Saturday, 22 April 2017

მტერი მტერია, მაგრამ ჩვენ სად დავუშვით შეცდომები?




ტარიელ ფუტკარაძე:

მტერი მტერია, მაგრამ ჩვენ სად დავუშვით შეცდომები?

დღეს, 22 აპრილს, მონაწილეობა მივიღე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხის გადაცემაში "ყველა კითხვა"...
ჩემი აზრით, 90-იან წლებში დაპირისპირებული მხარეების კამათს ნამდვილად აჯობებს ანალიტიკური ხასიათის მსჯელობა, რომელიც ფაქტებითა და საერთაშორისო კონტექსის მსჯელობით ახალ თაობებს დაანახებს უახლეს წარსულს, რომლის ადეკვატურ გააზრებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლის სწორად დაგეგმვისათვის.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ფაქტებსა და მსჯელობას, რომელთაც უთუოდ მივიტანდი მაყურებლამდე, ისედაც მცირე დრო უსაგნო კამათში რომ არ დახარჯულიყო.

სხვადასხვა ათვლის სისტემა
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ არსებობს მოვლენის ხედვა-აღქმის სხვადასხვა ათვლის სისტემა:  
- ისტორიული თვალთახედვა (მშრალი ფაქტები და შედეგები);
- გეოპოლიტიკური თვალთახედევა (ფაქტების ანალიზი საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში);
- პროცესის მონაწილის სუბიექტური თუ პარტიული ხედვა (ემოციური კონტექსტის გამოურიცხავად).

1990-1993 წლების მოვლენების ისტორიული ფაქტების მიხედვით

1990 წლის 13-15 მარტი - საქართველოს ერთიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციის ისტორიულივდადგენილება:
1. საქართველოს უნდა განესაზღვროს ოკუპირებული და ანექსირებული ქვეყნის სტატუსი.
2. საქართველოს ამჟამინდელი სტატუსი მიჩნეულ იქნეს ფიქციად და აგრესიის შედეგების დაფარვისათვის გამიზნულად (1990 წლის მარტის მდგომარეობაზეა საუარი - ტ.ფ.).
3. საქართველოში "დე ფაქტოდ" არსებული საბჭოთა ხელისუფლება და სახელმწიფო წყობილება მიჩნეულ იქნეს დანაშაულებრივად.
4. 1990 წლის 25 მარტის საქართველოს უზენაესი საბჭოს მომავალ არჩევნებს გამოეცხადოს ბოიკოტი.
5. დემოკრატიულ საფუძვლებზე აირჩეს გარდამავალი ხელისუფლება, რომელიც რეალურად დასვამს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს.
6. პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას ეროვნული ფორუმი, რომელიც იქნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

ამ კონფერენციის შემდეგ, ეროვნულ-განმათავსუფლებელი მოძრაობის ზეწოლით, 5 დღეში - 1990 წლის 20 მარტს საბჭოთა კავშირის იმპერიული ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლობამ - გუმბარიძის კომუნისტურმა ხელისუფლებამ - საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ - მიიღო გადაწყვეტილება 1990 წლის 25 მარტს დანიშნული უზენაესი საბჭოს არჩევნების იმავე წლის შემოდგომაზე გადატანის შესახებ; ასევე, დაადგინა, რომ შემოდგომაზე ჩატარებულიყო მრავალპარტიული არჩევნები. საბჭოთა საქართველოს ამავე ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება "საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ", რომელშიც აღიარა 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოცხადებული აგრესია, ოკუპაცია და ანექსია; დაგმო ეს ფაქტი, როგორც საერთაშორისო დანაშაული და დაადასტურა, რომ საქართველო ესწრაფვის საქართველოსთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას. ამავე დოკუმენტით უკანონოდ და ბათილად იქნა ცნობილი სსრ კავშირის შექმნის შესახებ სამოკავშირეო ხელშეკრულება და მოთხოვნილ იქნა მოლაპარაკების დაწყება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის თაობაზე. იმავე სესიაზე ცვლილებები შეიტანეს საქართველოს კონსტიტუციაში: ლეგალურად იქნა შემოღებული მრავალპარტიულობა და მიიღო კანონი "საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ", რომლითაც საკანონმდებლო ორგანო უნდა არჩეულიყო შერეული წესით, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით.
ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით არსებულმა ეროვნულმა მოძრაობამ მშვიდობიანი აქციებით კომუნისტური ხელისუფლება აიძულა, შეესრულებინა ეროვნულ-განმათავისუფლებელი საგანგებო კონფერენციის დადგენილების რამდენიმე პუნქტი.
მალევე პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას ეროვნული ფორუმი, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და უზრუნველეყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზემოთაღნიშნულ დადგენილება ორგვარი გაგრძელება ჰქონდა:
ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა მხარი დაუჭირა 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, არასაბჭოთა არჩევნების ჩატარებას - "დემოკრატიულ საფუძვლებზე გარდამავალი ხელისუფლების არჩევას და მის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეალურად აღდგენის საკითხის დასმას (კონფერენციის მე-5 პუნქტი!); რაც განხორციელდა კიდეც: 1990 წელის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული არჩევნებით არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ანუ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ეროცნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზვიად გამსახურდიას ფრთამ განახორციელა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციის ძირითადი  გეგმები: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 9 აპრილს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, რუსეთის ჯარისათვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ...

ეროვნული მოძრაობის მეორე ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადეს 28 ოქტომბერის დემოკრატიულ, მრავალპარტიულ არჩევნებს და გადაწყვიტეს ალტერნატიული ხელისუფლების შექმნა; ისინი ერთი თვის მანძილზე (!) კენჭის იყრიდნენ  ე.წ. ეროვნული კონგრესის არჩევნებში და პარტიული სიებით შექმნეს "ეროვნული კონფრესი"; ასევე, კონგრესთან შეასისხლხორცეს უკანონო შეარაღებული დაჯგუფება  „მხედრიონი“.
 კიდევ რამდენიმე არსებითი ფაქტი "ერვნულ კონგრესთან" დაკავშირებით:
1.      კონგრესის არჩევნებისას არ იყო ცნობილი ამომრჩეველთა სიები; რაც მთავარია, არ გამოქვეყნებულა შედეგები ოლქების მიხედვით. არ არსებობს არც არჩევნების დოკუმენტაცია.
2.    კონგრესში ზოგი ისე აირჩა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა; მაგ., ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მერაბ გვაზავამ სულ რამდენიმე დღის წინ მითხრა: "არაფერი არ ვიცოდი, ისე გავხდი კონგრესის წევრი!"
3. 1991 წლის ბოლოს კონგრესის წევრთა დიდმა ნაწილმა უკანონო სამხედრო ფორმირებებთან ერთად მონაწილეობა მიიღო რუსეთის მიერ ორგანიზებულ პუტჩში - პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კანონერი ხელისუფლების დამხობასა თუ კიტოვან-სიგუა-იოსელიანის ხუნტის შემდგომ არსებულ უკანონო "სახელმწიფო საბჭოს" ფორმირებაში.
4. კონგრესის ს.აარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მერაბ ალექსიძე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების იარაღის გზით დამხობის შემდეგ ჩატარებული უკანონო არჩევნების, 1992 წლის ე.წ. "იმედის არჩევნების", დროს ცსკოს ხელმძღვანლად დანიშნეს პუტჩისტებმა; ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მერაბ ალექსიძე 1993 წელს უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფების დამხობის შემდეგ უკანონო სახელმწიფო საბჭომ  წამოიწყო ავანტიურა აფხაზეთში, რასაც მოჰყვა აფხაზეთში ქართველობის გენოციდი და ეთნოწმენდა; ასევე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ბევრი სხვა პატრიოტის მკვლელობა.
ფაქტია ისიც, რომ, როგორც ეროვნული კონგრესი, ასევე, ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებული თ. კიტოვანისა და თ. სიგუას დაჯგუფება  რუსეთმა წარმატებულად გამოიყენა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დასამხობად (ე.წ. სამოქალაქო ომის პროვოცირებისათვის) და საქართველოს დასაბრუნებლად დსთ-ს სივრცეში (სახელმწიფო საბჭოსა და მისი მემკვიდრის - "1992 წლის შემოდგომაზე "არჩეული" უკანონო "პარლამენტის" პრორუსულ გზას მოგიანებით შეეწინააღმდეგა გია ჭანტურია, რის გამოც ისიც ფიზიკური ლიკვიდაციის გზით ჩამოაშორეს ქართულ პოლიტიკას).

ეროვნული მოძრაობის დასახელებული ორი ფრთის წარმომადგენელთა გეგმები და გზები ჩემი სუბიექტური კომენტარებით:

ა) საქართველოს ტერიტორიიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარის სრული და უპირობო გაყვანა;
ზვიად გამსახურდიას ფრთა ფიქრობდა, რომ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მრავალპარტიული არჩევნების მოგების შემთხვევაში ხელისუფლების მიერ მოსახლეობის კონსოლიდაციით. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ოკუპანტის სტატუსი მართლაც მიანიჭა რუსეთის ჯარს.
კონსოლიდაციის თემა არსებითია დღესაც, რამდენადაც საქართველოში ყოველი მესამე ეთიკური უმცირესობის წარმომადგენელია და რთულია დაუმორჩილებლობის ორგანიზება; იმ დროს კი ბევრი იყო კომუნისტიც; შესაბამისად, საქართველოს ერთგული ხელისუფლების გარეშე იმპერიისადმი სახალხო დაუმორჩილობლობის ორგანიზება არარელაური იყო;
შდრ., ეროვნული კონგრესი ითხოვდა, საქართველო გამოცხადებულიყო კოლონიურ ქვეყნად და სახალხო დაუმორჩილებლობით მიგვეღწია დეკოლონიზაციისა და დეოკუპაციისათვის (საქართველოს რეალობაში, რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო "პოლიტიკური რომანტიზმი").
არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ სწორეს ეროვნული კონგრესის მონაწილეობით შექმნილმა შევარდნაძის უკანონო რეჟიმმა მოუხსნა რუსეთის ჯარს ოკუპანტის სტატუსი (რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ მიანიჭა)!

ბ) საბჭოთა ოკუპაციის შედეგების ლიკვიდაცია და საბჭოთა სტრუქტურების დემონტაჟი.
ზვიად გამსახურდიას გარშემო შექმნილი პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილებით, მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უნდა გამოცხადებულიყო სამწლიანი გარდამავალი პერიოდი.  ამ დროში უნდა მიგვეღო ახალი კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე და უმტკივნეულოდ მოგვეხდინა საბჭოთა პერიოდის მემკვირეობისა და სტრუქტურების დემონტაჟი.
შდრ., იგივე სურდათ ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებს; მათ დადგენილებაში ვკითხულობთ: "1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ საბჭოთა რუსეთის აგრესიის, ოკუპაციის და ანექსიის შედეგად შექმნილი სახელმწიფო, საზოგადოებრივი, საკანონმდებლო და სამართლებრივი სტრუქტურების სრული დემონტაჟი"...
ოღონდ, მათ არასოდეს წარმოუდგენიათ რაიმეთი განსხვავებული კონკრეტული გეგმა.

გ) დამოუკიდებლობის აღდგენა:
ზვიად გამსახურდიას გარშემო შექმნილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - მრგვალმა მაგიდამ - დაგეგმა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი და დე იურე გამოაცხადა დამოუკიდებლობა; რომლის საფუძველზეც მთელმა მსოფლიომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა.
სიტყვიერად დამოუკიდებლობის აღდგენა სურდათ ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებსაც.

როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, საქართველოსათვის უფრო ლოგიკური გზა იყო დამოუკიდებლობის აღდგენა არა დეკოლონიზაციის (როგორც სურდა გია ჭანტურიას დაჯგუფებას), არამედ, საყოველთაო რეფერენდუმით 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე (რაც საზღვრების აღიარების უმტკივნეულო გზაც იყო).
შდრ,. "ეროვნული კონგრესის" ბუნდოვანი პოზიცია:
"საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე დამოუკიდებლობის აღდგენა და ერის ნებაზე დამყარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის განსაზღვრა"; კერძოდ: ჭანტურია-იოსელიანი-წერეთლის კონცეფციის საქართველოს დაუმორჩილებლობის გზით უნდა ებრძოლა დეკოლონიზაციისათვის. 
სამწუხაროდ, ამ "კონცეფციის" ავტორებს არ ესმოდათ და ზოგ მათგანს დღესაც არ ესმის, რომ "დეკოლონიზაცია“ გულისხმობს მოცემული ხალხის „თვითგამორკვევასა“ და სრულიად ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას, რომლის საზღვრების დადგენა მეტროპოლიასთან დამატებითი მოლაპარაკების თემად უნდა ქცეულიყო. გარდა ამისა, კონგრესის წევრთა მიზანი - საყოველთაო დაუმორჩილებლობა - შეუძლებელი იყო საოკუპაციო ხელისუფლების პირობებში  პირობებში, მით უმეტეს, საქართველოში მოქალაქეთა მესამედი რუსულენოვანი იყო და რთული იყო იმპერიისათვის საზიანო დაუმორჩილებლობის ორგანიზება; სამწუხაროდ, კონგრესი უფრო უკანონო შეარაღებული ფორმირების ლობირების გზით წავიდა და არა, თუნდაც, მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისაკენ.
შდრ.: მშვიდობიანი კონგრესის გზას სულ სხვა სტრატეგია და პერსეპექტივა ჰქონდა ესტონეთში ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოების მიერ ბალტიის ქვეყნების 1939 წლის ანექსიის დაგმობის გამო (იხ. ქვემოთ).

ჩემი აზრით, ეროვნული მოძრაობის ყველა ფრთის უმთავრესი შეცდომები იყო:

- უკანონო სამხედრო ფორმირებების შექმნა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, რუსეთის იმპერიამ წარმატებულად გამოიყენა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ; გაცილებით მრავალრიცხოვანი იარაღის მფლობელ იმპერიასთან შეუძლებელი იყო შეარაღებული გზით (თუნდაც ცხინვალის მხარეში მოქმედი კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ) ლოკალური წარმატების მიღწევაც კი;

- 1991 წლის ბოლოს მოსახლეობის კონსოლიდაციის შანსის დაკარგვა: გარეშე მტრის მზაკვრობის შეუფასებლობის ფონზე საქართველოს პოლიტიკური სპექტრის რადიკალური დაპირისპირებულობა და ამ რადიკალური დაპირისპირებით, ნებსით თუ უნებურად, რუსეთის მოდერნიზეული იმპერიის კავკასიური მიზნებისათვის ხელშეწყობა. საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციისა და საზოგადოების კონსოლიდაციის შემთხვევაში, რუსებისგან მართული ქართველი პუტჩისტები ვერ გაბედავდნენ წინ გამოძღოლოდნენ ბეპაევისა და ბალტინის სამხედრო შენაერთებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იყო, საქართველოს გაეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე და თავი აერიდებინა რუსეთის მიერ პროვოცირებული ომისათვის  (მაგ., ამერიკამ და ბევრმა სხვა სახელმწიფომ საქარტველოს დამოუკიდებლობა ცნო 1991 წლის 25 დეკემბერს, როცა უკვე დაწყებული იყო შეტევა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ).

1990-1993 წლების საქართველოს მოვლენები
გეოპოლიტიკური თვალთახედვით

ორი დიდი გარიგება აღმოსავლეთ ევროპის შესახებ: 
1. 1939 წლის 23 აგვისტოს აღმოსავლეთ ევროპის ფაქტობრივი და არაკანონიერი გაყოფა მოხდა  ჰიტლერისა და სტალინის მიერ (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით: რუსეთს - პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი).
 რუსულ-გერმანული უზნეო გარიგება არ აღიარა დასავლეთმა ევროპამ და ამერიკამ; კერძოდ, 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ს ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც, რაც გულისხმობდა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობას. ამავე დროს აშშ-მა შეინარჩუნა ამ ქვეყნების დამოუკიდებელი საელჩოები აშშ-ში შემდგომი 50 წლის განმავლობაში, ანუ 1990 წლის ჩათვლით.
2. 1989 წლის 2 დეკემბერის მალტაში, კრეისერ "მაქსიმ გორკიზე" ბუშისა და გორბაჩოვის მოლაპარაკება დასრულდა აღმოსავლეთ ევროპის საკითხზე ახალი შეთანხმებით: მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ- გორბაჩოვის ხელისუფლებამ - 1989 წლის 24 დეკემბერს უკანონოდ ცნო 1939 წელს ბალტიის ქვეყნების 1939 წლის ოკუპაცია და ანექსია მაშინდელი საბჭოთა კავშირის მიერპარალელურად, 1990 წლის გაზაფხულზევე ბალტიის ქვეყნებმა დაიწყეს დამოუკიდებლობის დეკლარირება (ლიტვა - 1990 წლის 11 მარტი; ლატვია - 1990 წლის 4 მაისი; ესტონეთი - 1991 წლის 20 აგვისტო); მომდევნო წელს კი, 1991 წლის 6 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის მთავრობამ ცნო ბალტიის სამივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობა; ამ დროს დამოუკიდებლობა გამოცხადებული ჰქონდათ: საქართველოს, სომხეთს, მოლდოვას, უკრაინას,ბელორუსიასა და უზბეკეთს. ამისდა მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ მხოლოდ ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობა აღიარა; აშკარაა, რომ ეს აღიარება/არაღიარებები მალტის გარიგების შედეგები იყო.
შდრ., ამავე პერიოდში - 1991 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ბუში ჩადის უკრაინაში და ითხოვს, უკრაინა შევიდეს დსთ-ს შემადგენლობაში; ამასვე თხოვენ საქართველოს.

ზვიად გამსახურდია სამართლებრივი გზებით, მაგრამ მაინც "დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა": პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია არ დაჰყვა 1989 წლის 2-3 დეკემბრის მალტის გარიგებით მითითებულ კურსს - უარი თქვა დსთ-ში შესვლაზე  და გააგრძელა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
პარალელურად, ზვიად გამსახურდიას თბილისური ოპოზიცია კავშრის ამყარებს რუსეთ-ამერიკის მალტის მოლაპარაკების რუსული მხარის ერთ-ერთ მონაწილესთან - ე. შევარდნაძესთან (დოკუმენტური მასალისათვის იხ., ირაკლი ბათიშვილის წერილი: „მანკიერი წრე“) და ცდილობს, ზვიად გამსახურდიას ხელისფლების დამხობას; რაც განხორციელდა კიდევ რუსეთის ჯარის ნაწილების - ბეპაევისა და ბალტინის სამხედრო შენაერთების დახმარებით; კერძოდ:
 კრემლმა სისხლიანი პუტჩით დაამხო 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება. პუტჩის პერიოდში განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს სამეგრელო - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ერთიანობის ურყევად მხარდამჭერი მხარე.
სამეგრლოს სასტიკი დარბევით სხვა მიზანიც ჰქონდა რუსეთს: საქართველოს დანაწევრება! სწორედ ამ მიზნით გადააკეთეს დიდი დუტუ მეგრელის შესანიშნავი ლექსიც! ამავე პერიოდში წამებით მოკლეს საქართველოს დიდი პატრიოტები: მხატვარი ვახტანგ ნოდია, გოჩა ჯიქია... სასტიკი დევნითა და წამებით სიკვდილის პირას მიიყვანეს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (საქართველოსათვის წამებული ამ ტანჯული კუთხის საპატივცემოდ დავარქვი ჩემს შვილს - ცოტნე).


დასკვნის სახით: რომელი მდინარე რომელი ზღვის აუზში ჩაედინება?
არაიშვიათად, გვერდიგვერდ სათავის მქონე მდინარეები სხვადასხვა ზღვაში ჩაედინებიან...
ეროვნული კონგრესის წევრთა მცდელობა, შეექმნათ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ალტერნატიული ხელისუფლება, დასრულდა სიგუა-კიტოვანის უკანონო ფორმირების, "მხედრიონისა" და რევანშისტი აგრესიული კომუნისტების (კომპარტიის რიგებში ბევრი იყო საქართველოს პატრიოტი ქართველი!) მიერ პუტჩისტური უკანონო ხელისუფლების შექმნით, რომელმაც:
- დაანგრია საქართველო, როგორც სახელმწიფო,
- გამოიწვია ქართველთა გენოციდი აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში,
- უკანონო სამხედრო ფორმირებებს ააოხრებინა თბილისი და სამეგრელო (საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობისადმი გამორჩეული მხარდაჭერისათვის),
- საქართველო დააბრუნა რუსულ იმპერიულ სივრცეში - დსთ-ში;
- დაანიავა საქართველოს ქონება (სახელმწიფო ქონების პრიხვატიზაცია!)
- გარყვნა პოლიტიკური სპექტრი...
საბოლოო ჯამში, პუტჩისტურმა უკანონო ხელისუფლებამ წყალი დაასხა რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის ინტერესებს (არა მხოლოდ დსტ-ში შესვლის გამო!). აქვე აღვნიშნავ, რომ ადამიანურად ნამდვილად მესმის რუსეთის აგრესიის მხარეს ნებსით თუ უნებლიედ მყოფთა  თავის მართლების მცდელობა, მაგრამ კაენურ კალაპოტში ბოლომდე ყოფნას ნამდვილად ჯობია მოვლენების ადეკვატურად გააზრება და მონანიება... ვინც არ ინანიებს, მისი ქმედება სასამართლოს წესით უნდა შეფასდეს; საერთოდ, სასამართლოს წესით უნდა შეფასდეს კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და პრეზიდენტის მკვლელობის ფაქტები.  მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეეწყობა ხელი საზოგადოების კონსოლიდაციას, პოლიტიკური სპერქტრის დაწმენდას და, რაც მთავარია, თანამედროვე თუ მომავალი თაობებისათვის სწორი ორტიენტირების წარმოჩენას.


დროა, ვინც დღემდე ცოცხლები დავრჩით, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ბოლომდე ვთქვათ სიმართლე; ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ახლა მაინც გავერთიანდეთ გარეშე მტრისა თუ გარეშე მტრების წინააღმდეგ. 
საქართველო ახლა დე იურე დამოუკიდებელია, მაგრამ დამოკლეს მახვილივით კიდია საქართველოს თავზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერირორიებისაგან მომდინარე საფრთხეც და რუსეთის დაუოკებელი სურვილი, გუიმრის ბაზამდე ჰქონდეს მის მიერ კონტროლირებადი სახმელეთი გზა, რომ ისევ სრულად აკონტროლოს კავკასია, როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცე.

სამომავლოდაც არსებითია:

საქართველომ დეოკუპაციას უნდა მიაღწიოს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო თანამეგობრობოს მხარდაჭერით
(კატასტროფით დამთავრდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც!);

საქართველოში მოხდეს პოლიტიკური სპექტრისა და მოსახლეობის სრული კონსოლიდაცია გარეშე მტრის/მტრების აგრესიებისგან თავდასაცავად.

No comments:

Post a Comment