Sunday 10 April 2016

ტარიელ ფუტკარაძე
სიმართლე გიორგი სააკაძეზე

ამ სათაურით წიგნად გამოქვეყნდა (გამომცემელი: ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება) როსტომ ჩხეიძის ლიტერატურულ-ისტორიული ესეებისა და პოლემიკური სტატიების ციკლი, რომელიც ამ ოცი წლის განმავლობაში დროდადრო იბეჭდებოდა გაზეთების: „ლიტერატურული საქართველო“, „საქართველო“, „ჩვენი მწერლობა“ და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ ფურცლებზე და წარმოადგენს მიუკერძოებელ განსჯასა და შეფასებას გიორგი სააკაძის სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობისა და ზნეობრივი პორტრეტისა.
არსებობს ორი გიორგი სააკაძე:
ერთი  – XVII საუკუნის პირველი მეოთხედის მოღვაწე, ისტორიული პიროვნება თავისი ღირსებითა და ნაკლით, გამორჩეული როგორც სასახელო საქმეებით, ისე დანაშაულებრივი ქმედებებით თავისი სამშობლოს წინაშე და მეორესაბჭოთა მითოსის პერსონაჟი, ვისი პორტრეტიც დამუშავდა, პირადად, იოსებ სტალინის შეხედულებათა მიხედვით და ყალბი ისტორიისა და არანაკლებ ყალბი კინემატოგრაფის წყალობით წარმოდგა უდიდეს გმირად და საქართველოს გამთლიანებისა და სახელმწიფოებრივი ძლიერების სიმბოლოდ.
პირადად, საბჭოთა იმპერატორის მითითებათა გამო ამოიშალა გიორგი სააკაძის ბიოგრაფიიდან სათაკილო ეპიზოდებიირანელთა 1616 წლის სამხედრო ექსპედიციის ხელმძღვანელობაც, მონაწილეობაც წმინდანად შერაცხილი მეფე ლუარსაბ მეორის სიკვდილით დასჯაშიც, მარტყოფის აჯანყების წინარე ხანს შაჰ-აბასის მსტოვრის ხელში ჩაგდებაც და იმ საიდუმლო ბარათის მოპოვებაც, თბილისის აღების შემდეგ გიორგი სააკაძეს სიკვდილი რომ ემუქრებოდა, და ამიტომაც გახდა იძულებული დაკავშირებოდა მეფე თეიმურაზ პირველს და მასთან ერთად მოეხდინა აჯანყება, ბაზალეთის ძმათამკვლელი ომის წამოწყებაც...
გიორგი სააკაძის ბიოგრაფია შესანიშნავი სატყუარა გახლდათ იმ ყოვლად წარმოუდგენელი აზრის რეალურობის სამტკიცებლად, თითქოს შესაძლებელი იყოს ისე აღზევება შენი სამშობლოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს იერარქიულ კიბეზე, რომ გარეგნულად აკეთო შენი ქვეყნის დამაქცევარი საქმეები, ფარულად კი – სასიკეთო. ამის მთქმელი თავსაც იტყუებს და სხვათა მოტყუებასაც ცდილობს.
70-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ დაისაჭიროვა გიორგი სააკაძის ყალბი სახის თავს მოხვევა ქვეყნისათვის და, როდესაც ფარნავაზ მეფის, აშოტ დიდის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, დიმიტრი თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალისა თუ სხვათა და სხვათა, ნამდვილი გმირებისა და სახელმწიფო მოღვაწეთა ქანდაკებანი არ გაგვაჩნდა, გიორგი სააკაძის ორი ძეგლი აღმართა – კასპსა და თბილისში.
როგორც საბჭოთა აზროვნებასა და მორალს სჩვეოდა, ცრუგმირი კიდევ ერთხელ გამოცხადდა ჭეშმარიტ გმირად, მიუხედავად იმისა, რომ მას მოღალატედ, რენეგატად და კონდოტიერად მიიჩნევდნენ აკაკი წერეთელი, კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა, გრიგოლ აბაშიძე, ნიკო ბერძენიშვილი, ზვიად გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე, თამაზ ნატროშვილი, ეჭვის თვალით უყურებდნენ ილია ჭავჭავაძე თუ ივანე ჯავახიშვილი...
„სიმართლე გიორგი სააკაძეზეაღადგენს სტალინის მიერ გადაკეთებულ ბიოგრაფიას ჭეშმარიტების თარგზე, ავსებს გამოტოვებული ეპიზოდებით და ეს პიროვნებაც და მისი თანადროული ეპოქაც გააზრებულია ისე, როგორც სინამდვილეში იყო – არც არაფერია მიმატებული და არც არაფერი – გამოკლებული.
ესაა ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა განისჯებოდეს ისტორიული პიროვნებაც და ეპოქაც.
როსტომ ჩხეიძემ ლიტერატურულ-ისტორიული ესეებისა და ნარკვევების ამ ციკლისათვის უამრავი თავდასხმა იწვნია, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებითა და ცილისწამებებით სავსე, და ყველასაბჭოური პოზიციებიდან. და მაინც, მის შეუპოვრობას უკვალოდ არ ჩაუვლია და საგრძნობლად შეირყა გიორგი სააკაძის საბჭოურ-მითოსური სახება, თუმც ბოლომდეა გასაქარწყლებელი ცრუ საბურველი, რათა შთამომავლობის თვალში ყალბი გმირი აღარ ფარავდეს ჭეშმარიტ გმირებს და ყველას თავთავისი კუთვნილი მიეზღოს.