Sunday 30 October 2016

რეალობა არჩევნების შემდეგ

გავუსწოროთ თვალი სიმართლეს!

რა რეალობა წარმოაჩინა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა
და
რას და ვის მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობამ?

1. არჩევნების შედეგებმა ცხადყო ერთი მეტად სასიხალურო ფაქტი: საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ოკუპირებული, მოსახლეობა, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ერთიანი ორიენტირებით ცხოვრობს; მანეულის ოლქის შედეგებმა აჩვენა: სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა თუ მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, საქართველო მოქალაქენი ერთიან ერს წარმოვადგენთ (ეს კარგად გამოჩნდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებითაც!).

2. ხალხმა ხმა მისცა სტაბილურობას და არა ფულს; კერძოდ, სადავეები ჩააბარა დაბალანსებული კურსის მომხრე სახელისუფლებო ძალას, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილის პირით დეკლარირებული აქვს ქართული ფასეულობების ერთგულება და საქართველოს დასავლური კურსი. ამავე დროს, ხაშურის მაგალითით წარმოჩნდა, რომ ხალხმა უარი უთხრა ფულიან პირს და, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პარტიების კრიზისის პირობებში, ხმა მისცა არა მრეწველთა პარტიასა თუ სპეცსამსახურების მაღალჩინოსანს, არამედ, პირს, რომელიც ხალხის გასაგები ენით ლაპარაკობს, ხალხს ეხმარება და სახელმწიფოს ერთგულობაზე ხალხთან დამაჯერებლად ლაპარაკობს (რამდენმე დღის წინ საგანგებოდ შევისწავლე ხაშურის საარჩევნი განწყობა!).

3. არჩევნებში მონაწილე პარტიათაგან არც ერთი არ იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში გააქტიურებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რეალური მემკვიდრე. არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ საქართველოში არ არსებობს გამოკვეთილი ორიენტირების მქონე და ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები, რომლებსაც ხალხი ენდობა (ოცნება არაა კლასიკური  პარტია; სახელისუფლებო გაერთიანებაა, რომელშიც პარტიული ფორმირების მიმართულებით პერსპექტივა აქვს მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილის უშუალო გუნდს).

4. არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიქმნა კარგი გარემო, რომ პოლიტიკური სპექტრი დატოვონ 1992 წლიდან სახელმწიფო დანაშაულებში მონაწილე პირებმა, კრიმინალებმა, საქმოსნებმა... და ტრადიციული ქართული ფასეულულობებითა და ცივილიებული სამყაროს ორიენტირებით ახალი სახეებისაგან ჩამოყალიბდეს რამდენიმე ძლიერი პარტია, რომელიც პოლიტიკურ მინდორზე გამოვა მომდევნო არჩევნების წინ (ადგილობრივი არჩევნები  მალე მოგვადგება კარს).

5. არჩევნების შედეგებმა წარმოაჩინა ისიც, რომ მოსახლეობა კრიტიკულად აფასებს პოლიტიკურ სპექტრს და საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს ისეთ ღალატს, რომელიც ჩაიდინა შევარდნაძემ 1992-93 წლებში; კერძოდ: საერთაშორისო გარიგების შემდეგ (აღმოსავლეთ ევროპა დასავლეთს, კავკასია რუსეთს!) რუსეთმა დაამხო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და საქართველო ჩააბარა შევარდნაძეს, რომელმაც, ხალხის მოსატყუებლად, ჯერ მერაბ კოსტავას სურათი დაიკიდა კაბინეტში, შემდეგ კი აფხაზეთის დაგეგმილი ტრაგედიის პარალელურად, საქართველო დსთ-ში შეათრია.

p.s.

დეოკუპაციის შემთხვევაში საქართველო კეთილგანწყობილი მეზობელი იქნება რუსეთისთვისაც, მაგრამ აღარ დაბრუნდება რუსულ იმპერიულ ველში - ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. 

https://www.youtube.com/watch?v=Gm7GC551xqU

Wednesday 12 October 2016

შეკითხვა ბატონ უილიამ ლაჰიუს და მისი პასუხი


ჩემი შეკითხვა
ამიერკავკასიაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს,
ბატონ უილიამ ლაჰიუს და მისი პასუხი

2016 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირვევწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფაკულტეტი შეხვდა ამიერკავკასიაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ უილიამ ლაჰიუს.



შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. მან ხაზი გაუსვა ნატოს მხარდაჭერას საქართველოსადმი, რაც განსაკუთრებით გამოიხატა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, იყო საშიშროება საოკუპაციო ჯარს თბილისიც დაეკავებინა. ამ კრიტიკულ სიტუაციაში დასავლეთის სახელმწიფოებისა და ნატოს მხარდაჭერით ქართული სახელმწიფო გადარჩა.
ბატონმა უილიამ ლაჰიუმ ისაუბრა ნატოს შექმნის ისტორიაზე, ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების ვალდებულებებსა და მათ როლზე ნატოს ფუნქციონირებაში, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებზე. ბატონმა ლაჰიუმ მიმოიხილა ნატოს, როგორც ორგანიზაციის მნიშვნელობა, მისი მუშაობის სპეციფიკა, ისაუბრა ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და ნატოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის წარმოჩენა როგორც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის...



თავისი გამოსვლის შემდეგ ბატონ უილიამ ლაჰიუს დავუსვი შეკითხვა არც თუ მცირე შესავლის შემდეგ; კერძოდ, მე ვთქვი (გადმოგცემთ ჩემი გამოსვლის ძირითად შინაარსს):
- ბატონო უილიამ, პირველ რიგში გაგეცნობით: მე ვარ პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, საქართველოს პირველი მრავალპარტიული პარლამენტის წევრი; იმ პარლამენტისა, რომელმაც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და რუსული გეოპოლიტიკური სივრციდან გამოსვლა... სამწუხაროდ, იმხანად დასავლეთმა, კონკრეტულად ნატომაც, მხარი დაუჭირა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების გასვლას რუსული იმპერიული სივრციდან; ამის გამო საქართველო, ზოგადად, კავკასია, შუა აზრიის ქვეყნები, უკრაინა, ბელორუსია და მოლდოვა დატოვა რუსულ გეოპოლიტიკურ ველში. რუსეთის ველში დარჩენილ სახელმწიფოთაგან ორი: საქართველო და აზერბაიჯანი ცდილობდნენ, რეალურად გამოსულიყვნენ რუსეთის იმპერიიდან (საქართველომ საბჭოთა იმპერიის ჯარს საოკუპაციო ჯარის სტატუსიც მიანიჭა).

დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი საქართველოს კანონიერი ხელსუფლება - პრეზიდენტ ზვიად გამსაზურდიას ხელისუფლება, ასევე, აზერბაიჯანის კანონიერი ხელისუფლება - აბულფას ელჩიბეის ხელისუფლება, რუსეთმა მალევე დაამხო, ძალაუფლება ჩააბარა რუსეთის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილ მარიონეტულ რეჟიმებს და საქართველო და აზერბაიჯანიც დსთ-ს ნაწილად გამოაცხადა... სამწუხაროდ, 1992 წელს საქართველოს ხელისუფლების დამხობის ფაქტი დასავლური სახელმწიფოების, ევროკავშირისა თუ ევროსაბჭოს ოფიციალურ ტექსტებში (განცხადებებში) დღესაც არასწორად იწოდება, როგორც სამოქალაქო ომი; აუცილებელია, თქვენც დამკვიდროთ ადეკვატური კვალიფიკაცია: 1992-93 წლებში რუსეთმა დაამხო საქართველოს კანონიერი ხელისუფლება (ამ აგრესიას ნუღარ მონათლავთ ე.წ. სამოქალაქო ომად).
მოგვიანებით, 2008 წლის გაზაფხულზე საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაატარა პლებისციტი, რის საფუძველზეც საქართველომ გადაწყვიტა ნატოში გაწევრიანება... ნატომ ამჯერად დისტანცია დაიჭირა მაპის მიმართულებით; რუსეთმა ეს მომენტი კარგად გამოიყენა და 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოს ტერიტორიის მორიგი ოკუპაცია და შეეცადა, საქართველოს ხელისუფლების დამხობას. რუსეთმა აფხაზეთსა და ცხივნალის მხარეში განახორციელა ქართველთა გენოციდი და გამოაცხადა ამ ისტორიული ქართული ტერიტორიების "სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის" აღიარება; პარალელურად, გაანადგურა საქართველოს სამხედრო ინფრასრუქტურა...
მოკლედ, რუსეთმა დასაჯა საქართველო ნატოსკენ სწრაფვის გამო...
დასახელებულმა ფაქტებმა საქართველოს მოსახლეობაში გააჩინა გარკვეული იმედგაცრუება ნატოს მისამართით...
 და ჩემი შესავალი მსჯელობის ბოლო წინადადება:
გუშინწინ პუტინისა და ერდოგანის შეხვედრით გამოჩნდა, რომ დაახლოვდნენ საქართველოსთვის ოკუპანტი რუსეთი და ნატოს წევრი თურქეთი; საქართველოს წინაშე უფრო მეტი საფრთხეების მოლოდინი ჩნდება... თქვენი დღევანდელი გამოსვლა შეიძლება ემსახურებოდა კიდეც ქართველი ხალხის ძველი თუ ახალი მოლოდინების დაბალანსებას, მაგრამ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,  რეალური საფრთხეების წინაშე ვდგავართ; ეს საფრთხეები უფრო და უფრო მატულობს.  მე როგორც ქართველი, ვხედავ, რომ რუსული აგრესიის პერსპექტივის მიმართ არაპროპორციულია დასავლეთის ძალისხმევა საქართველოს მხარდასაჭერად... და ჩემი კითხვაც:
   არის თუ არა ნატო მზად, უფრო მეტი, კერძოდ, რუსული საფრთხის გამაკომპენსირებელი /ადეკვატური/, მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს?


ბატონი უილიამ ლაჰიუს ვრცელი პასუხის მოკლე შინაარსი (რაც და როგორც მახსოვს), ასე შეიძლება გადმოვცე:
- ჩვენ კარგად გვესმის საქართველოს პრობლემები, მაგრამ, რამდენადაც ნატოს მართვა ხდება წევრი ქვეყნების კონსესუსით, ზოგჯერ რთულია პრობლემურ თემებზე შეთანხმება... თქვენ კარგად იცით, ნატოს წესდების მე-5 მუხლის შინაარსი. საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას რუსეთის გარდა მთელი მსოფლიო აღიარებს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ შეიძლება განვიხილოთ გერმანიის მოდელი; კერძოდ, ნატოში შესვლის წინ გერმანია არ იყო ერთიანი; ნატომ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, დაეცვა რუსეთის მიერ არაოკუპირებული ტერიტორია - დასავლეთ გერმანია, ხოლო აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებულად ცნო. ნატოს პასუხისმგებლობა რომ აეღო გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილზეც, ნატო მეორე დღესვე ომში უნდა ჩაბმულიყო რუსეთთან...    საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, რა და როგორ უნდა განხორციელდეს: ჩვენ პასუხისმგებლობა რომ ავიღოთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეზე, მეორე დღესვე ომში უნდა ჩავებათ რუსეთთან... თუმცა, ჩვენ არასოდეს არ ვცნობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ მიწებს არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არც - რუსეთის ნაწილად...
საქართველო თუ გახდება ნატოს წევრი, ჩვენ დავიცავთ საქართველოს ოკუპაციის ხაზის აქეთა მხარეს, თუკი ზუსტად დადგინდება საოკუპაციო ზოლი..
. 2008 წელს დასავლეთმა შესაძლებლობების ფარგლებში გაუწია დახმარება საქართველოს - შეერთებული შტატების სამხედრო გემები შემოვიდა საქართველოში და რუსეთის ჯარი თბილსთან შეჩერდა... მომავალშიც დაგიდგებით გვერდით... მოკლედ, საქართველო-ნატოს მომავალი პერსპექტიულია და კარგადაა გასააზრებელი...

დაახლოებით ასეთი იყო ამიერკავკასიაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის პასუხი.
ვფიქრობ, რომ საინტერესო პასუხია, ამიტომაც გადავწყვიტე, ყველას გაგიზიაროთ ამ დიალოგის შინაარსი.
დავძენ:
ბატონი უილიამი დიდებული პიროვნებაა, უყვარს საქართველო და რეალურად უყურებს საქართველოს უახლოეს ისტორიას, აწმყოსა და მომავალს.




ბატონ უილიამთან დღევანდელი დიალოგის შინაარსის გათვალისწინებით გთავაზობთ ჩემს ამჟამინდელ მოსაზრებებს მოვლენების შემდგომი განვითარების სამი შესაძლებლობის შესახებ:
1. დასავლეთის დისტანციური (არაპროპორციული!) მხარდაჭერის პირობებში რუსეთი იარაღის ძალით კონტროლს დაამყარებს საქართველოზე, ანდა, 1992 წლის უკანონო პრორუსული (პუტჩისტური) ხელისუფლების მსგავსად, რომელიმე ახალი ხელისუფლება ღალატის შეფუთვით საქართველოს დააბრუნებს რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში... ასეთ შემთხვევაში საქართველოს კატასტროფა ელის: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, ენობრივ-ეთნიკურად დაანაწევროს ქართველი ერი  და მყიფე ფედერაციისა თუ რეგიონალიზაციის გზით საბოლოოდ დაშალოს საქართველოს სახელმწიფო; ამის შემდეგ რუსეთი სამუდამოდ მიიერთებს გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი კავკასიის ცენტრალურ სახელმწიფოს - საქართველოს,  ქართველი ერი კი საბოლოოდ განადგურდება.
2.  ახლო მომავალში ნატო გააქტიურდება და თავის წევრად მიიღებს საქართველოს; თავის თავზე აიღებს, რუსული თუ სხვა ქვეყნის აგრესიისაგან დაიცვას საქართველოს სახელმწიფოს არაოკუპირებული ტერიტორია. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ისტორიული ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის მხარე - აღიარებული იქნება საქართველოს დე იურე ნაწილად და ინტენსიურად ამოქმედდება ამ მხარეებში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის (ამ მხარეების საქართველოსათვის დაბრუნების) გრძელვადიანი სტრატეგია /დაახლოებით ისეთი, რომელმაც უზრუნველყო აღმოსავლეთ გერმანიის შეერთება დასავლეთ გერმანიასთან/.
3. დასავლეთი (ნატო, ევროკავშირი) დააფასებს საქართველოს პროდასავლურ არჩევანს და  ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი; პარალელურად მოილაპარაკებს რუსეთთან, მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია - აფხაზეთი და ცხინვალის მხარე დატოვოს რუსეთის ჯარმა, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; სამაგიეროდ, საქართველო აღარ გახდება ნატოს წევრი. მსოფლიოს დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები საუკუნო კონსესუსის წესით საქართველოს გამოაცხადებენ შვეიცარიის მსგავს ნეიტრალურ სახელმწიფოდ (თვითგამოცხადებული "ნეიტრალიტეტი", ისეთი, როგორიც გამოაცხადა 1920 წელს ნოე ჟორდანიამ და დღეს გვპირდება ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ისევ სარუსეთოდ გაწირავს! თვიტგამოცხადებული ნეიტრალიტეტი დასავლეთზე უარის თქმას და აგრესიული, არასანდო, იმპერიული რუსეთის პირისპირ მარტოდ დარჩენას ნიშნავს).