Wednesday 26 February 2014

1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია და ბათუმის ოლქის საბედისწერო დანაწევრება



ტარიელ ფუტკარაძე

1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია და
ბათუმის ოლქის (აჭარა-ქობულეთი, ართვინ-შავშეთი)
საბედისწერო დანაწევრება

1918 წლის აპრილში ბათუმში თურქეთის საოკუპაციო ჯარის შესვლის შემდეგ აჭარის მკვიდრთა აქტიურმა ნაწილმა, რომელმაც კარგად იცოდა როგორც მშობლიური კუთხის, ასევე, ზოგადად, საქართველოს ისტორია, ოკუპირებული ტერიტორია დატოვა და სამოღვაწეოდ თბილისში გადავიდა; მათ საქართველოს დედაქალაქში დაარსეს "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი"; თავმჯდომარე აირჩიეს მემედ აბაშიძე; წევრებად: ჰაიდარ აბაშიძე (მოადგილე), . დიასამიძე (მდივანი), . თხილაიშვილი, . შერვაშიძე, . აბაშიძე, . ბაჟანიძე, . ნოღაიდელი, . ქათამაძე და სხვ.
"სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მიზანი იყო ბათუმის ოლქის, ასევე, საქართველოს სხვა ისტორიული მხარეების დაბრუნება საქართველოს წიაღში. ინგლისის საოკუპაციო ხელისუფლების, ოსმალოფილები (სედაიმილეთელები), მუსავატელები, დაშნაკები, დენიკინელებისა და სხვა რეაქციონერების წინააღმდეგობის მიუხედავად, "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა" განყოფილებები შექმნა ოზურგეთსა და ახალციხეში აჭარის, ტაო-კლარჯეთისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი მუშაობის გასაშლელად. ოსმალთა დამარცხების შემდეგ კომიტეტის ხელმძღვანელობა თბილისიდან გადავიდა ქუთაისში.
"სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი ომიტეტმა" 1919 წელს დააარსა თავისი ორგანო - გაზეთი სამუსლიმანო საქართველო, რომელმაც საქართველოს გაერთიანებისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ბევრი მოწოდება და პროკლამაცია გამოსცა.
ბათუმის ინგლისელი კომენდანტის - უილიამ კუკ-კოლისის პრორუსული (დენიკინის რუსეთის) განწყობის მიუხედავად, 1919 წლის 31 აგვისტოს "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა" მოიწვია ბათუმის ოლქის[1] - აჭარა-ქობულეთის, მაჭახელის, ლივანის, ლაზეთის ნაწილის /გონიო-მაკრიალის, ჩხალის/, მურღულის, ართვინის, შავშეთის - წარმომადგენელთა ყრილობა.
ბათუმის ოლქი ადმინისტრაციულად დაყოფილი იყო ბათუმის, ართვინისა და აჭარის ოკრუგებად. ადგილობრივი მმართველობას სათავეში ედგა ბათუმის სამხედრო გუბერნატორი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, რატომღაც, დღემდე თითქმის ყველა გამოკვლევასა თუ ენციკლოპედიაში "ბათუმის ოლქი" გაიგივებულია გაცილებით მცირე ტერიტორისთან - აჭარასთან[2]; შესაბამისად, ბათუმის მთლიანი ოლქის მოსახლეობის სურვილი, სხვა ქართველებთან ერთად მოქცეულიყვნენ ერთიან სახელმწიფოებრივ ველში, გამოცხადებულია მხოლოდ აჭარის მოსახლეობის ნებად.

ბათუმი ოლქის  წარმომადგენელთა ყრილობამ აირჩია სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო) მემედ აბაშიძის თავმჯდომარეობით და ერთხმად დაადგინა ბათუმის ოლქის (აჭარის, ქობულეთის, ართვინისა და შავშეთის მხარეების) საქართველოსთან შეერთება ავტონომიის საფუძველზე და გაგზავნა თავისი დელეგაცია პარიზის საზავო კონფერენციაზე. მიღებულ დადგენილებაში ეწერა:
"ბათუმის ოლქის მუსლიმთა წარმომადგენელნი, რიცხვით ასი კაცი, ვაცხადებთ ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რომ ბათუმის ოლქის მკვიდრნი, სარწმუნოებით მუსულმანები, ისტორიით, სისხლით და ხორცით, ენით, კულტურით და ადათებით ვართ მუსლიმი ქართველები და ტერიტორიულად და ეკონომიურად ყოველთვის ჩვენი მხარე დედა-სამშობლოს საქართველოს განუყრელ ნაწილს შეადგენდა. გამოვსთქვამთ შეურყეველ ნებისყოფას და მტკიცე გადაწყვეტილებას: ამიერიდან და სამარადისოდ ბათუმი და მისი ოლქი შეუერთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს, საქართველოს რესპუბლიკას... დადგენილება ესე ეცნობოს პარიზის საზავო კონფერენციას და ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, მიიღოს ყოველივე ზომა ჩვენი დადგენილების განსახორციელებლად"[3]; წერილი დადასტურებული იყო ხელმოწერებით[4]:


ბათუმი ოლქის  წარმომადგენელთა ყრილობის მიმართვის საფუძველზე საქართველოს დამფუძნებელი კრებამ 1919 წლის 25 დეკემბრს მიიღო დადგენილება ბათუმის ოლქის შესახებ; 1920 წლის 14 იანვარს კი საქართველოს მენშევიკურმთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამავე თემაზე, რომელშიც ვკითხულობთ:
საქართველოს ყველა მოქალაქის ნების თანახმად, პარლამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად და ასევე რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლებამ ცნო ბათუმის ოლქის ავტონომია”. თუმცა, ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები ვერ გადაიდგა.
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა 1921 წლის მაისამდე - ბოლშევიკურ იკუპაციამდე იარსება.
გაზიარებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ აქვე აღვნიშნავთ:
მემედ აბაშიძისა და, ზოგადად, ბათუმის ოლქის მეჯლისის სურვილი შექმნილიყო "სამუსლიმანო საქართველოს" ავტონომია; ეს სურვილი ვერ განხორციელდა, რამდენადაც, რუსეთისა და თურქეთის არალეგიტიმური ხელისუფლებების 1921 წლის 16 აპრილის გარიგებით[5], ბათუმის ოლქი გაიყო ორ არათაბარ ნაწილად - დიდი ნაწილი დარჩა თურქეთს, მცირე ნაწილში კი, საბჭოთა იმპერიის 1921 წლის 16 ივლისის დადგენილებით, შეიქმნა დღეს არსებული ე.წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - ყოვლად უკანონო წარმონქმნი[6]. რუსეთის საბჭოთა იმპერიამ ეს არალეგიტიმური შეთანხმება 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში "დაადასტურებინა" ამიერკავკასიის ოკუპირებულ რესპუბლიკებში მის მიერ დანიშნულ რენეგეტებს; რუსეთსა და თურქეთს შორის იმხანად სამხრეთი კავკასია ასე გადანაწილდა:
 
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი:
  1922 წლის აგვისტოში ყველა ანტისაბჭოთა პარტიამ, გარდა ქემალისტებისა, მოილაპარაკა და შეიმუშავა ხუთი მუხლისაგან შემდგარი შეთანხმება:
1. პარტიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ საერთო ძალით იბრძოლონ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
2. იმ შემთხვევაში, თუ აღსდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, მოიწვევა დამფუძვნებელი კრება, რომელსაც ანგარიშს ჩააბარებენ თავიანთი მოღვაწეობის შესახებ როგორც საზღვარგარეთ მყოფი მთავრობა, ასევე ის, რომელიც შეიქმნება გარდამავალ დროში.
3. დამფუძვნებელი კრების სხდომაზე კოალიციის პრინციპით იქმნება ახალი მთავრობა, ამასთან არც ერთ პარტიას არ ექნება უფლება, დაიკავოს ერთ მესამედზე მეტი ადგილი.
4. წინა მთავრობის მოღვაწეობის გარჩევისათვის, რომელმაც ქვეყანა კრახამდე მიიყვანა, იქმნება პარიტეტული კომისია.
5. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერიდან პარიტეტულ საწყისებზე აირჩევა ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი." [აცსა, (პარტიული არქივი), .1, აღწ.1, საქ.210, ფურც.498][7] .
...იმის გამო, რომ აჭარაში ბოლშევიკებმა აჯანყებამდე ორი თვით ადრე დაიწყეს რეპრესიები, დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პარტიების ლიდერი, აქტივისტები, ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა" და მისი ბათუმის სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, აჭარაში ანტისაბჭოთა პარტიებმა ვერ მოახერხეს აჯანყების მოწყობა.
     1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების შემდეგ, რომელიც სისხლში იქნა ჩახშობილი, საქართველოში, მათ შორის აჭარაში, ყველა ანტისაბჭოთა პარტია და ორგანიზაცია ბოლშევიკების მიერ ლიკვიდირებული იქნა.


საინტერესოა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გასული საუკუნის პირველი მეოთხედის ლაზეთის მეორე ნაწილის ქართველობის ბრძოლაც:
ოსმალეთის იმპერია სრულად ვერასოდეს აკონტროლებდა ლაზეთს; გასული საუკუნის 10-იან წლებში კი ლაზეთში სერიოზული მოძრაობა გაიშალა საქართველოსთან შესაერთებლად; კერძოდ: 
1914 წელს გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" დააარსეს. 1915 წლის იანვარში ლაზეთის ვიწეს თემის სოფელ აბუნოღაში "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი" დაარსდა. მის ხელმძღვანელად აირჩიეს 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე, ოზურგეთელი ბესო ჭყონია, რომელიც 1908 წლიდან თავს ლაზისტანის სანჯაყს აფარებდა და ვიწეში ცხოვრობდა. იგი ხელობით მჭედელი იყო და ლაზები "უსტა ბესოს" ("ოსტატ ბესოს") ეძახდნენ. მეთაურის მოადგილეები იყვნენ ვიწელი მესუდ ფეილევან-ოღლი, ხოფელი შეფიკ-აღა კლარჯი-ოღლი, არქაბელი მემეტ თიბუკ-ოღლი და ათინელი მუსტავა ჯუვეწ-ოღლი და რასიმ კოსტ-ოღლიც; ამ უკანასკნელს "რუსეთის ლაზისტანი" (სარფი, მაკრიალი, ლიმანი და ჩხალის ხეობა) ებარა.
"საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი" 1918 წლამდე არსებობდა. მისი წევრები ლაზისტანის სანჯაყის ტერიტორიიდან რუსების გასვლის შემდეგ (1917 წლის დეკემბერი) პოლიციის ფუნქციების შეთავსებასაც ეცადნენ, თუმცა მალევე მოუწიათ შეტაკება ოსმალური არმიის საუკეთესო რეგულარულ ნაწილებთან, რომლებმაც 1918 წლის იანვარ-თებერვალში სანჯაყის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს.
რუსების გასვლის შემდეგ ოსმალები "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს" მტრულ ძალად განიხილავდნენ, შესაბამისად, ოსმალოებმა მიზნად დაისახეს "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის" განადგურება.
სმალური არმიის ვიწეში შემოსვლისას "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტმა" ერთხმად გადაწყვიტა არმიისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. ამ დროისთვის მის შემადგენლობაში ირიცხებოდა მხოლოდ და მხოლოდ 70-მდე მებრძოლი. ამის მიუხედავად, კომიტეტმა მაინც არ დაიხია უკან, რადგან მისი წევრები ფიქრობდნენ, რომ ბათუმიდან დამხმარე ძალა მალე მოვიდოდა. ამის საფუძველი მათ ერთმა ყალბმა ინფორმაციამ მისცა - ვიწეში ვიღაცამ ხმა გაავრცელა, რომ ლაზეთში ქართული სახალხო ლაშქარი შემოდიოდა.
1918 წლის 10 მარტს, ლაზეთის კომიტეტის მიერ შეკრებილმა მებრძოლებმა ვიწეს მისადგომებთან ოსმალები ერთი დღით შეაჩერეს, თუმცაღა მაშველი არსად ჩანდა. უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ კომიტეტის ხელმძღვანელი ბესო ჭყონია, მუსტაფა თიბუკოღლი და ჰაფიზ ბიბინოღლი. შეფიკ-აღა კლარჯიოღლიმ და ჯელალ გურჯიოღლიმ მიმალვა მოახერხეს, ხოლო მესუდ ფეილევანოღლი ოსმალებმა ცოცხლად ჩაიგდეს ხელში და თავი მოჰკვეთეს.
1918 წლის შემდეგ ლაზეთა პროქართული მოძრაობა - "ანსანერობა" - ლაზეთში შესუსტდა, თუმცაღა "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის" ყოფილი წევრები მონაწილეობდნენ თითქმის ყველა კონფლიქტში, რაც კი იმხანად სამხრეთ საქართველოში ხდებოდა. მათი დიდი ნაწილი ყოველთვის პროქართულ პოზიციაზე იდგა, მაგრამ ლაზეთი დედასამშობლოს მაინც ვერ შემოუერთდა. უკანასკნელად "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის" სახელი 1920 წლის დეკემბერში გახმაურდა, როცა სტამბოლში შეფიკ-აღა კლარჯიოღლიმ მესუდ ფეილევანოღლის გამო შური იძია. მან ის გენერალი მოკლა, ვინც 1918 წლის 10-11 მარტს ვიწეს აღებას ხელმძღვანელობდა, თუმცა გაქცევა ვეღარ შეძლო და პოლიციელებმა ქუჩაშივე ჩაცხრილეს[8].

ამრიგად,
1. 1921 წელი ავბედითი პერიოდია საქართველოს ისტორიისათვის. ბედის ირონიაა, რომ 25 თებერვალი - საქართველოს ცენტრალური ნაწილის რუსეთის მიერ ოკუპაციის დღე, 1991 წლამდე საზეიმო დღედ იყო გამოცხადებული ოკუპირებულ საქართველოში; დღეს ეს დღე უკვე ადეკვატურად აღინიშნება და მას ვუწოდებთ ბოლშევიკური ოკუპაციის დღეს; 

2. 1921 წლის 7 მარტს თურქრის ჯარებმა დაიკავეს საქართველოს ერთი ნაწილი - ართვინის მხარე; მეზობელ თურქეთში 7 მარტს დღემდე აღნიშნავენ რუსებისა და ქართველებისგან ართვინის გათავისუფლების დღედ; არადა, ართვინის მხარე - ისტორიული ტაო-კლარჯეთი - ქართველთა ისტორიული საცხოვრისია...
3. საქართველოს არანაირი ლეგიტიმური ვალდებულება არა აქვს, შეინარჩუნოს ყოვლად უკანონო ე.წ. აჭარის ავტონომია; პირიქით, კავკასიაზე კონტროლის მოსურნე ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გარიგებით საქართველო ორმხრივიად დაზარალებული ქვეყანაა; 

4. დღეს აღიარებული საერთაშორისო საზღვრების გათვალისწინებით, თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას; დღეს მთავარია, თურქეთში მოქცეული ისტორული ქართული მიწების ავტოქთონ მცხოვრებთ ჰქონდეთ შესაბამისი ენობროვ-კულტურული უფლებები. 
5. საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს რუსეთისგან ოკუპირებულად თვლის საქართველოს მხოლოდ ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს - აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეს.



[1] ბათუმის ოლქი მხოლოდ ამჟამინდელ აჭარას არ მოიცავდა:
რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთული ბათუმის ოლქი შეიქმნა ბერლინის 1878 წლის ტრაქტატით შემოერთებული ისტორიული ტერიტორიის ნაწილზე. ეს ტერიტორია 1883-1903 წლებში შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. 1903 წელს გამოეყო ქუთაისის გუბერნიას ცალკე ერთეულად, ოლქის ცენტრად გამოცხადდა . ბათუმი; ბათუმის ოლქში ლაზისტანის ნაწილიც შედიოდა: სარფი, მაკრიალი, ლიმანი და ჩხალის ხეობა; ფართობი — 6,975 კმ2 (1904), დასახლებული პუნქტი — 471.
[2] იხ., მაგ., საენციკლოპედიო ცნობები; ასევე, ამ თემაზე ძველი თუ ახალი გამოკვლევვები; ბოლო გამოკვლევათაგან იხ., მაგ.: ნაზი დაშნიანი, დოკუმენტები ბათუმის ოლქის საქართველოსთან შემოერთების შესახებ (1920 წელი) http://archives-ajara.gov.ge/text_files/ge_file_233_1.pdf; გვ. 183-190; პეტრე ბურავსკი, აჭარა - რეგიონალიზმი თუ სეპარატიზმი;
 http://www.useug.com/cign/Polonetidan%20danaxuli%3D.pdf
[3] http://blogger.ge/post/2022#sthash.5tOauGNP.dpuf
[4] დოკუმენტური მასალის მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებთ ბ-ნ ვახტანგ გურულს.
[5] 1921 წელი ავბედითი პერიოდია საქართველოს ისტორიისათვის. ბედის ირონიაა, რომ 25 თებერვალი - საქართველოს ცენტრალური ნაწილის რუსეთის მიერ ოკუპაციის დღე, 1991 წლამდე საზეიმო დღედ იყო გამოცხადებული ოკუპირებულ საქართველოში; დღეს ეს დღე უკვე ადეკვატურად აღინიშნება და მას ვუწოდებთ ბოლშევიკური ოკუპაციის დღეს; შდრ.: 1921 წლის 7 მარტს თურქრის ჯარებმა დაიკავეს საქართველოს ერთი ნაწილი - ართვინის მხარე; მეზობელ თურქეთში 7 მარტს დღემდე აღნიშნავენ რუსებისა და ქართველებისგან ართვინის გათავისუფლების დღედ; არადა, ართვინის მხარე - ისტორიული ტაო-კლარჯეთი - ქართველთა ისტორიული საცხოვრისია...
[6] საქართველოს არანაირი ლეგიტიმური ვალდებულება არა აქვს, შეინარჩუნოს ყოვლად უკანონო ე.წ. აჭარის ავტონომია; პირიქით, კავკასიაზე კონტროლის მოსურნე ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გარიგებით საქართველო ორმხრივიად დაზარალებული ქვეყანაა; თუმცა, დღეს აღიარებული საერთაშორისო საზღვრების გათვალისწინებით, თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას; დღეს მთავარია, თურქეთში მოქცეული ისტორული ქართული მიწების ავტოქთონ მცხოვრებთ ჰქონდეთ შესაბამისი ენობროვ-კულტურული უფლებები. შდრ., საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს რუსეთისგან ოკუპირებულად თვლის საქართველოს მხოლოდ ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს - აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეს.

[7] ო. გოგოლიშვილი, ანტისაბჭოთა პარტიების ბრძოლა ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში (1921 წელი), http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/1/2

[8] ვიმოწმებთ მ. ლაბაძის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით; ვრცლად იხ.:  http://www.kvirispalitra.ge/history/11962-ansaneroba-1915-1920.html