Saturday 15 June 2019

რუსული რბილი ძალის შესახებ


პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

რუსული „რბილი ძალის“ პოლიტიკით
ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრების საფრთხის შესახებ

რუსეთისაგან მომდინარე საფრთხეთაგან ოკუპაცია-ანექსიაზე არანაკლებ სახიფათოა „რბილი ძალის“ პოლიტიკით ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური დანაწევრების მცდელობა. რუსეთის მმართველი ელიტა ბოლო 150 წელია მიზნმიმართულად ქმნის ქართველი ერის დანაწევრების პირობებს, რომ „გათიშე და იბატონეს“ სტრატეგიით სრულად გააკონტროლოს საქართველო - კავკასიის ცენტრალური ნაწილი.

თანამედროვე ჰიბრიდული ომის, ზოგადად, საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ქვაკუთხედია სამეცნიერო იდეოლოგემები, რომლებზეც ფუძნდება ხალხის (დემოგრაფიული რესურსის) ცნობიერების მართვისა თუ დეზორიენტირების მექანიზმი. წინასწარვე აღვნიშნავ, რომ რუსეთის იმპერიის იდეოლოგებმა ბოლო 100 წლის მანძილზე სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს ქართველოლოგიური ხასიათის ფსევდომეცნიერული დებულებების შექმნისა და საერთაშორისო სივრცესა თუ ქართულ საზოგადოებაში მათი გავრცელების მიმართულებით (საკითხი დღესაც აქტუალურია!). წარმოდგენილ სტატიაში განვიხილავ ქართველთა ენობრივი ერთიანობის საწინააღმდეგო იდეოლოგემას, რამდენადაც ენა არის ეროვნული (ეთნიკური) ერთიანობის უპირველესი განმსაზღველი ფაქტორი (როგორც წესი, ენა აქვს ეთნოსს, დილექტი კი ეთნოსის ნაწილს).
თანამედროვე სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ქართველთა მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ენა დაეფუძნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებულ საერთოქართველურ „ხანმეტ“ ენას (და არა - ქართლურ დიალექტს), რომელიც, სავარაუდოდ, არსებობდა აიეტის დროიდან და რომლის გავრცელების საზღვრები ემთხვევა კოლხური არქეოლოგიური კულტურის გავრცელების ვრცელ არეალს.  ამ არქაული ხანმეტი ქართული (ქართველური) ენის უშუალო გაგრძელებაა ქართველთა სამწიგნობრო ენა; ასევე, მისი ზოგი მახასიათებელი შემონახულია მხოლოდ სვანურ კილოებში, ზოგი მეგრულ-ლაზურში, ზოგი ფხოურ, ჰერულ თუ მესხურ კილოებში და სხვ.. უეჭველი ფაქტია ისიც, რომ მსოფლიოში უნიკალური (/16 საუკუნის მანძილზე უწყვეტი) ქართული სამწიგნობრო ენის შექმნაში ყველა კუთხის ქართველი იღებდა მონაწილეობას; რომ ეს დიდი სამწიგნობრო კულტურა ყველა კუთხის ქართველის საკუთრებაა და არა - ერთი რომელიმე კუთხისა. შესაბამისად, არავის აქვს საფუძველი, რომელიმე კუთხის ქართველობა უდამწერლობო (უმწიგნობრო) ენის მქონე „ხალხად“ გამოაცხადოს; არადა, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდიდან, რუსი მოხელეები თუ საბჭოთა პერიოდის მეცნიერები ცდილობენ, „უმწერლობო ენის“ სტატუსი დაუმკვიდრონ ქართველთა ერთი ნაწილის კუთხურ მეტყველებას. მოკლედ საკითხის ისტორიის შესახებ:
ქართველოლოგიური მეცნიერებები ყალიბდება ბოლო 200 წლის მანძილზე. მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო კულტურის მქონე ქართველი ერის საცხოვრისისაქართველობოლო 200 წლის მანძილზე ოკუპირებული ჰქონდა რუსეთის იმპერიას. საქართველოს/კავკასიის შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მოხელეები ენობრივ-ეთნიკურად დანაწევრებულად წარმოადგენდნენ ქართველებს: ქმნიდნენ შესაბამის ფსევდომეცნიერულ დებულებებს (იდეოლოგემებს); კერძოდ, მეფის რუსეთის მოხელე კ. იანოვსკით დაწყებული პუტინის პოლიტიკის იდეოლოგის - ალ. დუგინით დამთავრებული, 150 წელია რუსი მოხელეები ცდილობენ, რომ ქართული ენისაგან დამოუკიდებელ „უმწერლობო ენებად“ გამოაცხადონ ქართველთა კუთხური მეტყველებები: სვანური, წოვა-თუშური, მეგრული, ლაზური, აჭარული, ხევსურული... და ამ გზით მოცემული მათ მფლობელთ წაართვან ქართულ სამწიგნობრო ენის ქმნადობის ისტორიაში მონაწილეობის ისტორია. საქართველოს დაპყრობის მოსურნეთა საბოლოო მიზანია, დედაენა - ქართული ენა - გაუუცხოვონ ქართველთა ნახევარს. ამგვარი მცდელობებს უკვე აქვს შედეგი; მაგ., მაღალი დონის საერთაშორისო დოკუმენტში - რუსეთ-საქართველოს ომის (2008) შესახებ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მომზადებულ  დასკვნაში - ვკითხულობთ:
„საქართველო საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ადგილობრივ სუბეთნიკურ ერთეულად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა თავისი საკუთარი ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები, დიალექტები და, მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი – სხვა ენები, რომლებიც ჰგავს ქართულს. ეთნიკურ ჯგუფთა კონსოლიდაციის და ერად ჩამოყალიბების პროცესი არ დასრულებულა“.
ჰ. ტალიავინის არასწორი დასკვნა ემყარება სომეხი მეცნიერის რობერტ სუნის ერთ-ერთ „სამეცნიერო ნაშრომს“. რუსული საინფორმაციო აგრესიის წყალობით, მსგავსი საბჭოური დეზინფორმაციები მრავლდაა საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში; ქართველთა ეთნიკური იდენტობა დამახინჯებულადაა წარმოდგენილი ექსპერტებისთვის განკუთვნილ ბევრ საერთაშორისო ცნობარებში, ენციკლოპედიებსა თუ ეთნიკურ რუკებზე; მაგ.:
მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით (2019 წლის მდგომარეობით), საქართველოში არის შემდეგი ენები/ეთნოსები:  აზერბაიჯანელები, ასირიელები (აისორები),  აფხაზები,  ბაცბები,  ბერძნები, ლაზები,  მეგრელები,  ოსები,  რუსები,  სვანები, სომხები,  ურუმები,  ქართველები,  ქართველი ებრაელები,  ქურთები.
პოსტსაბჭოთა საქართველოში მეცნიერების (/ქართველოლოგიის) არასწორი დაგეგმვის გამო საერთაშორისო ექსპერტებისათვის, ძირითადად, ხელმისაწვდომია, ანტიქართული ეთნოლინგვისტური რუკები; მაგ., გერმანელი ენათმეცნიერის მიერ 2003 წელს საბჭოთა კვალიფიკაციების ინერციითაა შექმნილი ლინგვისტური რუკა, რომლის მიხედვით ქართული ენა მხოლოდ სამტრედიამდე და ცაგერამდეა; გარდა ამისა, 2003 წელს შედგენილ რუკაზე ქართული ენა არ საერთოდ არ ჩანს ცხინვალის მხარეში (არადა, ამ მხარეში ქართველთა გენოციდი მოხდა 2008 წელს) /http://titus.uni-frankfurt.de/didact/karten/kauk/kaukasm.htm/:
იხ. რუსეთში ახლახან შექმნილია პროფ. ი.კორიაკოვისა თუ სხვათა მიერ შექმნილი რუკები, სადაც, ასევე, ქართული ენის საზღვრები არ სცილდება სამტრედიას და ცაგერს: (http://linguarium.iling-ran.ru/maps/1-all.gif):
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრება სათავეს იღებს ჯერ კიდევ მეფის რუსეთში, მაგრამ პიკს აღწევს სტალინის ეპოქაში; მაგ., ი. სტალინის წიგნში: "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი" (თბ., 1951) ვკითხულობთ:
კავკასიაში არიან მთელი რიგი ხალხები, რომელთაც პრიმიტიული კულტურა, განსაკუთრებული ენა აქვთ, მაგრამ მშობლიურ ლიტერატურას მოკლებულნი არიან... რა ვუყოთ ასეთ ხალხებს: მეგრელებს, აფხაზებს, აჭარლებს, სვანებს, ლეკებს და სხვ., რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავიანთი ლიტერატურა კი არა აქვთ?” (გვ.  138-139)... “ნაციონალური საკითხი კავკასიაში შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ დაგვიანებული ერები და ხალხები (მეგრელები, სვანები, აჭარლები... ხაზგასმა ჩემია - ტ.ფ.) უმაღლესი კულტურის საერთო კალაპოტში მოვაქციოთ” (გვ.  142).
სამწუხაროდ, ი. სტალინის მიერ გაბატონებული ამ ანტიქართული იდეოლოგემის ინერცია დღემდე არაა დაძლეული არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ თბილისშიც კი; მაგ., თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა მიერ 2015 წელს გამოიცა ასეთი ლექსიკონი (სადაც „უმწერლობო ენებადაა“ მიჩნეული მეგრული, ლაზური და სვანური) https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/qartul-megrul-lazur-svanur-inglisuri-leqsikoni/606:

შდრ. სხვა ავტორთა კოლექტივის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში წარმოდგენილი წინააღმდეგობრივი დასკვნა: “ სვანური და ზანური მეტყველებები, რომლებიც დიალექტებია მათი სოციალური ფუნქციონირების მიხედვით, ლინგვისტურად (? - ტ.ფ.) დამოუკიდებელ ენებს წარმოადგენს“[1]

ეტყობა, დამოწმებული ავტორებისათვის უცნობია, რომ სოციოლინგვისტიკა ლინგვისტიკის ერთ-ერთი დარგია და მსოფლიოში არსებული ენების სტატუსი სწორედ „სოციალური ფუნქციონირების მიხედვითაა“ დადგენილი. გარდა ამისა, არც ერთი ენისა თუ დიალექტის სტატუსი არ დადგენილა საკუთრივ ფონეტიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური „კრიტერიუმით“. ენის/დიალექტის სტატუსი არ განისაზღვრება არც „გაგებინების“ მიხედვით. ენისა თუ კილოს სტატუსი განისაზღვრება ეთნოკულტურული თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე: დამოუკიდებელი ეთნოსის მეტყველება არის ენა. იშვიათად, მოცემულ მეტყველებას ენის სტატუსი ენიჭება რელიგიური ან პოლიტიკური საფუძვლითაც, რამდენადაც, მოძმეთაგან განსხვავებული რელიგია ზოგჯერ ხდება დამოუკიდებელ ეთნოსად გააზრების საფუძველი; ეს კი ქმნის წინაპირობას, დიალექტი ენად კვალიფიცირდეს (იხ. სერბიულის, ხორვატიულისა და ბოსნიურის მიმართება). ენისა და კილოს სტაუსის განსაზღვრაში ზოგჯერ პოლიტიკაც აქტიურად ერევა:  განსხვავებულ პოლიტიკურ ველში მოქცეულ რომელიმე ეთნოსის ერთ ნაწილს პოლიტიკური ზეწოლა თუ გარემო პირობები დამოუკიდებელ ეთნოსად აყალიბებს, შესაბამისად, მისი დიალექტიც ენად გაიაზრება (იხ. მაგ. მოლდოვური მეტყველების სტატუსის პრობლემა); გვაქვს საპირისპირო შემთხვევებიც (იხ., მაგ., ზოგი გერმანული, ფრანგული თუ იტალიური მეტყველების სტატუსის შესახებ არსებული დისკუსიები).
გაუგებრობას ემყარება, ასევე, ილიაუნის პროფესორის ნ. დობორჯგინიძის წარუმატებელი მცდელობა, დააძველოს “უმწერლობო ქართველური ენების“ არსებობის დრო; კერძოდ, ის წერს: „II-III და მომდევნო საუკუნეებში დაწერილი მსოფლიო ისტორიების ავტორები სვანურსა და მეგრულს მსოფლიოს ხალხთა ენებს შორის მოიხსენიებენ“[2]... ნ. დობორჯგინიძის ეს ფრაზა არის სიცრუის ტირაჟირების ნიმუში: ასეთი ისტორიული წყაროები არ არსებობს!

დასახელებული ავტორების კვალიფიკაციების საპირისპიროდ, მრავალი ლინგვისტური თუ ისტორიული ფაქტი ადასტურებს, რომ ქუჯისა და ფარნავაზის დროიდან ქართველთა სახელმწიფოს ტერიტორიას სრულად მოიცავს საერთოქართველურიდან მომდინარე ენა, რომლის ბაზაზე შეიქმნა ქართული სამწიგნობრო ენა. ამავე დროს, მრავალი საუკუნეა, სამწიგნობრო ენის გვერდით არსებობს ქართველთა კუთხური მეტყველებანიც (/დიალექტები), რომელთა უმწერლობო ენებად გამოცხადება შეუძლებელია, რამდენადაც, „უმწერლობო ენა“ აქვს ველურ, განუვითარებელ ხალხს, რომელსაც დედაენაზე არა აქვს მწიგნობრობა; ყველა კუთხის ქართველი კი დიდი სამწიგნობრო კულტურის თანაავტორია: უდავო ფაქტია, რომ ქართულ სამწიგნობრო ენას მრავალი საუკუნეა ძერწავს: მეგრელი, სვანი, თუში, აჭარელი, მესხი, ფხოველი, ქართელი, კახელი, იმერელი, გურული, რაჭველი, ლეჩხუმელი, ტაოელი, მოხევე...

ქართველთა ენობივი დაყოფის დაკანონება აქტუალური გახდა 21-ე საუკუნეში; კერძოდ, ახლა არის მცდელობა, „რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის"  არსის გაყალბებით „დაადასტურონ“ ქართველური ენობრივი სამყაროს დანაწევრებულობა. როგორც ცნობილია, 1999 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება, რატიფიცირება გაუკეთოს ამ მაღალი დონის ჰუმანურ დოკუმენტს. დასახელებული ევროპული ქარტია მოწოდებულია, მოცემულ სახელმწიფოში დაცულ იყოს საფრთხის ქვეშ მყოფი ავტოქთონი უმცირესობის ენა (და არა - სახელმწიფო ენის სახესხვაობები თუ მიგრანტი უმცირესობის ენა). უცხოელ ექსპერტთა ნაწილი (ჯ უითლი, ტ. ვიხერკევიჩი...) საბჭოთა პერიოდის კვალიფიკაციებზე დაყრდნობით თვლის, რომ „ქართველური უმწერლობო ენები“: მეგრული, ლაზური და სვანური  დაცული უნდა იყოს „ევროპული ქარტიით“[3]. სწორედ ამ და სხვა ექსპერტთა პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერით საქართველოში აქტიურობენ ალ. დუგინისა თუ ალ. ჭაჭიას ინსტრუქციებით მოქმედი მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც დღეს ითხოვენ, რომ „რეგიონული ენის სტატუსი“ მიენიჭოს: მეგრულს, ლაზურს, სვანურს... ხელისუფლება ვალდებულია, არ დაუშვას „რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის"  არსის გაყალბება; გარდა ამისა, საქართველოს დეოკუპაციამდე გაუმართლებელია ამ ევროპული ქარტიის რატიფიკაცია. აქვე აღვნიშნავთ:
თანამედროვე გლობალისტურ მსოფლიოში გაქრობის საფრთხე ემუქრება ბევრ ზეპირ მეტყველებას (მეტიც, ზოგ სამწიგნობრო ენასაც); მათ შორის ქართველურ ზეპირ ენობრივ ქვესისტემებს. სახელმწიფო ვალდებულია, გაქრობის საფრთხისაგან დაიცვას ყველა ქართველური ზეპირი მეტყველება, რამდენადაც ისინი ქართული სამწიგნობრო ენის მასაზრდოებელი წყაროებია; თუმცა, „გაქრობის საფრთხის“ საბაბით, გაუმართლებელია, რომელიმე ქართველური დიალექტის „უმწერლობო ენად“, მისი მფლობელის კი - „ენობრივ უმცირესობად“ გამოცხადება. 
სამწუხაროდ, ქართველთა ნაწილს „ენობრივი თუ ეთნიკური უმცირესობის“ რანგში აყენებს ზოგი ქართველი პოლიტიკოსიც, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციისას ადგილობრივ დიალექტზე მიმართავს მოსახლეობას - ნებსით თუ უნებურად, ქართველთა ნაწილს ათანაბრებს ეთნიკურ უმცირესობებთან[4]. ამ შემთხვევაშიც საბჭოთა იდეოლოგემის ინერციას ვხედავთ.
საბედნიეროდ, საბჭოთა პერიოდშიც იყო შენარჩუნებული (არა - გაბატონებული) ქართველურ ენობრივ ქვესისტემათა სწორი კვალიფიკაცია; სანიმუშოდ დავიმოწმებთ არნ. ჩიქობავას ორ ციტატას:
არნ. ჩიქობავა, „ჩვენი დედაქალაქი და  ჩვენი დედაენა“ /გაზ. „კომუნისტი“, 1958, №238/1958/:
„ქართული ალიტერატურო ენა შექმნილია მთელი ქართველი ხალხის მიერ, იგი კუთვნილებაა მთელი ქართველობისა, - იქნება ეს ქართველი - ხევსური თუ სვანი, კახელი თუ მეგრელი, ქართლელი თუ აჭარელი... თვით დაქუცმაცებულ ფეოდალურ საქართველოშიც კი სხვა სამწერლო ენა არა ჰქონიათ არც მეგრელებსა და არც სვანებს. ქართული სალიტერატურო ენა ერთადერთი ეროვნული ენაა მთელი ქართველობისათვის; ასე იყო წარსულში და მით უფრო ასეა ახლა, როცა საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ ქართველ ერში შედუღაბებულია როგორც ქართველობის განუყრელი ორგანული ნაწილი, მეგრელი, ჭანი და სვანი ისევე, როგორც ქართლელი, კახელი, აჭარელი, თუში... დიდმა ქართველმა პედაგოგმა ი. გოგებაშვილმა დედა-ენა უწოდა იმ წიგნს, რომელსაც ყოველი კუთხის ქართველი ბავშვი, - სვანი ისევე, როგორც ფშაველი, მეგრელი ისევე, როგორც აჭარელი, ქართლელი და კახელი...”
არნ. ჩიქობავა არ დავივიწყოთ დედა-ენა /გაზ. „სამშობლო“, 1969, 22 აგვისტო/:
„კუთხური კილოკავების მთელი წყება გვაქვს, სალიტერატურო ქართული ენა კი ერთია ყველა კილოკავზე მოუბართათვის, ერთობლივ ყველა კუთხის ქართველთათვის. ქართლელი იქნება იგი, აჭარელი, ფშაველი თუ სვანი, ხევსური თუ მეგრელი. ეს ერთი სალიტერატურო ქართული ენა ქართველობის ეროვნული ენაა, სკოლისა და სასამართლოს ენა, თეატრისა და რადიოგადაცემათა ენა, იგი საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენას წარმოადგენს”.
თანამედროვე ეცნიერთა დიდი ნაწილი სწორედ ასე ხედავს ქართველთა ენობრივ სამყაროს (საკითხის ისტორიისა და მსჯელობისათვის ვრცლად იხ. ტ. ფუტკარაძე, ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები, თბ., 2019).

ამრიგად,  მეცნიერს აქვს უფლება თავისი აზრი იქონიოს (აკადემიური თავისუფლება!) ამა თუ იმ სამეტყველო ერთეულის სოციოლინგვისტური სტატუსის შესახებ, მაგრამ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კარგდ გააზრებულ ენობრივი პოლიტიკა, რომ შეინარჩუნოს ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ერის ენობივ-ეთნიკური ერთიანობაც და სათანადოდ დაიცვას სახელმწიფოში მცხოვრები ავტოქთონი თუ მიგრანტი უმცირესობების ენობრივი თუ პოლიტიკური უფლებები. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა უნდა შეიძინოს დასავლეთელი მეგობრებისათვის ქართველთა ენობრივ-ეთნიკური ისტორიისა და საქართველოში ენობრივი სიტუაციის ისტორიული დინამიკის შესახებ რეალური (ადეკვატური) ინფორმაციის მიწოდებამ, რომ ჩვენი ენობრივი კანონმდებლობის სფერო უსაფუძლოდ არ დახარვეზდეს; რომ მათდა უნებურად, ხელი არ შეეწყოს საქართველოზე რუსეთის საინფორმაციო იერიშებს. პარალელურად, „ქართული ენის“ სახელმძღვანელოს დამატების სახით, სკოლაში უნდა შევიდეს დამხმარე სახელმძღვანელო: „ქართველთა ენობრივი სამყარო“, რომლიც ბავშვებს სათანადო დოზით მიეწოდოს ინფორმაცია: ქართველთა ენობრივი ისტორიის, ქართული ენის გავრცელების საზღვრების, ადგილობრივი მეტყველების თავისებურების, დიალექტური ლექსიკის, ზოგადად, დიალექტური ლექსიკით ქართველთა (ქართველურ) სამწიგნობრო ენის გამდიდრების გზების შესახებ. ხელისუფლების ამგვარი მიდგომის ჩამოყალიბების შემთხვევაში ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკურად დანაწევრების მოსურნენი ვეღარ შეცვლიან ისტორიულ ფაქტს:
ქართველებს გვაქვს ერთი დედაენა - ქართული ენა; ქართველებს, ასევე, გვაქვს კუთხური მეტყველებები - დიალექტები (ენა-კავები, რაგადები), რომელთა ბაზაზე მდიდრდებოდა და მომავალშიც უნდა გამდიდრდეს ქართველთა სამწიგნობრო ენა. მსჯელობას დავასრულებ კონსტანტინე გამსახურდიას ციტირებით:
„ჩემის აზრით, უნდა ხდებოდეს ენის რეპარაცია ადგილობრივი დიალექტების საშუალებით. უნდა შემოუშვათ ქართულ (სამწიგნობრო) ენაში როგორც მეგრულ-სვანუ-რი დიალექტების სიტყვები, ისე ფშავ-ხევსურული... ვა-ჟა-ფშაველამ ამ მხრივ დიდი სამსახური გაუწია ქართულ ენას...“ (კ. გამსახურდია, 1922; იხ. ათტომეული, 1983, ტ.VII, გვ. 411).
იხ., აგრეთვე:
„მე შემოვუშვი ახალ ქართულში მრავალი გარდასული სიტყვა; სამაგიეროდ, ასევე უხვად ვასხურე ჩემს ლექსიკას ხევსურულიდან, იმერულიდან, ქართლ-კახურიდან და მეგრულ-გურულ ენაკა-ვებიდან მოტანილი სიტყვები... მე საჭიროდ დავინახე ქართული ტომების (განსხვავებული) ლექსიკის შეკრების ლოზუნგი გადამესროლა და ეს პირველად ვცადე კიდე-ვაც „დიონისოს ღიმილში“ და ჩემს ნოველების წიგნში-ც...“ „...სალიტერატურო ქართულის ზრდა არ შეიძლება მარტოოდენ გარეგან სესხს – ბარბარიზმებს – დაეყრდნოს. აქ უმთავრესია „შინაგანი სესხი“, ქართული ენა-კავებიდან, სვანურ-ჭანურ და ოდიშურ დიალექტებიდან ახალი და უხმარი ლექსიკური მასალის მოხვეჭა...“ (კ. გამსახურდია, რვატომეული, 1980, ტ.V, გვ. 995-956).
„XX საუკუნის მწერლობამ უნდა მოგვცეს ილიას ქართლურის, აკაკის იმერულის, ვაჟას ფშაურის, მეგრულისა და გურუ-ლი ენობრივი ელემენტების სრული სინთეზი. აი, ეს იქნება იდეალური ლიტერატურული ქართული“ (კ. გამსახურდია, 1929; ათტომეული, 1983, ტ.VII, გვ. 499).



[1] . გოგოლაშვილი, . შარაშენიძე, . ცოცანიძე, . ჭუმბურიძე, „თანამედროვე ქართული ენის მორ-ფოლოგია, II. დიალექტები“ (. გოგოლაშვილის რედაქციით), თბ., 2016, გვ. 6-7.
[2] ნ. დობორჯგინიძე, რელიგიური ისტორიოგრაფიის უძველესი წყაროები სამწერლობო და არასამწერლობო ქართველური ენების შესახებ: ქართული სალიტერატურო ენის საკითხები, ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა, I კრებული, თბ., 2007.
[3] კრიტიკისათვის ვრცლად იხ.: . ფუტკარაძე, . დადიანი, . შეროზია, „რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიადა საქართველო; 2010
[4] დოკუმენტური მასალისათვის იხ. მაგ.: მიხელ სააკაშვილის მეგრული მისალმება 2019 წლის 18 მაისს: http://rustavi2.ge/ka/video/43020?v=2; იხ., ასევე, დადიანების სახლ-მუზეუმის ეზოში გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო გამოსვლის ფრაგმენტი:
მსგავსი „ენობრივი პოლიტიკა“ აქვთ ქართულენოვან გაზეთებს: „საერთო გაზეთი“, „ილორი“, „საქართველო და მსოფლიო“... მსგავსი სულისკვეთებისაა გარედაფინანსებით სვანური ლიტერატურის შექმნის მცდელობა (იხ.: „ლუშნუ ლიტერატურაშ კონკურსთე“; „ლუშნუ ბოფშრე ლიტერატურა“ https://www.grandhotelushba.com/userfiles/Svan_Youth_Literature_2013.pdf) და სხვ..

Monday 10 June 2019

ზვიად გამსახურდია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ


პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ და 1991 წლის აპრილ-მაისში აჭარაში განვითარებული მოვლენები

ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019 წლის 10-12 აპრილი) მოხსენების ვრცელ სტატიად გამოქვეყნება გადავწყვიტე იმიტომ, რომ საბჭოთა ინერციის მქონე თუ გავლენიან კლანთა კრიმინალური არსის მიზანმიმართულად შემფუთავი ისტორიკოსები დღესაც ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან, გააყალბონ რეალური ისტორია. მე, როგორც ბევრი არსებითი ფაქტის თვითმხილველსა თუ რამდენიმე ისტორიული დოკუმენტის თავად შემქმნელს, მაქვს ვალდებულება, მომავალ თაობებს პირუთვნელი ისტორიისათვის (ივ. ჯავახიშვილის ფრაზაა!) შევუნახო ზუსტი და შეულამაზებელი აღწერა 1991 წელს აჭარაში მიმდინარე პროცესებისა. ფაქტები გაანალიზებული მაქვს ისტორიულ და თანამედროვე საერთაშორისო კონტექსტში.
არსებითია იმის აღნიშვნა, რომ 1991 წელს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები დღესაც უცვლელია; გარდა ამისა, რუსეთის იმპერიის ხელისუფლება და მისგან მართული კოლაბორაციონისტი ჯგუფები ახლაც ცდილობენ, 1991 წელს აჭარაში შექმნილი დაძაბულობა ახსნან აჭარის ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირებით. სინამდვილეში ექსცესები კრემლის მიერ იყო დაგეგმილი, მთავარ როლებს კი არა ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ თბილისიდან დანიშნული პირები ასრულებდნენ /რუსეთის ჯარის ბათუმის დივიზიის ხელმძღვანელი პირების ჩართულობით/. გასული საუკუნის 90-იან წლებში მსგავსი შეფუთვით განახორციელა რუსეთმა  აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის ხელახალი ოკუპაცია. კრემლი იმავეს ცდილობს დღესაც არა მხოლოდ აჭარაში, არამედ: სამეგრელოშიც, სამცხე-ჯავახეთშიც და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლშიც. შესაბამისად, სადღეისოდაც და სამომავლოდაც მნიშვნელოვანია 1991 წელს აჭარაში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული და ობიექტური ანალიზი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უნიკალური მოვლენაა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მსოფლიოშიც, რამდენადაც არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ძირითადი ეთნოსის ავტონომია; არცაა მოსალოდნელი, რამდენადაც, ნონსენსია, მაგ., გერმანელების მიერ დაფუძნებულ სახელმწიფოში ავტონომია ჰქონდეს ეთნიკური გერმანელების ერთ-ერთ ჯგუფს, ანდა ფრანგების სახელმწიფოში იარსებოს საფრანგეთის რომელიმე კუთხეში მცხოვრები ეთნიკური ფრანგების ავტონომიამ; შესაბამისად, სრულიად ალოგიკურია, ეთნიკური ქართველების მიერ დაფუძნებულ მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოში ეთნიკურ ქართველთა (/აჭარელთა) ავტონომიის პოვნიერება; მით უმეტეს, დღეს, როცა არ არსებობს არც რაიმე ლეგიტიმური საერთაშორისო ვალდებულება და არც კუთხის მოსახლეობის იდენტობის განმსაზღვრელი რელიგიური ფაქტორი (აჭარის მკვიდრთა დიდი ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი - მუსლიმანი, ნაწილი კი - ათეისტი თუ სხვა აღმსარებლობისა).
მოკლედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის შესახებ[1]:
ისტორიულად აჭარა იყო ქართველთა სახელმწიფოს (ძველისძველი კოლხას, ისტორიული იბერიის ანუ ქართლის, გვიანდელი საქართველოს)  შავიზღვისპირა ნაწილის ცენტრალურ ნაწილში არსებული ეთნიკური ქართველების მხარე. ჩრდილოეთით აჭარას აგრძელებს გურია-სამეგრელოს, სამხრეთით კი - ლაზეთ-კლარჯეთის ისტორიული ქართული მხარეები.
სხვადასხვა საუკუნეში გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი კავკასიის ცენტრში არსებულმა საქართველოს სახელმწიფომ რამდენიმე დიდი დამპყრობლის (ბერძნები, სპარსელები, არაბები, მონღოლები..) აგრესიას გაუძლო, მაგრამ 1555 წელს ოსმალეთ-ირანის მიერ საქართველოს გადანაწილების შემდეგ (ამასიის ზავი) ერთიანმა საქართველომ დიდხანს ვეღარ შეძლო ფეხზე წამოდგომა. 1801 წლიდან საქართველოს დიდი ნაწილი, ირანის ნაცვლად, ახალი დამპყრობლის - რუსეთის - აგრესიის მსხვერპლი გახდა. რუსეთი და ოსმალეთი თითქმის საუკუნის მანძილზე ერთმანეთთან ქიშპობდნენ ისტორიული საქართველოს ტერიტორიის გადასანაწილებლად; პარალელურად, ქართველი ერის ღირსეული შვილები იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ამ დაპირისპირების პროცესში, მე-19 საუკუნეში რუსეთმა ოსმალეთს დაათმობინა ისტორიული საქართველოს ტერიტორიების ნაწილი; კერძოდ, სამცხე-ჯავახეთი და აჭარა, კლარჯეთი და ლაზეთის მცირე ნაწილი.
1917-18 წლებში მეფის რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ნაწილში აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა (26.05.2018), მაგრამ რუსეთის იმპერიის მიერ განადგურებული საქართველოს სამეფო დინასტიის ნაცვლად ხელისუფლება ჩაიბარა საქართველოს ამ ნაწილის მოსახლეობის წარმომადგენლობითმა ორგანომ - დამფუძნებელმა კრებამ:  მონარქიის ნაცვლად  გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკა.
1918-1921 წლებში საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა, შემოეერთებინა ოსმალეთის გავლენის ველში დარჩენილი საქართველოს ნაწილიც (ერუშეთი, ტაო, სპერი, ლაზეთის დიდი ნაწილი...).  ბუნებრივია, ოსმალეთიც იყო დაინტერესებული, შეენარჩუნებინა დაპყრობილი ტერიტორიები; მეტიც, უკან დაებრუნებინა რუსეთის მიერ წართმეული სხვა ქართული მიწებიც (სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, კლარჯეთი...), სადაც 200-300 წლის მანძილზე რელიგიური და ეკონომიკური ბერკეტებით შეძლო მოსახლეობის ნაწილის დეზორიენტირება თუ მიმხრობა. აქვე აღვნიშნავ, რომ ოსმალეთმა ვერ განახორციელა მთავარი მიზანი - ადგილობრივი ქართველობის უმრავლესობის ეთნიკური თვითაღქმის შეცვლა. აჭარაში, შავშეთ-კლარჯეთ-ლაზეთსა და ტაოში მცხოვრები გამუსლიმანებული ქართველების ქართულ ეროვნულ თვითშეგნებას ცხადყოფს "ბათომის ოლქის მუსულმან ქართველთა წარმომადგენლების" ყრილობის[2] პირველ (31.08.1919 .) და მეორე (01.09.1919) სხდომებზე მიღებული დადგენილებები; მაგ., პირველ დადგენილებაში ვკითხულობთ:
ბათომის ოლქის (იგულისხმება ბათუმისა და ართვინის მხარეები - ტ.ფ.) მუსულმან ქართველთა წარმომადგენლები, შეკრებილნი ქალ. ბათუმში, რიცხვით ასი, 1919 წ. აგვისტოს 31-სა, კვირას, ვაცხადებთ ერთხმად ღვთისა და ქვეყნის წინაშე!
 1. ბათომის ოლქის მკვიდრნი, სარწმუნოებით მუსლმანები, ისტორიით, სისხლითა და ხორცით, ენით, კულტურით და ადათებით ქართველები ვართ, მუსლიმანი ქართველები, და ტერიტორიულად და ეკონომიკურად ყოველთვის ჩვენი მხარე, დედა სამშობლოს - საქართველოს განუყოფელ ნაწილს შეადგენდა.
2. ბათომის ოლქის აწინდელი მდგომარეობა აუტანელ პირობებში აყენებს მთელ ხალხს, ართმევს მართვა-გამგეობაში მონაწილეობის უფლებას და საშუალებას, აძლიერებს უპასუხისმგებლო ჯგუფების პოლიტიკურ თარეშს და ხელს უწყობს მშვიდობიანობის და კეთილგანწყობის დამარღვეველ ადამიანთა ბოროტ განზრახულობას. ამის გამო შეუძლებელია მშვიდობიანი განვითარება.
3. ბათომის ოლქის მკვიდრთა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საჭიროებანი, აგრეთვე ამიერკავკასიის ყველა ერის ინტერესი და ურთიერთშორის კეთილმეზობლური განწყობილება და დიდ სახელმწიფოთა ღირსება თხოულობს, რომ ბოლო მოეღოს ოლქის დღევანდელ მდგომარეობას. სახელმწიფოებრივი  წესიერება დამყარდეს და ხალხმა მშვიდობიანი კეთილდღეობით ცხოვრება მოიპოვოს.
4. ვინაიდგან ეს შესაძლებელია მხოლოდ მუსლიმან ქართველების განთავისუფლებით და საქართველოს რესპუბლიკასთან შეერთებით, ამიტომ გამოვსთქვამთ შეურყეველ ნებისყოფას და მტკიცე გადაწყვეტილებას:
 ამიერიდან და სამარადისოდ ბათუმი და მისი ოლქი შეუერთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს -  საქართველოს რესპუბლიკას სამუსლიმანო საქართველოს ფართე ავტონომიის ნიადაგზე და ამ ავტონომიის ფარგლებში ეროვნულ უმცირესობათ მიენიჭოთ ჩვენთან თანასწორი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება. 
5. დადგენილება ეს ეცნობოს პარიზის საზავო კონფერენციას და ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, მიიღოს ყოველი ზომა ჩვენი დადგენილების განსახორციელებლად[3]

წარმოდგენილი მსჯელობის კონტექსტში მნიშვნელოვანია "ბათომის ოლქის მუსულმან ქართველთა წარმომადგენლების" ყრილობის დადგენილებებში მოცემული ტერმინი: "სამუსლიმანო საქართველო", რომელიც მოიცავს როგორც ბათუმის, ასევე, ართვინის მხარეებს. პირველი დადგენილება ხელმოწერილია ართვინისა და ბათუმის ოლქების („ოკრუგების) წარმომადგენლების მიერ და დამოწმებულია საგვარეულო ბეჭდებით (ზოგმა ხელმომწერმა არ იცოდა ქართული ანბანი, ამიტომ ხელმოწერა არაბული ასოებითაა გაკეთებული). დამოწმებული დადგენილების კიდევ ორი (ხელმოუწერელი) ვარიანტი არსებობს. არსებითი ფაქტი: სამივე შედგენილია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით (ხელმოწერილი ვარიანტი გაიგზავნა ერთა ლიგაშიც)[4].
1919 წლის პირველ სექტემბერსვე საქართველოს მთავრობამ დაამოწმა „სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა ყრილობის ორივე დადგენილება[5]. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ 1918-20 წლების საქართველოს ხელისუფლებასა და "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს" საერთო მიზანი ჰქონდათ: საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ოსმალეთის მიერ ოკუპირებული მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (და არა - მხოლოდ აჭარის!) შემოერთება დედასამშობლოსთან[6]; კერძოდ, როგორც ოსმალეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მოსახლეობას, ასევე, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერ ხელისუფლებას სურდა, ავტონომიის ფორმით საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში დაებრუნებინა აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო და არა - მხოლოდ აჭარა[7].
 „სამუსლიმანო საქართველოს“ (აჭარა-შავშეთ-კლარჯეთ-ტაოს) ავტონომიის ფორმით შემოერთების სტრატეგია ადეკვატური და გაუორებელი ტერმინოლოგიით აისახა საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ კონსტიტუციაში, რომელშიც ასეთი ჩანაწერია: "თავი 11. ავტონომიური მმართველობა. მუხლი 107: "საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი), ენიჭებათ ადგილობრივი ავტონომიური მმართველობა. მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით"[8].
სამწუხაროდ, 1918-20 წლებში არსებული საქართველოს ხელისუფლების გეგმა, გაეერთიანებინა საქართველო, ვერ განხორციელდა 1921 წელს ბოლშევიკთა აგრესიის გამო; კერძოდ, საბჭოთა რუსეთმა, განახორციელა რა საქართველოს უკანონო ოკუპაცია და ანექსია, ათათურქის რევოლუციურ (არალეგიტიმურ!) ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ავტონომიის სახით გასაბჭოებული საქართველოს შემადგენლობაში შემოიყვანა მხოლოდ აჭარა ბათუმის პორტო-ფანკოს პირობით (თურქებისაგან განსხვავებით რევოლუციის გზით მოსულ ბოლშევიკებს არ აინტერესებდათ რელიგიის ფაქტორი), ართვინის მხარე კი დაუტოვა ოსმალეთის იმხანად არალეგიტიმურ რევოლუციურ მთავრობას. ეს გარიგება არასოდეს უცვნია საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას; შესაბამისად, არალეგიტიმურია საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ნების გარეშე მოსკოვსა და ყარსში საქართველოს არაკანონიერი მთავრობის - ბოლშევიკური ხუნტის - წარმომადგენელთა ხელმოწერით 1921 წელს შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა[9]. 
ცოტა უფრო ვრცლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის არალეგიტიმურობის შესახებ:
1921 წელს ბოლშევიკებმა უგულებელყვეს როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, ისე სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა ყრილობის დადგენილებები, ზოგადად, ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესები და 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში რუსეთ-ოსმალეთის რევოლუციური ხელისუფლებების მოლაპარაკებით ოსმალეთს დარჩა ართვინის მხარე[10], ბათუმი და მის გარშემო არსებული მცირე ტერიტორია (აჭარა) კი, ფაქტობრივად, ორ იმპერიას შორის გარდამავალ ზონად (პორტო-ფრანკოდ) გამოცხადდა[11]. სწორედ ამ ტერიტორიის ფარგლებში სამი თვის შემდეგ, 1921 წლის 16 ივლისს,  ე.წ. რევკომის დეკრეტით "შეიქმნა" "აჭარის (/აჭარისტანის) ავტონომიური რესპუბლიკა". აჭარის ავტონომიის შექმნიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ, 1921 წლის 13 ოქტომბერს, მოეწერა ხელი ყარსის ხელშეკრულებას ამიერკავკასიის რესპუბლიკების უკანონო ხელისუფლებების მიერ. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, არალოგიკურია, აჭარის ავტონომიის საფუძვლად ყარსის ხელშეკრულება მივიჩნიოთ[12]:  რუსეთ-ოსმალეთის 16 მარტის ანტიქართულ გარიგებას ნამდვილად ვერ "გაალეგიტიმურებს" ყარსის ხელშეკრულებაზე ბოლშევკური კრემლის მიერ ამიერკავკასიაში 1921 წელს დანიშნული მარიონეტული მთავრობების (რევკომების) წარმომადგენელთა ხელმოწერები[13]. დავძენთ:
აჭარის ავტონომიის შექმნის საფუძველი იყო არა აჭარის მოსახლეობის, ანდა საქართველოს ინტერესები, არამედ ქართველი ერის დანაწევრებისა და საქართველოს საბოლოო დაშლის რუსულ ინტერესი („გათიშე და იბატონე“). ამავე ინტერესის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ერთი მხრივ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების შექმნაც (ამ ავტონომიებშიც უმრავლესობას ისტორიული მოსახლეობა - ქართველობა - წარმოადგენდა!) და, მეორე მხრივ, ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ნიშნით დანაწევრების მცდელობა (იხ., მაგ., ი. სტალინის ცნობილი ანტიქართული დებულება აჭარლების, მეგრელების, ლაზების, სვანების და სხვა „ხალხების“ დამოუკიდებელი „უმწერლობო ენების“ შესახებ).

კომუნისტური იმპერიის დროს არსებული რეპრესიული რეჟიმის პერიოდში აღარავის გაუპროტესტებია ბოლშევიკთა მიერ რუსული ჯარით დაპყრობილ საქართველოში უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიის სტატუსი. მხოლოდ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან პრესაში ჩნდება ცალკეული წერილები აჭარის ავტონომიის არაკანონიერების შესახებ[14]. 1990 წლის 8 ნოემბერს კი ქვეყნდება ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელის, 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ბლოკის: მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, ზვიად გამსახურდიას მიმართვა აჭარის მოსახლეობისადმი; წარმოვადგენით სრულ ტექსტს:
„ქართველ ერს კაცობრიობის წინაშე აკისრია განსაკუთრებული სულიერი მისია. ამ მისიის შესრულება არ შეუძლია იმპერიის მიერ დანაწევრებულ, დამონებულ საქართველოს; ამიტომაც განგების განჩინებით, ახლახან, პირველი მრავალპარტიული არასაბჭოთა არჩევნებით, მოგვეცა შანსი ავაღორძინოთ ერთიანი, თავისუფალი დემოკრატიული საქართველო.
საქართველოს ისტორიული მტრები მეზობელი იმპერიები ჩვენი დაქუცმაცებით ცდილობდნენ ჩვენს დამონებასა და გადაგვარებას; მუჰაჯირობაც, აჭარის ავტონომიის შექმნაც, აჭარელთა ცალკე ერად გამოცხადებაც და კიდევ მრავალი სხვა მზაკვრობა მათი შეთანხმებული მოქმედებითაა განხორციელებული... ახლაც, წინასაარჩევნო პერიოდში, მომზადდა კიდევ ერთი შეთქმულება აჭარის (საქართველოს) წინააღმდეგ; ამის შესახებ, ჯერ კიდევ 28 ოქტომბრამდე, მიუთითებდა ტარიელ ფუტკარაძე წერილში: „იმპერიალისტთა ახალი შეთქმულება აჭარის წინააღმდეგ“, რომელიც გაზეთ „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა და ჩვენ ამ საკითხს ახლა აღარ შევეხებით.
ჩვენთვის ნათელია აჭარის მოსახლეობის უდიდესი როლი ქართველი ერის ისტორიაში, აჭარა იყო ის პირველი კუთხე, რომელმაც პირველმა, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში, მიიღო ქრისტიანობა და საფუძველი დაუდო ქართულ ხალხურ ქრისტიანობას - გიორგიანობასთან შერწყმულ ქრისტიანობას.
აჭარა იყო პირველი ფარი საქართველოსი, შემოსეულ ურდოთა პირველი დარტყმები აჭარას ხვდებოდა.
აჭარა, საერთოდ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, არის ის კუთხე, რომელიც მრავალგზის ეწამა თურქთა უღელქვეშ, რათა დანარჩენი საქართველო ეხსნა... დიახ, მოყვასისათვის ეწამა აჭარა, და ახლა მოყვასნი უნდა ამოუდგნენ მას მხარში. დღესაც განსაცდელშიაა საქართველოს ეს ძირძველი კუთხე. სხვადასხვა ჯიშის პროვოკატორები ცდილობენ არჩევნების შედეგებით სპეკულირებას: ჩვენ აჭარაში საჭირო მუშაობა ვერ გავწიეთ, აქ ასპარეზი დარჩათ ჩვენს მოწინააღმდეგეებს; ისინი ატყუებდნენ ხალხს, სახელს გვიტეხდნენ ჩვენ - შეურიგებელ ეროვნულ მოძრაობას, ავრცელებდნენ მაკომპრომიტირებელ ჭორებს... ჩვენ ვეღარ გავწვდით ამდენს, ვერ შევძელით ხალხთან მისვლა, რომ მათ ჩვენი მოძრაობის ჭეშმარიტი სახე დაენახათ. ამდენად, არჩევნებში მიღებული ხმების 24 პროცენტი არაა აქაურ მკვიდრთა განწყობილების პირდაპირპროპორციული (შესაბამისად კომპარტიამ მიიღო 56 პროცენტი), მით უმეტეს, ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩვენი ოპონენტები არჩევნების დღესაც აგიტატორობდნენ (რაც კანონით აკრძალულია); იმპერიალისტურ ძალთა აგენტები ხალხს აშინებდნენ, ხმამაღლა მოუწოდებდნენ ხმა მიეცათ სკკპ-სთვის, ასე იყო მაგალითად, როგორც ხმები მომწვდა, მაღალმთიან სოფელ იაკობაურში, ჭვანაში, ნინიაში, ასე ხდებოდა ქობულეთის რაიონშიც, ხელვაჩაურშიც, ხულოშიც. ამის მოქმედი პირებიც ცნობილია, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ვინმესთან ანგარიშსწორებას, ჩვენი მიზანი ურთიერთპატივისცემა და ურთიერთპატიებაა, ურთიერთნდობაა, შემწყნარებლობა - ბოროტებას ბოროტებით ვერ მოსპობ! ბოროტებას ისევ სიკეთით უნდა დავუპირისპირდეთ.
დავივიწყოთ წარსულის ცოდვები, ამ წუთისოფელში ერთმანეთს ნუღარ ვაწყენინებთ, ნუღარ გავწირავთ...
ბევრს გვეკითხებიან, როგორია ჩვენი პოზიცია ავტონომიის შესახებ:
ავტონომია საქართველოში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ არაქართულ მოსახლეობას; ქართველთა ავტონომია საქართველოში, მკაცრად რომ არ ვთქვათ, დიდი შეუსაბამობაა, ამიტომ ის, რა თქმა უნდა, გასაუქმებელია; ჩვენი აზრით, მისი გაუქმების საკითხი თავად აჭარლებმა უნდა დააყენონ: მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გაუქმების ფაქტი სამართლიანი და ბუნებრივი. ჩვენ არ ჩავერევით აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხში (ხაზი ჩემის - ტ.ფ.).
ავრცელებენ ჭორებს, რომ ავტონომიის გაუქმების შემთხვევაში აჭარის მოსახლეობის სოციალური ინტერესები შეილახება! ასეთი პროვოკაციული განცხადების საპასუხოდ მომავალში ჩვენი საქმენი იღაღადებენ:
ჩვენი მიზანია ისეთი დემოკრატიული საქართველო, სადაც არ შეილახება ეროვნული, რელიგიური, სოციალური, პოლიტიკური ინტერესები, სადაც ყველა სოფელი თუ კუთხე თავად აირჩევს საკუთარ ხელისუფლებას; მოისპობა „ზემოდან“ დანიშვნის კომუნისტური პრაქტიკა. ჩვენთვის ნათელია, რომ ადგილობრივი მეურნეობის მართვა მხოლოდ ადგილობრივ პირს შეუძლია, საკუთარი სოფლის, კუთხის ინტერესების დაცვა მხოლოდ აქაურ მკვიდრს შეუძლია. ამ პრინციპებით ვაპირებთ მუშაობას... აჭარის ავტონომიის დაცვით თავის სავარძლებს და პრივილეგიებს იცავს ბიუროკრატიული აპარატი. აჭარელთა ინტერესების პირველი დამცველი კი იქნება მომავალი საქართველოს ეროვნული პარლამენტი!
აჭარაში მცირემიწიანობაა, ჩვენი მიზანია, თუკი ადგილობრივი ტერიტორიები საკმარისი არ აღმოჩნდება, საქართველოს სხვა კუთხეებში მივცეთ ყველა მსურველს საჭირო სავარგულები... დღემდეც ყველანაირად ვეხმარებოდით მათ, ახლა კი, ოფიციალური ქართული ხელისუფლება უფრო მეტად დაეხმარება ყველას.
ყველაფერი მოგვარდება, თუკი ერთიანობა, ურთიერთნდობა იქნება, თუკი ქართველი ერი, ერთიან კეთილშობილ სულად ქცეული, გაჰყვება მის მიერ არჩეულ ეროვნულ პარლამენტს.
გაუმარჯოს დედა საქართველოს ერთიანობას!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“[15]

საინტერესოა 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დროს ზვიად გამსახურდიას გამოსვლის ტექსტის შემდეგი ფრაგმენტიც: "საქართველოს რესპუბლიკა ავტონომიას მტკიცე კონსტიტუციური გარანტიით აძლევს აფხაზ ხალხს[16], ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი გადაწყდება რეფერენდუმით"[17].
წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმებიდანაც აშკარაა, რომ ზვიად გამსახურდიას გამოკვეთილი მიზანი იყო, აჭარის მოსახლეობის ნებით გაუქმებულიყო აჭარის უკანონო ავტონომია. ამ სტრატეგიის ნაწილი იყო აჭარაში ზვიად გამსახურდიას საკადრო პოლიტიკაც (ამ კონტექსტში წინასწარვე აღვნიშნავ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა აჭარის პირველ პირად ასლან აბაშიძის დანიშვნით).

1991 ლის 31 მარტის რეფერენდუმისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა ლოგიკური და სამართლებრივი საფუძვლები, რეფერენდუმის გზით გაუქმებულიყო 1921 წელს უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; მით უმეტეს, ასეთი იყო აჭარის მოსახლეობის რეალური განწყობაც და მზაობაც. ამ მზაობას ადასტურებს 1991 წელს შექმნილი ბევრი დოკუმენტი, რომლებიც აჭარიდან გამოიგზავნა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების სახელზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია აჭარის ინტელექტუალური წრეებისა და  1991 წლის აპრილში ზემო აჭარის რაიონების საკრებულოების დეპუტატების მოთხოვნა, გაუქმებულიყო აჭარის ავტონომია. მნიშვნელოვანია, ასევე, 1991 წელს ჩემი, როგორც საქართველოს რეპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის და 1991 წლის მარტიდან ივლისამდე ქალაქ ბათუმის პრეფექტის, მომზადებული დოკუმენტები (რომლებიც ინახება როგორც საქართველოს მაშინდელი ოფიციალური სტრუქტურების, ასევე, ჩემს პირად არქივში). დოკუმენტების ნაწილს წარმოვადგენთ დანართში; კერძოდ, დანართში გვაქვს:
1.                ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა წერილი: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ ზვიად გამსახურდიას და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბ-ნ თენგიზ სიგუას (იხ. დანართი 1);
2.                ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის, უშანგი მგელაძის პატაკი: საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ბ-ნ დილარ ხაბულიანს (იხ. დანართი 2);
3.                ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების პრეფექტების: სანდრო ბერიძის, შოთა ფუტკარაძისა და ბეჟან გობაძის ხელმოწერილი წერილის: „პასუხი კრემლის პროვოკაციაზე“ ხელნაწერის ფოტო, რომელიც დაწერილია ჩემ მიერ (იხ. დანართი 3);
4.                ბათუმისა და შუახევის საკრებულოების მიმართვების პროექტების შავი პირის ჩემი ხელნაწერი  „პასუხი კრემლის პროვოკაციაზე“ (იხ. დანართი 4);
5.                ქედის პრეფექტის წერილის (ხელნაწერის) ფოტო, რომელიც ასახავს ქედის ყველა სოფლის ყველა საკრებულოს თვალსაზრისს /ასეთივე დოკუმენტები შექმნეს შუახევისა და ხულოს პრეფექტებმაც/ (იხ. დანართი 5);
6.                ბაგრატ მანველიძის წერილი რეფერენდუმის შესახებ, რომელიც გამოგზავნილი იყო პირადად ჩემს სახელზე/ (იხ. დანართი 6);
7.                ჩემი წერილი რეფერენდუმის შესახებ: „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას“ /15.04.1991/ (იხ. დანართი 7);
8.                ჩემი მოგონება: „აჭარაში 1991 წლის აპრილში განვითარებული მოვლენების შესახებ“ (ფრაგმენტი იხ. დანართი 8; ვრცლად იხ: https://putkaradze1.blogspot.com/2019/06/1991.html).


დანართში წარმოდგენილი, ასევე, სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცული სხვა მსგავსი უამრავი წერილი ერთი შინაარსისაა: აჭარის მოსახლეობა ითხოვს უკანონო და უსაფუძვლო ავტონომიის გაუქმებას. წერილებს განასხვავებს მხოლოდ ავტონომიის გაუქმების გზა: მოსახლეობის ნაწილი ემხრობა აჭარის ავტონომიის გაუქმებას აჭარაში ჩატარებული რეფერენდუმით (რასაც პრეზიდენტიც და მეც ვუჭერდით მხარს), ნაწილი - ავტონომიის გაუქმებას საქართველოს პრეზიდენტის/ხელისუფლების გადაწყვეტილებით[18], ზოგი კი - საქართველოს მასშტაბით ჩატარებული რეფერენდუმით. ჩემს პირად არქივში ინახება, ასევე, „აჭარის ხსნის კომიტეტის“ ერთ-ერთი წევრის, ავტონომიის დამცველის, ჩემს წინააღმდეგ დანოსების ავტორის, შალვა ვარშანიძის „საიდუმლო წერილი ზვიად გამსახურდიას“, რომელიც პირადად გადმომცა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ აჭარიდან გამოგზავნილ სხვა წერილებთან ერთად)[19].
ფაქტია: 1991 წლის გაზაფხულზე აჭარის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი იყო საქართველოში ქართველთა არალოგიკური ავტონომიის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - გაუქმება; ეს ცხადყო 1991 წლის 31 მარტს აჭარაში ჩატარებულმა რეფერენდუმმაც; კერძოდ, რეფერენდუმამდე ზემო აჭარაში დაძრწოდნენ ე.წ. „აჭარის ხსნის კომიტეტის“ წევრები და რამდენიმე ადგილობრივი კომუნისტი ლიდერი (მათ ხალხმა „სავარძლების ხსნის კომიტეტი“ დაარქვა), რომლებიც ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ მიეცათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, იმიტომ რომ 1918 წელს არ იყო აჭარის ავტონომია; შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მხარდაჭერით მხარს დაუჭერდნენ აჭარის ავტონომიის გაუქმებას.
ამგვარი დემაგოგიის მიუხედავად, ხალხმა - აჭარის მოსახლეობის 98%-მა - ხმა მისცა უავტონომიო საქართველოს დამოუკიდებლობას: აჭარის მკვიდრნი მზად იყვნენ, მოეშორებინათ უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომია. 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ აჭარაშიც უფრო ამაღლდა ქართული ეროვნული ღირსება;  ხალხი სრულად იყო მობილიზებული ქართველთა დამანაწევრებელი აჭარის ავტონომიის გასაუქმებლად. როგორც აღვნიშნე, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც, კრემლის ინსტრუქციების შესაბამისად, 80-იანი წლების ბოლოდან აქტიურობდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ და, პარალელურად, ვითომდა იცავდნენ „აჭარლებს“ (/აჭარას) „ქართველების“ ექსპანსიისგან.  ასეთი პირები გაერთიანებული იყვნენ მცირერიცხოვან, მაგრამ მიზანმიმართულ ორ ჯგუფში: „აჭარის ხსნის კომიტეტსა“ და „გარდაქმნის ხელშემწყობ აჭარის საზოგადოებაში“. ორივე ჯგუფი ფაქტობრივად ასრულებდა პრორუსული მე-5 კოლონის როლს[20].
 ასლან აბაშიძის აჭარაში დანიშვნის შემდეგ „აჭარის ხსნის კომიტეტის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა ვითომდა მუსლიმური თემის დაცვაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაც: „მუსლიმან ქართველთა საზოგადოება“[21]. ასლანის უშუალო კლანთან ერთად, ეს ორი მცირერიცხოვანი ჯგუფი სხვა რამდენიმე პირთან ქმნიდა თანამოაზრეთა ერთგვარ „ზიარჭურჭელს“, რომელსაც, ჩემი ღრმა რწმენით, უფრო კრემლი მართავდა (ამ ჯგუფის წევრების დიდმა ნაწილმა 2004 წლის შემდეგ თავი შეაფარა რუსეთს)[22]. მათი მიზანი იყო, 28 აპრილს სასწრაფოდ ჩაეტარებინათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომ გაემყარებინათ პრეფექტების დანიშვნის შემდეგ ფაქტიურად უკვე ფუნქციაგანულებული აჭარის ავტონომიის სტრუქტურები.

 1991 წლის მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში არსებული რეალობის შესახებ, ასევე, აჭარის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის განწყობის შესახებ დეტალურად იცოდა ზვიად გამსახურდიამ. 10-14 აპრილის პერიოდში ბ-ნ ზვიადს ვუთხარი ისიც, რომ აჭარაში სანამ ეს ზოგადქართული ეროვნული მუხტი არსებობდა, ავტონომიის მიზანშეწონილობის შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად კარგი პირობები იყო 26 მაისს - პრეზიდენტის არჩევნების დღეს. საჭირო იყო მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა.  კოორდინაცია შეუძლებელი გახდა ასლან აბაშიძის გამო.

მოკლედ აჭარაში ზვიად გამსახურდიას საკადრო პოლიტიკის შესახებ:
აჭარაში 31 მარტის რეფერენდუმის, ასევე, აჭარის ავტონომიის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების უზრუნველყოფისათვის 1991 წლის მარტის დასაწყისში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილების შესაბამისად, ბათუმის პრეფექტად დავინიშნე[23]. ბ-ნი ზვიადი ჩემს დანიშვნას აპირებდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედაც, მაგრამ თემურ ქორიძის, ასევე, სხვათა მხარდაჭერით, მოულოდნელად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა ასლან აბაშიძე, მის მოადგილედ - ნოდარ იმნაძე, ხოლო აჭარის მთავრობის თამჯდომარედ - გურამ ჩიგოგიძე[24]. პრეზიდენტს სურდა, ყველას ერთად გვემუშავა აჭარაში რეფერენდუმის ჩასატარებლად.

აჭარის უკანონო ავტონომიის გაუქმების თემაზე რეფერენდუმის გამართვას არ ჩქარობდნენ: ნოდარ იმნაძე, გურამ ჩიგოგიძე და მამუკა კობახიძე (ერთი-ორი წელი მოვიცადოთ - ასეთი იყო მათი პოზიცია). ასლანი თავის პოზიციას არ ავლენდა, მაგრამ, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მიერ ჩემდამი ნათქვამი ზუსტად მახსოვს; კერძოდ, მან მითხრა: „თენგიზ ხახვას არ ვენდობი; მან შეიძლება ხელი შეგიშალოს ავტონომიის გასაუქმებლად რეფერენდუმის ორგანიზებისათვის; ამიტომ ასლან აბაშიძეს დავნიშნავ...“ (იხ., დანართი # 8).
მალე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ასლან აბაშიძე რეფერენდუმის იდეის წინააღმდეგ იბრძოდა. პარალელურად, თემურ ქორიძის დახმარებით ცდილობდა, აჭარაში ჩვენს ნაცვლად მისთვის სასურველი პრეფექტები დაენიშნათ. ეს რომ ვერ მოახერხა, დაადგა ავანტიურის გზას: ბათუმში დისლოცირებულ რუს სამხედროებთან თანამშრობლობით აჭარა-გურიის სოფლებში, ასევე, ადიგენში მონახა რამდენიმე ათეული ადამიანი და დაგეგმა აჭარაში არეულობის პროვოცირება. ბუნებრივია, კრემლის გეგმა იყო აჭარის ავტონომიის შენარჩუნება, მაგრამ იმხანად მოსკოვი ამას ვერ შეძლებდა, დასაყრდენი რომ არ ეპოვა აჭარის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში... 1991 წლის აპრილში ბათუმში განვითარებულ მოვლენებში კრემლის აქტიურ ჩართულობას ცხადყოფს შემდეგი ფაქტიც:
 1991 წლის 11 და 12 აპრილს სსრ კავშირის ცენტრალურმა ტელევიზიამ რამდენიმეგზის პროვოკაციულად გაიმეორა ინფორმაცია, რომ, თითქოსდა, ზვიად გამსახურდია აჭარის ავტონომიას აუქმებს აჭარელთა ნების წინააღმდეგ; ამიტომაც აჭარაში არეულობააო! არადა, ზუსტად იმ პერიოდში აჭარაში აბსოლუტური სიმშვიდე იყო: აჭარის მთელი მოსახლეობა ზეიმობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებას.
როგორც შემდგომ გამოჩნდა, 11-12 აპრილის სატელევიზიო დეზინფორმაციები იყო მოსკოვის ნიშანი, გააქტიურებულიყო მისი აგენტურა საქართველოში ამ მიმართულებით (ეს კომუნისტური იმპერიის ზოგადი წესი იყო: ცენტრალური ტელევიზიით გამოცხადდებოდა „გამოსვლებიაო" და რამდენიმე დღეში აქციის პროვოცირება მართლაც ხდებოდა მინიშნებულ ქალაქში).
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან შეთანხმებით, კრემლის პროვოკაციის პასუხად  დავგეგმეთ ჯერ ზემო აჭარის, შემდეგ კი სხვა რაიონებისა და ბათუმის მოსახლეობის ნების დემონსტრირება 31 მარტს არჩეული საკრებულოების გადაწყვეტილებებით. პირველ რიგში გეგმა გავაცანი ზემო აჭარის რაიონების პრეფექტებს: ბეჟან გობაძეს, შოთა ფუტკარაძესა და სანდრო ბერიძეს. ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით ყველა ძირითად გადაწყვეტილებაში (მოგვიანებით იგივე იგეგმებოდა: ბათუმშიც, ქობულეთშიც და ხელვაჩაურშიც). ჩემ მიერ შედგენილი ტექსტის დახვეწილ ვარიანტს ხელი მოაწერა სამივე რაიონის პრეფექტმა და სამივე რაიონის ყველა საბჭოს თითქმის ყველა არჩეულმა დეპუტატმა (დანართში იხ. ჩემი და სანდრო ბერიძის ხელნაწერი ტექსტები). პირადად მე 15 აპრილს პრეზიდენტის სახელზე ოფიციალურად შევიტანე წერილი რეფერენდუმის ჩატარების თხოვნით (წერილის ასლი იხ. დანართში). 
ჩვენდა მოულოდნელად, 1991 წლის აპრილის პირველ ნახევარშივე მერაბ კოსტავას საზოგადოების ბათუმის ორგანიზაციამ, კერძოდ, ქ-ნმა სვეტლანა კუდბამ[25] ბათუმის ბულვარში დადგა კარავი და ბ-ნ ზვიადთან და ჩვენთან შეთანხმების გარეშე დაიწყო აქცია აჭარის ავტონომიის მოთხოვნის გაუქმებით. ბევრი აწერდა ხელს, მაგრამ ამ ფაქტმა ნეგატიური პროცესის ფორსირებაც გამოიწვია (გააქტიურების საბაბი მისცა კრემლის მიერ მართულ მცირერიცხოვან ჯგუფებს, რომლებიც კონსოლიდირდნენ ასლანის გარშემო). ჩვენი კატეგორიული პოზიცია იყო მშვიდი დინამიკით მიღებულიყო კანონი რეფერენდუმის შესახებ და შემდეგ, 26 მაისს, ჩატარებულიყო რეფერენდუმი აჭარის მასშტაბით აჭარის ავტონომიის მიზანშეწონილობის თემაზე. ავტონომიის გაუქმების მოთხოვნის გადატანა ქუჩაში ხელმოწერების შეგროვების ფორმატში კრემლს საფუძველს აძლევდა, შეტევა განეხორციელებინა აჭარაში რეფერენდუმის იდეაზე. 
დღეს, 2019 წლის გადასახედიდან ვამბობ:
1991 წელს ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების პრეფექტებმა (ბ. გობაძე, შ. ფუტკარაძე, ს. ბერიძე) და  ახალარჩეული საკრებულოების დეპუტატებმა თავიანთი ხელმოწერებით შექმნეს ზემო აჭარის ქართველთა ეროვნული ღირსების წარმომჩენი ისტორიული დოკუმენტები: გამოხატეს რა მოსახლეობის ნება, გაუქმებულიყო ქართველთა ავტონომია საქართველოში. ისინი, ჩემთან ერთად, ასევე ითხოვდნენ, ავტონომიის გაუქმებამდე, საქართველოს სხვა რაიონების მსგავსად, პირდაპირ დაქვემდებარებოდნენ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.
ხალხის ანალოგიური განწყობა იყო ქალაქ ბათუმშიც და ქვემო აჭარის რაიონებშიც.
რამდენიმე დღის შემდეგ ზემო აჭარის პრეფექტები და მე ზემო აჭარის რაიონების საკრებულოების გადაწყვეტილებებით წარვდექით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინაშე. ზვიად გამსახურდიამ თავისთან დაიბარა, ასევე: ასლან აბაშიძე, თემურ ქორიძე, გურამ ჩიგოგიძე, ნოდარ იმნაძე, აკაკი ასათიანი, დილარ ხაბულიანი, ჯონი ხეცურიანი და ჩვენი თანდასწრებით მოითხოვა, შევჯერებულიყავით ერთ სტრატეგიაზე - ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი აჭარაში. ასლან აბაშიძემ დადო პირობა, დაგვეხმარებოდა რეფერენდუმის ორგანიზებაში[26].
მიცემული პირობის მიუხედავად, ასლან აბაშიძემ, ბათუმში დისლოცირებული სსრ კავშირის ჯარის ხელმძღვანელობასა და საქართველოში რუსეთის იმპერიის სხვა მხარდამჭერებთან ალიანსით, 1991 წლის 22-23 აპრილს დაგეგმა პროვოკაციული მიტინგი რეფერენდუმის, პრეფექტების, ასევე, ნოდარ იმნაძის, გურამ ჩიგოგიძისა და მამუკა კობახიძის წინააღმდეგ (ასლანის მიერ შეკრებილ ბრბოში ასეთი მოთხოვნებიც იყო: დაგვანახეთ რეფერენდუმი! თანამდებობიდან მოხსენით რეფერენდუმი! ვინ არის რეფერენდუმი?)[27]. ასლან აბაშიძის მოკრებილი ბრბო 23 აპრილს დაიშალა; თუმცა, ასლანის ავანტიურამ გაჭრა:
მის მიერვე ორგანიზებული არეულობის „განმუხტვით“ ასლანმა პრეზიდენტს აჩვენა, რომ შეკრებილი აგრესიული ბრბოს დამორჩილება მას შეუძლია და არა - პრეფექტებს თუ მრგვალი მაგიდის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს... პრეზიდენტის სტრატეგიის იგნორირებით, საბოლოო ჯამში, საქართველოს ინტერესების გაწირვით, ასლან აბაშიძემ თანამდებობა კი შეინარჩუნა, მაგრამ ჰაერში „დენთის სუნი“ დატრიალდა. აჭარაში სიტუაცია საბოლოოდ დაიძაბა 30 აპრილს ასლან აბაშიძის კაბინეტში შეჭრილი ნოდარ იმნაძის მკვლელობით[28].
1991 წლის 22-23 აპრილის ბათუმის არეულობებს, ასლან აბაშიძესთან ერთად, ორგანიზებას უწევდნენ: შალვა ვარშანიძე, იუსუფ ბერიძე, ბადრი მელაძე, ძმები ასანიძეები (შემდგომში დიდი თანამდებობის პირები)[29], ისმეთ დიასამიძე, ნაზი თებიძე; „მუსლიმანთა საზოგადოებისა“ თუ „გარდაქმნის მხარდამჭერი ჯგუფის“ სხვა წევრები. 22-23 აპრილის აქციის შემდეგ ასლანმა პრეზიდენტს შეახვედრა და დაარწმუნა, რომ აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს რეფერენდუმის ნაცვლად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს[30].
22-23 აპრილის, მით უმეტეს, 30 აპრილს ნოდარ იმნაძის მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტმა რამდენჯერმე გვითხრა პრეფექტებს, რომ 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადააყენებდა ასლან აბაშიძეს; ასევე, გამოძიებულ იქნებოდა 22-23 აპრილის მოვლენებიც და ნოდარ იმნაძის სადისტური მკვლელობაც.
ნოდარ იმნაძის მკვლელობის შემდეგ ასლან აბაშიძემ გზა მოიჭრა:
ის აჭარის ავტონომიის პირველი პირის თანამდებობას თუ ვერ შეინარჩუნებდა, ციხეში აღმოჩნდებოდა; შესაბამისად, ნოდარის მკვლელობის შემდეგ ასლანი უფრო თავგანწირვით ცდილობდა ზვიად გამსახურდია დაერწმუნებინა, რომ მას თუ გადააყენებდა, აჭარაში ქაოსს მიიღებდა. ეს იყო ფაქტობრივი შანტაჟი.
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ნათლად ხედავდა, რომ ასლანს პრორუსული ძალების ხელშეწყობით მართლაც შეეძლო სიტუაციის დაძაბვა და საქართველოსათვის რთული პროცესების განვითარება, ამიტომ მან ასლანთან დათბობა ამჯობინა, მაგრამ უარი არ უთქვამს რეფერენდუმის ჩატარების იდეაზე; კერძოდ, 22-23 მიტინგისა და ნოდარ იმნაძის დასაფლავების შემდეგ, 8 მაისს, მან სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა:
„აჭარაში გავრცელდა ინფორმაცია, რასაკვირველია, მტრული წყაროებიდან გამომდინარე, თითქოს მე მსურს აჭარის ავტონომიის გაუქმება და დაუყოვნებლივ მსურს მივიღო ამისთვის ზომები. ეს გახლავთ სიცრუე, მეგობრებო, ეს გახლავთ დეზინფორმაცია. სინამდვილეში, დაწყებული პირველი სესიიდან, როგორც კი გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“ და საქართველოში შეიცვალა კომუნისტური წყობილება, მე ვქადაგებ, რომ ავტონომიის საკითხი, ეს არის სათუთი საკითხი, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი საკითხი, ეს არის მოსახლეობის ნების გათვალისწინებით გადასაწყვეტი საკითხი, კერძოდ, რეფერენდუმით (ხაზი ჩემია - ტ.ფ.). თანაც ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა, კერძოდ აჭარის მოსახლეობამ მხოლოდ და მხოლოდ, და აქ არავითარი დაძალება, არავითარი დიქტატი არ იქნება, არავითარი თავს მოხვევა ცალკეული შეხედულებებისა, ცალკეული პირების პოზიციებისა, თუნდაც პრეზიდენტის პოზიციისა...“[31]

ასლანისაგან მომდინარე საფრთხის შესახებ ბატონმა ზვიადმა დეტალურად მითხრა 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის დასაზღვევად, პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც, ზვიად გამსახურდიამ ამიტომ არ გადააყენა ასლან აბაშიძე და ჩვენ, პრეფექტებს, გვთხოვა,  უკეთესი დროისათვის გადაგვედო რეფერენდუმის ჩატარება და გვეთანამშრომლა ასლან აბაშიძესთან.
მე ასლან აბაშიძესთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი[32] და 1991 წლის ივნისში ჩემი ნებით გადავდექი ქალაქ ბათუმის პრეფექტობიდან[33].

დასასრულს აღვნიშნავ:
მე, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, 1991 წლის მარტიდან  ქალაქ ბათუმის პრეფექტს, საკმარისი ინფორმაცია მქონდა აჭარაში არსებულ ვითარებაზეც, ხალხის განწყობაზეც და საგარეო თუ საშინაო საფრთხეებზეც; ყოველივეს გათვალისწინებით, ახლაც ვფიქრობ, რომ 1991 წლის მაისი, ივნისი, ივლისი იყო შესანიშნავი დრო, რეფერენდუმის გზით გაუქმებულიყო ბოლშევიკური რუსეთისა და ოსმალეთის რევოლუციური მთავრობის უკანონო გარიგებით შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ხალხისათვის არასოდეს არ იყო და არც იქნება აუცილებელი სახელისუფლებო რგოლი[34]; ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებს ისეთივე ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, როგორიც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს: ადგილობრივი ხელისუფლება და ცენტრალური ხელისუფლება (ე.წ. ავტონომიის ხელმძღვანელისა თუ გუბერნატორის შუალედური რგოლის გარეშე).
დღეს, 27 წლის შემდეგაც ვფიქრობ, რომ, რომ არა რუსეთისაგან მართული[35] ასლან აბაშიძისა და მისი კლანის დესტრუქციული ქმედება, 1991 წლის ზაფხულში რეალური შესაძლებლობა იყო, წარმატებით ჩატარებულიყო რეფერენდუმი უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიის - საქართველოში ქართველთა ავტონომიის - მიზანშეუწონლობის შესახებ.
დღეს საქართველო რუსეთთან საომარ სიტუაციაშია, ხალხიც აღარ არის ისეთი ერთიანი ეროვნული მუხტით შეკრული, როგორიც იყო 1991 წლის მარტ-აპრილ-მაისში; შესაბამისად, ახლა ნამდვილად არ არის საკმარისი წინაპირობები, რომ რეფერენდუმის გზით  გაუქმდეს იმთავითვე უკანონოდ შექმნილი აჭარის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი; თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ოსმალეთის ნანგრევებზე აღმოცენებულ თურქეთს და არც რუსეთს არანაირი ლეგიტიმური უფლება არა აქვთ, ჩაერიონ აჭარის ავტონომიის ბედის გადაწყვეტაში, რამდენადაც აჭარის ავტონომიის საფუძველი - მოსკოვის ხელშეკრულება - გაფორმდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ; შესაბამისად, საქართველოს არც ერთი კანონიერი ხელისუფლება არ არის ვალდებული, გაითვალისწინოს უკანონო, მით უმეტეს, საქართველოსადმი მტრულად განწყობილ მხარეთა ანტიქართული გარიგება; ასევე, საქართველოს არანაირი ლეგიტიმური ვალდებულება არა აქვს, შეინარჩუნოს უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რამდენადაც, კავკასიაზე კონტროლის მოსურნე დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ანტიქართული გარიგებით, 1921 წელს საქართველო მრავალმხრივად დაზარალდა. აჭარის ავტონომიის ბედი მომავალშიც გადასაწყვეტია თავად აჭარის მოსახლეობის მიერ.
აღვნიშნავ იმასაც, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს სახელმწიფოს გამოწვევების კონტექსტში საქართველოში ქართველთა ავტონომია არასოდეს შეასრულებს პოზიტიურ როლს; მაგ., ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ საქართველოში ქართველთა ავტონომიის შენარჩუნება ხელს შეწყობს აფხაზეთის ავტონომიაზე კონტროლის აღდგენას. საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა თუ ცხინვალის მხარე უსისხლოდ და უმტკივნეულოდ დაბრუნდება მხოლოდ საქართველოს სრული დეოკუპაციის შემდეგ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დღეს არსებობა ვერ გამართლდება რელიგიური ფაქტორითაც: უკვე ბევრი აჭარელი დაუბრუნდა წინაპრების რწმენას - ქრისტიანობას; აჭარელთა ნაწილი მუსლიმანია, ნაწილი - ათეისტი და ა.შ. ფაქტია ისიც, რომ ავტონომიის შექმნის მომენტიდან ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე (09.04.1991) ათეისტური ბოლშევიკური (/კომუნისტური) ხელისუფლება, მოსკოვისა თუ ყარსის ხელშეკრულებების საპირისპიროდ, ავიწროებდა მუსლიმანურ რელიგიას (ისევე, როგორც ქრისტიანობას), რასაც 1922-1990 წლებში ეგუებოდა თურქეთის ხელისუფლებაც (რუსეთ-ოსმალეთისათვის  სავალდებულო ხელშეკრულებების არსებობის მიუხედავად!). რაც მთავარია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (09.04.1991) საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა დაცული ყველა კონფესიის წარმომადგენელთა უფლება. არსებითია ისიც, რომ დღეს აჭარა არის მსოფლიოში უნიკალური ტოლერანტული სივრცე, სადაც მრავალი ფაქტი გვაქვს, როცა ერთ ოჯახად ცხოვრობენ ქრისტიანი და მუსლიმანი პირები. მიუხედავად ცალკეული რადიკალური ჯგუფების არსებობისა, თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში მაღალია სხვა რელიგიის წარმომადგენლებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების პროცენტი[36]. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არალოგიკურია, წინა პლანზე გამოვიტანოთ  რელიგიის ასპექტით აჭარის ავტონომიის დაცვის ლოზუნგი. ავტონომიის არსებობა/არარსებობა  ნამდვილად არაფერს უცვლის მუსლიმანთა უფლებების დაცვის პერსპექტივას, რამდენადაც რელიგიური უფლებების დაცვის ყველა ბერკეტი ისედაც ადგილობრივი (მუნიციპალური) თუ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელშია.
სხვადასხვა გეოპოლიტიკური ვექტორის მქონე გარე ძალებისაგან დაფინანსებული  ცალკეული რადიკალური ჯგუფები დღესაც ცდილობენ, აჭარაში, ზოგადად, საქართველოში დაძაბონ სიტუაცია. აჭარაში (/საქართველოში) დესტაბილიზაცია მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ქვეყნებსა თუ კლანებს აძლევს ხელს; საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კი დაინტერესებულია, რომ საქართველოში იყოს ღირსეული მშვიდობა (და არა - დამარცხებულის მშვიდობა). ღირსეული მშვიდობის მოპოვება შეუძლებელია დეოკუპაციის გარეშე; კერძოდ, 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსოფლიომ საქართველო აღიარა 1991 წლის საზღვრების მდგომარეობით; შესაბამისად, ცივილიზებული მსოფლიო დღეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში შემოჭრილად თვლის მხოლოდ რუსეთს; შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მხოლოდ რუსეთი განიხილება ოკუპანტად[37]:
რუსეთს საქართველოს ისტორიული მხარეების - აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის - დამპყრობლად მიიჩნევს მთელი ცივილიზებული მსოფლიო; შესაბამისად, საქართველოს ამჟამინდელი პრიორიტეტია დეოკუპაცია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 1991 წლის საზღვრების ფარგლებში.
აქვე აღვნიშნავ:
დიდი შეცდომაა, აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში არსებული დაპირისპირება მივიჩნიოთ ეთნოკონფლიქტებად, რამდენადაც, წლების წინ, შევარდნაძისა და არძინბა-კულუმბეკოვის კლანების გამოყენებით რუსეთის იმპერიამ აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში პროვოცირებული კონფლიქტი საბაბად გამოიყენა ამ მხარეების ოკუპაციისათვის. კონფლიქტში ჩაითრიეს ქართველების, აფხაზებისა და ოსების ერთი ნაწილი, მაგრამ ვერ შექმნეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ეთნოკონფლიქტები: დღესაც საქართველოს სხვა მხარეებში მშვიდად ცხოვრობს ბევრი ოსი თუ აფხაზი; შესაბამისად, არის დიდი შესაძლებლობა, რომ მალე აღდგეს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ამ ეთნოსთა ნორმალური თანაცხოვრება. საერთაშორისო თანამეგობრობის ფორმატით (და არა - მხოლოდ რუსულ-ქართული დიალოგით) უნდა ვიზრუნოთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში დაბრუნდნენ საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი დეპორტირებული ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფები (ნახევარ მილიონზე მეტი პირია იძულებით გამოდევნილი ამ ისტორიული ქართული მიწებიდან). დევნილთა დაბრუნების შემდეგ სამივე ეთნოსის უფლებების დაცვის პერსპექტივით საქართველოს სახელმწიფოს ამ ნაწილებში (აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში) უნდა შეიქმნას მაღალი ხარისხის თვითმმართველობები.
დავძენ იმასაც, რომ რამდენადაც საქართველო არის დიდი ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთის ეპიცენტრში, თუკი საქართველო უნიტარული სახელმწიფო არ იქნება (თუ საქართველოში რეგიონალიზაციის მომხრენი გაიმარჯვებენ), საქართველო უმოკლეს დროში დანაწევრდება ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გავლენების ველების შესაბამისად.

ამრიგად,
საქართველოს არც ერთი კანონიერი ხელისუფლება არ არის ვალდებული, გაითვალისწინოს 1921 წელს საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა ანტიქართული მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები; ასევე, საქართველოს არანაირი ლეგიტიმური ვალდებულება არა აქვს, შეინარჩუნოს უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რამდენადაც, კავკასიაზე კონტროლის მოსურნე დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გარიგებით, 1921 წლიდან დღემდე საქართველო მრავალმხრივად დაზარალდა.
ქართველთა ავტონომია საქართველოში გარედანაა თავსმოხვეული და შექმნის დღიდან, არსობრივად, მსოფლიო პოლიტიკური სივრცის ანომალიას წარმოადგენს. 1991 წლის აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი იყო შესანიშნავი დრო, რეფერენდუმის გზით გაუქმებულიყო ბოლშევიკური რუსეთისა და ოსმალეთის რევოლუციური მთავრობის გარიგებით შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ხალხისათვის არასოდეს არ იყო და არც იქნება აუცილებელი სახელისუფლებო რგოლი. ვფიქრობ, რომ არა ასლან აბაშიძის დესტრუქციული ქმედება, 1991 წლის ზაფხულში რეალური შესაძლებლობა იყო, წარმატებით ჩატარებულიყო რეფერენდუმი უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიის მიზანშეუწონლობის შესახებ.
დღეს საქართველო რუსეთთან საომარ სიტუაციაშია, შესაბამისად, ახლა ნამდვილად არ არის საკმარისი წინაპირობები, რომ რეფერენდუმის გზით  გაუქმდეს იმთავითვე უკანონოდ შექმნილი აჭარის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი; თუმცა, არც ოსმალეთის ნანგრევებზე აღმოცენებულ თურქეთს და არც რუსეთს არანაირი ლეგიტიმური უფლება არა აქვთ, ჩაერიონ აჭარის ავტონომიის ბედის გადაწყვეტაში, რამდენადაც აჭარის ავტონომიის საფუძველი - მოსკოვის 1921 წლის ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე; ამავე წელს ყარსშიც უკანონო რევკომებმა "დაადასტურეს" ეს ხელშეკრულება; შესაბამისად, საქართველოს არც ერთი კანონიერი ხელისუფლება არ არის ვალდებული, გაითვალისწინოს საქართველოსადმი მტრულად განწყობილ მხარეთა ანტიქართული გარიგება. ასევე, საქართველოს არანაირი ლეგიტიმური ვალდებულება არა აქვს, შეინარჩუნოს უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რამდენადაც, კავკასიაზე კონტროლის მოსურნე დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ანტიქართული გარიგებით, 1921 წელს საქართველო მრავალმხრივად დაზარალდა.
თვითმმართველობის თვალსაზრისით, აჭარის რაიონები თუ სოფლები ისეთივე "სტატუსით" უნდა იყოს აღჭურვილი, როგორც გურიის, იმერეთის, მესხეთის, კახეთის, სვანეთის, სამეგრელოსა და საქართველოს სხვა კუთხეების დასახლებული პუნქტები... პირადად, მე არა ვარ არც არჩეული თუ დანიშნული გუბერნატორების, ასევე, არც საქართველოს ისტორიული მხარეების (აჭარა, გურია, მესხეთი...) საზღვრებში ოფიციალური თუ არაოფიციალური ავტონომიების მომხრე. თანამედროვე პირობებში საქართველოს ყველა რაიონში (მათ შორის, აჭარის რაიონებშიც) არჩევითი უნდა იყოს სოფლისა თუ რაიონის გამგებლები, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დემოკრატია. მცირე ტერიტორიის მქონე საქართველოში სრულიად გაუმართლებელია ე.წ. „რეგიონული“ თვითმმართველობა (/რეგიონალიზაცია), რამდენადაც ეს არის გზა კონფედერაციისკენ. ფედერაცია თუ კონფედერაცია დამღუპველია საქართველოს გეოპოლიტიკურ რეალობაში. როგორც ყველა მცირეტერიტორიან და რთულ რელიეფიან სახელმწიფოში, საქართველოშიც ცენტრალიზებული უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები; ცენტრალური ხელისუფლების დოტაციით უნდა დაიგეგმოს მთიანი რეგიონების სოფლების შენარჩუნება და ა.შ. (ცენტრალური ხელისუფლების ინტერესების დაცვის კონტროლის მიზნით, ზოგ განაპირა რეგიონში შეიძლება დაინიშნოს პრეზიდენტის/პრემიერის წარმომადგენელიც).


რეზიუმე

პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ და 1991 წლის აპრილ-მაისში აჭარაში განვითარებული მოვლენები

საქართველოში ეთნიკურ ქართველთა ავტონომიის არსებობა ნონსენსია. 1991 წლის მაისი, ივნისი, ივლისი იყო შესანიშნავი დრო, რეფერენდუმის გზით გაუქმებულიყო ბოლშევიკური რუსეთისა და ოსმალეთის რევოლუციური მთავრობის უკანონო გარიგებით შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ხალხისათვის არასოდეს არ იყო და არც იქნება აუცილებელი სახელისუფლებო რგოლი. ვფიქრობ, რომ არა ასლან აბაშიძის პრორუსული პოლიტიკით გამიზნული დესტრუქციული ქმედება, 1991 წლის ზაფხულში რეალური შესაძლებლობა იყო, წარმატებით ჩატარებულიყო რეფერენდუმი უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიის მიზანშეუწონლობის შესახებ (აჭარის ავტონომია შეიქმნა რუსეთისა და ოსმალეთის შეთანხმებით საქართველოს ნების წინააღმდეგ).
დღეს საქართველო რუსეთთან საომარ სიტუაციაშია, შესაბამისად, ახლა ნამდვილად არ არის საკმარისი წინაპირობები, რომ რეფერენდუმის გზით  გაუქმდეს იმთავითვე უკანონოდ შექმნილი აჭარის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი; თუმცა, არც ოსმალეთის ნანგრევებზე აღმოცენებულ თურქეთს და არც რუსეთს არანაირი ლეგიტიმური უფლება არა აქვთ, ჩაერიონ აჭარის ავტონომიის ბედის გადაწყვეტაში, რამდენადაც აჭარის ავტონომიის საფუძველი - მოსკოვის 1921 წლის ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე (1921 წელს ყარსშიც უკანონო რევკომებმა "დაადასტურეს" ეს ხელშეკრულება); შესაბამისად, საქართველოს არც ერთი კანონიერი ხელისუფლება არ არის ვალდებული, გაითვალისწინოს საქართველოსადმი მტრულად განწყობილ მხარეთა ანტიქართული გარიგება; ასევე, საქართველოს არანაირი ლეგიტიმური ვალდებულება არა აქვს, შეინარჩუნოს უკანონოდ შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რამდენადაც, კავკასიაზე კონტროლის მოსურნე დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ანტიქართული გარიგებით, 1921 წელს საქართველო მრავალმხრივად დაზარალდა.
ქართველთა ავტონომია საქართველოში გარედანაა თავსმოხვეული და შექმნის დღიდან, არსობრივად, მსოფლიო პოლიტიკური სივრცის ანომალიას წარმოადგენს.
თვითმმართველობის თვალსაზრისით, აჭარის რაიონები თუ სოფლები ისეთივე "სტატუსით" უნდა იყოს აღჭურვილი, როგორც გურიის, იმერეთის, მესხეთის, კახეთის, სვანეთის, სამეგრელოსა და საქართველოს სხვა კუთხეების დასახლებული პუნქტები... პირადად, მე არა ვარ არც არჩეული თუ დანიშნული გუბერნატორების, ასევე, არც საქართველოს ისტორიული მხარეების (აჭარა, გურია, მესხეთი...) საზღვრებში ოფიციალური თუ არაოფიციალური ავტონომიების მომხრე. თანამედროვე პირობებში საქართველოს ყველა რაიონში (მათ შორის აჭარის რაიონებშიც) არჩევითი უნდა იყოს სოფლისა თუ რაიონის გამგებლები, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დემოკრატია. მცირე ტერიტორიის მქონე საქართველოში სრულიად გაუმართლებელია ე.წ. „რეგიონული“ თვითმმართველობა (/რეგიონალიზაცია), რამდენადაც ეს არის გზა კონფედერაციისკენ. ფედერაცია თუ კონფედერაცია დამღუპველია საქართველოს გეოპოლიტიკურ რეალობაში. როგორც ყველა მცირეტერიტორიან და რთულ რელიეფიან სახელმწიფოში, საქართველოშიც ცენტრალიზებული უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები; ცენტრალური ხელისუფლების დოტაციით უნდა დაიგეგმოს მთიანი რეგიონების სოფლების შენარჩუნება და ა.შ. (ცენტრალური ხელისუფლების ინტერესების დაცვის კონტროლის მიზნით ზოგ განაპირა რეგიონში შეიძლება დაინიშნოს პრეზიდენტის/პრემიერის წარმომადგენელიც).





[1] ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახება ამიერკავკასიაში: ბათუმი 1878, 1920, 1991, 2008; კრებული: "სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში"; აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები; გამომცემლობა: "შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი", ბათუმი, 2009. გვ., 111-136. რეზიუმე რუსულ ენაზე. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო; baTumi, 11-12 ivnisi. http://www.scribd.com/doc/3809567/batumi-geostrategia; ტ. ფუტკარაძე, ტერმინოლოგიური შეცდომები და არსგაყალბებული სიმბოლური თარიღები (ბათუმის მხარის შესახებ 1918-1921 წლებში შექმნილი ოფიციალური დოკუმენტების ზოგი ტერმინის ანალიზი საინფორმაციო ომის კონტექსტში); Terminological Errors and Fraudulent Symbolic Dates (Analysis of official documents concerning Batumi created in 1918-1921 in the context of news war) საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები, VIII, 2018, გვ. 151-170.


[2] ართვინისა და ბათუმის ოლქების წარმომადგენელთა ყრილობამ აირჩია სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო) მემედ აბაშიძის თავმჯდომარეობით და ერთხმად დაადგინა ბათუმისა და ართვინის ოლქების (აჭარა, ბორჩხა, ართვინი, შავშეთი და ტაოს ნაწილი) შემოერთება დანარჩენ საქართველოსთან ავტონომიის საფუძველზე. ყრილობამ თავისი დელეგაცია გააგზავნა პარიზის საზავო კონფერენციაზე (ამ ყრილობის ჩატარების აუცილებლობა შექმნა უფრო ადრე თურქული ოკუპაციის დროს გაყალბებულმა პლებისციტმა). მსჯელობისათვის ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, ტერმინოლოგიური შეცდომები და არსგაყალბებული სიმბოლური თარიღები (ბათუმის მხარის შესახებ 1918-1921 წლებში შექმნილი ოფიციალური დოკუმენტების ზოგი ტერმინის ანალიზი საინფორმაციო ომის კონტექსტში); საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულს სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები, VIII, 2018, გვ. 151-170.
[3] დოკუმენტს ვიმოწმებთ წიგნიდან: ა. სილაგაძე, ვ. გურული, საქართველოს განყოფლობისათვის ბრძოლის ისტორიიდან. ნაკვეთი I. მემედ-ბეგ აბაშიძე. დოკუმენტები და მასალები. თბ., 1996 წ. გვ. 33-37. გარკვეულწილად სახეცვლილი ეს ვარიანტი გამოქვეყნებული აქვს გ. კუკულაძესაც (დამოწმებულია: სცსსა, . 1861, აღ. 2, . 42: 1-3); იხ.: გუგული კუკულაძე, საქართველოს პარლამენტის როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის პროცესში 1918-1920  წწ. (სამხრეთ-დასავლეთ საქართველო); ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, ბათუმი, 2016 ., გვ. 69.
[4] დადგენილებების ვარიანტთა ტექსტების ანალიზის შესახებ იხ.: ტ. ფუტკარაძე, ტერმინოლოგიური შეცდომები და არსგაყალბებული სიმბოლური თარიღები (ბათუმის მხარის შესახებ 1918-1921 წლებში შექმნილი ოფიციალური დოკუმენტების ზოგი ტერმინის ანალიზი საინფორმაციო ომის კონტექსტში); საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულს სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები, VIII, 2018, გვ. 151-170.
[5] ამონაწერი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1919 . 1 ენკენისთვის სხდომის ოქმიდან. 1919 წელი, 1 სექტემბერი; სამოქალაქო განათლების განყოფილება. სეა. . 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 185 http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0constite--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=constite&cl=CL2.11&d=HASH0f7f88be3e9ec9e17f4fd6
[6] ტერმინოლოგიური გაორების მიუხედავად, დადგენილებების სამივე პროექტშიც ნათლადაა ნათქვამი, რომ სამუსლიმანო საქართველოს ანუ ბათომის ოლქის (/მხარის) მოსახლეობის დელეგატები ითხოვენ არა საკუთრივ ბათუმის „ოკრუგის“, ანუ  აჭარის ავტონომიას, არამედ მთლიანი სამუსლიმანო საქართველოს - ბათუმისა და ართვინის „ოკრუგების“ ავტონომიას; შესაბამისად, მენშევიკური მთავრობის მიერ ნავარაუდევი "ბათუმის მხარის ავტონომია" და ბოლშევიკების მიერ შექმნილი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა" არსებითად განსხვავდება: ამ უკანასკნელში არ მოიაზრება ისტორიული კლარჯეთი.
[7] დადგენილებების გაცნობისას მკითხველი არ უნდა დააბნიოს დოკუმენტებში არსებულმა ტერმინოლოგიურმა გაორებამ; კერძოდ, დოკუმენტებში პარალელურადაა გამოყენებული „სამუსლიმანო საქართველო“, ბათუმის ოლქი“ (სამუსლიმანო საქართველოს სახელად), ბათუმის ოლქი (მხოლოდ აჭარის სახელად), ბათუმის მხარე (სამუსლიმანო საქართველოს სახელად) და სხვ. საინტერესოა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზერელე ცოდნის გამო ისტორიკოსებისა თუ საზოგადო მოღვაწეების დიდი ნაწილი მაშინაც და დღესაც ნაკლულევანი (ცოდნის) ინფორმაციის გამო  საქართველოს ერთი პატარა კუთხის - "აჭარის" - სახელს აიგივებს მთლიანად "სამუსლიმანო საქართველოსთან"; იხ., მაგ.,  ნოე ჟორდანიას 1918 წლის 25 დეკემბერის მიმართვის ტექსტი: ,,მთავრობა აცხადებს, რომ ის სამუსლიმანო საქართველოს აძლევს ავტონომიას. თვითონ აჭარის წარმომადგენლები გამოსცემენ კანონებს, რომლებითაც თავიანთი გემოვნებითა და სინდისით მოაწყობენ თავის ცხოვრებას, მტკიცე კანონებით უზრუნველყოფენ თავიანთი რწმენის უფლებებს, მოაგვარებენ ადგილობრივ საქმეებს და მათ თავიანთ მშობლიურ მხარეში დაამყარებენ ბედნიერებას“ (გაზ. ,,ერთობა“, 1919, №9).
[8] აქ უკვე პარალელურად აღარ გამოიყენება ტერმინები: "ოლქი", „ოკრუგი“, „მხარე“, „ობლასტი“; იხ.:  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990, გვ. 476; მსჯელობისათვის იხ.: ტ. ფუტკარაძე, ტერმინოლოგიური შეცდომები და არსგაყალბებული სიმბოლური თარიღები (ბათუმის მხარის შესახებ 1918-1921 წლებში შექმნილი ოფიციალური დოკუმენტების ზოგი ტერმინის ანალიზი საინფორმაციო ომის კონტექსტში); საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები, VIII, 2018, გვ. 151-170.
[9] სამწუხაროდ, საბჭოთა ისტორიოგრაფიის კვალად, ზოგი ისტორიკოსი, უარგუმენტოდ, დღესაც  ცდილობს, აჭარის ავტონომიის შექმნის საფუძვლად გამოაცხადოს „სამუსლიმანო საქართველოს“ წარმომადგენელთა ყრილობის მიერ მიღებული ზემოთ დამოწმებული დადგენილება. ხაზგასმით ვამბობ: 1919 წლის ყრილობის მონაწილეთა მიზანი იყო არა მხოლოდ აჭარის, არამედ, მთელი სამუსლიმანო საქართველოს შემოერთება; შდრ., ვახტანგ გურული: "აჭარაში თურქეთის, ხოლო შემდეგ რუსეთის ხანგრძლივმა ბატონობამ, თურქეთისა და რუსეთის ანტიქართულმა პოლიტიკამ გარკვეული ნიადაგი მოუმზადა აჭარის ავტონომიის იდეას (ხაზი ჩემია - ტ.ფ). ეს იდეა პოპულარული იყო აჭარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში (1918-1921 წწ.). აჭარის ავტონომია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც აღვნიშნეთ, დადასტურდა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით (ხაზი ჩემია - ტ.ფ), თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გამო იგი პრაქტიკულად არ განხორციელდა" (საქართველოს ისტორია, XX საუკუნე, სახელმძღანელო ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის; თბ., 2003, გვ. 114). შდრ., ასევე: უჩა ოქროპირიძე: მემედ აბაშიძემ "შეძლო რეგიონის პროგრესული ძალების თავის ირგვლივ გაერთიანება და ბრძოლის გამარჯვებით დაგვირგვინება - 1919 წლის 31 აგვისტოს ქართველ მუსლიმანთა პირველ ყრილობაზე მიღებული დადგენილებით, რომლის მიხედვითაც სამუსლიმანო საქართველო (აქაც და ქვემოთაც ხაზი ჩემია - ტ.ფ.) დედა-სამშობლოსთან სამარადისოდ შეერთებულად გამოცხადდა ფართო ავტონომიის საფუძველზე. აჭარის ავტონომიის შექმნის სამართლებრივი საფუძველი არის სწორედ 1919 წლის 31 აგვისტოს ისტორიული აქტით სამუსლიმანო საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატული ნება და ამ ნების 1921 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციური დამტკიცება საქართველოს ძირითად კანონში" (უ. ოქროპირიძე, აჭარის ავტონომიის შექმნა, თბ., 2011, გვ. 221).
[10] 1921 წლის 16 მარტს რუსეთ-ოსმალეთის გარიგების შესახებ არაფერი იცოდნენ გიორგი მაზნიაშვილმა, გრიგოლ ლორთქიფანიძემ და სხვა გმირმა ქართველებმა, რომლებმაც თავგანწირული ბრძოლით ბათუმი გაათავისუფლეს თურქი ასკერებისაგან.
[11] Статья II
Турция соглашается уступить Грузии Суверенитет над портом и городом Батумом и территорией, лежащей к северу от границы, указанной в ст. I-й нынешнего договора и составляющей часть Батумского округа, при условии что:
1) Население местностей, указанных в настоящей статье договора будет пользоваться широкой местной автономией в административном отношении обеспечивающей каждой общине будет предоставлена возможность установить земельный закон соответствующий его положениям.
2) Турции будет предоставлен свободный транзит всяких товаров, отправляемых в Турцию или из нее через Батумский порт, беспошлинно, без учинения каких-либо задержек и без обложения их какими бы то ни было сборами, с предоставлением Турции прав пользоваться Батумским портом без взимания за то специальных сборов. http://www.amsi.ge/istoria/sab/moskovi.html ინტერპრეტაციისათვის იხ., ასევე: ო, გოგორიშვილი, ბათუმის ოლქი უმძიმეს 1920-1921 წლებში; კრებული: "სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში", 2009, გვ. 239-240 http://www.archives-ajara.gov.ge/text_files/en_file_170_1.pdf
[12]   ზოგი დღესაც ყოვლად ულოგიკოდ ცდილობს გაამართლოს აჭარის ავტონომიის არსებობა და საქართველოში ქართველთა ავტონომიის შექმნის საფუძვლად ყარსის უკანონო ხელშეკრულებას აცხადებს; იხ. მაგ., "რა უფლებები აქვს თურქეთს აჭარის ავტონომიაზე და რა ეკონომიკურ უპირატესობებს აძლევს მას ყარსის ხელშეკრულება"
http://reportiori.ge/old/aww.ge/geworld.ge,?menuid=74&id=52557&lang=1 (27 იანვარი, 2015. 12:45).
[13] გეოპოლიტიკურ კონტექსტში მოსკოვისა და ყარსის ანტიქართული ხელშეკრულებების შესახებ მსჯელობისათვის ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახება ამიერკავკასიაში: ბათუმი 1878, 1920, 1991, 2008; კრებული: "სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში"; 2009, გვ. 111-136 http://www.scribd.com/doc/3809567/batumi-geostrategia;
http://www.archives-ajara.gov.ge/text_files/en_file_170_1.pdf
[14] იხ., მაგ., ტ. ფუტკარაძე, „“თავისუფლების შოვნაი, სჯობს საშოვნელსა ყველასა“ , ანუ ვის სჭირდება აჭარის ავტონომია“ (გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“, 17 მარტი, 1990). იხ., ასევე, იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული დავით ხახუტაიშვილის, ოთარ ზოიძის, მიხეილ მახარაძის, კობა ხაბაზისა და სხვათა წერილები.
[15] ახალგაზრდა ივერიელი. – 1990. – 8 ნოემბერი. - #123 (11609). - 1 გვ.); დოკუმენტი გადმობეჭდილია წიგნიდან: „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები; ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუები; ტომი I; ზვიად გამსახურდია; საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1990-1991)“; თბილისი, 2013 (შემდგენელი მზია ხოსიტაშვილი), გვ. 12-15.
[16] დამოწმებულ ტექსტში და ქვემოთაც „აფხაზი“ არის „აფსუა“ ხალხის გარესახელწოდება (ეგზოეთნონიმი). როგორც ცნობილია, ისტორიული „აფხაზი“ ქართულენოვანი თემი იყო, რომლის საცხოვრისში ჩრდილო კავკასიიდან ნელ-ნელა ჩამოსახლდა და გაბატონდა აბაზების ერთ-ერთი ტომი, რომლის თვითსახელწოდებაა (ენდოეთნონიმია, ავტოეთნონიმია) „აფსუა“. ჩამოსახლების საუკუნოვან პროცესში ქართველთა ენობრივ ცნობიერებაში არსებული თემის სახელი - აფხაზი - შერჩა ნელნელა  ჩამოსახლებულ მონათესავე ეთნოსს (შდრ.: მსგავსი სემანტიკური ტრანსფომაცია განცადა ურარტუელის აღმნიშვნელმა ქართულმა სახელმა: „სომეხი“, რომელიც გადავიდა ურარტუს ტერიტორიაზე ინდოეთიდან წამოსულ არმენებზე).
[17] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 9 აპრილს: http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/7924/1/SakartvelosRespublika_1991_N70.pdf.
იხ., ასევე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 7 ივნისს: გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№ 114 (134), 1991, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 7 ივნისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 11 ივნისი. - № 114 (134). - 1გვ. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0preziden--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.12&d=HASH01b1efb69c3fceb644ebfcf2. იხ., ასევე: ჯ. ხეცურიანი, 9 აპრილიდან 9 აპრილამდე, კრებული: "საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი"; თბ., 2016 წ., გვ. 27-25; ტ. ფუტკარაძე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორიენტირები თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში; კრებული: "საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი"; თბ., 2016 წ. გვ. 45-59.
[18] იხ. დანართში (#1) აჭარის ინტელიგენციის წერილი.
[19] ჩემს წინააღმდეგ მსგავსი დანოსები ახლაც იწერება მათგან, ვისაც სურს ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის დანაწევრება და რელიგიური კონფლიქტის პროვოცირება.
[20] ამავე პერიოდში კრემლის მიერ მსგავსი პრორუსულ-კოლაბორაციონისტული (და არა - სეპარატისტული) ორგანიზაციები შეიქმნა აფხაზეთსა („აფხაზეთის სახალხო ფორუმი“ და „აიდგილარა“ და ცხინვალის მხარეში („ადამონ ნიხასი“). დაწვრლებით იხ. სერგი საჯაია, დივერსიული ეთნოფაბრიკაციების ახალი ტალღა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში /აფხაზეთში/ (1972-1992 წლები), თბ., 2011, გვ. 92-100.
[21] ჩემს პირად არქივში ინახება „ქართველ მუსლიმანთა საზოგადოების“ წერილი ზვიად გამსახურდიას და ამ საზოგადოების წესდებისა და პროგრამის პროექტი (პრეფექტობამდეც და პრეფექტობის დროსაც, როგორც წესი, სახელმწიფოს პირველი პირის - ზვიად გამსახურდიას - სახელზე აჭარიდან მიღებულ წერილებს მე მაწერდნენ რეაგირებისა თუ  რეზოლუციების პროექტების მოსამზადებლად). მათი ლიდერი იუსუფ ბერიძე მეც შემხვდა რამდენჯერმე; აჭარაში ყველამ იცოდა, რომ ეს ლიდერები ისევე სვამდნენ ღვინოს, როგორც სხვები; მუსლიმანთა საზოგადოების დაარსება მათ საქართველოს გარედან დაავალეს; დარწმუნებული ვარ, პირველ ეტაპზე მათი მაკონტროლებელი უფრო რუსეთში იყო, ვიდრე - თურქეთში; შემდეგ და შემდეგ ისინი უფრო თურქეთიდან ფინანსდებოდნენ.
[22] თუმცა, ასლანის „პოლიტიკისა“ და მასთან აჭარის ავტონომიის დაცვის უპირველესი დამცველები უფრო იყვნენ ასლანის თბილისელი პარტნიორები: ქორიძე, ხაბულიანი, ომანიძე... პუტჩის შემდეგ: ბოლოთაშვილი, მიშველაძე, გელბახიანი, თარგამაძე, ჯაველიძე... შემდეგ - შევარდნაძის კლანიც. 
[23] ბათუმის პრეფექტის ორი კანდიდატი იყო: აჭარის მრგვალმა მაგიდამ ნოდარ იმნაძის ხელმძღვანელობით კანდიდატად დააყენა ექიმი გია ბაჯელიძე; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თენგიზ ხახვამ - ბათუმის აღმასკომის თავმჯდომარე როსტომ დოლიძე. აჭარის ავტონომიის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებისათვის  ზვიად გამსახურდიამ მე მთხოვა წასვლა ბათუმის პრეფექტად. ასევე, ყველა რაიონში წამოყენებულ რამდენიმე კანდიდატთაგან ისინი დაამტკიცა პრეფექტებად, რომელთაც მე დავუჭირე მხარი; შესაბამისად, შემთხვევითი არ იყო, რომ იმ პერიოდში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მისამართით გამოგზავნილ ჩემს მხარდამჭერ წერილებში ხალხი მიწოდებდა აჭარის პრეფექტს.
[24] ამ დანიშვნების შესახებ ვრცლად იხ., მე-8 დანართში.
[25] ქ-ნი ს. კუდმა შემდეგ მჭირდროდ თანამშრობლობდა ასლან აბაშიძესთან. იყო აჭარის არ უმაღლსი საბჭოს დეპუტატი; ამჟამად არის საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ კვოტით.
[26] ამ სხდომისა და სხვა დეტალებისათვის იხ., დანართი # 8.
[27] ნოდარ იმნაძე, გურამ ჩიგოგიძე და მამუკა კობახიძე თავდაპირველად ასლანის დანიშვნას უჭერდნენ მხარს, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მან ყველა წითელი ხაზი გადალახა და ღიად გამოვიდა აჭარის ავტონომიის დასაცავად, ისინიც დაუპირისპირდნენ აბაშიძეს. ამის შემდეგ აბაშიძის მიერ მართული დესტრუქციული ბრბო შეეცადა გურულ-აჭარული დაპირისპირების პროვოცირებას; ამ მიზნით, მათ გაააქტიურეს მაღალ თანამდებობებზე მყოფი „არააჭარლების“ გადაყენების ლოზუნგი. 1991 წლის 24 აპრილს გურამ ჩიგოგიძე შეხვდა მამაჩემს და უთხრა: „ზვიადმა ასლანს თხოვა, ტარიელს ხელს ნუ შეუშლი რეფერენდუმის მოწყობაში“... მეც ბევრჯერ ვუთხარი ასლანს, ზვიადს ანგარიში გაუწიე-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა; არადა, ასლანი ჩემი გაზრდილია და აჭარაში პირველ პირად მის ჩამოყვანაშიც დიდი წვლილი მაქვს“ (ალექსანდრე ფუტკარაძე, ლექსები, აჭარის ამბები, მოგონებები, დღიურები; 2001, გვ. 248-249; https://www.facebook.com/putkaradze/media_set?set=a.4640366723893&type=3).
[28] ვრცლად იხ.: . ფუტკარაძე, ნოდარ იმნაძე - ვაჟკაცის ტრაგიკული ისტორია: http://putkaradze1.blogspot.com/2017/04/blog-post_30.html; წარმოდგენილი ფაქტების შესახებ ვრცლად პირველად დავწერე 2001 წელს მამაჩემისადმი მიძღვილ წიგნში; იხ.: ალექსანდრე ფუტკარაძე, ლექსები, აჭარის ამბები, მოგონებები, დღიურები; 2001; https://www.facebook.com/putkaradze/media_set?set=a.4640366723893&type=3.
[29] ასლანმა თავისი ნათესავები  - ძმები ასანძეები - ამ დროს გამოიყენა, მცირე ხანს თანამდებობებზეც დანიშნა, მაგრამ შემდეგ სასიკვდილოდ გაწირა.
[30] მათ თხოვნას საგანგებო სატელევიზიო გამოსვლით უპასუხა ზვიად გამსახურდიამ. თქვა რომ აუცილებლად ჩატარდებოდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები. აქ საინტერესო ისიცა, რომ ამავე გამოსვლაზე ისევ მყარად უჭერდა მხარს, აჭარაში რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობას (იხ. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 8 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 მაისი. - # 91 (111). – 1 გვ.). აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების დანიშვნა თუ რამდენჯერმე გადადება, ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისათვის ბრძოლა (ხელმოწერების შეგროვება) და „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციების პარტიული სიის რამდენჯერმე შეცვლა ცალკე სტატიის თემაა.
[31] საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 8 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 მაისი. - # 91 (111).
[32] ასლან აბაშიძესთან არ ითანამშრომლა არც ბეჟან გობაძემ.
[33] პრეზიდენტმა ჩემი გადადგომა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაადასტურა: 1991 წლის ივლისიდან ბატონი ზვიადის შემოთავაზებითვე, საქმიანობა გავაგრძელე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე. დავძენ: 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო 1992-93 წლებში განდევნილ იქნა ხელისუფლებიდან რუსეთის ჯარის მიერ. უზენაეს საბჭოს თავისი სამართალმემკვიდრეობა დღედე არ გადაუცია პუტჩით ხელისუფლებაში მოსული არაკანონიერი ხელისუფლებისა თუ მისი მემკვიდრე მთავრობებისათვის. გარდა ამისა, მე (ასევე, ზოგ სხვას) როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, დღემდე არ ამიღია ე.წ. სადეპუტატო პენსია, რომელსაც, როგორც წესი, იღებს ყველა ყოფილი პარლამენტარი; შესაბამისად, უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრეობა დე იურე დღემდე არსებობს.
[34] პირადად მე ვფიქრობდი, რომ აჭარაში ჯერ რეფერენდუმი უნდა ჩაგვეტერებინა (პრეზიდენტის არჩევის დღეს - 1991 წლის 26 მაისს) და შემდეგ, თუკი საჭირო გახდებოდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
[35] ედუარდ შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის მოგონენები ცხადყოფენ, რომ ასლან აბაშიძე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამდეც და შემდეგაც თანამშრომლობდა დასახელებულ ორივე პუტჩისტთან.  ფაქტია ისიც, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გენერლის წოდება მიანიჭა ასლან აბაშიძეს - დე იურე სხვა ქვეყნის მოქალაქეს. დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ ასლან აბაშიძე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში გამორჩეულად პრორუს პოლიტიკოსთან ალექსანდრე ჭაჭიასთან, რომელთანაც ერთად 2001 წელს ასლან აბაშიძემ შექმნა „საკოორდინაციო საბჭო“. ეს პრორუსული დუეტი განიხილავდა სამეგრელოს ავტონომიის შექმნის საკითხსაც (დოკუმენტური მასალისათვის იხ.: ლ. ცომაია, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, თბ., 2018, გვ. 152).
[36] სპეციალური კითხვარების საფუძველზე წარმოებული კვლევის შედეგების  ცხრილისათვის იხ. ხატია წიკლაური, მორწმუნეებისა და ათეისტების ღირებულებათა კვლევა საქართველოში; თბ., 2018, გვ. 284-285.
[37] დღეს თურქეთთან მიმართებით, მთავარია, თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული ისტორული ქართული მიწების ავტოქთონ მცხოვრებთაც და მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებსაც ჰქონდეთ "რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიით", გაეროს "ეროვნულ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობათა დეკლარაციითა" და "ეროვნულ უმცირესობათა შესახებ ევროსაბჭოს ჩარჩო-კონვენციით" გათვალისწინებული ენობრივ-კულტურული უფლებები.

დანართი # 1:


დანართი # 2

დანართი # 3:

დანართი # 4:

დანართი # 5:

დანართი # 6:

დანართი # 7: