ეტყობა,
მართლაც 40 წელია საჭირო, რომ
დეზორიენტირებულმა
თაობამ სამი თვის სავალი "უდაბნო" გაიაროს.
საქართველოს მტრები
წერენ, რომ საქართველო პატარა იმპერიაა, ქართველი ერი კი არ არსებობს; მათივე თქმით,
არსებობს მხოლოდ ცალკეული ქართველური ტომები, რომელთა ნაწილს სამწიგნობრო ტრადიციაც
აქვს, ნაწილს კი უწიგნობრო დედაენები...
ამას მტრები ამბობენ;
ისინი ჩქმალავენ რამდენიმე არსებით ფაქტს:
- დაახლოებით 35
საუკუნის წინ არსებებობდა საერთოქართველური კულტურა, რომელიც დღემდე მოღწეულია კოლხური
არქეოლოგიური კულტურის სახით; ეს კულტურა თითქმის მთლიანად ფარავს ქუჯსა და ფარნავაზის
მიერ 24 საუკუნის წინ აღორძინებული საქართველოს (ქართლის) საზღვრებს.
- ძველი ქართველი
მემატიენეებისა და მოღვაწეების (ლეონტი მროველი, გიორგი მერჩულე...) მიერ საუკუნეების
წინ ითქვა, რომ ქართველთა ეროვნული კონსოლიდაცია და სახელმწიფოებრივი კულტურის ჩამოყალიბება
მოხდა ქართველთა სამწიგნობრო (საეკლესიო, სახელმწიფო) ენის აქტიური მონაწილეობით;
იმ კულტურული ენით, რომელიც დაეფუძნა საერთოქართველურ ენას და რომელიც თვისობრივად
ერთნაირად იქმნებოდა ტაო-კლარჯეთშიც, ეგრის-ლაზეთშიც (რომლის ცენტრი იყო ქუთაისი!),
საქართველოს მთიანეთშიც და არა მხოლოდ მცხეთასა თუ და ქართლ-კახეთშიც.
- ქართველთა მიერ
დაარსებული სახელმწიფო დრო და დრო ნაწევრდებოდა მომხვდურთა აგრესიით დროს და შედეგ,
მაგრამ თითქმის ყველა დანაწევრებულ ერთეულს ისევ ბაგრატიონები მართავდნენ და მათთან
ერთად ყველა მხარის მოსახლეობას პრეტენზია ჰქონდა, რომ იყო დიდი ტრადიციის მქონე ქართული
ენისა და ერთიანი საქართველოს იდეის პატრონი.
ამ და სხვა გარემოებებმა
განაპირობა ქართველთა მიერ ენობრივ-ეთნიკური ერთიანობისა და ერთიანი საქართველოს პერსპექტივის
შენარჩუნება.
ბუნებრივია, საქართველოს
დანაწევრების პერიოდებში იღვრებოდა ქართველთა ბევრი სისხლი და რღვევას იწყებდა ერთიანი
ეროვნული ცნობიერებაც; ეს რყევები კარგად აისახა დემოგრაფიაშიც, ტერმინოლოგიაშიც, ონომასტიკაშიც...
მაგ., 10 საუკუნის წინ ქორონიმ "ქართლის" მნიშვნელობა დავიწროვდა აღმოსავლეთ
საქართველოს მხოლოდ ერთი პროვინციის სახელად, შესაბამისად, ეთნონიმ "ქართველის"
საფუძველზე აუცილებელი გახდა ახალი ტერმინის - "საქართველოს" დამკვიდრება;
მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში, ქორონიმმა "საქართველომაც"
და ეთნონიმმა "ქართველმაც" ლამის დაკარგეს თავიანთი მომცველობითი სემანტიკა
და ქართველი საზოგადო მოღვაწენი ფიქრობდნენ, დაემკვიდრებინათ ახალი გამაერთიანებელი
ტერმინები: "ივერია" და "ივერიელი"; შეიქმნა კიდევ
"ივერიელთა ერთობის ტრაქტატი" (1790).
ბოლო ორ-სამ საუკუნეში
დრო და დრო "ქართველი" თავის სემანტიკას "ქართლელად" ივიწროვებს
და მის პარალელურად ჩნდება "იმერელი" (ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს მკვიდრის,
მოგვიანებით კი დღევანდელი გაგებითაც), მეგრელი, აჭარელი და სხვ.. თუმცა, ქართული
ენა ამ პერიოდშიც ინარჩუნებდა ქართველთა მაკონსოლიდირებელ ფუნქციას; სწორედ ქართული
ენის საფუძველზე, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით, ძველმა ქართულმა
ტერმინებმა: "ქართველი", "საქართველო" დაიბრუნეს თავიანთი ისტორიული
(მაკონსოლიდირებელი) მნიშვნელობები.
რუსეთის მიერ დაპყრობილ
საქართველოში, განსაკუთრებით კი საბჭოთა პერიოდში ისევ დაიწყო ქართველთა დანაწევრების
პოლიტიკის ("გათიშე და იბატონე") გააქტიურება; საბჭოური პოლიტიკა უფრო მზაკვრული
იყო: კრემლის იდეოლოგებმა მიზნად დაისახეს ქართველთა ენობრივი დანაწევრებით ეთნიკური
დანაწევრების გაფორმება და ამ გზით ერთიანი ქართული ეროვნული თვითაღქმის სრული
განადგურება. საბჭოთა პოლიტიკის ინერცია დღესაც აქტუალურია; დღეს ერთმანეთს მძაფრად
უპირისპირდება ორი კონცეფცია:
- ჯერ კიდევ ძველი
წელთაღრიცხვის პერიოდში არსებობდა ქართველი ერი, რომლის ერთიანობის საფუძველია არა
მხოლოდ გენეტიკური ერთობა, არამედ მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო კულტურა და
სახელმწიფოებრივი მეხსიერება;
- ქართველი ერი
დღესაც კი არშემდგარი ერია; სხვადასხვა ქართველური ეთნოსები (ტომები): ქართლელი, იმერელი,
მეგრელი, სვანი, აჭარელი, მესხი... ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულან ერად (იხ., მაგ.,
ტალიავინის დასკვნა).
მეორე "კონცეფცია" რუსეთშია შექმნილი და
ისტორიულ რეალობის დამახინჯებას წარმოადგენს; მაგრამ, რუსეთის აქტიურობით (საქარტველოს
წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომი!) მთელ
მსოფლიოში დღესაც ვრცელდება. ამ ანტიქართულ მიმართულებას უნებლიედ აძლიერებს ზოგი
ამჟამინდელი ქართველიც, რომელმაც არ იცის, კიდევ ვინ არის ქართველი! კერძოდ, ზოგი დეზორიენტირებული
ქართველი დღესაც კი ქართველთა ცალკეულ კუთხურ მეტყველებებს ე.წ. "უმწიგნობრო ენებად"
(ველურთა ენებად!) მოიხსენიებს, ანდა, რაიმე საბაბით (აღმსარებლობა, მიწის მუშაკობა,
მთაში ცხოვრება...) ლანძღავს საქართველოს რომელიმე კუთხის მოსახლეობსა; მაგ.:
- ვიღაც უფუნქციო
პრიმიტივი ლანძღავს სამხრეთ საქართველოს მკვიდრ ქართველს (აჭარელს, მესხს, შავშელს,
ტაოელს...), ქართველს, რომელმაც ოსმალური ოკუპაციის პირობებში გადაარჩინა ქართული მეობა,
მაგრამ მძიმე ეკონომიკური თუ პოლიტიკური პირობების გამო ზოგმა შეიცვალა რელიგია, რომ
ფიზიკურად გადარჩენილიყო; ბევრი აქაური მთასა თუ ტყეში გაიხიზნა და ქრისტიანობაც შეინარჩუნა
(ზოგი კატოლიკე გახდა
- ვიღაც უფუნქციო
ბრიყვი ვაიქართველი ლანძღავს სამეგრელოსა თუ სვანეთის მკვიდრთ (მეგრელს, სვანს...),
რომელთაც ამ ბრიყვის წინაპარზე მეტად უერთგულეს, შეინახეს ქართული წერილობითი კულტურა,
მაგრამ დაქუცმაცებულობის პერიოდში ამ კუთხეების
მცხოვრებთა კუთხური მეტყველება ბუნებრივად
შეიცვალა და დაშორდა წერილობით ენას;
- რომელიღაც უფუნქციო
ჩლუნგი ქართველი კი ლანძღავს მთის ქართველობას, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრების
გამო შეიძლება იმდენი განათლება არ ჰქონდეთ, რამდენიც ბარის მცხოვრებთ, სამაგიეროდ,
მთის ქართველები საქართველოს მეციხოვნენი იყვნენ და არიან...
მოკლედ, საქართველოს
სხვადასხვა კუთხის ღირსება უნდა წამოვწიოთ წინ და ისტორიული ნაიარევი არ უნდა გავაღიზიანოთ;
მით უმეტეს, არ უნდა განვაზოგადოთ; პირველ რიგში, ეს მოეთხოვება მწერალს, პოეტს, მეცნიერს,
პოლიტიკოსს, ჟურნალისტს... სამწუხაროდ, დღეს მათ რიგში ბევრია მხოლოდ გრანტზე ორიენტირებული, უდმი ანუ გამოუსადეგარი, მხოლოდ კარიერაზე ორიენტირებული... თუმცა, არიან კარგებიც; მომავალი კარგებისაა!
ამ თემაზე 1988
წელს გამოვაქვეყნე წერილი "საწუხ არს ესე"; აჟამინდელი სოციალური ქსელის
დიალოგები თუ მწერალთა, ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა... ცალკეული გამონათქვამები ცხადყოფენ,
რომ ქართველი ერის მოცემულ თაობაში - დღეს ცოცხალ თაობაში - 29 წლის მანძილზე თვისობივი
ცვლილება არ მომხდარა; ეტყობა, მართლაც 40 წელია საჭირო, რომ დეზორიენტირებულმა
თაობამ სამი თვის სავალი "უდაბნო" გაიაროს.
ქვემოთ წარმოდგენილი წერილი გამოქვეყნდა 1988 წელს. 1999 წელს კი უცვლელად შევიტანე ჩემს პირველ წიგნში:
ქვემოთ წარმოდგენილი წერილი გამოქვეყნდა 1988 წელს. 1999 წელს კი უცვლელად შევიტანე ჩემს პირველ წიგნში:
"აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში":
გარკვეულწილად ამ თემას ეხება ქვემოთ დალინკული მასალაც:
მინარეთი და ქართული ენაhttp://tarielputkaradze.blogspot.com/2013/09/blog-post_9493.html





No comments:
Post a Comment