რომ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით  უნდა განისაზღვროს იმ 11 რესპუბლიკის საზღვრები, რომლებიც წარმოიქმნენ 1991 წლის 21 დეკემბერს „ალმა-ათის დეკლარაციით“. მათგან გასხვავებით, საქართველოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე.

II.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები წინააღმდეგნი არიან საქართველოს ფედერაციული ან კონფედერაციული მოწყობისა; შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ საქართველსო კონსტიტუციაში არ უნდა იყოს მე-4 მუხლის I პუნქტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტი წარმოდგენილია ორი პალატის სახით: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, საქართველო უნდა იყოს უნიტარული სახელმწიფო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული სტატუსის აღიარებით.

III
საქართველოს კონსტიტუციის 1.1. მუხლში: ჩანაწერი:  „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში“ შეიცვალოს ჩანაწერით: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორირიაზე“.

მიმართვაზე ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს I მოწვევის (1990წ.) დეპუტატები:
ალექსი არაბული, იური ბურკაძე, ფირუზ დიაკონიძე, თენგიზ დიხამინჯია, ავთანდილ იმნაძე, პაატა კოღუაშვილი,  რობერტ პეტრიაშვილი, ავთანდილ რცხილაძე, ანზორ საკანდელიძე, ნიკა სანებლიძე, აპოლონ სილაგაძე, დავით ტაბიძე, გივი ურიადმყოფელი, დალი ფიროსმანიშვილი, ტარიელ ფუტკარაძე,  თამაზ ყურაშვილი,  ნუგზარ შავთვალაძე, ლადო ცოფურაშვილი, გელა ჩორგოლაშვილი.
თბილისი, პარლამენტის ბიბლიოთეკა, 21.02.2017 წ.











Saturday 18 February 2017

"საწუხ არს ესე" 29 წლის შემდეგ


ეტყობა, მართლაც 40 წელია საჭირო, რომ
დეზორიენტირებულმა თაობამ სამი თვის სავალი "უდაბნო" გაიაროს.
საქართველოს მტრები წერენ, რომ საქართველო პატარა იმპერიაა, ქართველი ერი კი არ არსებობს; მათივე თქმით, არსებობს მხოლოდ ცალკეული ქართველური ტომები, რომელთა ნაწილს სამწიგნობრო ტრადიციაც აქვს, ნაწილს კი უწიგნობრო დედაენები...
ამას მტრები ამბობენ; ისინი ჩქმალავენ რამდენიმე არსებით ფაქტს:
- დაახლოებით 35 საუკუნის წინ არსებებობდა საერთოქართველური კულტურა, რომელიც დღემდე მოღწეულია კოლხური არქეოლოგიური კულტურის სახით; ეს კულტურა თითქმის მთლიანად ფარავს ქუჯსა და ფარნავაზის მიერ 24 საუკუნის წინ აღორძინებული საქართველოს (ქართლის) საზღვრებს.
- ძველი ქართველი მემატიენეებისა და მოღვაწეების (ლეონტი მროველი, გიორგი მერჩულე...) მიერ საუკუნეების წინ ითქვა, რომ ქართველთა ეროვნული კონსოლიდაცია და სახელმწიფოებრივი კულტურის ჩამოყალიბება მოხდა ქართველთა სამწიგნობრო (საეკლესიო, სახელმწიფო) ენის აქტიური მონაწილეობით; იმ კულტურული ენით, რომელიც დაეფუძნა საერთოქართველურ ენას და რომელიც თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა ტაო-კლარჯეთშიც, ეგრის-ლაზეთშიც (რომლის ცენტრი იყო ქუთაისი!), საქართველოს მთიანეთშიც და არა მხოლოდ მცხეთასა თუ და ქართლ-კახეთშიც.
- ქართველთა მიერ დაარსებული სახელმწიფო დრო და დრო ნაწევრდებოდა მომხვდურთა აგრესიით დროს და შედეგ, მაგრამ თითქმის ყველა დანაწევრებულ ერთეულს ისევ ბაგრატიონები მართავდნენ და მათთან ერთად ყველა მხარის მოსახლეობას პრეტენზია ჰქონდა, რომ იყო დიდი ტრადიციის მქონე ქართული ენისა და ერთიანი საქართველოს იდეის პატრონი.
ამ და სხვა გარემოებებმა განაპირობა ქართველთა მიერ ენობრივ-ეთნიკური ერთიანობისა და ერთიანი საქართველოს პერსპექტივის შენარჩუნება.
ბუნებრივია, საქართველოს დანაწევრების პერიოდებში იღვრებოდა ქართველთა ბევრი სისხლი და რღვევას იწყებდა ერთიანი ეროვნული ცნობიერებაც; ეს რყევები კარგად აისახა დემოგრაფიაშიც, ტერმინოლოგიაშიც, ონომასტიკაშიც... მაგ., 10 საუკუნის წინ ქორონიმ "ქართლის" მნიშვნელობა დავიწროვდა აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ ერთი პროვინციის სახელად, შესაბამისად, ეთნონიმ "ქართველის" საფუძველზე აუცილებელი გახდა ახალი ტერმინის - "საქართველოს" დამკვიდრება; მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში, ქორონიმმა  "საქართველომაც" და ეთნონიმმა "ქართველმაც" ლამის დაკარგეს თავიანთი მომცველობითი სემანტიკა და ქართველი საზოგადო მოღვაწენი ფიქრობდნენ, დაემკვიდრებინათ ახალი გამაერთიანებელი ტერმინები: "ივერია" და "ივერიელი"; შეიქმნა კიდევ "ივერიელთა ერთობის ტრაქტატი" (1790).
ბოლო ორ-სამ საუკუნეში დრო და დრო "ქართველი" თავის სემანტიკას "ქართლელად" ივიწროვებს და მის პარალელურად ჩნდება "იმერელი" (ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს მკვიდრის, მოგვიანებით კი დღევანდელი გაგებითაც), მეგრელი, აჭარელი და სხვ.. თუმცა, ქართული ენა ამ პერიოდშიც ინარჩუნებდა ქართველთა მაკონსოლიდირებელ ფუნქციას; სწორედ ქართული ენის საფუძველზე, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით, ძველმა ქართულმა ტერმინებმა: "ქართველი", "საქართველო" დაიბრუნეს თავიანთი ისტორიული (მაკონსოლიდირებელი) მნიშვნელობები.
რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, განსაკუთრებით კი საბჭოთა პერიოდში ისევ დაიწყო ქართველთა დანაწევრების პოლიტიკის ("გათიშე და იბატონე") გააქტიურება; საბჭოური პოლიტიკა უფრო მზაკვრული იყო: კრემლის იდეოლოგებმა მიზნად დაისახეს ქართველთა ენობრივი დანაწევრებით ეთნიკური დანაწევრების გაფორმება და ამ გზით ერთიანი ქართული ეროვნული თვითაღქმის სრული განადგურება. საბჭოთა პოლიტიკის ინერცია დღესაც აქტუალურია; დღეს ერთმანეთს მძაფრად უპირისპირდება ორი კონცეფცია:
- ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში არსებობდა ქართველი ერი, რომლის ერთიანობის საფუძველია არა მხოლოდ გენეტიკური ერთობა, არამედ მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო კულტურა და სახელმწიფოებრივი მეხსიერება;
- ქართველი ერი დღესაც კი არშემდგარი ერია; სხვადასხვა ქართველური ეთნოსები (ტომები): ქართლელი, იმერელი, მეგრელი, სვანი, აჭარელი, მესხი... ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულან ერად (იხ., მაგ., ტალიავინის დასკვნა).
 მეორე "კონცეფცია" რუსეთშია შექმნილი და ისტორიულ რეალობის დამახინჯებას წარმოადგენს; მაგრამ, რუსეთის აქტიურობით (საქარტველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომი!)  მთელ მსოფლიოში დღესაც ვრცელდება. ამ ანტიქართულ მიმართულებას უნებლიედ აძლიერებს ზოგი ამჟამინდელი ქართველიც, რომელმაც არ იცის, კიდევ ვინ არის ქართველი! კერძოდ, ზოგი დეზორიენტირებული ქართველი დღესაც კი ქართველთა ცალკეულ კუთხურ მეტყველებებს ე.წ. "უმწიგნობრო ენებად" (ველურთა ენებად!) მოიხსენიებს, ანდა, რაიმე საბაბით (აღმსარებლობა, მიწის მუშაკობა, მთაში ცხოვრება...) ლანძღავს საქართველოს რომელიმე კუთხის მოსახლეობსა; მაგ.:
- ვიღაც უფუნქციო პრიმიტივი ლანძღავს სამხრეთ საქართველოს მკვიდრ ქართველს (აჭარელს, მესხს, შავშელს, ტაოელს...), ქართველს, რომელმაც ოსმალური ოკუპაციის პირობებში გადაარჩინა ქართული მეობა, მაგრამ მძიმე ეკონომიკური თუ პოლიტიკური პირობების გამო ზოგმა შეიცვალა რელიგია, რომ ფიზიკურად გადარჩენილიყო; ბევრი აქაური მთასა თუ ტყეში გაიხიზნა და ქრისტიანობაც შეინარჩუნა (ზოგი კატოლიკე გახდა
- ვიღაც უფუნქციო ბრიყვი ვაიქართველი ლანძღავს სამეგრელოსა თუ სვანეთის მკვიდრთ (მეგრელს, სვანს...), რომელთაც ამ ბრიყვის წინაპარზე მეტად უერთგულეს, შეინახეს ქართული წერილობითი კულტურა,  მაგრამ დაქუცმაცებულობის პერიოდში ამ კუთხეების მცხოვრებთა  კუთხური მეტყველება ბუნებრივად შეიცვალა და დაშორდა წერილობით ენას;
- რომელიღაც უფუნქციო ჩლუნგი ქართველი კი ლანძღავს მთის ქართველობას, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრების გამო შეიძლება იმდენი განათლება არ ჰქონდეთ, რამდენიც ბარის მცხოვრებთ, სამაგიეროდ, მთის ქართველები საქართველოს მეციხოვნენი იყვნენ და არიან...
მოკლედ, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსება უნდა წამოვწიოთ წინ და ისტორიული ნაიარევი არ უნდა გავაღიზიანოთ; მით უმეტეს, არ უნდა განვაზოგადოთ; პირველ რიგში, ეს მოეთხოვება მწერალს, პოეტს, მეცნიერს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს... სამწუხაროდ, დღეს მათ რიგში ბევრია მხოლოდ გრანტზე ორიენტირებული, უდმი  ანუ გამოუსადეგარი, მხოლოდ კარიერაზე ორიენტირებული... თუმცა, არიან კარგებიც; მომავალი კარგებისაა!

ამ თემაზე 1988 წელს გამოვაქვეყნე წერილი "საწუხ არს ესე"; აჟამინდელი სოციალური ქსელის დიალოგები თუ მწერალთა, ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა... ცალკეული გამონათქვამები ცხადყოფენ, რომ ქართველი ერის მოცემულ თაობაში - დღეს ცოცხალ თაობაში - 29 წლის მანძილზე თვისობივი ცვლილება არ მომხდარა; ეტყობა, მართლაც 40 წელია საჭირო, რომ დეზორიენტირებულმა თაობამ სამი თვის სავალი "უდაბნო" გაიაროს.

ქვემოთ წარმოდგენილი წერილი გამოქვეყნდა 1988 წელს. 1999 წელს კი უცვლელად შევიტანე ჩემს პირველ წიგნში:
 "აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში":







გარკვეულწილად ამ თემას ეხება ქვემოთ დალინკული მასალაც:
მინარეთი და ქართული ენა

http://tarielputkaradze.blogspot.com/2013/09/blog-post_9493.html