პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე
1991
წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
აქტი -
მსოფლიოს
სახელმწიფოთა თანამეგორბრობაში ღირსეული დაბრუნების
უზადო
სტრატეგიის საფუძველი
კოლეგებო,
ბატონებო და ქალბატონებო!
ჩვენი
დღევანდელი საზეიმო შეხვედრა განსაკუთრებულად დაიგეგმა:
საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერ დეპუტატებთან შეხვედრაზე მოვიწვიეთ მომდევნო
მოწვევის პარლამენტების დეპუტატებიც და საზოგადოების წარმომადგენლებიც; ჩვენი დარბაზი
ფაქტიურად საქართველოს მთლიან პოლიტიკურ სპექტრს ასახავს; ჩვენ დღეს აქ ერთად ვართ...
ჩემი პირველი ასოციაცია ასეთია:
ჩვენ
ყველანი, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეთა დღეს ცოცხალი თაობები, ამჟამად ვართ მოსეს
უდაბნოში: მოსეს უდაბნოს გადალახვას სულ 3 თვე ესაჭიროებოდა, მაგრამ მონობაში დაბადებულ
დეზორიენტირებულ, ურთიერთდაპირისპირებულ ხალხს 40 წელი დასჭირდა...
ასე ვართ
ჩვენც, 26 წელია სისხლიან უდაბნოში ვხეტიალობთ იმიტომ, რომ აქცენტს ვაკეთებს იმაზე
რაც გვაშორებს და არა იმაზე, რაც გაგვაერთიანებს.
საქართველო დღეს დეოკუპაციის პროცესშია; წინ კიდევ
გველის პრობლემები, ამიტომ არსებითია ჩვენი კონსოლიდაცია უახლოესი თუ მომავალი არსებითი
გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ძლიერი ერის თანამედროვე თაობა ვართ;
კერძოდ:
მსოფლიოში
5000-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფია; ამათგან ორასამდემ თუ შეძლო, დაეარსებინა სახელმწიფო;
ამ 200 ეთნოსიდან კი ქართველი ერი იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, რომლის მიერ
დაარსებული სახელმწიფო - ქართლი/საქართველო - სულ მცირე 23 საუკუნეს ითვლის (ქუჯისა
და ფარნავაზის ქართლი); თუმცა, ათვლას თუკი დავიწყებთ ლეგენდარული აიეტის სახელმწიფოდან,
ქართველთა სახელმწიფოებრივი ისტორია 35 საუკუნეს გადასწვდება. საქართველო მსოფლიოს
ძლევამოსილი სახელმწიფო იყო XII-XIII საუკუნეებში.
საქართველო ზოგჯერ ოკუპირებულიც იყო; შესაბამისად, საქართველოს რამდენჯერმე
მოუხდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საქართველოს ბოლო ოკუპანტია კომუნისტური
რუსეთი, რომელმაც საქართველო დაიპყრო 1921 წელს. სამწუხაროდ, 1934 წელს ერთა ლიგამ, ბალტიის სამი სახელმწიფოსაგან განსხვავებით, საქართველო
სსრ კავშირის ნაწილად ცნო; შესაბამისად, სამართლებრივად ძალიან გართულდა საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის პერსპექტივა.
მოკლედ
ბალტიის სახელმწიფოების შესახებ:
1939 წელს საბჭოთა
კავშირმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის
შესაბამისად მოახდინა
ბალტიის ქვეყნების
ოკუპაცია და
ანექსია. 1940 წლის
23 ივლისს შეერთებული შტატების
ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის
რესპუბლიკებზეც, რაც
გულისხმობდა ესტონეთის,
ლატვიისა და
ლიტვის არცნობას საბჭოთა კავშირის ნაწილად. ამავე დროს
აშშ-მა 1990 წლამდე შეინარჩუნა
ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებელი საელჩოები[1]. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების "არაღიარების პოლიტიკა"
გახდა საფუძველი 1991 წელს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დეოკუპაციისა; კერძოდ, 1989 წლის
2 დეკემბერის მალტაში, კრეისერ "მაქსიმ გორკიზე" ბუშისა და გორბაჩოვის მოლაპარაკება
დასრულდა აღმოსავლეთ ევროპის საკითხზე შეთანხმებით:
მალტის
შეხვედრიდან სამი
კვირის შემდეგ
საბჭოთა კავშირის
უმაღლესმა საბჭომ - გორბაჩოვის ხელისუფლებამ - 1989
წლის 24 დეკემბერს უკანონოდ ცნო 1939 წელს ბალტიის
ქვეყნების 1939 წლის ოკუპაცია და
ანექსია მაშინდელი საბჭოთა
კავშირის მიერ. პარალელურად, 1990 წლის
გაზაფხულზევე ბალტიის ქვეყნებმა
დაიწყეს დამოუკიდებლობის დეკლარირება
(ლიტვა
- 1990 წლის 11 მარტი; ლატვია - 1990 წლის
4 მაისი; ესტონეთი - 1991 წლის
20 აგვისტო); მომდევნო წელს კი, 1991
წლის 6 სექტემბერს, საბჭოთა
კავშირის მთავრობამ ცნო ბალტიის სამივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
ბალტიის ქვეყნების კონტექსტში
ჩვენთვის არსებითია საერთაშორისო პოლიტიკის ერთი "ნიუანსი":
1991 წლის 6 სექტემბერს
ბალტიის სახელმწიფოების გარდა დამოუკიდებლობა გამოცხადებული ჰქონდათ: საქართველოს,
სომხეთს, მოლდოვას,
უკრაინას, ბელორუსიასა
და უზბეკეთს. ამისდა მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ მხოლოდ
ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობა აღიარა; აშკარაა, რომ ეს აღიარება/არაღიარებები
მალტის გარიგების შედეგები იყო.
ბუნებრივია, ზვიად გამსახურდიამ
და თითოეულმა ჩვენგანმა - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურმა წარმომადგენლებმა
- ვიცოდით მალტის შეხვედრაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების ზოგადი წახნაგები, რაც გამოიხატებოდა
პირველ ეტაპზე რუსეთის მიერ მხოლოდ ბალტიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის აღიარებაში[2]; შესაბამისად,
ზვიად გამსახურდია ცდილობდა, სამართლებრივად სწორად გადაედგა ნაბიჯები, რომ დასავლეთს
გაადვილებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აღიარებაც. ზვიად გამსახურდიას (ზოგადად, პოლიტიკური გაერთიანების
- "მრგვალი მაგიდის") გრძელვადიანი სტრატეგია რამდენიმე საფეხურს
მოიცავდა:
პირველი: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა მოსვლა საქართველოს
ხელისუფლებაში არჩევნების გზით და საქართველოს დეოკუპაციის პროცესში გარდამავალი პერიოდის
გამოცხადება;
მეორე: საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით;
კერძოდ: რამდენადაც ერთა ლიგის მიერ საქართველო 1934 წელს აღიარებული იყო საბჭოთა
იმპერიის ნაწილად, აუცილებელი იყო მსოფლიოს წინაშე საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო
რეფერენდუმის გზით დაედასტურებინა, რომ სურდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე;
მესამე: რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
დე იურე გამოცხადება და სსრ კავშირში უკანონოდ (იძულებით) ყოფნის დასრულება;
მეოთხე: მსოფლიოს სახელმწიფოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობამდე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობის
შენარჩუნება, ახალი კონსტიტუციის მიღება და მის საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარება.
ზვიად გამსახურდიას
ხელმძღვანელობით ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ წარმატებით გაიარა პირველი
საფეხური - მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა ბლოკმა: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი
საქართველო"; 1990 წლის 14 ნოემბრის პირველივე სესიაზე გამოცხადდა გარდამავალი
პერიოდი;
ზვიად გამსახურდიასვე
ხელმძღვანელობით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, მთავრობამ და ადგილობრივმა
ხელისუფლებებმა ღირსეულად გაართვეს თავი მეორე ამოცანას - რეფეენდუმის ორგანიზებას;
საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის აუცილებლობა წარმოაჩინა კრემლის მიერ 1991 წლის
17 მარტს ჩატარებულმა რეფერენდუმმაც, რომელშიც მონაწილეობა არ მიიღო საქართველომ.
1991 წლის 9 აპრილს
დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირება კი იყო
სიმბოლური აქტი, რომელმაც 9 აპრილი ქართველი ერის ისტორიაში დაამკვიდრა, როგორც საქართველოს
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და ამ ბრძოლაში გამარჯვების დღე.
კრემლიც თავისი გეგმით
მიდიოდა:
1991 წლის 8 დეკემბერს
რუსეთის, ბელორუსიისა
და უკრაინის
ლიდერები შეიკრიბნენ
ბელორუსიაში, ბელოვეჟში
და ხელი
მოაწერეს "დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ შექმნის ხელშეკრულებას. ბალტიის
ქვეყნები და საქართველო არ გაწევრიანდნენ თანამეგობრობაში.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით
დსთ-ს შექმნის პროცესი დასრულდა ალმა-ათაში:
1991 წლის 21 დეკემბერს,
ყაზახეთის დედაქალაქში ეუთოს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა
რესპუბლიკების მეთაურები გარდა ბალტიის ქვეყნებისა; საქართველოს გარდა ყველა სხვა რესპუბლიკამ
ხელი მოაწერა დსთ-ში გაწევრიანებაზე. ფაქტობრივად ამავე დღეს გადაწყდა საქართველოს
კანონიერი ხელისუფლების ბედი: 22 დეკემბრიდან დაიწყო სამხედრო შეტევა პრეზიდენტ ზვიად
გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ.
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პერმანენტული მიტინგებით ცდილობდა, მსოფლიოს
სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლობის აღიარებამდე შეენარჩუნებინა ფართო საზოგადოების
ერთიანობა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა რამდენიმე მიზეზის გამო:
- საბჭოთა კავშირმა
ბალტიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ვეღარ შეძლო სხვა რესპუბლიკების
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის შეჩერება; განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები შექმნა
საქართველოში ჩატარებულმა რეფერენდუმმა. რუსეთმა დასავლეთელი პარტნიორების თანხმობით
(მალტის გარიგებით უკვე დასრულებული იყო "ცივი ომი"!) დაიგეგმა საბჭოთა კავშირის
ტრასფორმაცია დსთ-დ; შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატებიც და მსოფლიოს წამყვანი
სახელმწიფოებიც, ახალი ბირთვული სახელმწიფოების წარმოქმნის შიშით, მხარს უჭერენ საქართველოსა
და სხვა 10 რესპუბლიკის დარჩენას დსთ-ში - რუსეთის გეოპოლიტიკურ ველში; შესაბამისად,
დასავლეთმა რუსეთს ირიბი სანქცია მისცა, კონტროლო დაემყარებინა საქართველოზეც; ამ
ფაქტმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსები გაუზარდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას
ოპონენტებს.
- 90-იანი წლების დასაწყისში
რუსეთი დამოუკიდებლობის გამომცხადებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ააქტიურებს
თავის საინფორმაციო საშუალებებსა თუ საქართველოში არსებულ საბჭოთა კავშირის აგენტურულ
ქსელს და ცდილობს საქართველოს მოსახლეობის დეზორიენტირებას (იმხანად რუსეთმა მოიგო
საინფორმაციო ომი!);
- საქართველოში არსებული
გარკვეული კლანები თუ ჯგუფები ცდილობენ, მოვიდნენ ხელისუფლებაში, რათა აქტიური მონაწილეობა
მიიღონ პრივატიზაციის (სინამდვილეში - "პრიხვატიზაციის") პროცესში; შესაბამისად,
დგებიან იმპერიული კრემლის სამსახურში;
- რუსეთის საქართველოს
წინააღმდეგ ააქტიურებს მე-5 კოლონას: აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში არსებულ პრორუსულ
ძალებს: აფხაზთა, სომეხთ, ქართველთა და ოსთა ერთ ნაწილს (არა ყველა აფხაზსა თუ ოსს);
- რუსეთი საქართველოს
კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ააქტიურებს საქართველოში არსებულ კრიმინალურ ძალებსა
და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმატებებით დაბოღმილი ოპოზიციური პარტიების ერთ
ნაწილს.
1991 წელს ძალიან მოკლე
დროში საქართველომ სამართლებრივად სწორი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლობის მოპოვების
გზაზე (რეფერენდუმი, დამოუკიდებლობის აღდგენა;
საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებისათვის საოკუპაციო ჯარის სტატუსის მინიჭება...);
ზვიად გამსახურდიამ შეძლო, ასევე, საპარალმენტო უმრავლესობის შენარჩუნება, ამიტომაც,
რუსეთს სხვა გზა აღარ დარჩა გარდა სამხედრო გადატრიალების ორგანიზებისა:
კრემლმა სამხედრო ძალით
(ქართველთა ერთი ნაწილის გამოყენებით) 1992-93 წლებში დაამხო საქართველოს კანონიერი
ხელისუფლება, მაგრამ, აზერბაიჯანის მსგავსად, ვერ შეძლო მის მიერ ხელისუფლებაში დასმული
შევარდნაძის კლანისათვის ძალაუფლება ლეგიტიმური გზით გადაეცა: საქართველოს რესპუბლიკის დევნილ ხელისუფლებას
სამართალმემკვიდრეობა არავისათვის არ გადაუცია და დე იურე დღემდე განაგრძობს არსებობას.
რუსეთის სამხედრო შენაერთების დახმარებით საქართველოს
ხელისუფლებაში მყოფმა შევარდნაძის უკანონო რეჟიმმა 1994 წლის 1 მარტს ე.წ. "იმედის
პარლამენტის" სახელით საქართველო დსთ-ს
წევრად გამოაცხადა. მხოლოდ 14 წლის შემდეგ, 2009 წლის 18 აგვისტოს, სააკაშვილის ხელისუფლებამ
საქართველო დსთ-დან გამოსულად გამოაცხადა; შდრ.: საქართველოს დსთ-ს წევრად არასოდეს
უცვნია საქართველოს დევნილ კანონიერ ხელისუფლებას.
დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, უკვე აღიარებულია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღიარების საფუძველი კი არის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 1991 წლის 9 აპრილის
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - ზვიად გამსახურდიას გრძელვადენი პოლიტიკური
სტრატეგიული გეგმის ორი შემადგენელი; თუმცა, საქართველოს ორი მხარე - აფხაზეთი და ცხინვალის
მხარე - ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ცივილიზებულ
სამყაროს საქართველოს ამ მხარეების მიმართ ისეთივე არაღიარების პოლიტიკა უჭირავს, როგორც
ეს იყო გასულ საუკუნეში ბალტიის ქვეყნების მიმართ; შესაბამისად, დიდი ალბათობით, დასავლეთის
მარდაჭერით საქართველოს მალე შეძლებს ამ ორი მხარი დე ფაქტო დაბრუნებას - დეოკუპაციას.
არსებითი
იმის გააზრებაც, რომ ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს მიერ დსთ-ს დატოვების შემდეგ
რუსეთის გეოპოლიტიკური განფენილობა ახლა გარდამავალ ეტაპზეა: რუსეთს სურს, დსთ-ს ფარგლებში
უფრო გააძლიეროს გავლენა და დსთ ფედერაციის ფორმატის სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად
აქციოს; ამ დროს დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა ნაწილი რუსული იმპერიული ველიდან სრულ გათავისუფლებას
ესწრაფვიან, მაგ., უკრაინა, აზერბაიჯანი...
რუსეთი
თუკი შეძლებს დსთ-ს თუნდაც კონფედერაციული ტიპის სახელმწიფოდ ქცევას, საქართველოსადმი
რუსეთის აგრესიის პერსპექტივა არსებითად გაიზრდება, რადგან საქართველოს ტერიტორიის
კონტროლის გარეშე რუსეთი კავკასიას ვერ შეინარჩუნებს;
რუსეთი
დსთ-ს თუკი ვერ შეინარჩუნებს, საქართველოს მაინც ძვირად დაუსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის
მხარის დეოკუპაციას; შესაბამისად, დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლაში საქართველოს წინ ელის ახალი დაბრკოლებები და ამიტომაც არსებითია, ქართველთა,
საქართველოს მოქალაქეთა მყარი კონსოლიდაცია; წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს
ყველა მოქალაქე თუ ყველა პოლიტიკური სეგმენტი ერთად დავმარცხდებით რუსეთის ახალი აგრესიის
პირობებში. ხოლოდ ჩვენი ერთიანობითაა შესაძლებელია, ისე მოვაწყოთ საქართველო, რომ შესაძლებელი
იყოს ჩვენი როგორც ეროვნული, ასევე, პიროვნული ღირსეული სიცოცხლე.
ღირსეული
სიცოცხლე ნამდვილად შესაძლებელია; მთავარია შევძლოთ კონსოლიდაცია მთავარი ორიენტირების
გარშემო, საერთო მნიშვნელის გარშემო; ასეთ შემთხვევაში მოკლე დროში გადავლახავთ ჩვენს
წინ მდებარე „უდაბნოს“.
No comments:
Post a Comment