Wednesday 20 November 2013

გეოპოლიტიკა: ახალი ნაღმები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინა...

გეოპოლიტიკა: ახალი ნაღმები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინა...: ტარიელ ფუტკარაძე /საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის   სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი/         ...

Saturday 9 November 2013

ახალი ნაღმები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ



ტარიელ ფუტკარაძე /საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის  სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი/
                                                
ახალი ნაღმები
საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ[1]

/ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს
ორგანული კანონის ახალი პროქტის ერთი კარის კრიტიკული ანალიზი/

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღეებიდანვე არის მცდელობა, ცენტრალურ ხელისუფლებას დაუპირისპირონ საქართველოს ისტორიული მხარეების მოსახლეობა /ან ამ მხარეებში დასახლებული მიგრანტები).
აფხაზეთისა და ცხივნალის მხარეში არსებული კონფლიქტის შესახებ მოკლედ აღვნიშნავ, რომ აქ არ არის ე.წ. ეთნოკონფლიქტები: ორივეგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუპირისპირდა რუსეთის იმპერიის მიერ მართული ჯგუფები, რომლებსაც ქმნიდნენ არამხოლოდ აქ მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზთა, რუსთა, სომეხთა და ოსთა ერთი ნაწილი, არამედ, ქართველთა ერთი ნაწილიც.
ჩვენს დღევანდელ მოხსენებაში შევეხებით საქართველოს სხვა მხარეებში კონფლიქტური კერების გაჩენის ხელისშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორს.

საქართველოს მთავრობის მიერ ახლახან (31.10.2013) დამტკიცდა[2] კოდექსი[3] ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ; იგი ძირითადად გამართული დოკუმენტია, მაგრამ დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ამბიციების დაპირისპირების ველში - კავკასიის[4] ცენტრალურ ნაწილში - არსებული საქართველოს სახელმწიფოსათვის სერიოზული რისკების შემცველია კოდექსის VII კარი - "მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება".
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ როგორც წესი, "თვითმმართველობის შესახებ კოდექსში" არ უნდა შევიდეს მუხლები ე.წ. "რეგიონული მმართველობის" შესახებ; შდრ.:
მთავრობის მიერ[5] მომზადებული კანონპროექტის მიხედვით "მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების" ხელმძღვანელია ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი (მუხლი 175); ამ დროს "მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანება" სტრუქტურითა თუ ფუნქციებით "რეგიონულ პარლამენტს" ჰგავს; კერძოდ, რეგიონული გაერთიანების წარმომადგენლობით ორგანოს ქმნიან მოცემულ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს არჩეული დეპუტატები (მუხლი 169). ამ რეგიონულ "წარმომადგენლობით ორგანოს" ეყოლება ხელფასიანი არჩეული თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე (მუხლი 171).
რეგიონული გაერთიანება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (მუხლი 166); მის  უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) მოცემული ტერიტორიის განვითარების სტრატეგიის დამტკიცება და განხორციელება; ) პროექტების, პროგრამების და მათი ხარჯთაღრიცხვის მომზადება, დამტკიცება და აღსრულება შემდეგ სფეროებში და სხვა სამეურნეო ხასიათის ფუნქციები (მუხლი 168).
რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი; რწმუნებული-გუბერნატორი რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საშუალებით (მუხლი 175)...
ანუ, ადრინდელი კანონმდებლობით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი მოცემულ მხარეში ხდება  რეგიონული წარმომადგენლობითი საბჭოს აღმასრულებელი ხელისუფლება[6].
ვფიქრობ, ამ ეტაპზე თითქოსდა მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობით შემოფარგლული .. რეგიონული საბჭო არც თუ შორეულ მომავალში, ძლიერი გეოპოლიტიკური მეზობლების "მეცადინეობით", საქართველოს ზოგი განაპირა მხარის მოწყვეტის განმაპირობებლად შეიძლება მოგვევლინოს. ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს ქმნის რამდენიმე გარემოება:

1. ე.წ. რეგიონული (სამხარეო) ხელისუფლების ფუნქციების ზრდის დინამიკა


პოსტსაბჭოთა საქართველოში საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ ერთ-ერთი პირველი წერილი დაიბეჭდა 1993 წელს, რომელშიც ვკითხულობთ:
"სასურველია თუ ამას საფუძვლად დაედება საქართველოს ისტორიულ-ეთნიკური დაყოფა: ქართლი, კახეთი, იმერეთი და ასე შემდგომ. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი, მაქსიმალური უფლებების მქონე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები, რომელთაც უნდა გააჩნდეთ რეანიმირებული, ეთნიკურ ქარგას მორგებული მმართველობა" /ვრცლად იხ. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, "რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას" http://gtu.ge/books/teologia/regkons.pdf; აქვეა ამ ტიპის "რეგიონალიზმის" ადეკვატური კრიტიკაც/...
1995 წელს შევარდნაძემ თავისი ბრძანებულებით შექმნა პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა და დანიშნა პირველი "რწმუნებულები"[7]; ამ დროს საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში რაიმე მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდა; მხოლოდ მოგვიანებით, 1997 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"[8]; კერძოდ, ამ კანონის V კარის მიხედვით, "სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში ან ცალკეულ დავალებათა შესასრულებლად".
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასაწყისშივე (2004 წლის 11 თებერვალი) გაიზარდა პრეზიდენტის რწმუნებულის უფლება-მოვალეობანი; კერძოდ, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით (თავი VIII, მუხლი 271), "სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი "კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე; ) საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის პირველი პუნქტის" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის თაობაზე, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას..."[9]
შდრ.: მთავრობის მიერ 2013 წლის 31 ოქტომბერს მოწონებული კანონპროექტის საფუძველზე, ე.წ. რეგიონულ მმართველობას დაემატება თვითმმართველობითი კომპონენტი - მუნიციპალიტეტებში არჩეული დეპუტატებით შექმნილი რეგიონული საბჭო... წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტით რეგიონული მმართველობა იძენს რეგიონული თვითმმართველობის ფუნქციებს, რითაც, ფაქტობრივად, სრულდება და საბოლოოდ კანონდება საქართველოს მოწყობის რეგიონული /ფედერაციული/ მოდელი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ე. შევარდნაძის მმართველობის დროს.

2. ტერმინ "რეგიონის" სემანტიკის მიზანმიმართული დავიწროება
წარმოდგენილ კანონშიც და ქართული პოლიტიკური ელიტის ტერმინოლოგიაშიც მარგინალური მნიშვნელობითაა დამკვიდრებული მსოფლიოში ფართოდ გამოყენებული ტერმინები: "რეგიონი"; ამ თემაზე ვრცლად სხვაგან გვაქვს მსჯელობა[10]; აქ მოკლედ ვიტყვი:
"რეგიონს" სამი ძირითადი მნიშვნელობა აქვს:
- მსოფლიოს ან ქვეყნის რომელიმე ნაწილი კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრების გარეშე; შდრ.: კავკასიის რეგიონი;    საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონი.
- დედაქალაქის გარეთ არსებული ეკონომიკურ-ინდუსტრიული, ეკოლოგიური... სივრცე კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრების გარეშე;
- ისტორიული რეალობის გათვალისწინებით შექმნილი ქვეყნის ავტონომიური ადმინისტრაციული ერთეული თავისი კონკრეტული საზღვრებითა და ხელისუფლებით, ზოგჯერ პრეზიდენტითაც კი (მაგ., ლოზანას ჰყავს თავისი პრეზიდენტი (იტალია)[11].
საქართველოს მთავრობის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის დავით ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიამ /ევროსაბჭოს ექსპერტების მონაწილეობით/ 2009 წელს მოამზადა  სახელმწიფო  დოკუმენტი, სადაც რეგიონისასეთი დეფინიციაა: "თვითმმართველობის დონეზე "რეგიონის" ქვეშ იგულისხმება მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები (სულ 69, აქედან 5 თვითმმართველი ქალქი)"... მმართველობის დონეზე "რეგიონად" განიხილება სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის - კომპეტენციების გავრცელების ტერიტორიული არეალი"[12].
უფრო შორს წავიდა "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსამჟამინდელი მინისტრის მოადგილე -ნმა თენგიზ შერგელაშვილი, რომელმაც 2013 წლის 5 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადა, რომ რეგიონად განიხილება გუბერატორის სამოქმედო ადმინისტრაციული ერთეული, რომელშიც იგეგმება წარმომადგენლობითი საბჭოების ამოქმედება /თვითმმართველობის კომპონენტების დანერგვა/ და სამხარეო ბიუჯეტის შემოღება...[13].
ამ კონტექსტშია განსახილველი საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური განცხადების სათაურიც: "ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია საქართველოში[14]. აშკარაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტისა თუ ექსპერთა ერთი ნაწილი ტერმინ "რეგიონის" ქვეშ გულისხმობს მხოლოდ "კონკრეტული საზღვრების მქონე ადმინისტრაციულ ერთეულს"...
მთლიანობაში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ  საქართველოს მოსახლეობას გაუმართლებელი ბარბარიზმებით: "რეგიონი", "რეგიონსალიზმი" ფსიქოლოგიურად აგუებენ მყიფე კონსტრუქციის ფედერაციული მოწყობისათვის.

3. ისტორიული კონტექსტის გაუთვალისწინებლობა
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სწორი დაგეგმვა შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილების ანალიზის გარეშე. ქართულ ისტორიოგრაფიაში პროგრესულ პოლიტიკურ მოღვაწეებად ითვლებიან ის პიროვნებები, რომლებიც თავისი მსოფხედველობითა და პრაქტიკული საქმიანობით ხელს უწყობდნენ ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების განვითარებას (დავით კურაპალატი, ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, გიორგი III, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე...); ევროპისა თუ აზიის ისტორიაშიც დიდ მოღვაწეებად მიიჩნევიან ქვეყნის გაერთიანებაზე ორიენტირებული ლიდერები[15].

4. ევროპული კანონმდებლობის იგნორირება
2004 წელს  საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული (26.10.2004 წლის N 515-II დადგენილება) "ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (სტრასბურგი, 15.X.1985)“ არ გვავალდებულებს, რომ მცირე ტერიტორიის მქონე საქართველომ განავითაროს ე.წ. რეგიონალური თვითმმართველობა; დემოკრატიული სულისკვეთების ამ დოკუმენტის ღირებულებები სავსებით იქნება დაცული, თუკი გაძლიერდება სოფლის თვითმმართველობა და შენარჩუნდება  მუნიციპალიტეტური თვითმმართველობა.
და რაც მთავარია:  ევროპული კანონმდებლობა ოფიციალურად არ ითხოვს ე.წ. რეგიონული მმართველობისა თუ თვითმმართველობის ჩამოყალიბება-გაძლიერებას; მეტიც: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიაში საერთოდ არ არის ნახსენები ტერმინები: "რეგიონული თვითმმართველობა" და "რეგიონული მმართველობა".

5. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის დაბრუნების პერსპექტივის არასწორი გააზრება
ზოგი გულუბრყვილო პოლიტიკოსი შეიძლება ფიქრობს, საქართველოს რეგიონული/ფედერაციული/ ანუ, ქართულად რომ ვთქვათ, "სამხარეო მოწყობით" გაიოლდება აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის "რეინტეგრაცია".
ჩემი აზრით, აგრესიული მეზობლების გეოპოლიტიკურ ველში მყოფი საქართველოსათვის მეტად სახიფათოა საქართველოს სხვა მხარეებშიც ე.წ. რეგიონული თვითმმართველობის შექმნა. ევროპული დემოკრატიის დასამკვიდრებლად კი უმჯობესია, გავაძლიეროთ სოფლის/თემისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა. საქართველოს სხვა მხარეებში ე.წ. რეგიონული საბჭოების დაშვებით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ; მეტიც, გარედან მართულ ახალ  ე.წ. სეპარატისტულ "რეგიონებს" მივიღებთ.
...საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სულ სხვა ტიპის აქტივობებია განსახორციელებელი.



საქართველოს დანაწევრების მიზნით რეგიონალიზმისა თუ რეგიონული ენების დამკვიდრებით გამოწვეულ რეალურ საფრთხეებს ზოგი დაინტერესებული პირი ე.წ. ფობიებად, საფრთხეებზე არგუმენტებით მოსაუბრეთ კი -  ნაციონალისტებად აცხადებს... ამგვარი დემაგოგიით ხდება საზოგადოების ყურადღების მოდუნება... ამ დროს კი მთელ მსოფლიოში გეგმაზომიერად და ინტენსიურად  ვრცელდება  საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო იდეოლოგემები, ე.წ. გამოკვლევები და რუკები...
მსჯელობას დავასრულებ საინფორმაციო ომის კონტექსტში ფართოდ გავრცელებული ოთხი რუკის დამოწმებით:
თურქულენოვანი რუკა: http://tinyurl.com/ct98yrp:


რუსულენოვანი რუკა: http://linguarium.iling-ran.ru/maps/1-all.gif:


ქართულენოვანი რუკა: http://www.ice.ge/kartuliena/iber_cavk_map.html:


ინგლისურენოვანი რუკა: 
                               http://titus.uni-frankfurt.de/didact/karten/kauk/kaukasm.htm:









დასკვნის სახით:
1. ჩვენი ქვეყნის ურთულესი მდგომარეობა (ოკუპირებული ტერიტორიები, გეოპოლიტიკური ვექტორების გზაჯვარედინები...) გვაიძულებს, სერიოზულად ვიფიქროთ, თუ როგორ მოხდეს ცენტრალური მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ისე გამიჯვნა, რომ სხვათა გეოპოლიტიკურ ამბიციებს არ შეეწიროს ქართული სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესები და, ამავე დროს, დაცულ იქნეს დემოკრატიული ღირებულები.



ვფიქრობ, აქტიური გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში მოქცეული მცირემიწიანი საქართველოსათვის ყოვლად გაუმართლებელია ე.წ. რეგიონული დემოკრატიის ნიღბით ქვეყნის დანაწევრების დაკანონება; მით უმეტეს, თუკი ამგვარი დანაწევრების იდეოლოგიურ ბაზად გამოყენებული იქნება ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში ხელოვნურად შექმნილი ე.წ. რეგიონული ენებისა თუ ეთნიკური უმცირესობების  საზღვრები /ამ მიმართულებით მსჯელობისათვის ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, . დადიანი, . შეროზია, "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ" და საქართველო", ქუთაისი, 2010; T. putkaradze, E.Dadiani, R. Serozia; "European Charter for Regional or Minority Languages" and Georgia", Kutaisi, 2010; http://www.scribd.com/doc/35702700/Tariel-Putkaradze-Eka-Dadiani-Revaz-Seroozia-2010/.

2. “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ”უნდა შეეცვალოს სახელი; ამ სამინისტროს უნდა ეწოდოს: "თვითმმართველობისა და სამხარეო ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო"[16].



P.S. საქართველოს დანაწევრების ჩვენ მიერ კრიტიკულად გაანალიზებული იდეოლოგია პირველ რიგში  განსახილველია გიუმრის /სომხეთი/ სამხედრო ბაზის კონტექსტში.
 


[1] ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაარსების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის /16-17 ნოემბერი, 2013 წელი/ მოხსენება.
[2] http://mrdi.gov.ge/ge/component/content/article/1161-the-government-of-georgia-approved-the-self-government-code.html
[3] http://mrdi.gov.ge/ge/component/content/article/5-archive/1161-saqarthvelos-mthavrobam-thvithmmarthvelobis-kodeqsi-daamtkica.html
[4] ევრაზიის კავშირის შექმნის მცდელობის პროცესში რუსეთი დიდ იმედებს ამყარებს გუიმრის სამხედრო ბაზაზე, რომელთან სახმელეთო კავშირის აღადაგენად ესაჭიროება სამცხე-ჯავახეთის კონტროლი; მასვე აქვს დაუოკებელი მიზანი, შექმნას ბუფერული აფხაზურ-მეგრული სახელმწიფო... შდრ.: ისლამისტურ-ოსმალური იმპერიის აღდგენას ესწრაფვის თურქეთის პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილი და ამ მიზნით ცდილობს, გამოიყენოს სამხრეთ-დასავლეთი თუ სამხრეთი საქართველო...
[5] კანონპროექტი მომზადებულია რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს” მინისტრის მოადგილის  თენგიზ შერგელაშვილის მიერ.
[6] შდრ., "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს" ვებგვერდზე განსხვავებულ (შენიღბულ?) ინტერპრეტაციას ვკითხულობთ: "გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში".
[7] ერთ-ერთი პირველი იყო თეიმურაზ შაშიაშვილი - პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში /რომელთან საუბარში დავაზუსტე მისი დანიშვნის სამართლებრივ-იურიდიული გარემოებები/.
[8] საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წელი – N 17-18.
[9] საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=A..&sec_id=41; იხ., აგრეთვე: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 406;  2007 წლის 27 ივნისი /"სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ"/.
[10] ტ. ფუტკარაძე, საქართველოს სახელმწიფო ენა, .. რეგიონული ენები, რეგიონალიზმი და საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების თანამედროვე გამოწვევები“; თბ., 5 აპრილი, 2013 წელი.
[11] იხ., მაგ., ვებსტერის ლექსიკონი /http://www.merriam-webster.com/dictionary/regionalism
[12] http://icsrpa.org.ge/images/DR_Geo.pdf
[13] ეს იდეა რეალიზებული ზემოთ განხილულ "კოდექსში"; იხ., აგრეთვე: "საქართველომომზადებული უნდა შეხვდეს იმ დროს, როცა საქართველო რეალურად დადგება რეგიონული მოწყობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე, რომელიც გულისხმობს არა მარტო ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებას რეგიონულ დონეზე, არამედ, ასევე, რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანოების შექმნას
[14] http://www.coe.int/t/dgap/tbilisi/news/2013_20_03_ge.asp
[15] გერმანიაში - ოტო ფონ ბისმარკი, თურქეთში - ათათურქი, ირანში -  შაჰ-აბასი, რუსეთში - პეტრე... ვრცლად იხ.: ს. ვარდოსანიძე, მ. ჯიბუტი, ტ. ფუტკარაძე, "მცდარ იდეაზე დაფუძნებული რეფორმა – საფრთხე საქართველოს აწმყოსა და მომავლისათვის" http://sangu.edu.ge/?page_id=3004. წერილი მომზადდა საპატრიარქოს უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციის .„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების თანამედროვე გამოწვევები“; თბ., 5 აპრილი, 2013 წელი/ შედეგების შესაბამისად.
[16] თ. შერგელაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა შედგა 2013 წლის 18 ოქტომბერს "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარებულ ეროვნულ კონფერენციაზე: "ადგილობრივი თვითმმართველობა  საქართველოში - რეალობა და პერსპექტივები" /პროექტი დააფინანსა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ/.
ეროვნული კონფერენციის იდეის ავტორებმაც /ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ლიდერებმა: მამუკა აბულაძე, დავით ზარდიაშვილმა, დავით მელუამ, მიხეილ ჯიბუტმა.../ და კონფერენციის სხვა მონაწილეებმაც (მამუკა გიორგაძემ, პაატა კოღუაშვილმა, ნოდარ ნათაძემ, ტ. ფუტკარაძემ...), ცალსახად ნეგატიურად შეაფასეს კანონპორექტის ის ნაწილი, რომელიც გვთავაზობს "მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერიანების" დამკვიდრებას. მძაფრი კრიტიკის მიუხედავად, მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებების შემდეგ საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 ოქტომბერს მაინც მოიწონა "საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"... ახლა ჯერი საქართველოს პარლამენტზეა.