Sunday, 30 October 2016

რეალობა არჩევნების შემდეგ

გავუსწოროთ თვალი სიმართლეს!

რა რეალობა წარმოაჩინა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა
და
რას და ვის მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობამ?

1. არჩევნების შედეგებმა ცხადყო ერთი მეტად სასიხალურო ფაქტი: საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ოკუპირებული, მოსახლეობა, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ერთიანი ორიენტირებით ცხოვრობს; მანეულის ოლქის შედეგებმა აჩვენა: სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა თუ მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, საქართველო მოქალაქენი ერთიან ერს წარმოვადგენთ (ეს კარგად გამოჩნდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებითაც!).

2. ხალხმა ხმა მისცა სტაბილურობას და არა ფულს; კერძოდ, სადავეები ჩააბარა დაბალანსებული კურსის მომხრე სახელისუფლებო ძალას, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილის პირით დეკლარირებული აქვს ქართული ფასეულობების ერთგულება და საქართველოს დასავლური კურსი. ამავე დროს, ხაშურის მაგალითით წარმოჩნდა, რომ ხალხმა უარი უთხრა ფულიან პირს და, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პარტიების კრიზისის პირობებში, ხმა მისცა არა მრეწველთა პარტიასა თუ სპეცსამსახურების მაღალჩინოსანს, არამედ, პირს, რომელიც ხალხის გასაგები ენით ლაპარაკობს, ხალხს ეხმარება და სახელმწიფოს ერთგულობაზე ხალხთან დამაჯერებლად ლაპარაკობს (რამდენმე დღის წინ საგანგებოდ შევისწავლე ხაშურის საარჩევნი განწყობა!).

3. არჩევნებში მონაწილე პარტიათაგან არც ერთი არ იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში გააქტიურებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რეალური მემკვიდრე. არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ საქართველოში არ არსებობს გამოკვეთილი ორიენტირების მქონე და ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები, რომლებსაც ხალხი ენდობა (ოცნება არაა კლასიკური  პარტია; სახელისუფლებო გაერთიანებაა, რომელშიც პარტიული ფორმირების მიმართულებით პერსპექტივა აქვს მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილის უშუალო გუნდს).

4. არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიქმნა კარგი გარემო, რომ პოლიტიკური სპექტრი დატოვონ 1992 წლიდან სახელმწიფო დანაშაულებში მონაწილე პირებმა, კრიმინალებმა, საქმოსნებმა... და ტრადიციული ქართული ფასეულულობებითა და ცივილიებული სამყაროს ორიენტირებით ახალი სახეებისაგან ჩამოყალიბდეს რამდენიმე ძლიერი პარტია, რომელიც პოლიტიკურ მინდორზე გამოვა მომდევნო არჩევნების წინ (ადგილობრივი არჩევნები  მალე მოგვადგება კარს).

5. არჩევნების შედეგებმა წარმოაჩინა ისიც, რომ მოსახლეობა კრიტიკულად აფასებს პოლიტიკურ სპექტრს და საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს ისეთ ღალატს, რომელიც ჩაიდინა შევარდნაძემ 1992-93 წლებში; კერძოდ: საერთაშორისო გარიგების შემდეგ (აღმოსავლეთ ევროპა დასავლეთს, კავკასია რუსეთს!) რუსეთმა დაამხო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და საქართველო ჩააბარა შევარდნაძეს, რომელმაც, ხალხის მოსატყუებლად, ჯერ მერაბ კოსტავას სურათი დაიკიდა კაბინეტში, შემდეგ კი აფხაზეთის დაგეგმილი ტრაგედიის პარალელურად, საქართველო დსთ-ში შეათრია.

p.s.

დეოკუპაციის შემთხვევაში საქართველო კეთილგანწყობილი მეზობელი იქნება რუსეთისთვისაც, მაგრამ აღარ დაბრუნდება რუსულ იმპერიულ ველში - ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. 

https://www.youtube.com/watch?v=Gm7GC551xqU

1 comment: