Monday, 21 October 2013

გეოპოლიტიკური რევოლუცია



ტარიელ ფუტკარაძე

9 აპრილი - გეოპოლიტიკური რევოლუცია 

/თვალსაზრისი თეზისებად/



 ანოტაცია:

მაწუხებს, რომ 9 აპრილი დღემდე მიიჩნევა ტრაგედიად თუ ქართველთა პოლიტიკურ შეცდომად...
სინამდვილეში, 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ უარი თქვა რუსული გეოპოლიტიკურ სივრცეში ყოფნაზე. 9 აპრილის ის ღამე (მე იქ ვიყავი) იყო რუსეთის იმპერიაზე მორალური გამარჯვების ღამე. 1991 წლის  9 აპრილი კი იყო გეოპოლიტიკური რევოლუციის იურიდიულად გაფორმება; რევოლუცია იმიტომ, რომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად) თქვა, რომ მას სურს რუსეთის გეოპოლიტიკური ველიდან გასვლა და დასავლეთზე ორიენტირება.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" და გამოაცხადა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების პრიმატი.
შესაბამისად, 9 აპრილის მოვლენა არის გეოპოლიტიკურ რევოლუცია. 



1. საქართველოს ტერიტორიის სტრატეგიული მნიშვნელობის (ღირებულების) გამო საქართველოს სახელმწიფო მუდამ იყო და დღესაც არის მსოფლიოს დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების დაპირისპირებების ეპიცენტრში. საქართველო, ზოგადად, კავკასია, იყო და არის გეოპოლიტიკური ვექტორების გზაჯვარედინი; შდრ.:  საბერძნეთი - სპარსეთი (504; გორგასალის ხელისუფლების დამხობა და საქართველოს გაყოფა); ირანი - ოსმალეთი (1555); ოსმალეთი - რუსეთი (1921)...

2. 1801-1990 წლები - საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილია; საქართველოს ტერიტორია, როგორც გეოპოლიტიკური სიმძლავრე  რუსეთის ხელშია (200-წლიანი ოკუპაცია).

3. 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი; მცდელობა რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისა. ნეიტრალიტეტის გამოცხადება და სახელმწიფობრიობის კრახი; 1918-21 წლებში გამოცხადებული ე.წ. ნეიტრალიტეტი - საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობის ერთ-ერთი მიზეზი; ამ პერიოდში დასავლეთი ნოე ჟორდანიას მთავრობას სთხოვდა, რეფერენდუმით დაედასტურებინა ხალხის ნება, რომ საქართველოს სურდა დამოუკიდებლობა. საქართველომ მაშინ ეს ვერ მოასწრო.

4. 1921 წ 25 თებერვალი - საქართველოს იძულებით დაბრუნება რუსულ-ბოლშევიკურ გეოპოლიტიკურ სივრცეში.

5. 1921-1990 წლებში რუსეთმა სისხლში ჩაახრშო კავკასიის ყველა ერისა თუ სახელწიფოს მცდელობა, გასულიყო საბჭოთა რუსეთის იმპერიული სივრციდან.

6. 1945 წელი - რუსეთის მიერ გეოპოლიტიკური სივრცის გაფართოება.

7. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი - რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება (ცივი ომი).
80-იანი წლების პირველი ნახევარი - რუსეთის საბჭოთა იმპერიის იდეოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფა.

8. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარი - აღმოსავლეთ ევროპის, საქართველოსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ავტოქთონი მოსახლეობების ბრძოლა რუსული იმპერიული სივრციდან გასასვლელად... ამათგან მხოლოდ საქართველო იყო აღიარებული დასავლეთის მიერ რუსული იმპერიული სივრცის ნაწილად (გერმანია - პირველი ქვეყანა 1922 წ.; ამერიკა - ბოლო ქვეყნა 1933 წ.)... ამიტომ რთულად წარიმართა საქართველოს ბედი. დასავლეთს მეტი იურიდიული ბერკეტები ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების (მათ შორის ბალტიის ქვეყნების) დასახმარებლად (რათა მათ თავი დაეღწიათ საბჭოთა დიქტატურისთვის)... 1991 წელს ეს გარემოებაც ამცირებდა საქართველოსადმი დასავლეთის დახმარების შანსს.

9. 1989 წლის 9 აპრილი - გარდამტეხი მოვლენა გეოპოლიტიკური რევოლუციის პროცესში; საქართველოს სახელით დეკლარირებული შეუქცევადი მოძრაობა დამოუკიდებლობისკენ, რუსეთის იმპერიის სისხლიანი პასუხი და ქართველი ხალხის მორალური გამარჯვება (სულიერი დიდგორი).
შენიშვნა: მე თავად ვარ მონაწილე ამ ისტორილი მოვლენისა: იმ ღამეს ქართველობამ დიდი მადლობა უთხრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დალოცვისა და გაფრთხილებისათვის. იმ ღამეს ვინც იქ ვიდექით, არავის შეგვეძლო რეალური საფრთხის გამო სახლში წასვლა; პირიქით, უფრო და უფრო მატულობდა ხალხი: ყველამ ვიცოდით, რომ ეს იყო გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსათვის. პატრიარქიც იქვე დარჩა... მართლაც, ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ; ამ გამარჯვებამ შვა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ერთსულოვნება.

10. 1989 წლის ნოემბერი. ბერლინის კედლის დანგრევა. ამერიკა-საბჭოთა კავშირს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დასავლეთის პირველი თვალსაჩინო გამარჯვება.  აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირში "შემავალ" რესპუბლიკებში პიკს მიაღწია დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვამ. ამ მხრივ ყველაზე აქტიური იყო საქართველო.

11. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმის კითხვა: გსურთ თუ არა, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის" საფუძველზე?
რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეების 99 %-მა (მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის მოსახლეობამ) ხმა მისცა საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გამოყოფას - რუსული გეოპოლიტიკური სივრცისგან დამოუკიდებლობას. ეს იყო უსისხლოდ განხორციელებული გეოპოლიტიკური რევოლუცია და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური სტრატეგიის გამარჯვება; ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს (და ექნება) კავკასიის მომავალი ბედის განსაზღვრაში.

12. 1991 წლის 9 აპრილის "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" - გეოპოლიტიკური რევოლუციის იურიდიული გაფორმება. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ორიენტაციას იღებს ცივილიზებულ დასავლეთზე და ოფიციალურად, უზენეასი საბჭო დადგენილების საფუძველზე, აღიარებს საერთაშორისო დოკუმენტების პრიმატს საქართველოს კანონმდებლობასთან შედარებით.

13. 1991 წლის აპრილი-სექტემბერი: ზვიად გამსახურდია ცდილობს, საერთო ენა გამონახოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან; პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ბორის ელცინი დაითანხმა სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმების აღიარებაზეც კი. გორებაჩოვ-შევარდნაძის ხელისუფლება დათმობაზე მიდის ბორის ელცინთან (ე.წ. მოსკოვის გადატრიალების მდელობა); პარალელურად, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოსთან მოლაპარაკების ფორმატს თუ დიპლომტიურ ტაქტს და რადიკალურად უპირისპირდება საქართველოს.
სამაგიეროდ საქართველო ააქტიურებს "კავკასიური სახლის" იდეას - საქართველო მთელ კავკასიას სთავაზობს, გამოვიდეს რუსული კონტროლის არეალიდან და შექმნას დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სივრცე.

14. 1991 წლის 15 სექტემბერი - ზვიად გამსახურდია ხელისუფლება დგამს მორიგ ისტორიულ ნაბიჯს:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ სსრკ ჯარს მიენიჭა საოკუპაციო ჯარის სტატუსი. ეს იყო ზვიად გამსახურდიას, როგორც პოლიტიკური სტრატეგის მიერ შექმნილი მესამე საშვილიშვილოდ ღირებული დოკუმენტი (პირველი - რეფერენდუმი, მეორე - დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი), რომელითაც საქართველო ადასტურებს რუსული იმპერიული გეოპოლიტიკური სივრციდან გასვლას.

15. საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებს მხარი დაეჭირათ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. დასავლეთის გარკვეულ ძალებსაც სურდათ საქართველოს თანადგომა.
რუსეთის გეგმებში ეს არ შედიოდა. რუსეთი საქართველოს დაბრუნებას გეგმავდა:
- თავისი სატელიტი პოლიტიზებული ჯგუფებისა (არძინბას კლანი, კულუმბეკოვის კლანი, კომუნისტური პარტია) და ზოგი ქართული პოლიტიკური ჯგუფის გამოყენებით (ედპ, რესპუბლიკური პარტია, "ქარტია",  სიგუა-კიტოვანის კლანი, მხედრიონი...)...
- უსაფუძვლო ბრალდებებითა თუ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლის შეცდომების უსიგრძეგანო გაზვიადებით სახელს უტეხდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას.
შენიშვნა: შდრ. ზვიად გამსახურდიას ლოზუნგი: "რუსეთისგან მართული ოპოზიცია გვესვრის ტყვიებს, ჩვენ ყვავილები ვესროლოთ" - ეს ჰუმანისტი ადამიანი, რომელის საქართველოს დამოუკიდებლობისათის ბრძოლაში მოწამეობრივად აღესრულა, იმპერიის საინფორმაციო დივერსიით დიქტატორად მოინათლა.
საქართველოში პროვოცირებული დაპირისპირებებით რუსეთი "ორ კურდღელს" იჭერდა:
-  დასავლეთის პროგრესულ ძალებს საშუალებას არ აძლევდა, ღიად დაეჭირათ მხარი საქართველოს "პრობლემური" ხელისუფლებისადმი;
- ახდენდა საქართველოს მოქალაქეების დეზორიენტირებას.  

16. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების რუსეთ-ამერიკის გეოპოლიტიკური დაპირისპირება დასრულდა შეთანხმებით (მალტის შეხვედრა): რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (მათ შორის სსრ კავშირის ნაწილად დასავლეთისგან არაღიარებული ბალტიის ქვეყნებიდან) გაიყვანა თავისი ჯარი, ხოლო უკრაინა, მოლდოვა, კავკასია და შუა აზია  ბედის ანაბარა დარჩა რუსულ იმპერიულ (გეოპოლიტიკურ) სივრცეში.
რუსეთმა თავისად დატოვებულ არეალში - კავკასიაში - დასავლეთის "წაყრუების" ფონზე დაამხო დამოუკიდებლობისკენ მსწრაფი მთავრობები: ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება, აბულფაზ ელჩიბეის კანონიერი ხელისუფლება, ჯოხარ დუდაევის კანონიერი ხელისუფლება... საქართველოსა და ჩეჩნეთში დამპყრობლის მიერ ძალაუფლება გადაესცა უკანონო პრორუსულ მარიონეტულ რეჟიმებს (მრავალი ფაქტით დადასტურებულია, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდნენ რუსეთის ჯარები რეუტის, ბეპაევისა და ბალტინის მეთაურობით); საქართველოში განთავსებულ რუსეთის ჯარს მიენიჭა "მეგობარი ქვეყნის ჯარის" სტატუსი.
შედეგად, საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა მრავალწლიან გაუსაძლის გაჭირვებაში, სიბნელესა და კრიმინალურ გარემოში. (პრო)რუსული სამხედრო ნაწილების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით დაისაჯა სამეგრელოსა და აფხაზეთის მოსახლეობა (იმიტომ, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სამხედრო  შენაერთებმა ამ კუთხეებში უფრო დიდხანს შეინარჩუნეს იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობა). პარალელურად, პრორუსული რეჟიმების (შევარდნაძის, კიტოვანის, არძინბას... კლანები) მიერ თავსმოხვეული პროვოკაციული ომებით დე ფაქტო დაიკარგა საქართველოს ისტორიული ტერიტორიები (აფხაზეთი, ცხინვალის მხარე), კრიმინალური ჯგუფების მიერ განიავდა სახელმწიფო ქონება და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის საკუთრება.  სრულიად მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები.
აფხაზეთი პროვოცირებული ომის შემდეგ შევარდნაძის უკანონო რეჟიმმა გამოაცხადა საქართველოს შესვლა დსთ-ში. ფაქტობრივად, 1992-93 წლებში განხორციელდა გეოპოლიტიკური კონტრრევლუცია რუსეთის სასარგებლოდ.
 კრემლის იდეოლოგებმა საქართველოში განხორციელებული გეოპოლიტიკური კონტრრევოლუცია შენიღბეს ტერმინოლოგიურადაც და უწოდეს მას ე.წ. "სამოქალაქო ომი" და  "ქართულ-აფხაზური" და "ქართულ-ოსური" ეთნოკონფლიქტები; ამგვარი კვალიფიკაციები ფართოდ გავრცელდა და ინერციით დღესაც ბევრი იმეორებს მას. სინამდვილეში ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომის სხვადასხვა წახნაგები და ამ ომში საქართველოს დამარცხება დასავლეთის ე.წ. პრაგმატული წაყრუების ფონზე.

ამრიგად, 1992-93 წლების გადატრიალება, აფხაზეთსა თუ ცხინვალის მხარეში მიმდინარე კონფლიქტები და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა არის არა სამოქალაქო ომი (ე.წ. თბილისის ომი) თუ ეთნოკონფლიქტი არამედ რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც სამ ეპიზოდად უნდა განვიხილოთ:
- რუსეთის მიერ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა;
- რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდა - საქართველოს დამოუკიდებლობისა თუ ერთიანობის მომხრე ქართველთა და აფხაზთა გამოდევნა;
- რუსეთის მიერ ქართველთა /და საქარტველობის ერთიანობის მომხრე ოსთა) გამოდევნა ცხინვალიდან.

17.  2003 წლის ვარდების რევოლუცია და ნატო-ს მხარდამჭერი რეფერენდუმი.
- ქართველი ხალხის (საქართველოს მოსახლეობის) მორიგი იმედი თუ მცდელობა, თავი დააღწიოს რუსულ იმპერიულ სივრცესა და შევარდნაძის კლანური მმართველობის მიერ შექმნილ ჭაობს;
- დასავლეთის გადაწყვეტილება რუსული გეოპოლიტიკური გავლენის ველიდან გაიყვანოს ამიერკავკასიის ცენტრალური ნაწილი (ბაქო-ჯეიჰანის მაგისტრალისა თუ სხვა გეოპოლიტიკური ინტერესების გამო);
- ქართველი ხალხის (საქართველოს მოსახლეობის) მიერ კიდევ ერთი რეფერენდუმით დადასტურებული პროდასავლური გეოპოლიტიკური არჩევანი.

18. 2008 წლის აგვისტო:
- რუსეთის მიერ ქართველების დასჯა რეფერენდუმის წესით ნატო-ს მხარდაჭერისათვის;
- რუსეთის ხელახალი მცდელობა საქართველოს ცენტრალური ნაწილის დაპყრობისა (რევანშისა);
- ქართველების სრულად გამოდევნა ცხინვალის მხარიდან;
- საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის საჯარისო ნაწილებისთვის ოკუპანტის სტატუსის აღდგენა და საქართველოს გამოსვლა დსთ-დან.

19. 2009-2012 წლები - რუსეთის იმპერია და მისი მხარდამჭერი ფსევდოდასავლური ძალები 150-წლიანი "ტრადიციის" კვალად ცდილობენ (ახლა უკვე "Soft Power"ის ფორმატით) ქართველთა ენობრივ-ეთნიკურ დანაწევრებას ("ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი აერთიანებს") და საინფორმაციო შეტევით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სრულ დისკრედიტაციას, ასევე, საქართველოს მოქალაქეების დეზორიენტაციას.

20. 2012-2013 წლები - საქართველო ისევ არის მძაფრი საერთაშორისო დაპირისპირების ეპიცენტრი. ხილულ გეოპოლიტიკურ სუბიექტთა ინტერესები:
- პუტინის კლანის[1] მიერ მართული რუსეთი თავისი "უხეში" და "რბილი" ძალების კოორდინირებული ქმედებებით აქტიურად ცდილობს, საქართველო საბოლოოდ დააბრუნოს თავის გეოპოლიტიკურ ველში (ევრაზიული ამბიცია!). პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები თუ სუბიექტები ისევ გადანაწილებულნი არიან დაპირისპირებულ ბანაკებში და ცდილობენ, მართონ დასავლეთელი ექსპერტებისა თუ რეგიონის მოსახლეობის განწყობა (ისევ აპელირება არარსებულ დიქტატურაზე, დემოკრატიის არარსებობაზე, უმცირესობათა უფლებებზე და სხვ.).

- დასავლეთს დღეს უფრო ესაჭიროება საქართველო, როგორც საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო გზებსა და ნავთობ(გაზ)სადენების მაგისტრალი.

- საქართველოს ანუ ქართველებსა და საქართველოს სხვა მოქალქეებს გვსურს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების ღირებულებებითა და სისხლით დაფუძნებულ მრავალსაუკუნოვან ჩვენს სახელმწიფოში.

დღესაც საქართველოს მოსახლეობის მოქალაქეობრივ პოზიციაზეა დამოკიდებული ბევრი რამ; კერძოდ:
საქართველოს მოქალაქეებმა ახლა მაინც არ უნდა გავიმეროთ 1992 წლის შეცდომა და პასიურ მაყურებლად არ უნდა ვიქცეთ მაშინ, როცა შეიძლება დაინგრეს ჩვენი სახჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი (არსებული ვერ ასახავს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებასა და ღირსებას) და მომავალში  მაინც აღარ უნდა დავუშვათ სახელმწიფო გადატრიალება; მხოლოდ არჩევნების გზით უნდა ვიაროთ:  რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს გზა, მაინც მრავალპარტიული არჩევნები ჯობია ერთპარტიულ არჩევნებს, მორიგ შეარაღებულ გადატრიალებებს; რა თქმა უნდა, მრავალპარტიულ არჩევნებს ჯობია მრავალპარტიული სამართლიანი არჩევნები.
შენიშვნა: ტერმინი "მრავალპარტიული არჩევნები" გულისხმობს საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის მქონე რამდენიმე სერიოზული პარტიის მონაწილეობას და არა - კონკრეტული სახელ-გვარებით რეგისტრირებულ ე.წ. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც გამოცარიელებული ვაგონებივით ებმიან ქარიზმატულ პოლიტიკოსებსა თუ ოლიგარქებს.
პოლიტიკურმა პარტიებმა ნებსით თუ უნებურად ხელი არ უნდა შეუწყონ რუსული ოცნების აღსრულებას - საქართველოს დაბრუნებას რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში და, ასევე, არ უნდა შეეგუონ საქართველოს გაყოფას ორ გეოპოლიტიკურ სივრცეს შორის (შდრ., 1555 წლის თუ 1921 წლის შეთანხმებები).

21. უახლოეს მომავალში (ბოლო 800 წლის მანძილზე პირველად) საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს აქვს რეალური ისტორიული შანსი:
- დე ფაქტოც დააღწიოს თავი იმპერიულ ველს - ამ შემთხვევაში, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეს (დე იურე ეს მოხდა 1991 წლის 9 აპრილს) და ააღორძინოს ქართველურ ფასეულობებზე ორიენტიორებული სახელმწიფო; პარალელურად, დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე უპირობო ორიენტირებით მეტი მოტივაცია მისცეს ნატოსა თუ ევროკავშირს, მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს...
 მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკური დაწოლით საქართველომ დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები (აფხაზეთი და ცხინვალის მხარე) და ე.წ. კონფლიქტურ რეგიონებში აღადგინოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.



[1][1] შენიშვნა: ზბიგნევ ბჟეზინსკი: "Путин предстает скорее безжалостным порождением КГБ, методичным и решительным националистом, который стремится вернуть России прежнее могущество, использует в конъюнктурных целях неожиданно пролившийся на Россию 'золотой дождь', и одновременно не гнушается без лишнего шума наслаждаться материальными выгодами от политической власти и втайне их преумножать" (Збигнев Бжезинский: Путинский выбор. 12 марта 2008).

No comments:

Post a Comment