Monday, 27 March 2017

ქართველი ერის ისტორიული არჩევანი



პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი

გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მცხოვრები ქართველი ერის ოცსაუკუნოვანი არჩევანი[1]

ქრისტიანობამ დაუდო სათავე თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას. რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ მკვეთრად გამიჯნა დასავლური და აღმოსავლური სამყაროები. საქართველო პირველ საუკუნეშივე მოციქულებისგან ეზიარა ქრისტიანულ  მსოფლაღქმას; კერძოდ, ქართული წყაროების მიხედვით, მსოფლიოში პირველი ეკლესია საქართველოს ერთ-ერთ ცენტრალურ კუთხეში - აჭარაში აღიმართა.
მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება იყო საქართველოს მმართველი ელიტის პროდასავლური გეოპოლიტიკური არჩევანი[2]. IV საუკუნიდანვე იწყება საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ დასავლური ორიენტაციის გამო.
საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გარე ძალების აგრესიას ექვს ეტაპად განვიხილავთ:

პირველი ეტაპი - ირანის აგრესია:
ირანის მცდელობა, შეეცვალათ სამეფო კარის რელიგია და საქართველო პოლიტიკურად და კულტურულად დაებრუნებინა აღმოსავლურ (ირანულ) გეოპოლიტიკურ სივრცეში. პირველი ეტაპი სრულდება არაბების გამოჩენით -VII საუკუნეში.

მეორე ეტაპი - არაბების აგრესია:
VII-X საუკუნეებში მუსლიმანი არაბები სპარსელებზე უფრო მეტი აგრესიით იწყებენ ბრძოლას ქრისტიანობის წინააღმდეგ. მათი მიზანია მთელი კავკასიის დაპყრობა და შენარჩუნება მუსლიმანობის გავრცელებით. არაბობის პერიოდი საქართველოსა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის მეორე ეტაპად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ პერიოდში ქართველი ერი თავის რელიგიასაც იცავდა და ისტორიულ ენასაც; ამ პერიოდში, ქართულ ენასთან  ერთად, ქრისტიანობა ქართველთა იდენტობის განმსაზღვრელ მთავარ ფენომენად გააზრიანდა; მეტიც, ყველაზე რთულ პერიოდში ქართული ენა და ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების განმსაზღვრელ ფაქტორებად ჩამოყალიბდა; იხ., მაგ., X საუკუნის მოღვაწის, გიორგი მერჩულის უკვდავი ფრაზა: "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, სადაც ქართულითა ენითა ლოცვაი აღესრულების და ჟამი შეიწირვის".

მესამე ეტაპი - ოსმალეთისა და ირანის აგრესია:
საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება კავკასიაში ოსმალეთის იმპერიის გააქტიურების შემდეგ. ოსმალეთის მიზანი იყო ქრისტიანი მოსახლეობის განდევნითა და დარჩენილთა გამუსლიმანებით საქართველოს ისტორიული მხარეების - ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის - შეუქცევადი ანექსია. ოსმალეთის აგრესიის პარალელურად, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიას შეეცადა ირანიც;  კერძოდ,1555 წლის ამასიის გარიგების შემდეგ ორივე იმპერია განსაკუთრებული სისასტიკით ცდილობდა ქართულენოვანი მართლმადიდებლობის განადგურებას, ისლამის გავრცელებასა და ამ გზით ცენრალურ კავკასიაში თავის დამკვიდრებას[3]. ქართველი ერის მაშინდელი თაობები თავგანწირვით იცავდნენ დიდ ისტორიულ მემკვიდრეობას - ქრისტიანობას. XVI-XVIII საუკუნეებში ქრისტიანობისათვის ბრძოლა ქართველი ერის მეობის შენარჩუნებისათვის ბრძოლად იქცა. სწორედ ამ დროიდან ფართო საზოგადოებისათვის რელიგია იქცა ეროვნების განმსაზღვრელად; ამ პერიოდის ინერციით დღემდე საქართველოში, კერძოდ, ახალციხის მხარეში, აკადემიური განათლების არმქონე პირები კათოლიკე ქართველს ფრანგს უწოდებენ, მუსლიმან ქართველს - თათარს, მართლმადიდებელს კი - ქართველს.

მეოთხე ეტაპი - რუსული აგრესია პროზელიტიზმის მიმართულებით:
XVI-XVIII საუკუნეების კავკასიაში ირან-ოსმალეთის მზარდმა აგრესიამ და რელიგიის მიმართულებით ირან-ოსმალეთის მცდარმა სტრატეგიამ, ასევსაქართველოსადმი დასავლეთის გულგრილობამ (იხ., მაგ., სულხან-საბას იმედგაცრუება), ქართველები   აიძულა, სტრატეგიული პარტნიორი ჩრდილოეთში ეძებნათ:
მუსლიმანურ ქვეყნებთან განუწყვეტელ ომში გადაღლილ და მოხუცებულ ერეკლე მეორეს, ქართლ-კახეთის მეფეს, ეგონა, რომ ქრისტიანული (მართლმადიდებლური) რუსეთი, როგორც დასავლური კულტურის ნაწილი, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას გაუწევდა, მაგრამ შეცდა: რუსეთმა დაარღვია 1783 წელს ქართლ-კახეთთან დადებული სამეგობრო ხელშეკრულება და 1801-1885 წლებში სრულად დაიპყრო მთელი კავკასია (ოსმალეთისაგან ოკუპირებული ნაწილის გამოკლებით); კერძოდ:
 - 1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა აღმოსავლეთ საქართველოს (მცხეთის) ეკლესიის ავტოკეფალია (მოგვიანებით - დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოც), მოსპო საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს (მანამდე არც ერთ დამპყრობელი არ შეხებია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას);
- ცარიზმმა ყველა ქართულ სამეფოში მოსპო  ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვანი სამეფო დინასტია, გააუქმა ქართული სამეფო-სამთავროები და კავკასიაში დამკვიდრდა წამყვან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ.
- რუსეთის იმპერიის იდეოლოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ენობრივ-ეთნიკურად დაენაწევრებინათ ქართველი ერი (ასევე, სხვა კავკასიელები), მაქსიმალურად შეეზღუდა ქართული ენის, როგორც კავკასიაში ყველაზე პრესტიჟული ენის, ფუნქციები და კავკასიელთა ურთიერთდაპირისპირების გზით თავის სასარგებლოდ დაეგეგმა დემოგრაფიული პროცესები კავკასიაში.
1811 წელს რუსეთის მიერ  საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით იწყება  საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის მეოთხე ეტაპი, რომელიც გაგრძელდა 1917 წლამდე. ამ ეტაპს ჩვენ ვუწოდებთ რუსული აგრესიული პროზელიტიზმის პერიოდს: ამ პერიოდში  ქრისტიანობის წინააღმდეგ მუსლიმანური სამყაროს ღია აგრესია შეიცვალა რუსეთის მზაკვრული ქმედებით, მიეერთებინა საქართველოს ეკლესიის სამწყსო (და ეს შეძლო კიდეც 100 წლის განმავლობაში).
მეფის რუსეთის ოკუპაციის პირობებში რჩეული ქართული საზოგადოება და გამორჩეული საეკლესიო მოღვაწეები იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად; ავტოკეფალიის დასაცავად პირველი სახალხო აჯანყება კი დაიწყო 1918 წელს დასვლეთ საქართველოში, რომელიც სასტიკი რეპრესიებითა და ბევრი ეკლესიის დახურვით დასრულდა[4].
საუკუნოვანი ბრძოლა დასრულდა 1917 წლის 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გამოცხადებით[5] და 1918 წლის 28 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა რუსეთის ეკლესიის რიდით არ აღიარეს ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა. საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებაც ხელოვნურად დაყოვნდა, რამდენადაც, პირველი მსოფლიო ომის შედეგების მიუხედავად, დასავლეთი საქართველოს მაინც რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა, მაგ., 1920 წლის ბოლოს ბრიტანეთის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა საბჭოთა ელჩს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კავკასიას რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევს[6]. შესაბამისად, მოულოდნელი არ იყო, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა საქართველო/კავკასია იმჟამად ბოლშევიკური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის კერძად დატოვა; ამ უკანასკნელებმა კი 1921 წლის 16 მარტის მოსკოვისა და 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებებით გადაინაწილეს საქართველო/კავკასია[7].
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაშიც კი დიდხანს და ამაოდ ითხოვდა რუსეთ-თურქეთის უკანონო გარიგებაზე რეაგირებას და საქართველოს დეოკუპაციას. შეუვალი იყო საქართველოს ეკლესიის პოზიციაც; ეკლესიის მამებს სურდათ, საქართველო დაბრუნებოდა თავის ისტორიულ არჩევანს - ცივილიზებულ დასავლეთს; სანიმუშოდ აქ დავიმოწმებ საქართველოს ეკლესიის სახელით "გენუის კონფერენციისადმი" (10.04.1922-19.05.1922) გაგზავნილ წერილს; კერძოდ, საქართველოს კათოლიკოსი ამბროსი ხელაია წერდა:
"ჯერ კიდევ წინაქრისტიანულს ხანაში, კავკასიის ძირში, შავისა და კასპის ზღვებს შორის, ქართულ მოდგმის ტომებმა შექმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და აქტუალური ნიჭით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ცნობილია ისტორიაში საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა.
მეთვრამეტე საუკუნის გასულს, გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს, იმ იმედით, რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველჰყოფდა თავის პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას, რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წლის საქართველოს მეფის ერეკლე მეორისა და რუსეთის იმპერატორიცა ეკატერინე მეორის შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში, მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას. ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულკულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე! ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-ტყეს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ; მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მოწეულ სარჩოს და გაუგებარის სიჩქარით იმავ უცხოეთში მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულ, უბღალავენ წმინდათა-წმინდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება; მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია; მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია, იმდენად, რომ ნებაც კი არა აქვს თავისი შრომით, გარჯილობით და უნარით მოიპოვოს მუდმივი სახსარი არსებობისა. ერთი სიტყვით, ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისთვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას. ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ-კულტურას შეესაბამება.
სრული იმედი მაქვს, რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელჰყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემის პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან.
კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა და თქვენს კეთილშობილურ მისწრაფებასა და მუშაობაზე.[8]

1921 წელს საქართველოს ჰქონდა მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა, შეენარჩუნებინა 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა[9]. სამწუხაროდ, ვერც მაშინდელი ევროპის სახელმწიფოები ვერ აღმოჩნდნენ თანამიმდევრულნი დემოკრატიული ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით და და ვერც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოთხოვნის დამადასტურებელი საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის ორგანიზება, რომლითაც დასავლეთის მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა. საქართველო ისევ რუსული ოკუპაციის მსხვერპლი აღმოჩნდა.

მეხუთე ეტაპი - ათეისტთა აგრესია:
საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი - 1921-1990 წლები - საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის მეხუთე ეტაპია; ამ პერიოდში ქრისტიანობას ღია აგრესიით დაუპირისპირდა ათეიზმი:
თავდაპირველად ბოლშევიკურ რუსეთს სურდა, სრულიად გაენადგურებინა საქართველოს ეკლესია; მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ კი შეეცადა, მაქსიმალურად შევიწროვებული ეკლესია თავის სამსახურში ჩაეყენებინა (ი. სტალინის სწორედ ამ გეგმის შესაბამისად რუსეთის ეკლესიამ 1943 წელს დე იურე ცნო საქართველოს ტერიტორიული ეკლესიის ავტოკეფალია, რამაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აღიარების მიმართულებით პოზიტიური როლი შეასრულა).
კომუნისტური იმპერიის ძალადობის პირობებშიც საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მოღვაწენი და რჩეული ქართველები აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად; მთლიანობაში, ისტორიული ორიენტირების დასაბრუნებლად.
1990 წლის გაზაფხულზე წარმატებით დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრავალწლიანი მცდელობა: მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მისი მეთაურის საპატრიარქო ტიტული[10]; კერძოდ, 1990 წლის 4 მარტს მართლმადიდებლობის დღესასწაულზე ქართულმა ეკლესიამ მიიღო მისთვის სასურველი ორი სიგელი: ერთი ადასტურებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, მეორე მისი მეთაურის პატრიარქის ტიტულს[11]. ამ დღიდან იწყება საქართველოს ეკლესიის ისტორიის შეუქცევადი პროცესი - რუსული ეკლესიის გავლენისაგან გათავისუფლება და ბუნებრივი განვითარების ისტორიულ კალაპოტში მყარად დაბრუნება. ამას მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარება და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადება.

მეექვსე ეტაპი - ფსევდოლიბერალიზმის აგრესია:
გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დღემდე საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ახალი ტიპის ფრონტია გახსნილი: გარკვეული ფსევდოლიბერალური ჯგუფები ცდილობენ, რუსული ეკლესიისაგან სრული გამიჯვნის პროცესში მყოფ საქართველოს ეკლესიას დააბრალონ პრორუსული ორიენტაცია და სხვა საბაბებითაცივილიზებული მსოფლიოს წინაშე სახელი გაუტეხონ საქართველოს ეკლესიას[12], რასაც შედეგად მოჰყვება საქართველოს ეკლესიის იზლაცია დასავლური სამყაროსაგან.
დასავლური სამყაროსაგან საქართველოს ეკლესიის იზოლაცია ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთის ეკლესიას, რომელიც ქართველთა ცალკეული ჯგუფების გამოყენებით დღენიადაგ ცდილობს, საქართველოს ეკლესიის მმართველად დასვას მისი ნების გამტარებელი კათოლიკოს-პატრიარქი, რადგანაც 1918-21 წლების მსგავსად, ბოლო ათწლეულშიც, საქართველოს ეკლესიის ამჟამინდელი მეთაური აცხადებს, რომ დღევანდელი რუსეთიც საქართველოს დამპყრობელია; მაგ.:
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ ჯიდევ 1992 წლის ოქტომბერში მიმართა რსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს და აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიაში ბრალი დასდო რუსეთის იმ ძალებს, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას[13];
- 1992 წელსვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს, ბატონ ბუტროს გალის და მოსთხოვა, საქართველო რუსეთის აგრესიისაგან დაეცვა მსოფლიო თანამეგობრობას[14];
- 2013 წლის 28 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გარკვევით თქვა: "...მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ომი და ბრძოლა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს იყო ბრძოლა მესამე ძალასთან...”.
- 2017 წლის 22 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურლიეცესთან და სკანდინავიისა და ბალტიის სახელმწიფოების სხვა ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა:
თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება საქართველოს საპატრიარქოში მიგიღოთ 5 ქვეყნის სპიკერები და ჩვენ მადლობას გიძღვნით მხარდაჭერისთვის იმ დროს, როდესაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელი აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ თქვენი ჩამობრძანებისათვის და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას[15].

განსაკუთრებით აღსანიშნავია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის პოზიცია საქართველოს გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით; მან საქართველოს ეკლესიის სახელით არაერთხელ დააფისირა პოზიცია ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ; მაგ., 2015 წლის 19 მაისს ავსტრიის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან შეხვედრაზე მან განაცხადა:
 „საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზასაქართველოს სურსრომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი და მისი წევრისაქართველოს ევროპული არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას[16].
სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიული ძალებისა და ე.წ. ფსევდოლიბერალების დეზინფორმაციების გამო (საქართველოსა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდებ საინფორმაციო ომის კონტექსტი!) დასავლეთში ბევრს დღემდე არასწორი ინფორმაცია აქვს  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ; იხ., მაგ., კავკასიის საკითხების ცნობილი ექსპერტის, თომას დე ვაალის მცდარი თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დასავლეთთან დაახლოება არ სურს და ძველი საქართველოს სიმბოლოა[17]. სინამდვილეში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ითხოვს, დაჩქარდეს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი;მაგ., ევროკავშირის უმაღლეს კომისართან, შტეფან ფულესთან შეხვედრაში მან განაცხადა:
"მე იმედი მაქვს, რომ ის პროცესები, რომლებიც დღეს ვითარდება ევროპაში, უკრაინაში, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი გადადებული იყოს შორეულ მომავალში[18].
საქართველოს საპატრიარქო ასევე მხარს უჭერს, 2008 წელს საქართველოში ჩატარებულ პლებისციტის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 77 % მხარი დაუჭირა საქართველო გაწევრიანდეს ნატოში[19]; კერძოდ, 2016 წლის 7-11 ნოემბერს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებას[20]. ნატოსთან დაახლოების მიზნით, საპატრიარქოს დელეგაციის მეორე ვიზიტი შედგა სულ ახლახანს, 2017 წლის 22 თებერვალს.

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ პირადად ჩემი დაკვირვებით, ქართველთა უმრავლესობას მოსწონს პატრიარქის პოზიცია მყარი ორიენიტირებისა და  .. ფსევდოლიბერალიზმის შესახებ:
"თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არ აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას.... უგნური ლიბერალიზმი, როგორც წესი, სათავეა მრავალი ნეგატიური მოვლენისა"[21].
.. უგნური ლიბერალიზმის წარმომადგენლებს საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი სხვაგან უფრო მწვავედ აკრიტიკებს; კერძოდ, სტეფან ფულესთან შეხვედრისას მან ბრძანა:
"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტრუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს... მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს"[22].

დასკვნის სახით:
საქართველო (ძველი ქორონიმი - ქართლი) ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მე-4 საუკუნის დასაწყისში საქართველოს სამეფო კარის თავისუფალი გადაწყვეტილებით სახელმწიფო რელიგიად ქრიატიანობა გამოაცხადა და საუკუნოვანი არჩევანი გააკეთა. შემდგომ საუკუნეებში ამ არჩევანის გამოც ქართველი ერის, საქართველოს განადგურებას ცდილობდნენ: სპარსეთი (IV-VI სს), არაბეთი (VII-IX სს), სელჯუკები (X-XI სს), ირანი და ოსმალეთი (XVI-XVIII სს)... ქართველობამ ყველა ამ მომხდურს გაუძლო.
1811 წელს რუსეთის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით იწყება  საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც გრძელდება 1918 წლამდე. ქრისტიანობის წინააღმდეგ მუსლიმანური სამყაროს ღია აგრესია ამ ეტაპზე შეიცვალა რუსული აგრესიული პროზელიტიზმით - რუსეთის მცდელობით, რუსეთის ეკლესიას მიეთვისებინა საქართველოს ეკლესიის სამწყსო. გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დღემდე საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ახალი ტიპის ბრძოლა იწყება: ფსევდოლიბერალური ჯგუფები ცდილობენ, პრორუსული ორიენტაციის დაბრალებითა და სხვადასხვა საბაბებითივილიზებული მსოფლიოს წინაშე სახელი გაუტეხონ საქართველოს ეკლესიას, რომ საქართველოს ეკლესია იზოლაციაში მოაქციონ; რაც მხოლოდ რუსეთს მოუტანს სარგებელს. პარალელურად, რუსეთი ქართველთა ცალკეული ჯგუფების გამოყენებით ცდილობს, საქართველოს ეკლესიის მმართველად დასვას მისი ნების გამტარებელი კათოლიკოს-პატრიარქი, რადგანაც 1918-21 წლების მსგავსად, ბოლო ათწლეულშიც, საქართველოს ეკლესია აცხადებს, რომ ამჟამინდელი რუსეთიც საქართველოს დამპყრობელია. ისტორიის თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეკლესია მყარად აგრძელებს იმ გზას, რომელსაც სათავე დაედო 16 საუკუნის წინ - როდესაც საქართველოს სახელმწიფომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა.
ვფიქრობ, დასავლეთმა დროულად უნდა გააცნობიეროს, რომ  ქართულენოვანი მართლმადიდებლობა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი პროდასავლური არჩევანიაპარალელურად, ამერიკელებმა თუ ევროპელებმა პატივი უნდა სცენ ქართველთა იდენტობის განმსაღზვრელ ფაქტორებს: ქართულ ენასა და ქართულენოვან ქრისტიანობას ( მთლიანობაში - ქართულენოვანი სახელმწიფოს აღორძინებას). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს საქართველო, საბოლოოდ გამოვიდეს რუსული იმპერიული სივრციდან და ევროკავშირი ბუნებრივად გაფართოვდება კავკასიის ცენტრალური ნაწილის ხარჯზეც.















Prof. Dr. Tariel Putkaradze

The twenty century old choice of the Georgian nation living in the geopolitical crossroad

Summary

In the beginning of the 4th century, Georgian (old choronym – Kartli) is one of the first states to have declared Christianity as the state religion with the Lord’s will and the decision made by the free will of the royal court.  Due to this very choice, Georgia has become the target of Persia (IV-VI centuries), Arabia (VII-IX centuries), the Seljuks (X-XI centuries), Iran and Turkey (XVI-XVIII centuries). However, Georgia has endured for these enemies.

In 1811, since the revocation of the autochepaly of the Georgian Apostolic Church, started the fourth stage of fight against the Georgian Church which lasts till 1918. Muslim aggression against Christianity was replaced by the Russian proletarism – Russian attempt to make the Georgian Church subordinate of the Russian Orthodoxy.

Since the second half of the 1990-ies, a new front opened against the Georgian Church:  pseudoliberal groups try to threaten the image of the Goergian Church by declaring it as pro-Russian, also making various causes in front of the civilized world, that will benefit only Russia. At the same time Russia tries to appoint the Catholichos-Patriarch who will implement its will as like the period of 1918-21 and the last decade the Georgian Church declares that modern Russia as the conqueror of Georgia.
Recent Georgia has been continuing the way which was started 16 centuries ago – the period when Christianity was declared as the state religion.

I consider that the West should recognize that the Georgian orthodoxy is pro-western, century-old choice of Georgia; At the same time, Americans and Europeans should respect the following factors defining identity of Georgians: Georgian language and Georgian Orthodox Church and the revival of the Georgian state as a whole. Only in this case Georgia will be able to leave the Russian imperial space and the European Union will be naturally expanded at the expense of the central part of Caucasus.




[1] წაკითხულია მოხსენებად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე 2017 წლის 23 მარტს; კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს.
[2] შდრ.: I-IV საუკუნეებში საქართველოს არჩევანი უნდა გაეკეთებინა ორ კულტურას - ირანულ (აღმოსავლურ) ზოროასტრიზმსა და რომის იმპერიის (დასავლურ) ქრისტიანობას - შორის.
[3] შეარაღებული ლაშქრობების შემდეგ ორივე იმპერია დემოგრაფიული პროცესების მართვით ცდილობდა საქართველოს მხარეების ანექსიას: ოსმალეთი უფრო ეკონომიკური ბერკეტებით ამუსლიამნებდა ქართველებს და ასე ქმნიდა მიწების მითვისების საფუძველს; ირანი კი ქართველთა გენოციდითა თუ გადასახლებით და მუსლიმანების ჩამოსახლებით აპირებდა დემოგრაფიული პროცესის მართვას. შემდგომ პერიოდში რუსეთიც დემოგრაფიის მართვით ესწრაფვის კავკასიაში დამკვიდრებას (ოღონდ დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლას უფრო ენობრივი პოლიტიკით ცდილობს).
[4] მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბ., 2009, გვ. 1096-1097
[5] დოკუმენტისათვის იხ.: http://www.orthodoxtheology.ge/dadeshkeliani/
[6]  http://expertclub.ge/portal/cnid__12872/alias__Expertclub/lang__ka-GE/tabid__2546/default.aspx
[7] http://www.amsi.ge/istoria/sab/moskovi.html
[8] http://tinyurl.com/q98bxvf
[9] საზღვრებისათვის იხ.: http://abkhazeti.info/history/20051113591974666290.php; სხვა საინტერესო დოკუმენტებისათვის იხ., ასევე: http://expertclub.ge/portal/alias__Expertclub/tabid__2555/default.aspx
[10] საკითხის ისტორიისათვის ვრცლად იხ.: სერგო ვარდოსანიძე, მზიანი ღამის 38 წელი, თბ., 2015

[11] საკითხის ისტორიისათვის იხ. ანანია ჯაფარიძე, საქართველოს დედაეკლესია, თბ., 2006 (თავი XVI. ქართული ეკლესია XIX-XX საუკუნეებში; ავტოკეფალური მოძრაობის დაგვირგვინება)  http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0patriarc--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL3&d=HASH01f6592277b7a54a158574d4.20.12; http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/skhva/dzveli_avtokefalia.htm

[12] იხ., მაგ. ლაშა ბაქრაძის თვალსაზრისი: "სამწუხაროდ, ბოლო დროს აშკარა ხდება, რომ საქართველოს ეკლესია, ყოველ შემთხვევაში მისი მესვეურები, დღეს საქართველოში ასრულებენ რუსეთის მეხუთე კოლონის როლს. ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული და გავლენიანია, ეწევა ღია პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას" http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=5111&Title=laSa-baqraZe:-saqarTvelos-eklesia-dRes-eweva-Ria-prorusul-propagandas&lang=ge (06.08.2013); იხ., აგრეთვე, კორნელი კაკაჩიას მოსაზრება: სინოდის წევრების ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს ეკლესიას, მოახდინოს პრორუსულობის იარლიყის ბალანსირება http://www.nsp.ge/view.php?id=13202 (11.11.2016); იხ., აგრეთვე, DAILY BEAST -ის კორესპონდენტის უილიამ კათკარტის დაუსაბუთებელი მოსაზრება:  "საქართველოს ეკლესია დაახლოებულია რუსეთთან"
http://primetime.ge/daily-beast-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97(20.02.2017)...
ზაზა შათირიშვილის პოზიციის კრიტიკისათვის იხ. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის წერილი: გაზეთი კავკასიონი №46, 8-14 დეკემბერი, 1999 წელი http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.7&d=HASH44abe88776df007cb18c65.8.2
[13] სერგო ვარდოსანიძე, მზიანი ღამის 38 წელი, თბ., 2015, გვ. 97.
[14] სერგო ვარდოსანიძე, მზიანი ღამის 38 წელი, თბ., 2015, გვ. 97.
[15] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/424210-patriarqi-es-dausruleblad-ar-sheidzleba-gagrdzeldes-rusethma-unda-gaathavisuflos-chveni-teritoriebi.html?ar=A
[16] საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი: ‘ჩვენი ევროპული არჩევანი ძალიან მტკიცეა:  http://www.civil.ge/geo/article.php?id=29383; http://www.liberali.ge/ge/liberali/news/125549.
[17] საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ თომას დე ვაალი წინააღმდეგი იყო საქართველოსათვის მაფის მინიჭებისა: http://www.newposts.ge/?l=G&id=42255; სწორედ მაპ-ზე უარის მიღებას მოჰყვა საქართველოს ხელახალი ოკუპაცია რუსეთის მიერ 2008 წელს. პირადად ჩემთვის აშკარაა, რომ  თომას დე ვაალი საქართველოს თემაზე მსოფლიოს ბევრ არასწორ კვალიფიკაციას აწვდის, რაც რუსეთს აძლევს ხელს. თომას დე ვაალის დამოწმებული თვალსაზრისისა და მისი კრიტიკისათვის ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ავტორიტეტი და ამერიკელი ექსპერტის, თომას დე ვაალის შეცდომა" http://putkaradze1.blogspot.com/2015/06/blog-post.html
[19] http://www.civil.ge/geo/article.php?id=17323
[20] საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში: http://infocenter.gov.ge/514-sapatriarqos-delegaciis-viziti-briuselshi.html
[21] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლე; საპატრიარქოს უწყებანი, # 16, 21-27 აპრილი, 2001 .
[22] http://www.tabula.ge/ge/story/80773-margvelashvili-umnishvnelovanesi-iko-shtefan-fules-ilia-meorestan-shexvedra

Wednesday, 1 March 2017

16 საუკუნის წინანდელი არჩევანის გამყარება!

ვიზალიბერალიზაცია 16 საუკუნის წინანდელი არჩევანის გამყარებაა!

ადამიანი თუ სახელმწიფო პარტნიორების გარეშე არ არსებობს.
როცა დადგა არჩევანის აუცილებლობა, ჩვენმა წინაპრებმა 16 საუკუნის წინ გააკეთეს არჩევანი აღმოსავლურ (სპარსულ) და დასავლურ (ბერძნულ) სამყაროებს შორის; კერძოდ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა.
ეს იყო სწორი საუკუნო გადაწყვეტილება; ვიზალიბერალიზაცია ამ არჩევანის გამყარებაა!
 აგრესიული სპარსეთი და ოსმალეთი ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანობა და სახელმწიფოებრიობა, არანაკლებ აგრესიული რუსეთი შეეცადა მოესპო ქართული ენა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა... მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთმაც (დასავლეთმაც) არაერთხელ გვავნო, ქრისტიანობის მიღების შემდეგ, საქართველომ და ქართველმა ერმა შეძლო გადარჩენა ისტორიის საოცრად ტრაგიკულ ქარტეხილებში.

დღესაც, საკუთარი დედაენის, ფასეულობების, სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის ბრძოლაში ქართველთა უმრავლესობას დასავლეთი უფრი კარგ პარტნიორად მიგვაჩნია, ვიდრე რომელიმე სხვა სახელმწიფო; შესაბამისად, ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოს უვიზო მიმოსვლა ევროპულ სივრცეში. მთავარია, ამის შემდეგ უფრო გააზრებულად მოვუაროთ:

- ჩვენი წინაპრების სისხლით შენარჩუნებულ მიწა-წყალს და არ გავასხვისოთ, არ მივატოვოთ და არ გადავსახლდეთ უცხოეთში;

- ჩვენს დედაენას - ქართული კულტურის ხერხელამს - ქართულ სამწგნობრო ენასა და სხვა ქართველურ ქვესისტემებს (დროულად უნდა შევძლოთ  ქართული ენის ქცევა ნორმალურ ინტერნეტენად!);

- ჩვენი მეობის არსებითად განმსაზღვრელ ფენომენს - ქართულენოვან მართლმადიდებლობას;

- ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, ხასიათს, ისტორიულ მეხსიერებას;

- ჩვენს ეროვნულ-სახელმწფოებრივ ცნობიერებას; ზოგადად, საქართველოს მოქალაქეთა საერთო სამშობლოს - ერთიან საქართველოს.

უვიზო მიმოსვლა დიდი შესაძლებლობებს აძლევს ჩვენს მომავალ თაობებს, მიიღონ მრავალწახნაგოვანი განათლება თუ დიდი გამოცდილება და გააძლიერონ ჩვენი მსოფლიოში ნამდვილად კარგი წახნაგებით გამორჩეული საქართველო!

lhttp://www.radiotavisupleba.ge/a/savizo-liberalizacia-otx-kvirashi/28341661.html

Saturday, 25 February 2017

სისხლიანი 25 თებერვალი ერთი ნათელი სხივით



25 თებერვალი: 
თეთრ-წითელი რუსული ოკუპაცია 
საქართველოს მმართველი ელიტის სისუსტის ფონზე

იმედია ეს აღარ განმეორდება არც უახლოეს და არც შორეულ მომავალში!

1. ირან-ოსმალეთის მიერ გამწარებული და დასუსტებული ქართველი მეფე-მთავრების უმრავლესობა მოტყუვდა რუსეთის შეთეთრებულ-შენიღბული ბინძური პოლიტიკით და 1801-1885 წლებში კავკასიაში დაამკვიდრდა სისხლიანი რუსული იმპერია.

2. 1918 წელს კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ქაოსის დროს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ, მალევე, ნოე ჟორდანიას ხელისუფლების მიერ გამოცხადებული თვითიზოლაციური "ნეოტრალიტეტით" საქართველოს განაწილებისათვის გზა გაეხსნათ თურქეთსა და რუსეთს; დედაქალაქი კი დაიპყრო ლენინ-სტალინის წითელმა რუსეთმა, რომელმაც, დეზორიენტირებული სერგო ორჯონიკიძეების დახმარებით, 1921 წლის 25 თებერვალს სისხლიანი გზით დაამხეს ნოე ჟორდანიას მთავრობა და საქართველო სსრ კავშირის სახელით აღორძინებულ რუსულ იმპერიაში დააბრუნეს სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ.

3. არასოდეს შეწყვეტილა საქართველოში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა; გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნულმა მოძრაობამ დიდ წარმატებას მიაღწია და ამერიკასთან ცივ ომში დასუსტებული საბჭოთა კავშირის დაშლაში გარკვეული წვლილი შეიტანა 1989 წლის 9 აპრილის დიდგორით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".
1992-93 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობა ისევ გეოპოლიტიკურ გარიგეგებს შეეწირა:
იმხანად რუსეთმა დასავლეთს დაუთმო რა აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთა რესპუბლიკები, დასავლეთისაგან მიიღო ირიბი უფლემა, ნაწილობრივ აღედგინა სსრ კავშირი და შექმნა დსთ, რომლის წევრობაზე უარი განაცხადა საქართველომ, ამიტომ 1992-93 წლებში რუსეთმა ახალი ორჯონიკიძეების (შევარდნაძე, კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი, ყარყარაშვილი...) გამოყენებით  დაამყო დამოუკიდებლობის გამომცხადებელი საქართველოს ხელისუფლება და 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებისათვის დასაჯა ქართველი ერი აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში ქართველთა გენოციდით, ეროვნული მოძრაობის საყრდენი კუთხის - სამეგრელოს - აოხრებითა და და ეროვნული მოძრაობის განადგურებით. ახალმა ორჯონიკიძეებმა საქართველო დსთ-ში შეყვანილად გამოაცხადეს.

4. 2005-2008 წლებში საქართველომ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა ნატოს წევრობისაკენ, ამიტომაც, უიდეოლოგიო (უფერო!) რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომით შეეცადა, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიების ოკუპაციასაც, მაგრამ ცივილიზებულმა დასავლეთმა ამჯერად რუსეთი შეაჩერა.

5. დღეს საქართველოს ტერიტორიის მეოთხედი ისევ ოკუპირებულია რუსეთისაგან, თუმცა რუსეთს არა აქვს პირდაპირი სახმელეთო კავშირი გუიმრის ბაზასთან, რომელიც რუსული იმპერიული ინტერესების მთავარი საყრდენია; შესაბამისად, რუსეთს სურს საქართველოს ხელახალი სრული ოკუპაცია, რომ სომხეთის ტერიტორიამდე დაუბრკოლებლად ჰქონდეს სახმელეთო/სარკინიგზო მისასვლელი, რომ სრულად აკონტროლოს კავკასია. ამიერკავკასიის გზაჯვარედინის, ენერგომატარებლების... სრულად კონტროლს დასავლეთი უკვე აღარც დაუშვებსდღეს, საბედნეროდ, ცივილიზებული დასავლეთი თავისი ინტერესებიდან გამომდინარეც საქართველოს ღია მოკავშირეა და გვეხმარება რუსული ოკუპაციისაგან თავის დაღწევაში.

იმედია, საქართველოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, ზოგადად, ქართველი ერი (საქართველოს მოქალაქეთა ერთობა!) აღარ დაუშვებს ახალ რუსულ სრულ ოკუპაციას; რუსეთი საქართველოზე სრულ კონტროლს თუკი დაამყარებს, დიდი ალბათობით, საბოლოოდ მოსპობს საქართველოს სახელმწიფოსაც და ქართველ ეთნოსსაც.
ეს ბევრს გააზრებული არა აქვს, თუნდაც, ზოგი დეზორიენტირებული (ისტორიკოსიც კი )1992-93 წლებში რუსულ ოკუპაციას დღემდე "სამოქალაქო ომს" ეძახის!   ამიტომაც, აუცილებელია, 1992-93 წლებსა და 2008 წელს განხორციელებული რუსული აგრესია სამართლებრივად (სასამართლოს წესით!) შეფასდეს.

25 თებერვალი საქართველოსათვის რუსული ოკუპაციის დღეა.


p.s. 1921 წლიდან შავ 25 თებერვალს 1984 წელს ჩემთვის ერთი გამოკვეთილი ნათელი სხივიც დაეცა: ამ დღეს დაიბადა ჩემი ნათია. 

Thursday, 23 February 2017

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრების მიმართვა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას

1921 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია; შესაბამისად, 21 დეკემბერი საქართველოსათვის სიმბოლური თარიღია. ამ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამომცხადებელი დეპუტატები - საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები. დეპუტატებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას; მიმართვის მოკლე შინაარსი ასეთია:
I.
 სახელმწიფო „საქართველოს“ კონსტიტუციის (1995 წლის 24 აგვისტოს რედაქცია)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტით „საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით“.
აღნიშნული ნორმა წინააღმდეგობაშია ამავე კონსტიტუციის 1.1 მუხლთან; კერძოდ, ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სულისკვეთებასა და სამართლებრივ შინაარს; შესაბამისად, კონსტიტუციის 2.1.მუხლი „საქართველოს სახელწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით“ შეიცვალოს შემდეგი ჩანაწერით:
„საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები განისაზღვრება 1991 წლის 9 აპრილის მდგომარეობით“.

პატივცემულ მკითხველს შევახსენებთ, რომ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით  უნდა განისაზღვროს იმ 11 რესპუბლიკის საზღვრები, რომლებიც წარმოიქმნენ 1991 წლის 21 დეკემბერს „ალმა-ათის დეკლარაციით“. მათგან გასხვავებით, საქართველოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე.

II.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები წინააღმდეგნი არიან საქართველოს ფედერაციული ან კონფედერაციული მოწყობისა; შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ საქართველსო კონსტიტუციაში არ უნდა იყოს მე-4 მუხლის I პუნქტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტი წარმოდგენილია ორი პალატის სახით: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, საქართველო უნდა იყოს უნიტარული სახელმწიფო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული სტატუსის აღიარებით.

III
საქართველოს კონსტიტუციის 1.1. მუხლში: ჩანაწერი:  „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში“ შეიცვალოს ჩანაწერით: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორირიაზე“.

მიმართვაზე ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს I მოწვევის (1990წ.) დეპუტატები:
ალექსი არაბული, იური ბურკაძე, ფირუზ დიაკონიძე, თენგიზ დიხამინჯია, ავთანდილ იმნაძე, პაატა კოღუაშვილი,  რობერტ პეტრიაშვილი, ავთანდილ რცხილაძე, ანზორ საკანდელიძე, ნიკა სანებლიძე, აპოლონ სილაგაძე, დავით ტაბიძე, გივი ურიადმყოფელი, დალი ფიროსმანიშვილი, ტარიელ ფუტკარაძე,  თამაზ ყურაშვილი,  ნუგზარ შავთვალაძე, ლადო ცოფურაშვილი, გელა ჩორგოლაშვილი.
თბილისი, პარლამენტის ბიბლიოთეკა, 21.02.2017 წ.











Saturday, 18 February 2017

"საწუხ არს ესე" 29 წლის შემდეგ


ეტყობა, მართლაც 40 წელია საჭირო, რომ
დეზორიენტირებულმა თაობამ სამი თვის სავალი "უდაბნო" გაიაროს.
საქართველოს მტრები წერენ, რომ საქართველო პატარა იმპერიაა, ქართველი ერი კი არ არსებობს; მათივე თქმით, არსებობს მხოლოდ ცალკეული ქართველური ტომები, რომელთა ნაწილს სამწიგნობრო ტრადიციაც აქვს, ნაწილს კი უწიგნობრო დედაენები...
ამას მტრები ამბობენ; ისინი ჩქმალავენ რამდენიმე არსებით ფაქტს:
- დაახლოებით 35 საუკუნის წინ არსებებობდა საერთოქართველური კულტურა, რომელიც დღემდე მოღწეულია კოლხური არქეოლოგიური კულტურის სახით; ეს კულტურა თითქმის მთლიანად ფარავს ქუჯსა და ფარნავაზის მიერ 24 საუკუნის წინ აღორძინებული საქართველოს (ქართლის) საზღვრებს.
- ძველი ქართველი მემატიენეებისა და მოღვაწეების (ლეონტი მროველი, გიორგი მერჩულე...) მიერ საუკუნეების წინ ითქვა, რომ ქართველთა ეროვნული კონსოლიდაცია და სახელმწიფოებრივი კულტურის ჩამოყალიბება მოხდა ქართველთა სამწიგნობრო (საეკლესიო, სახელმწიფო) ენის აქტიური მონაწილეობით; იმ კულტურული ენით, რომელიც დაეფუძნა საერთოქართველურ ენას და რომელიც თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა ტაო-კლარჯეთშიც, ეგრის-ლაზეთშიც (რომლის ცენტრი იყო ქუთაისი!), საქართველოს მთიანეთშიც და არა მხოლოდ მცხეთასა თუ და ქართლ-კახეთშიც.
- ქართველთა მიერ დაარსებული სახელმწიფო დრო და დრო ნაწევრდებოდა მომხვდურთა აგრესიით დროს და შედეგ, მაგრამ თითქმის ყველა დანაწევრებულ ერთეულს ისევ ბაგრატიონები მართავდნენ და მათთან ერთად ყველა მხარის მოსახლეობას პრეტენზია ჰქონდა, რომ იყო დიდი ტრადიციის მქონე ქართული ენისა და ერთიანი საქართველოს იდეის პატრონი.
ამ და სხვა გარემოებებმა განაპირობა ქართველთა მიერ ენობრივ-ეთნიკური ერთიანობისა და ერთიანი საქართველოს პერსპექტივის შენარჩუნება.
ბუნებრივია, საქართველოს დანაწევრების პერიოდებში იღვრებოდა ქართველთა ბევრი სისხლი და რღვევას იწყებდა ერთიანი ეროვნული ცნობიერებაც; ეს რყევები კარგად აისახა დემოგრაფიაშიც, ტერმინოლოგიაშიც, ონომასტიკაშიც... მაგ., 10 საუკუნის წინ ქორონიმ "ქართლის" მნიშვნელობა დავიწროვდა აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ ერთი პროვინციის სახელად, შესაბამისად, ეთნონიმ "ქართველის" საფუძველზე აუცილებელი გახდა ახალი ტერმინის - "საქართველოს" დამკვიდრება; მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში, ქორონიმმა  "საქართველომაც" და ეთნონიმმა "ქართველმაც" ლამის დაკარგეს თავიანთი მომცველობითი სემანტიკა და ქართველი საზოგადო მოღვაწენი ფიქრობდნენ, დაემკვიდრებინათ ახალი გამაერთიანებელი ტერმინები: "ივერია" და "ივერიელი"; შეიქმნა კიდევ "ივერიელთა ერთობის ტრაქტატი" (1790).
ბოლო ორ-სამ საუკუნეში დრო და დრო "ქართველი" თავის სემანტიკას "ქართლელად" ივიწროვებს და მის პარალელურად ჩნდება "იმერელი" (ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს მკვიდრის, მოგვიანებით კი დღევანდელი გაგებითაც), მეგრელი, აჭარელი და სხვ.. თუმცა, ქართული ენა ამ პერიოდშიც ინარჩუნებდა ქართველთა მაკონსოლიდირებელ ფუნქციას; სწორედ ქართული ენის საფუძველზე, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით, ძველმა ქართულმა ტერმინებმა: "ქართველი", "საქართველო" დაიბრუნეს თავიანთი ისტორიული (მაკონსოლიდირებელი) მნიშვნელობები.
რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, განსაკუთრებით კი საბჭოთა პერიოდში ისევ დაიწყო ქართველთა დანაწევრების პოლიტიკის ("გათიშე და იბატონე") გააქტიურება; საბჭოური პოლიტიკა უფრო მზაკვრული იყო: კრემლის იდეოლოგებმა მიზნად დაისახეს ქართველთა ენობრივი დანაწევრებით ეთნიკური დანაწევრების გაფორმება და ამ გზით ერთიანი ქართული ეროვნული თვითაღქმის სრული განადგურება. საბჭოთა პოლიტიკის ინერცია დღესაც აქტუალურია; დღეს ერთმანეთს მძაფრად უპირისპირდება ორი კონცეფცია:
- ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში არსებობდა ქართველი ერი, რომლის ერთიანობის საფუძველია არა მხოლოდ გენეტიკური ერთობა, არამედ მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო კულტურა და სახელმწიფოებრივი მეხსიერება;
- ქართველი ერი დღესაც კი არშემდგარი ერია; სხვადასხვა ქართველური ეთნოსები (ტომები): ქართლელი, იმერელი, მეგრელი, სვანი, აჭარელი, მესხი... ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულან ერად (იხ., მაგ., ტალიავინის დასკვნა).
 მეორე "კონცეფცია" რუსეთშია შექმნილი და ისტორიულ რეალობის დამახინჯებას წარმოადგენს; მაგრამ, რუსეთის აქტიურობით (საქარტველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომი!)  მთელ მსოფლიოში დღესაც ვრცელდება. ამ ანტიქართულ მიმართულებას უნებლიედ აძლიერებს ზოგი ამჟამინდელი ქართველიც, რომელმაც არ იცის, კიდევ ვინ არის ქართველი! კერძოდ, ზოგი დეზორიენტირებული ქართველი დღესაც კი ქართველთა ცალკეულ კუთხურ მეტყველებებს ე.წ. "უმწიგნობრო ენებად" (ველურთა ენებად!) მოიხსენიებს, ანდა, რაიმე საბაბით (აღმსარებლობა, მიწის მუშაკობა, მთაში ცხოვრება...) ლანძღავს საქართველოს რომელიმე კუთხის მოსახლეობსა; მაგ.:
- ვიღაც უფუნქციო პრიმიტივი ლანძღავს სამხრეთ საქართველოს მკვიდრ ქართველს (აჭარელს, მესხს, შავშელს, ტაოელს...), ქართველს, რომელმაც ოსმალური ოკუპაციის პირობებში გადაარჩინა ქართული მეობა, მაგრამ მძიმე ეკონომიკური თუ პოლიტიკური პირობების გამო ზოგმა შეიცვალა რელიგია, რომ ფიზიკურად გადარჩენილიყო; ბევრი აქაური მთასა თუ ტყეში გაიხიზნა და ქრისტიანობაც შეინარჩუნა (ზოგი კატოლიკე გახდა
- ვიღაც უფუნქციო ბრიყვი ვაიქართველი ლანძღავს სამეგრელოსა თუ სვანეთის მკვიდრთ (მეგრელს, სვანს...), რომელთაც ამ ბრიყვის წინაპარზე მეტად უერთგულეს, შეინახეს ქართული წერილობითი კულტურა,  მაგრამ დაქუცმაცებულობის პერიოდში ამ კუთხეების მცხოვრებთა  კუთხური მეტყველება ბუნებრივად შეიცვალა და დაშორდა წერილობით ენას;
- რომელიღაც უფუნქციო ჩლუნგი ქართველი კი ლანძღავს მთის ქართველობას, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრების გამო შეიძლება იმდენი განათლება არ ჰქონდეთ, რამდენიც ბარის მცხოვრებთ, სამაგიეროდ, მთის ქართველები საქართველოს მეციხოვნენი იყვნენ და არიან...
მოკლედ, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსება უნდა წამოვწიოთ წინ და ისტორიული ნაიარევი არ უნდა გავაღიზიანოთ; მით უმეტეს, არ უნდა განვაზოგადოთ; პირველ რიგში, ეს მოეთხოვება მწერალს, პოეტს, მეცნიერს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს... სამწუხაროდ, დღეს მათ რიგში ბევრია მხოლოდ გრანტზე ორიენტირებული, უდმი  ანუ გამოუსადეგარი, მხოლოდ კარიერაზე ორიენტირებული... თუმცა, არიან კარგებიც; მომავალი კარგებისაა!

ამ თემაზე 1988 წელს გამოვაქვეყნე წერილი "საწუხ არს ესე"; აჟამინდელი სოციალური ქსელის დიალოგები თუ მწერალთა, ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა... ცალკეული გამონათქვამები ცხადყოფენ, რომ ქართველი ერის მოცემულ თაობაში - დღეს ცოცხალ თაობაში - 29 წლის მანძილზე თვისობივი ცვლილება არ მომხდარა; ეტყობა, მართლაც 40 წელია საჭირო, რომ დეზორიენტირებულმა თაობამ სამი თვის სავალი "უდაბნო" გაიაროს.

ქვემოთ წარმოდგენილი წერილი გამოქვეყნდა 1988 წელს. 1999 წელს კი უცვლელად შევიტანე ჩემს პირველ წიგნში:
 "აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში":







გარკვეულწილად ამ თემას ეხება ქვემოთ დალინკული მასალაც:
მინარეთი და ქართული ენა

http://tarielputkaradze.blogspot.com/2013/09/blog-post_9493.html

Saturday, 28 January 2017

ტკივილიანი ფიქრი


ტარიელ ფუტკარაძე

                                         რეალობიდან რეალობამდე

ეტყობა, არასოდეს მომასვენებს 25 წლის წინანდელი ტკივილიანი ფიქრი, ამიტომ უნდა დავწერო.
ცნობილმა კავკასიოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ და მე საინგილოდან თბილისამდე დიდი დანჯღრეული ავტობუსით ჩამოვაღწიეთ და მეტროს სადგურ "სამგორში" აბრაგების სიფრთხილით სწრაფად ჩავედით: გროზნოს ცნობილი სესიის (1992 წ.) მონაწილეებს ცალკე "მხედრიონი" გვეძებდა, ცალკე ხაბულიან-გვენცაძის მიერ დასაჭურისებული ისედაც საბჭოთა პოლიცია, რომელმაც 9 აპრილს ბოლომდე დახარჯა სახელმწიფოებრივი ღირსება.
მეტროში ჩასვლისთანავე დროში მოგზაურობასავით შეიცვალა ჩვენი რეალობა, მაგრამ მაინც გამიკვირდა, რომ ვაგონში ნაცნობი არავინ იყო; არც არავის მოუქცევია რაიმე ყურადღება გარეგნულად ჩვეულებრივი ორი დამტვერილი მგზავრისათვის (სინამდვილეში თავს ძველი დროის აბრაგებად რომ აღიქვამდნენ): მეტროს მატარებელში ყველა თავისთვის იჯდა მიტოვებულივით ჩამოცხვირპირული. ხალხს ვუყურებდი და მინდოდა მათთვის მეთქვა (თითქოსდა ვაგონების ხრიალში იხშობოდა ჩემი ხმა):
o      თქვენი ინტერესების დაცვის გამო ამ ერთ წელიწადში ბევრჯერ გვესროლეს ტყვია;  ახლაც, გროზნოდან თბილისამდე გზაზე, რამდენი რამ გადავიტანეთ მე და თემურმა, სხვებმაც! ჩვენი ეს  სიმართლე არ გაგიუმჯობესებთ თქვენს დღევანდელ ყოფას, მაგრამ ჩამოტირებულ სახეს ღირსეული გამომეტყველებით ნამდვილად შეგიცვლით!

არაფერი მითქვამს: მაშინაც დამიდგა თვალწინ კატორღიდან მატარებლით წამოსული რევოლუციონერისა და ვაგონში მყოფი ახალგაზრდების კონფლიქტი მწარე რეალობის განსხვავებულად აღქმის გამო. ერთი მოვლენა მართლაც შეიძლება სხვადასხვაგვარად დაინახო /სოციუმის განწყობისა თუ მიზნის შესაბამისად/; მაგალითად:
- პატრიოტ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით არსებულ ეროვნულ მოძრაობას მინდობილი ხალხი, რომელიც 9 აპრილს საქართველოს  დამოუკიდებლობის აღდგენას გულწრფელად ზეიმობდა, ზუსტად 9 თვეში (!) სისხლიანი "გადატრიალებით" ტრაგიკულ რეალობაში გადაიყვანეს კრემლის პოლიტიკის მესვეურებმა და ჩვენი დროის "ორჯონიკიძეებმა": საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისათვის 1991 წლის 22 დეკემბერს რუსული ტყვიების გამყინავი სისინით დაიწყო მოსეს უდაბნოში ხეტილი (რომელიც ფაქტობრივად დღემდე გრძელდება).
- საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული და გროზნოს შეფარებული დევნილი პრეზიდენტი ხავსმოჭიდებულივით ცდილობდა, მიექცია ცივი(ლიზებული) მსოფლიოს ყურადღება და ამიტომ ჩეჩნეთში მოიწვია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიის ერთ-ერთი ბოლო სხდომა; ასევე, სასიკვდილოდ თავგადადებული დუდაევის უიმედოდ დარჩენილ ჩეჩნეთს ჟანგბადად ესაჭიროებოდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მიერ იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარება (რუსეთი თავისი ნებით არასოდეს დატოვებს დაპყრობილ კავკასიას და შეეცდება, კავკასიელთა ცნობიერებისა თუ დემოგრაფიის რადიკალური შეცვლით მართოს პროცესი).
- გროზნოს სესიაზე ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ცნობისას ყველამ გავაცნობიერეთ, რომ საქართველოს დევნილი კანონიერი ხელისუფლების წარომადგენლებს რუსების მიერ მართულ საქართველოში მტრული დახვედრა გველოდა; ამიტომაც ზოგი დეპუტატი უცხოეთში წავიდა, ნაწილმა კი, 1921 წლის ხელისუფლების წევრთა მსგავსად, გახიზვნას ვარჩიეთ, სიცოცხლის რისკით შინ დავბრუნებულიყავით. მე და თემო ერთ კვირა საინგილოს ვაფარებდით თავს და ვასიკო კუზიბაბაშვილის ყანის ღობეებს ვაახლებდით (წლების შემდეგ ამიტომაც მეწყინა ამ მიწის გაყიდვა); დაჭერების მორიგი "ტალღის" გადავლის შემდეგ კი თბილისში დაბრუნება გადავწყვიტეთ.
- საქართველოს ერთგული კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობის შემდეგ კრემლის ფავორიტ ქართველთა მღვრიე ჯგუფი მხოლოდ ხორციელი იმპულსებით აღიქვამდა გარესამყაროს:  ადამიანის სისხლნაგემის აღტკინებით  "გენშერის ძაღლების" წიოკში ინაწილებდა თანამდებობებს, მიწებს, შენობებს, ფულსა და სხვა სახელმწიფო თუ ხალხის რესურსებს; 1992 წელს ძირითადად მათგან შეივსო ე.წ. "იმედის პარლამენტიც" და  ცენტრალური თუ ადგილობრივი არაკანონიერი მთავრობებიც  (მათ შორის, ალბათ, იყო რამდენიმე გულუბრყვილო პატიოსანიც, ჩეხოვის "ბოროტმოქმედის" მსგავსი, რკინიგზის რელსებს ჭანჭიკებს რომ  ხსნიდა სათევზაო ბადისათვის)... ნიშანდობლივია: მათთვის თუ მათი შთამომავლებისათვის დღემდე უცნობია მიწისქვეშა ტრანსპორის მძიმე ჰაერის სუნი (მეტრო თუ არსებობს, არც კი მახსოვსო, სულ ტაქსებით დავდივარო, თქვა ერთხელ ერთ-ერთმა).
25 წლის წინანდელი მეტროს მატარებელის რეალობა სხვა წახნაგითაც მძაფრად მახსოვს:
 მეტროში ჩასვლისთანავე ჩვენი (ჩემი და თემოს) ჰეროიკული გზა მექანიკურად მიედუღაბა ეკალ-ბარდებიან "უღრანში" ალალბედზე წვალებით მიმავალი დაღვრემილი ადამიანების ნაკადს და ჩვენ ორ რეალობაში განვაგრძეთ ცხოვრება; არადა, გაუსაძლისობაში მყოფი ხალხი ჩვენგან ელოდა ხსნას.

ამ ყველაფრის წინაისტორია კი ასეთი იყო:
გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ცივილიზებულმა დასავლეთმა (მალტის გარიგების კვალად) რუსეთს დაათმობინა აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიის რესპუბლიკები; უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, ასევე, კავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკები რუსეთს დარჩა. 1990 წელს არჩეული საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა რეფერენდუმის საფუძველზე გამოაცხადა, მარტო აღმოჩნდა აღა-მაჰმად-ხანივით გამძვინვარებული რუსეთის წინაშე და შინაგამცემლების გამოც დამარცხდა: ჩვენმა ხელისუფლებამ ვეღარ დაიცვა საქართველოს ხალხი, რომელიც 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნებისას ალალად გვენდო.
...მაშინ მეტროს ვაგონში მინდოდა, ხალხს გაეგო, რომ მათთვის არაერთხელ გავწირეთ ამქვერნიური სიცოცხლე მათ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმაც და დეპუტატებმაც! მინდოდა მეთქვა იმიტომ, რომ მათ სევდიან სახეებზე დამცირების ნაცვლად, ღირსება აღბეჭდილიყო. ვერაფერი ვთქვი: ჩემი ტკივილიანი სათქმელი წალეკა პარალელურმა სამყარომ, სხვა რეალობამ, რომელიც მიწისქვეშა მატარებლის ცივ კივილად შემოიჭრა ჩემშიც; ჩვენდა სავალალოდ, ნახევრად სავსე ვაგონის გათითოკაცებული გაყინული სახეები ვეღარ ქმნიდნენ იმ საზოგადოებას, რომელიც ეროვნულ მოძრაობას მიენდო დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში; ეს ხალხი უკვე უკუნ ღამეში მხოლოდ სახლში მიღწევაზეღა ფიქრობდა.

მას შემდეგ 25 წელი გავიდა:
- წინაპრების მსგავსად, ზოგი ქართველი ღირსეულად მოკვდა საქართველოსათვის ბრძოლაში;
- ზოგი ახლაც იმ ვაგონის რეალობაშია გამარტოსულებული, თავი მართალი ჰგონია და სხვებზე იბოღმება (არადა, დროის გარდა, მოცემულობებიც არსებითად შეიცვალა: დღეს რეალურია საქართველოს სრული გამოსვლა რუსული იმპერიული სივრციდან);
- ზოგმა სწორი ორიენტირი შეიცვალა და მედროვეთ შეუერთდა;
- ზოგმა თვალი გაახილა და შეცდომა აღიარა;
- ზოგი იმთავითვე პრივატიზაცია-"პრიხვატიზაციაზე" იყო ორიენტირებული;
- ზოგმა არსებამ ზოგი წინაპარივით გაყიდა დედასამშობლო და ფიზიკური ცხოვრება მოიწყო; თუმცა, ზოგადად, ყველა გარეწარმა იცის, რა არის რეალობა, მაგრამ მაინც ცდილობს, სარფიანი ვითარება შეიქმნას სხვების ხარჯზე; ასეთს სიყვარული არ შეუძლია: შვილსაც კი იყენებს, სანამ არგია, მერე კი ლანძღავს; შთამომავლობასაც კი /გა/უმწარებს სიცოცხლეს;
 - ზოგმა თავადვე ზღო იუდას მსგავსად;
- ზოგი სუბიექტი დღემდე უცხოეთშია გარიდებული;
- ბევრი დროის დინებას გამოჰყვა და ახლა 2017 წლის საქართველოში არსებობს;
 - ზოგმა პიროვნებამ სწორად დააბალანსა მოლოდინები და გრძელვადიან პერსპექტივაში აგრძელებს ბრძოლას ღირსების დაცვით;
- ბევრიც ახალი დაიბადა მას შემდეგ.

ახლა ვფიქრობ:
1992 წელს თბილისის მეტროს მატარებლის ვაგონში ჩემი ფიქრები ხმამაღლა რომ მეთქვა, მეტროს მგზავრთ შეიძლება გაეგოთ ჩემთვის; დღეს კი მათი შთამომავლებისათვის ეს ყველაფერი მხოლოდ ბუნდოვანი მრუმე წარსულია.
მაინც გადავწყვიტე, დავწერო და წაგაკითხო მაშინდელი ჩემი ფიქრი იმიტომ, რომ სინამდვილე ერთია და ორიენტირები დღენიადაგ უნდა ამოწმო, რომ აკონტროლო, სად დგახარ მოცემულ მომენტში.
სინამდვილე ერთია, მაგრამ რეალობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, რამდენადაც ძალიან განსხვავებულია ადამიანთა ხედვა-აღქმის სისტემა თუ განცდის პერსპექტივა. შოთა რუსთველის ცნობილ ფრაზას ("კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის") ვაჟა თავის "ქებათა-ქებაში" ასე ეხმიანება: მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა: კაცით კაცამდე შორია!”; მსგავსი სხვაობაა რეალობასა და რეალობას შორისაც (რაც უფრო ილუზიურია სამყარო, მით უფრო მტკივნეულად იმსხვრევა სინამდვილესთან შეჯახებისას).
ყველაფერს თავისი გაგრძელება აქვს, მათ შორის, პარალელურ რეალობებსაც; შესაბამისად,  მინდა, რომ ჩვენი (საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგულებისათვის დევნილი დეპუტატების) სიმართლე ყველა დროში იცოდე. მართალი კაცის მიერ აღქმულ-განცდილი რეალობაც შეიძლება არ იყოს სრული სინამდვილე (ობიექტური რეალობა ხომ მხოლოდ ღმერთმა იცის), თუმც, იქნება, გამოგადგეს სწორი ორიენტირებისათვის.

p.s. თუ არის განცდები, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, ისინი სხვებისთვისაც აღქმადი უნდა გახადო; ჩემთის ასეთია 25 წლის წინანდელი დამოწმებული ფიქრი, რომელმაც შენი დღევანდელი ყოფითი, კულტურული თუ პოლიტიკური მოცემულობა შეიძლება ვერ შეცვალოს, მაგრამ, ვფიქრობ, ღირსების გამომსახავი ნაკვთები უთუოდ გამკვეთრდება შენს სახეზე.
2017 წელი.